EDITORIAL BOARD
 

გუბაზ მეგრელიძე

ქუთაისის თეატის 160-ე სეზონი გაიხსნა

ქუთაისის თეატრის ახალ `მწვანე თეატრის” სცენაზე სეზონის გახსნა და ხელოვანთა დაჯილდოება გაიმართა.

   მსოფლიო პანდემიამ ადამიანთა ცხოვრების წესი მნიშვნელოვნად შეცვალა. ეს მოვლენა,რა თქმა უნდა, ქართულ თეატრზედაც აისახა და ახალი გამომსახველობითი ძიებები დაიწყო. ერთ-ერთი აქტუალური საშუალება ღია სივრცეში სცენისა და დარბაზის მოწყობა გახდა. უწინ, პანდემიამდე, ქუთაისის თეატრის ეზო არაფრით გამოირჩეოდა, მაგრამ ამხელა სივრცე თუ იმალებოდა გამწვანების მიღმა, ნამდვილად წარმოუდგენელი გახლდათ. თურმე ყველაფერი შეგვიძლია, დაიგო ხის იატაკი და აიგო სცენა, რომლის მშენებლობაც ზაზა ჭელიძემ დააფინანსა. სიმწვანეში ჩაფლულ გარემოს `მწვანე თეატრი” ეწოდა, სადაც სპექტაკლებისა და შეხვედრების განსაკუთრებული ატმოსფერო შეიქმნა. სამომავლოდ, ცხოვრების ნორმალურ რიტმს რომ დავუბრუნდებით, შესაძლებელია, ძირითადი სეზონის დახურვის შემდეგ `საზაფხულო სეზონის” გაგრძლებაც. ამ სცენაზე მსახიობმა ზვიად სვანაძემ პირველად გაითამაშა ნაწყვეტი სპექტაკლიდან `თქვენო უდიდებულესობავ”. უახლოეს მომავალში კი ავთანდილ სახამბერიძის რეჟისორობით გაიმართება სპექტაკლ `ბარდნალას” პრემიერაც. მავე სცენაზე წარადგინეს  ქეთევან მამუკელაშვილის წიგნი `ეფრო კლდიაშვილი’’, რომელიც ქუთაისის თეატრის ამაგდარ მსახიობზე დაწერილი მონოგრაფიაა. თეატრის დირექტორმა სულხან გოგოლაშვილმა წაიკითხა: საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის, ევროპის თეატრალური კონვენციის თავმჯდომარის სერჟ რაგონის, დრამატურგ ჟერარ სიბრეილასის მილოცვები. სეზონის გახსნა თეატრს მიულოცეს: საქართველოს პარლამენტის განათლების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ გენადი მარგველაშვილმა და იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ, ხოლო ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა ახლო მომავალში ქუთაისის თეატრის ერთ-ერთი კორიფეს კოტე მესხის ძეგლის დადგმა აუწყა საზოგადოებას. თელავის თეატრის მსახიობმა ვანო იანტბელიძემ ქუთაისის თეატრი თელავში სამდღიან გასტროლებზე მიიპატიჟა.

საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარემ გიორგი გეგეჭკორმა ღირსეული პრემიები და ჯილდოები გადასცა ამ სეზონში გამორჩეულ მოღვაწეთ. ეს დაჯილდოვება, ტრადიციისამებრ, თეატრის საერთაშორისო დღეს, 27 მარტს, იმართება, მაგრამ არსებული პანდემიის გამო ამ ეტაპზე გადმოინაცვლა.

ქართული თეატრის ამაგდარის წოდება მიენიჭათ ქუთაისის თეატრის წარმომადგენლებს: მუზეუმის გამგეს ციალა ხელაძეს, რეჟისორის ასისტენტს ზეინაბ მოწონელიძეს, დასის მმართველს კახაბერ გოგოლაშვილს, ადმინისტრატორს სერგო ცერცვაძეს, მოლარს დარეჯან მიქაბერიძეს, ხმის რეჟისორებს ნანი ძოწენიძესა და ნაილი პირველს, დამლაგებელს ნინო ახვლედიანს, კომენდანტს რომან ბუხაიძეს,

ჯილდო `ქართული თეატრის მეგობარი” გადაეცათ: კომპანია `თელავის ღვინის მარანის” წარმომადგენლებს ზურაბ რამაზაშვილსა და კახა ზუკაკიშვილს. აგრეთვე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს სოსო ფხაკაძესა და ლევან ვეფხვაძეს.

სულხან-საბა ორბელიანის ჯილდო ბოლო ორ წელიწადში მიღწეული საერთაშორისო წარმატებებისთვის ქუთაისის თეატრს გადაეცა. ჯილდო `ქართული სცენის დესპანი” გადეცა ქუთაისის თეატრის სპექტაკლს `დუპლეტი” და მასში მონაწილე მსახიობებს: ზვიად სვანაძეს, დავით როინიშვილსა და ელზა სულაძეს. აგრეთვე, მარიონეტების თეატრის სპექტაკლს `სტალინგრადი” და ოზურგეთის თეატრის მსახიობს თამარ მდინარაძეს. Dდიმიტრი ალექსიძის სახელობის ჯილდო გადაეცა მის ყოფილ სტუდენტ ავთანდილ სახამბერიძეს, მედეა ჯაფარიძის სახელობის ჯილდო გადაეცა მსახიობ ანა კობაიძეს სპექტაკლში `ძვირფასი პამელა”შესრულებული როლისთვის, ამავე სპექტაკლში შესრულებული როლებისთვის  ანზორ ხერხაძის სახელობის ჯილდო გადაეცა მსახიობ ალექსანდრე ფურცხვანიძეს,ხოლო გიორგი შავგულიძის სახელობის ჯილდო გადაეცა მსახიობ თენგიზ ჯავახაძეს.

წლის საუკეთესო ახალგაზრდა ქალის პრემია გადაეცა მსახიობ ქეთევან ლუარსაბიშვილს გორის თეატრის სპექტაკლში `შეცვალე” ალისას როლის შესრულებისთვის. წლის ახალგაზრდა ვაჟის როლის პრემია გადაეცა მსახიობ ვალერი კობერიძეს რუსთავის თეატრის სპექტაკლში `ელექტრიკოსი” საინტერესო როლის შესრულებისთვის. წლის საუკეთესო ეპიზოდური ქალის სახის შესრულებისთვის პრემია გადაეცა მსახიობ მარინა არგოთაშვილს, გორის თეატრის სპექტაკლში `სადღეგრძელო” გიდის როლის შესრულებისთვის. წლის საუკეთესო ეპიზოდური მამაკაცის სახის შესრულებისთვის პრემია გადაეცა მსახიობ მანუჩარ შერვაშიძეს, ბათუმის თეატრის სპექტაკლში `კლდიაშვილი ჯ” საინტერესო როლის შესრულებისთვის. წლის საუკეთესო ქალის სახის შესრულებისთვის პრემია გადაეცა მსახიობ თამარ მდინარაძეს, ოზურგეთის თეატრის სპექტაკლში `კოცნა” საინტერესო როლის შესრულებისთვის. წლის საუკეთესო მამაკაცის სახის შესრულებისთვის პრემია გადაეცა მსახიობ ანდრია ვაჭარაძეს, მესხეთის თეატრის სპექტაკლში `ზოოპარკის ისტორია” საინტერესო როლის შესრულებისთვის. წლის საუკეთესო სპექტაკლის დადგმისთვის პრემია გადაეცა რეჟისორ კახა გოგიძეს მესხეთის თეატრში განხორცილებული სპექტაკლისთვის `ღია შუშაბანდი”. წლის საუკეთესო სპექტაკლისთვის `გრან-პრი” მიენიჭა ქუთაისის თეატრის სპექტაკლს `ქარი ქრის ვერხვებში” (რეჟ. ნ. მაღლაკელიძე, მსახიობები: ზვიად სვანაძე, დავით როინიშვილი და სულხან გოგოლაშვილი).

დასასრულ, ქუთაისის თეატრის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საჩუქრები გადასცესსაქართველოს თეატრალური საზოგადოების გურია-სამეგრელოს განყოფილების თავმჯდომარემ ვასილ ჩიგოგიძემ, საქართველოს თეატრალური საზოგადოების იმერეთის განყოფილების თავმჯდომარემ ლევან როხვაძემ (ვალერი მეძმარიაშვილის ნამუშევარი `თეთრი ხიდი”), ამბროლაურის კულტურის სახლის დირექტორმა თამაზ დაუშვილმა (წმ. გიორგის ხატი).