top of page

მინდა დიდი აბრა ჩამოვიკიდო - სათევზაოდ წავედი

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

380377536_1095538101432836_7767430071127734512_n.jpg

ნუცა კობაიძე

მინდა დიდი აბრა ჩამოვიკიდო - სათევზაოდ წავედი

 

დედა: ოჯახი მხოლოდ უიღბლო დამთხვევაა, ჯესი. არაფერი პირადული, სიხარულო. შენ ნერვებზე სპეციალურად კი არ თამაშობენ. სპეციალურად კი არ არიან შენი ოჯახი, უბრალოდ ასე მოხდა.

ჯესი: მეტისმეტად ბევრი იციან...“

(„ღამე მშვიდობისა, დედა“ - მარშა ნორმანი. ნინო სურამელაშვილის თარგმანი)

მარშა ნორმანის ორმოქმედებიანი პიესის პრემიერა გაიმართა 1983 წელს.

 

 

ზუგდიდის თეატრი

რეჟისორი: ლაშა შეროზია

სცენოგრაფია და კოსტიუმები: თამარ ჭავჭანიძე

მონაწილეობენ: ნანა ბუკია - თელმა ქეითსი (60), მარინა ბურდული - ჯესი ქეითსი (40)

 

ლაშა შეროზიას სპექტაკლი საათნახევარიანი მზადებაა სიკვდილთან შესახვედრად. „სიკვდილია, როცა ყველა და ყველაფერი ქრება, რაც იცოდი. სიკვდილი მკვდარი სიჩუმეა“.

ამბავი დედისა და ქალიშვილის ცხოვრებაზეა. მოქმედება თელმას (დედა) სახლში ვითარდება. სპექტაკლი იწყება გაუგონარი, თავზარდამცემი ამბით -  ჯესი (ქალიშვილი) მშვიდად, აუღელვებლად უტყდება დედას, რომ ღამე თავის მოკვლას აპირებს. ეს არის კვანძის შეკვრაც, გახსნაც და თითქმის კულმინაციაც. იწყება ფსიქოლოგიური დრამა. შოკისმომგვრელი ინფორმაცია ქმნის დაძაბულ, ემოციურად დატვირთულ ატმოსფეროს. ლაშა შეროზიას სპექტაკლი „ღამე მშვიდობისა, დედა“ აგებულია ამ ორი პერსონაჟის მიერ განცდილი ფსიქოლოგიური და ემოციური არეულობის გარშემო. გმირები ინტენსიურად საუბრობენ ჯესის ცხოვრებაზე, ბრძოლებზე, ურთიერთობებზე და მიზეზებზე, თუ რის გამოც მიიღო სიცოცხლის დასრულების გადაწყვეტილება. სასოწარკვეთილი თელმა (ნანა ბუკია) ცდილობს გადააფიქრებინოს შვილს განზრახვა, ჯესი (მარინა ბურდული) კი შეუვალია.

სპექტაკლში მკვეთრი აქცენტებია დასმული ისეთ პრობლემურ საკითხებზე, როგორიცაა: ფსიქიკური სიჯანსაღე, დეპრესია, მარტოობა... რეჟისორი იკვლევს კომუნიკაციის ბარიერებს და წარსული გამოცდილების გავლენას აწმყო ურთიერთობებზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხაზი პირადი ინტერესის პატივისცემა და  გარეშე ადამიანების (თუნდაც ახლობელი იყოს ის) სურვილების უარყოფაა.

უზარმაზარ ემოციურ არეულობას იწვევს ჯესის გადაწყვეტილება - დაასრულოს სიცოცხლე. ნანა ბუკიას გმირი (თელმა) ებრძვის ქალიშვილის გადაწყვეტილებით გამოწვეულ შოკს, სასოწარკვეთას, უმწეობის განცდას. ცდილობს გადააფიქრებინოს ჯესის განზრახვა, თუმცა არგუმენტების გარეშე. ამ თემის გარშემო ინტენსიური დიალოგით, გმირებს შორის ემოციური თუ პირიქით - აბსოლუტური ნიჰილისტური დამოკიდებულებით, იქმნება კონფლიქტი და ყალიბდება ფსიქოლოგიური დრამა.

ერთი შეხედვით ბანალური და პრიმიტიულია სუიციდის მოტივი - გარიყულობის შეგრძნება და უსიყვარულობა. მაგრამ საინტერესოა რა გზა გაიარა გმირმა, თვითმკვლელობა „გადარჩენის“ ერთადერთ საშუალებად რომ ესახება. მისი სიცოცხლე ცხოვრებაშივე დასრულდა და ამ ტკივილისგან თავის დასაღწევად მხოლოდ ფიზიკური განადგურება რჩება.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სახლი წესით, როგორც პიესის რემარკაშია აღნიშნული, სოფლიდან მოშორებით მდებარეობს, სადაც თავდასხმების საფრთხე არსებობს - ლოგიკურია იარაღის ქონა თავდაცვის მიზნით. თუმცა, ეს ჯესის მოგონილი არგუმენტია, იარაღი კი - ამ სასოწარკვეთილი გარემოდან თავის დასაღწევად გამოსადეგი ნივთი.

„იქ სესილის თოფი მქონდა მაინც მომზადებული, ეს რომ ვერ მეპოვა, მაგრამ მირჩევნია მამის გამოვიყენო“ - ეს გადაწყვეტილება შეიძლება იყოს სიმბოლური, მამასთან დაკავშირებული ემოციური ტკივილისა და ოჯახთან ბრძოლის დასასრულებლად. მთელი სპექტაკლის განმავლობაში მარინა ბურდული ავლენს თავისი პერსონაჟის რთულ ხასიათს, განპირობებულს დანაკარგებითა და მძიმე ტრავმებით. მამის იარაღის გამოყენების არჩევანი მძაფრი და ტრაგიკული დეტალია, რაც უფრო ემოციურს ხდის პიესას და ართულებს სიუჟეტს. ეს არის თვითმკვლელის ღრმად პიროვნული ბუნების ასახვა და იმ მომენტში ინდივიდის ფსიქოლოგიური და ემოციური მდგომარეობა. თითქოს ქმარსა და მამას შორის აკეთებს არჩევანს, როცა უარყოფს სესილის (ქმარი) თოფს.

არ შეიძლება აქვე არ ვისაუბრო მამის პერსონაჟზე, რომელიც არც პიესაში და არც სპექტაკლში ჩანს ფიზიკურად. ის მნიშვნელოვანი ფიგურაა თხრობაში და ოჯახზე მისი გავლენაც დიდია. მისი არსებობა-არყოფნით გამოწვეული სტრესი პიესის ცენტრალური თემაა. მეტაფორულ-სიმბოლურია მამის „სათევზაოდ“  ტბაზე სიარული. ეს არის წარუმატებლობის ილუსტრაცია - კაცმა ხომ თევზაობა არ იცის. მამის პერსონაჟის არსებობა ხაზს უსვამს ოჯახური დისფუნქციის თემას და მის გავლენას თელმასა და ჯესის ცხოვრებაზე. იმის თქმა, რომ მან „თევზაობა არ იცოდა“ ან „წარმოსახვითი თევზაობით“ იყო დაკავებული, ნიშნავს, რომ მას არ შეეძლო არც ქმრის და არც მამის ფუნქციის შესრულება. არანაირი ემოციური კავშირი არ ჰქონდა სახლთან და თითქოს შვილთანაც, უბრალოდ ვალს იხდიდა, როცა „სათევზაოდ“ წასული ჩიბუხის ჩხირებით უწყობდა ცხოველების ფიგურებს. ამ გმირთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ერთი კონკრეტული სცენაც -  „ჯესი: მინდა ვიცოდე, რა გითხრა მამამ იმ ღამეს, სანამ მოკვდებოდა. ტყვიასავით გამოვარდი იმისი ოთახიდან [...] დედა: არაფერი არ უთქვამს, ჯესი. მაგიტომ გამოვედი. სიტყვაც არ დასცდენია. ბოლო შანსი ჰქონდა, არ დამლაპარაკებოდა და ხელიდან როგორ გაუშვებდა“. თელმასთვის მტკივნეულია შერიგების/გაგების უკანასკნელი შესაძლებლობის ხელიდან გაშვება. ჯესის იმედი ჰქონდა, რომ რაიმე ახსნა ექნებოდა მამის არყოფნას, მის ემოციურ დისტანციას. კომუნიკაციის არარსებობა კიდევ უფრო ხაზს უსვამს დარღვეული ურთიერთობების თემას, რამაც გავლენა იქონია პერსონაჟების ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ასეთ გადამწყვეტ მომენტში, ეს ყველაზე სასტიკი დუმილი, კომუნიკაციის წარმოუდგენლად ძლიერი ფორმა აღმოჩნდა, რამაც საბოლოოდ დამანგრეველი შედეგი გამოიღო - „თელმა: [...] გეგონება ის წარწერა - „სათევზაოდ წავედი“ იმ სკამზე მჯდომსაც კისერზე ეკიდა...“

ბევრი საინტერესო პასაჟია პიესაში:

  • • თელმას მეგობარი - აგნეს ფლეთჩერი, ჩიტებითა და მოგონილი გადამწვარი სახლებით, რომელსაც ეშინია ხელებგაყინული ეპილეფტიკი ჯესისთვის ხელის ჩამორთმევის, რადგან ცივია როგორც სიკვდილი.

  • • რიკი - ჯესის შვილი, რომელიც ჯესისავით უსიყვარულო ოჯახში დაიბადა.

  • • დოუსონი - ჯესის ძმა, რომელიც დედამისთან ერთან უნებლიედ ხდება ჯესის თვითმკვლელობის თანამონაწილე - დედა იარაღს აპოვნინებს, ძმა ტყვიებს უგზავნის.

  • • სარეცხი მანქანის რეცხვის დროს ლოდინის გარდაუვალი მოცემულობა.

  • • თვითმკვლელობამდე მისულ შვილს დედა სრულ თავისუფლებას პირდება, თუმცა ამის პარალელურად უკონტროლებს კაკაო ზეფირით უნდა დალიოს თუ არა.

 

ვფიქრობ, პიესა ძალიან საინტერესოა, რაზეც საუბარი და განხილვაც შორს წაგვიყვანს. ამიტომ აქ დავასრულებ სპექტაკლზე წერის მცდელობას, რომელსაც ლიტერატურის განხილვისკენ უფრო მივყავართ, და თუ რატომ ალბათ სპექტაკლის ნახვის შემდეგ მიხვდებით. მხატვრობაზე და მუსიკალურ გაფორმებაზე არაფრის თქმა შემიძლია, რადგან ჩემთვის არ აღმოჩნდა ხელმოსაჭიდი მასალა. მე კი ჩემს სიმპათიას აუცილებლად დავაფიქსირებ ჯესი ქეითსის როლის შემსრულებელი მსახიობის მარინა ბურდულის მიმართ, რომელმაც ნამდვილად შთამბეჭდავად წარმოგვიდგინა თავისი პერსონაჟი, ისე რომ სპექტაკლის ფინალურ ნაწილში თუმანიშვილის თეატრის (თბილისის საეღტაშორისო ტეატრალური ფესტივალის ფარგლებში) პარტერში მარტო ჩემი ტირილის ხმა ისმოდა.

 

 

ჯესი: მინდა დიდი აბრა ჩამოვიკიდო კისერზე, ბეღლის კარზე როგორსაც კიდებდა მამა - „სათევზაოდ წავედი“.

bottom of page