
„მე მხოლოდ ის ვარ, რასაც თქვენ ხედავთ ჩემში"
სტატია მომზადდა ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პროექტის,
თეატრის კრიტიკოსთა კურსის ფარგლებში;
პედაგოგები ანა მირიანაშვილი და ლაშა ჩხარტიშვილი.

ანა ბაჩიაშვილი
„მე მხოლოდ ის ვარ, რასაც თქვენ ხედავთ ჩემში"
სპექტაკლი - „ეს ასეა (თუკი, თქვენ გეჩვენებათ, რომ ასეა)“
მე-20 საუკუნეში მოღვაწე იტალიელი დრამატურგის ლუიჯი პირანდელოს პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „ეს ასეა (თუკი, თქვენ გეჩვენებათ, რომ ასეა)” წარმოაჩენს ადამიანის ბუნების მუდმივ პრობლემას, რომელიც ყველა დროს თანაბრად აქტუალურია. ყველა ჩვენგანში ცხოვრობს მრავალსახოვანი პიროვნება ან ერთი ადამიანი მრავალი ნიღბით, რომელიც სხვადასხვა საზოგადოებაში განსხვავებულ როლს თამაშობს და ამასობაში თავის ნამდვილ ბუნებას კარგავს.
ამ პიესის მთავარი ხიბლი არის ავტორის გადაწყვეტა, რომ ეს პრობლემა მთავარი პერსონაჟების (სიძისა და სიდედრის) „სიგიჟის” სახით წარმოეჩინა. ამ გმირების გადაჭარბებული წარმოსახვა გვაჩვენებს შედეგს, რომელიც შეიძლება დადგეს მაშინ, როდესაც სამყაროს მხოლოდ ჩვენი გადმოსახედიდან ვუყურებთ, ვწყდებით რეალობას და საბოლოოდ აღმოვაჩენთ, რომ ჩვენ მიერ გამოგონილ ილუზიაში ვცხოვრობთ.
თუმანიშვილის თეატრში გოგი მარგველაშვილის მიერ დადგმული ეს სპექტაკლი მაყურებლის ყურადღებას პირველი წუთიდან იპყრობს, რადგან სიუჟეტი ნულიდან კი არ იწყება, არამედ მომხდარი ამბის განხილვით, როდესაც სცენაზე ანა მატუაშვილისა (მრჩევლის ცოლი) და ნინა ლორთქიფანიძის (მრჩეველის შვილი) პერსონაჟები კამათობენ ქალაქში ახალგადმოსული ოჯახის თავისებურებებზე. ეს კი მაყურებელში იწვევს ინტერესს, რა მოხდა მანამდე და როგორ განვითარდება მოვლენები შემდეგ.
ამბის ნაწილად ყოფნის შეგრძნებას ამძაფრებს სცენაზე მაყურებლისთვის განკუთვნილი სკამები, რომლებიც მის გვერდებზეა განლაგებული და შეგვიძლია, როგორც ახლოდან დავაკვირდეთ მსახიობებს და ჩვენთვის საინტერესო დეტალებს, ასევე თავი იმ მოქმედების ნაწილად ვიგრძნოთ, რომელსაც სხვა დროს შორიდან ვუყურებთ. თუ სპექტაკლის მიმდინარეობისას საკუთარ თავებსაც დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ მართლაც ამბის ნაწილი ვხდებით, რადგან ჩვენც ისევე გვაინტერესებს, რა ხდება სხვის ოჯახში, როგორც იმ პერსონაჟებს, რომელთა ქცევაც გვაკვირვებს.
აღსანიშნავია ნინო ჩიტაიშვილის მიერ შექმნილი კოსტიუმები, რომლებიც პერსონაჟების პიროვნული შტრიხების გამოხატვაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ასრულებს ავტორის, რეჟისორის, ქორეოგრაფისა და მსახიობების მიერ შექმნილი გმირების სახეს. განსაკუთრებით დასამახსოვრებელია ანა მატუაშვილისა და ეკა ჩხეიძის პერსონაჟების კოსტიუმები, რომლებიც თეატრალურ სივრცეს განსაკუთრებით უხდება. სცენოგრაფია არ არის გადატვირთული, ყველაფერი, რასაც სცენაზე ვხედავთ მაქსიმალურად გამოყენებულია (მაგიდა, სკამები, კიბე, გაშლილი სუფრა, აკორდეონი და ა. შ.)
სპექტაკლში ისმის სხვადასხვა მუსიკა (მათ შორის, ჯონ როუკროფტის „Tango Cubano“), რომელიც პერსონაჟების სცენიდან გასვლის ან შემოსვლის მომენტში ირთვება და აქვე აღვნიშნავ კოტე ფურცელაძის ქორეოგრაფიას, რომელიც ასეთ ეპიზოდებში განსაკუთრებით სასიამოვნო საყურებელია, რადგან ყველა პერსონაჟს აქვს საკუთარი მოძრაობის მანერა, რომელიც მუსიკასაც კარგად ერწყმის. ამ მხრივ, გამორჩეულია რუსუდან ბოლქვაძე, რომელიც სიდედრის, ქალბატონი ფროლას როლს განასახიერებს და ასევე დარეჯან ჯოჯუა (ოჯახის მეგობრების ნაცნობის როლში).
მსახიობები: რუსუდან ბოლქვაძე, გოგა პიპინაშვილი, ანა მატუაშვილი, გია როინიშვილი, გია აბესალაშვილი, თემო გვალია, დარეჯან ჯოჯუა, ნინო ლორთქიფანიძე, ეკა ჩხეიძე, დარეჯან ხაჩიძე, ანა-მარია გურგენიშვილი, თორნიკე ნუკრაძე განსაკუთრებულ სახეებს ქმნიან. მაყურებელს რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ პერსონაჟების მსგავსი ადამიანები ხშირად ხვდებიან სხვადასხვა სიტუაციაში, ზოგიერთმა კი შესაძლოა საკუთარი თავიც ამოიცნოს რომელიმე მათგანში. საბოლოოდ, ამ სპექტაკლის მიზანიც ხომ იმას ემსახურება, რომ ჩვენივე თავებში ჩაგვახედოს და დაგვანახოს, როგორც მრავალი ნიღაბი, ასევე საკუთარი და საზოგადოების მანკიერი თვისებები.
ორივე მოქმედების დასრულების შემდეგ დამრჩა შეგრძნება, რომ თითქოს, უფრო ხანგრძლივი იყო სპექტაკლი, ვიდრე ამას შინაარსობრივი მხარე მოითხოვდა. თუმცა, შეიძლება სწორედ ეს იყო რეჟისორის მიგნება, რომ მაყურებელს, რომელიც სულმოუთქმელად ელოდება, როდის გაიგებს სიმართლეს, განგებ ამყოფებს მოლოდინის რეჟიმში და მთელი სპექტაკლის განმავლობაში, მოდუნების საშუალებას არ აძლევს. გარკვეული ხიბლიც კი აქვს ამ შეგრძნებას და მის დასასრულს, როდესაც ყველა ელოდება იმის გაგებას, რაც თავად სურს. ნაწილობრივ, ალბათ, ასეც ხდება, მაგრამ მეორე მხრივ, დაბნეულობას იწვევს, მომენტი, როდესაც კუბო, რომელსაც უნდა გამოევლინა სიმართლე, ცარიელი აღმოჩნდება. თუმცა, სწორედ ეს არის პასუხიც ყველა კითხვაზე, რაც მანამდე დაისვა და რეჟისორ გოგი მარგველაშვილის ოსტატური, ირონიული ხერხი, რომ თითოეულ მაყურებელს თავის თავზე გაეცინოს.
რუსუდან ბოლქვაძე მეტად საინტერესო პერსონაჟს ქმნის. ერთი მხრივ, ეს მისი როლით არის განპირობებული, თუმცა მსახიობი მისთვის დამახასიათებელი პროფესიონალიზმის მეშვეობით, საოცრად ინდივიდუალურ ხასიათს (სიდედრს) ქმნის. მისი სიარულის მანერა (განსაკუთრებით კიბეზე ჩამოსვლა), მიმიკა, აკორდეონზე დაკვრა, სიმღერა და ხასიათის რადიკალური ცვლილება მოქმედების დასაწყისსა და ბოლოში, მთავარ ხაზს ქმნის სპექტაკლში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი პერსონაჟის კულმინაციური მომენტი, როდესაც ისტერიკაში ვარდება. სიდედრთან ერთად წამყვანი ადგილი სიძეს უჭირავს, რომელსაც გოგა პიპინაშვილი განასახიერებს. სიდედრის შემდეგ მისი გამოჩენისას მაყურებელს რჩება განცდა, რომ ამ ამბავში ის არის მართალი, რადგან რადიკალურ სახეს დამაჯერებლად წარმოაჩენს. თუ რუსუდან ბოლქვაძე ცდილობს დამალოს მწუხარება, გოგა პიპინაშვილი პირიქით, გამოხატავს იმას, რასაც განიცდის. ეს სწორედ იქიდან გამომდინარეობს თუ რომელს რისი სჯერა, მაგრამ სანამ სხვებისთვის უცნობია მათი მხრიდან დანახული რეალობა, შესანიშნავად ინიღბავენ თავებს.
დასამახსოვრებელია ანა მატუაშვილის პერსონაჟი, რომელიც მრჩევლის ცოლია. მასში ერთდროულად არის მაღალი ფენის წარმომადგენელი ამაყი ქალი, რომელსაც შეფერებული აქვს მეუღლის თანამდებობა და ასევე, ჭორიკანა, სხვისი ცხოვრებით დაინტერესებული ადამიანი. ამ ორი სახის ტარებას ის შესანიშნავად ახერხებს. მისი ვიზუალი, მოძრაობა, მზერა დახვეწილი პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებს და მეორე მხრივ, როცა ლაპარაკობს, ჩანს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ფასადურია, რადგან მხოლოდ მეზობლების ცხოვრების განხილვით არის დაკავებული. მრჩევლის ცოლთან ერთად აღსანიშნავია მათი მეგობრის (ეკა ჩხეიძე), მეგობრის მეგობრისა (დარეჯან ჯოჯუა) და მისი მეგობრის ჩართულობა (დარეჯან ხაჩიძე) ამ გაურკვევლობაში. ეკა ჩხეიძის პერსონაჟი გამოჩენისთანავე ტოვებს განცდას, რომ სხვების ცხოვრებით ცხოვრობს და მრჩევლის ოჯახში სტუმრობაც მხოლოდ ამ მიზანს ემსახურება. დარეჯან ჯოჯუას პერსონაჟი იმდენად ნაცნობი სახეა ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ აუცილებლად ყველას გაახსენდება თითო მაგალითი. უფროსი ქალბატონი, რომელსაც სხვებივით აინტერესებს, რა ხდება, მაგრამ არ აძლევენ საშუალებას, რომ მათ წრეში გაერიოს. ამიტომ თითქმის ყველა სცენაში ცალკე, მათგან მოშორებით ზის ან დგას, მაგრამ ეს სულაც არ უშლის ხელს, რომ თითოეულ სიტუაციაში თავი დაამახსოვროს მაყურებელს თამაშის განსხვავებული მანერით. საინტერესოა მისი თავდაჯერებულობის გაზრდა, როდესაც თავის მეგობარს (დარეჯან ხაჩიძეს) მოიყვანს მეგობრების მეგობრების მეზობლების ამბავში ჩასართავად, რის შემდეგაც დუეტში აგრძელებენ არაფერშუაში მყოფი ქალების როლების შესრულებას.
გია აბესალაშვილის როლი (ოჯახის მეგობრის) განსხვავებულია დანარჩენებისგან. ის თან ჩართულია მოვლენათა განვითარებაში და თან თავისი სამყარო აქვს, სადაც ჩანს, რომ დიდად არ აღელვებს, რაც მის გარშემო ხდება, უბრალოდ მეუღლეს (ეკა ჩხეიძე) დაჰყვება უკან და მაშინ, როდესაც სხვები აღშფოთებულები ლაპარაკობენ, ის თითო, მშვიდად ნათქვამი სიტყვით ახერხებს მაყურებლის გაცინებას. გია როინიშვილის (მრჩეველი) გმირი იფერებს, როგორც თანამდებობას, ისე ოჯახის უფროსობას და ცდილობს ყველაფერი აკონტროლოს. ამასთან ერთად, არ ავიწყდება მზრუნველობის გამოხატვა მეუღლისა და ქალიშვილის მიმართ. თემო გვალია წარმოადგენს პრეფექტის პერსონაჟს, რომელიც თავდაჯერებული უფროსის სახით გვევლინება სპექტაკლში.
ანა-მარია გურგენიშვილი (სიდედრის შვილი და სიძის მეორე ცოლი) კულმინაციურ მომენტში ჩნდება, როდესაც უნდა გამოირკვეს, თუ ვინ არის სინამდვილეში. ის კი პასუხობს: “მე მხოლოდ ის ვარ, რასაც თქვენ ხედავთ ჩემში”.
სპექტაკლში ასევე მონაწილეობენ ახალგაზრდა მსახიობები: ნინა ლორთქიფანიძე და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი: თორნიკე ნუკრაძე. ნინა ლორთქიფანიძის პერსონაჟი ყველაზე ადეკვატურად აფასებს სიტუაციას და ცდილობს დაარწმუნოს წინა თაობის ოჯახის წევრები, რომ მათი საქმე არ არის, ვინ როგორ იცხოვრებს. მისი სცენების დროს კარგად ჩანს თაობათა შორის არსებული განსხვავებული დამოკიდებულებები. თორნიკე ნუკრიძე კი მსახურის როლს განასახიერებს, იგი თითქმის ხმასაც არ იღებს სპექტაკლში, თუმცა ცდილობს არაფერი გამოეპაროს ოჯახურ განხილვებში. მსახიობი ძალიან კარგად ახერხებს უსიტყვოდ დაანახოს მაყურებელს მისი პერსონაჟის ჩართულობა მთლიან მოქმედებაში.
გოგი მარგველაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლის „ეს ასეა (თუკი, გეჩვენებათ, რომ ასეა)“ ნახვას ყველას ვურჩევდი, ვისაც თეატრი უყვარს. ვფიქრობ, რომ ის კონკრეტული ინტერესის მაყურებლისთვის არ არის განკუთვნილი, რადგან მასში წამოჭრილი საკითხი მეტ-ნაკლებად ყველას გვეხება.