top of page

„მიჯაჭვული პრომეთე“ -
ეპიზოდი მეორე

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის 

სამინისტროს მიერ.

416429863_1383518139220711_6640179336708788358_n.jpg

ანი ცხვედაძე

„მიჯაჭვული პრომეთე“ - ეპიზოდი მეორე
 

დიდი ანტიკოსის, ესქილეს „მიჯაჭვული პრომეთეს“ სტურუასეული ინტერპრეტაციის მეორე ეპიზოდში - ადამიანის ზნეობრივი დევალვაციის ერთგვარი კვლევაა გადმოცემული...
რეჟისორი პრაქტიკული კვლევის ანტი-ლატენტურ, ევფემიზმისგან დაცლილ ინტონაციებს გვთავაზობს!

„მიჯაჭვული პრომეთეს“ მეორე ეპიზოდში სტურუა ამძაფრებს მაყურებელთან პირდაპირი კომუნიკაციის ხერხს და გარკვეულწილად შემტევ ხასიათს აძლევს გოგა ბარბაქაძის მიერ წარმოთქმულ ფრაზებს; დამსწრე პუბლიკასთან რევერანსების გარეშე, დაუფარავად მწარე რეალობის სახეში მიხლა, მაშინ, როცა პუბლიკა მორიგ საპრემიერო ჩვენებას აღტაცებით და უდრტვინველად ელის... აქ უნდა დაისვას ანთროპოცენტრული კონტექსტით შემდეგნაირი კითხვა:


მაინც რა სარგებელს უნდა ელოდოს მაყურებელი?!..
სოციალურ-პოლიტიკური უსამართლობების გამძაფრებული რაკურსით ნახვას(?!); რაიმე სახის ჰედონიზმს(?!); სანახაობით გამოწვეულ ინტელექტუალურ შვებას, როგორც ასეთს(?!); თუ სხეულებრივ სიშიშვლეს, რომელსაც ასეა დახარბებული მაყურებელი(?!); ან იქნებ სენტენციებით გაჯერებულ დიდაქტიკურ დარიგებებს(?!).

„პრომეთეს“ მეორე ეპიზოდში რეჟისორი დიდ ადგილს უთმობს მაყურებელთან ცალმხრივ ინტერაქციას, როცა ბარბაქაძე ხშირად მიმართავს მაყურებელს, შედეგად კი არ ელოდება რეზონირებას.


რეჟისორი ფამილიარულად და ხმამაღლა, ბუკვალურად გვახსენებს, რომ კაცობრიობა მწვავე ზნეობრივ კრიზისში, ფსიქოზში, ნევროტულ ობსესიაშია. რის შედეგადაც, ესოდენ ძნელი ხდება სიმართლისგან უსამართლობის გარჩევა და სხვა დანარჩენი...


ჰეფესტო ხმამაღლა გაჰკივის ავანსცენიდან, რომ <დიახ, თქვენ ელოდით პრომეთეს მეორე ნაწილს, მაგრამ ის არ გათამაშდება. გთხოვთ, დატოვოთ თეატრი. რაც მთავარია, ბილეთის ფულს სალაროსთან აუცილებლად დაგიბრუნებენ.>
თუმცა, მაყურებელი ადგილიდან არ იძვრის, მიუხედავად კომფორტული წინადადებისა, თანხის დაბრუნებას რომ გულისხმობს. შემდეგ, ვხედავთ „პრომეთეს“ ბორკილებისგან გათავისუფლების აქტს, მეომრების ორომტრიალს სცენაზე, ქალწული ოკეანიდების დაბრუნებას ეპიზოდის დასასრულისკენ, ლევან ხურციას რომანტიკული ექსპრესიით ნათქვამ მონოლოგებსა და დიალოგს ოკეანის ღმერთთან და ბოლოს, კარგად დამახსოვრებული პერსონა, ბარბაქაძის გმირი, ჰერმესისა და ჰეფესტოს როლებს რომ ერთდროულად ირგებს სტურუას სცენურ ფერწერაში, მაყურებელთან უშუალოდ დამაკავშირებელი მედიუმის ფუნქციასაც ითავსებს „პრომეთეს“ პირველ და მეორე ეპიზოდში., რომელიც კვლავ შემტევი არტიკულირებით მიმართავს დამსწრე პუბლიკას: <თქვენ კიდევ აქ ხართ? წადით, დატოვეთ თეატრი, მაგრამ, სამწუხაროდ ფულს ვეღარ დაგიბრუნებენ.>


ბარბაქაძისგან გათამაშებული ეს მიკრო დრამატურგიული კონცეპტი/მიზანსცენა - საზოგადოების მაკრო კონდიციის პროეცირებული ვარიანტია; რუსთაველის ეროვნულ თეატრში შეკრებილი რამდენიმე ასეული ადამიანის მზერა მიმართულია სცენისკენ, რომელიც ელოდება საკუთარი განწყობის ჩამოყალიბებას სცენაზე განვითარებული ამბის - გათამაშებული სიუჟეტის მიხედვით...


მაგრამ, ისევე, როგორც გოგა ბარბაქაძე, ჯერ ერთს ჰპირდება მაყურებელს, რომ „ბილეთის ფულს დაუბრუნებენ“, ხოლო, მეორე მხრივ, დაპირებას ‘მეტამორფოზას’ უკეთებს - „ბილეთის ფულს ვეღარ მიიღებთ სამწუხაროდო“ - იტყვის. ქვეყნის ელექტორატიც, ხომ ანალოგიურ ტრივიალურ სტრუქტურაშია გაბმული, გამუდმებით რომელიმე, ნაკლებად პატერნალისტური <სისტემისკენ> აქვს მიმართული მზერა და ელის საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე განწყობის შექმნას - სამთავრობო სცენაზე მოქმედი მსახიობებისგან, ანუ სახელისუფლებო აქტორებისგან.


თუმცა, სისტემის აქტორები, ჯერ <ერთს> ჰპირდებიან ფარისევლურად და მერე გადასხვაფერებულ <მეორეს> ფარისევლურად!..

ჩემმა კოლეგამ შესანიშნავ ანალიტიკურ წერილში - <რას ნიშნავს იყო „თავისუფალი“> - მოსწრებულად აღნიშნა, რომ: „ქართული თეატრი არაა, არც მხოლოდ სტურუა, არც მხოლოდ ახმეტელი.“ მე კი, მოკრძალებულად დავამატებდი, რომ ქართული თეატრი, რასაკვირველია, არ არის კონკრეტული სახელისა და გვარის კულტივირების აპოთეოზი, მით უფრო, რომ მიმდინარე ქართულ თეატრში, უფრო ზუსტად კი, პანდემიურ-პოსტპანდემიურ პერიოდში ახალგაზრდების სახით, ზოგიერთი ნიშანდობლივი ავტორი გამოჩნდა საინტერესო მსოფლმხედველობით; მით უფრო, რომ <ქართული თეატრის> ნაწილად მოიაზრება ისეთი ავტორიც, რომელმაც შეძლო და თანამედროვე ბერძნული პროზის (დიმიტრიადისის) საოცრად მეტყველი ტექსტი, უკიდურესად მომაბეზრებელ და მონოტონურ „სანახაობად“ გადააქცია სცენაზე. ყველა ეს მაგალითი, კიდევ არა ერთი - შეადგენს პლურალისტურ თეატრალურ სივრცეს და საკმაოდ ანაქრონული აზროვნების შედეგია, როცა სტურუას დანარჩენ ქართულ თეატრს „უპირისპირებენ“, ან ანტაგონიზმს ნერგავენ მომავალ თაობებშიც, თავად ამავე სფეროში მოღვაწეები. ყველაფერი ეს - ისეთივე თანასწორუფლებიანი ნაწილი იქნება <თეატრის ისტორიის> როგორც ხსენებული გვარები. და მაინც, ქართული თეატრი არის უმთავრესად: ახმეტელიც, თუმანიშვილიც, სტურუაც და შემდეგ, პოსტ-პოსტმოდერნიზმის პერიოდში განფენილი გვარების წყებაც...

რობერტ სტურუას მიერ პოსტ-პოსტმოდერნიზმში - 2023 წლის მაისსა და ნოემბერში განხორციელებული „მიჯაჭვული პრომეთეს“ ორივე ეპიზოდში, სარკასტული პოზიციიდან ნაჩვენებია ადამიანის მუდმივი მიჯაჭვულობების კომპლექსური ხატი. მეორე ეპიზოდში, ფიზიკურად გათავისუფლებული პრომეთეს კვალდაკვალ, მკვეთრად ხაზგასმულია მომავლის ბედი (მარიტა მესხორაძის გამოჩენა ჩვილით ხელში), ბუნებრივად შეიძლება მოვიაზროთ, მომავალი თაობების ინერციული მიჯაჭვულობაც, მაშასადამე, უტოპიური ხასიათით გამოხატული თავისუფლების იდეის აბსურდულობა.,


და რადგან, „მიჯაჭვულია პრომეთე - მიჯაჭვულია ადამიანიც“.

ფოტო: https://rustavelitheatre.ge/en/

bottom of page