
„მესამე რაიხი“ კამერულ თეატრში
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს





მაია კიკნაძე
„მესამე რაიხი“ კამერულ თეატრში
თბილისის კამერული თეატრი 2022 წლის პირველ აპრილს დაარსდა. ამ პერიოდის მანძილზე თეატრის დამფუძნებელმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი აფხაზავამ, მრავალფეროვანი რეპერტუარი შესთავაზა მაყურებელს, სადაც დიდი ადგილი კლასიკურ ნაწარმოებებს დაეთმო ( მედეა, დონ კიხოტი, ბედნიერი დღეები, ემიგრანტები და ა. შ ). რეჟისორი აფხაზავა, ყურადღებას უთმობს ახალგაზრდა ხელოვანებს, თავის ყოფილ სტუდენტებს, რომლებსაც საშუალებას აძლევს საკუთარ პროფესიაში თავი დაიმკვიდრონ და მონაწილეობა მიიღონ თეატრის შემოქმედებით პროცესში. ახალგაზრდებიც დიდი ენთუზიაზმით მუშაობენ და საკმაოდ საინტერესო ნამუშევრებს ქმნიან. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია ახალგაზრდა რეჟისორის ანასტასია ნავროზაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლი, რომელმაც კამერული თეატრის რეპერტუარში თავისი ადგილი დაიმკვიდრა და დამდგმელ ჯგუფთან (მხატვარი სოფიკო კიკაბიძე, მუსიკა ალექს იორდანსკი, ასისტენტი ტატა მეცხოვრიშვილი, მონაწილეობენ: ნიკა ფიფია, სოფი ლომჯარია, ცოტნე მაისურაძე, ანასტასია ურიდია, ალექსანდრე კვეზერელი) ერთად, კლასიკური პიესის კიდევ ერთი განსხვავებული ვერსია შესთავაზა მაყურებელს.
ანასტასია ნავროზაშვილის სპექტაკლი „მესამე რაიხი“- სინდრომი“ ბერტოლდ ბრეხტის პიესის „შიში და სასოწარკვეთა მეამე რაიხის იმპერიაში“, მიხედვითაა შექმნილი. ბრეხტი, პიესაში ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ 24 სცენას გვთავაზობს (პირველადი ვერსიით იყო 27 სცენა). პიესა, ბრეხტმა 1934-38 წლებში დაწერა, როდესაც ქვეყანას საშინელი ჭირი ნაციზმი მოევლინა. პირველი პრემიერა პრაღაში, 1938 წლის 21 მაისს, გერმანულ ენაზე შედგა, სადაც მხოლოდ 8 სცენა იყო წარმოდგენილი. სპექტაკლს დიდი წარმატება ჰქონდა, როგორც თეატრალური ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. ვინაიდან, პიესა სცენებად არის დაყოფილი, იმის საშუალებას იძლევა, რომ რეჟისორებმა თავად შეარჩიონ ნაწყვეტები, ამიტომ პიესა მსოფლიო თეატრების სცენებზე სხვადასხვა სახელწოდებით იდგმება.
რეჟისორმა, ანასტასია ნავროზაშვილმა, ბრეხტის პიესიდან ყურადღება მხოლოდ სამ სცენაზე გაამახვილა „ჯაშუში“, „ ცარცის ჯვარი“, „ებრაელი ცოლი,“ რომელიც ერთ მთლიან ფორმას მოარგო და ერთიანი აზრობრივი დატვირთვა მისცა. სიყვარული, ღალატი, დასმენა -ეს ის ძირითადი თემებია, რომელიც სცენიდან ისმის. მაგრამ შიშის განცდა მაინც გამძაფრებულია სპექტაკლში, ვინაიდან ნაცისტურ სახელმწიფოში, საზოგადოებას მუდმივად თან სდევს შიშის გრძნობა და ეჭვის თვალით უყურებს ყველას და ყველაფერს, მათ შორის ოჯახის წევრებსაც.
კარლსა /ცოტნე მაისურაძე/ და ბერტას/ სოფი ლომჯარია/ 14 წლის ვაჟი ჰყავთ, მაგრამ საკუთარი შვილის მიმართ ნდობა აქვთ დაკარგული. ნდობის დაკარგვას, მხოლოდ პოლიტიკური გარემო იწვევს. შეუძლია თუ არა მათ შვილსაც, სხვა ბავშვებივით მშობლების დასმენა? მით უფრო თუ მამა ბელადისაგან განსხვავებულად ფიქრობს?.
ეგზისტენციალური საფრთხე, რომელიც შვილისგან მოდის, კრავს მთელი სცენის მოქმედებას. მსახიობი ალექსანდრე კვეზერელი ცდილობს დამაჯერებელი იყოს თავის მოქმედებაში. მისი კამათი მამასთან, მშობლების თვალთვალი, ყურის მიგდება, შემდეგ მისი სახლიდან გაპარვა, მიზეზს იძლევა იმისა, რომ მაყურებელმა მის კეთილსინდისიერებაში შეიტანოს ეჭვი. ამ ეჭვს მეტად აძლიერებს ცოლ-ქმარს შორის დიალოგი. მსახიობები ცოტნე მაისურაძე და სოფი ლომჯარია, ამ დიალოგში თანმიმდევრულები არიან, საყვედურობენ ერთმანეთს და იმაზე მსჯელობენ, თუ როგორ უნდა გადაირჩინონ თავი პატარა“ ჯაშუშისაგან.“ მართალია, შვილი არ აღმოჩნდება დამსმენი, მაგრამ მთავარი აქ არის ტრაგიკული განცდის შექმნა, რაც იწვევს უნდობლობას ერთმანეთის მიმართ. ამ ატმოსფეროს შექმნას კიდევ უფრო აძლიერებს ანასტასია ურიდიას მოსამსახურე ქალი, რომელიც არავინ იცის სინამდვილეში რაზეა წამსვლელი. თუმცა ცოლი სიფრთხილეს მაინც იჩენს და როდესაც ქმარი პოლიტიკაზე იწყებს საუბარს, სთხოვს მას სახლიდან წასვლას.
მსახიობები ცოტნე მაისურაძე და სოფი ლომჯარია, ამ სცენაში საინტერესო დუეტს ქმნიან, რომლებიც შემდეგ ეპიზოდებშიც გრძელდება.
სპექტაკლში გამორჩეულია სოფი ლომჯარიას შესრულებული ებრაელი ცოლის როლი. ნაწყვეტი მთლიანად ერთი ქალის მონოლოგზეა აგებული. აქ მსახიობი ცდილობს ერთი შეხედვით მსუბუქ ტონებში, საკმაოდ სერიოზული გადაწყვეტილება მიიღოს, საყვარელი ქმარი მიატოვოს, რათა ის საზოგადოებამ არ გარიყოს, რომლის ნიშნები უკვე აშკარაა. ამ შემთხვევაში სოფი ლომჯარიას მონოლოგი, მხოლოდ ერთი ქალის დრამატული ისტორია კი არ არის, არამედ განზოგადებული სახეა. სოფი ლომჯარიას შესრულებული სახეები გამორჩეულია სპექტაკლში. ჩანს, რომ მსახიობს კარგად აქვს გააზრებული როლთა (ებრაელი ცოლი, ბერტა, მსახური) ზეამოცანა, მათი შინაგანი ბუნება, რომელსაც ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, საკმაოდ ბუნებრივად წარმოგვიდგენს.
მსახიობები სპექტაკლში რამდენიმე როლს თამაშობენ (კარგი იქნებოდა აფიშაზე როლები ყოფილიყო მითითებული), თითოეულ სცენაში რამდენიმე გმირია, მხოლოდ მეორე სცენაშია /„ცარცის ჯვარი“/ მთელი ჯგუფი წარმოდგენილი.
სცენაში „ცარცის ჯვარი,“ მოქმედება სამზარეულოში ხდება. შეყვარებული ჯარისკაცი საცოლეს სამსახურში (მოსამსახურედ მუშაობს) მიაკითხავს. ერთი შეხედვით, ყოფითი სცენის მიღმა, მწვავე დაპირისპირებაა წარმოდგენილი. ფრიცისა /ნიკა ფიფია/ და ჯარისკაცის /ცოტნე მაისურაძე/ ორთაბრძოლა, აღნიშნული ნაწილის ძირითადი ნაწყვეტია. მაისურაძის ჯარისკაცი ეშმაკია და ნაძირალა. მას ადვილად შეუძლია მსხვერპლი მოატყუოს და სიმართლე /თამაშით/ ათქმევინოს, ხოლო ვისაც „მოღალატედ“ მიიჩნევს ცარცის ჯვარს ახატავს შეუმჩნევლად. მსახიობები / ნიკა ფიფია, ცოტნე მაისურაძე/ ზუსტად ახერხებენ ამ მიზანსცენის ძირითადი არსის გადმოცემას, პერსონაჟთა ბუნებისა და ცხოვრების რეალობის გათვალისწინებით. მაისურაძეს სურს დაგვანახოს, რომ ის სახელმწიფოში მნიშვნელოვანი პერსონაა, თუმცა სინამდვილეში ლაქიაა, არარაობა, რომელსაც მხოლოდ დასმენა შეუძლია. დემაგოგიური პათოსით, სირცხვილის გარეშე, ეძახის თავისი საცოლის გამომუშავებულ ფულს „ჩვენ საერთო დანაზოგს.’’შემთხვევითი არაა, რომ საბოლოოდ საცოლე /სოფი ლომჯარია/, რომელიც ზნეობრივი ღირებულებებით გამოირჩევა, მას უარს ეუბნება , არა როგორც მისი ფულის დამხარჯველს, არამედ როგორც არამზადას, რომელიც საცოდავ ადამიანებს ხაფანგში აბამს.
სპექტაკლში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს გარემო, სადაც მოქმედება ხდება. კამერული თეატრის სცენა, რომელიც სარდაფშია განლაგებული, ბუნებრივად მოერგო სპექტაკლის საერთო ფორმას. ამ სივრცეში, სცენოგრაფმა სოფიკო კიკაბიძემ, მინიმალისტური და ამავე დროს ძალზედ რეალისტური გარემო შექმნა, რომელსაც მაყურებელი იმ ეპოქაში გადაჰყავს. ჩანს, რომ მსახიობებიც, მიუხედავად თემის დრამატიზმისა, კომფორტულად გრძნობენ თავს.
რეჟისორი გვიჩვენებს, თუ როგორ მოქმედებს პოლიტიკა საზოგადოებაზე, თუ როგორ ანგრევს და აუფასურებს ადამიანთა ურთიერთობებს. აკარგვინებს თავისუფლებას. ტირანულ სახელმწიფოში არსებული გარემო, ადამიანთა მორალური მდგომარეობა, ყველა ფენაზე ახდენს გავლენას იქნება ეს მუშა, გლეხი, ბიჭი, დამლაგებელი, ჯარისკაცი თუ მეცნიერი.
P.S შენიშვნის სახით ვიტყვი, რომ მესამე“ რეიხი“, რომელიც რამდენჯერმე გაისმის სცენაზე , ყურს სჭრის. უნდა შეიცვალლოს სიტყვით „რაიხი.“