top of page

მე! მე მეშინია ფიწალი დისნეის…

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

356593209_287209853845528_3973383878254760922_n.jpg

ლელა ოჩიაური

მე! მე მეშინია ფიწალი დისნეის…

თეატრში ათონელზე ყოველთვის შეიძლება ნახო და  გაიცნო ვიღაც და რაღაც ახალი, მარადუცვლელ, გადაუჭრელ და თანადროულ პრობლემებზე საუბრის, ფიქრის, მსჯელობის, გაზიარების პროცესში ჩაება, ახალი ფორმითა და მხატვრული ხერხები შემოთავაზებულ და განვითარებულ თეატრალურ პროცესში.

2022-2023 სეზონის ბოლოს, ივნისის მიწურულს, უცნაურ და მოულოდნელ მორიგ შეხვედრაზე მიგვიპატიჟეს და სწორედ ასეთი სიახლის, ახალი რეალობის მომსწრე და მონაწილე გავხდი(თ),  უცნაურ, კითხვის გამომწვევ და „გასაშიფრ“ სახელიან სპექტაკლზე „ფიწალი დისნეი“ დასწრებით. და, როგორც აღმოჩნდა, ამოსახსნელი, გასაშიფრი, პასუხმოსაძებნი კიდევ ბევრი რამ გველოდა.

„ფიწალი დისნეი“ ფილიპ რიდლის აღიარებული, სახელგანთქმული, „დამფუძნებლური“, გავლენიანი და საკამათო პიესაა, რომელიც გურამი ღონღაძემ ქართულად პირველად თარგმნა და საქართველოში პირველად დაიდგა. ხოლო მაშინ, როდესაც რაღაც პირველად იდგმება, ის ყოველთვის ბადებს ინტერესსა და ნახვის სურვილს თავისთავად იწვევს.

„ფიწალი დისნეისკენ“ ყურადღების წინასწარი მიპყრობისა და მიზიდულობის ძალა ისიც იყო, რომ სპექტაკლი უჩვეულო პირობებში შეიქმნა, რომ  დადგმაზე  რეჟისორმა კი არ იმუშავა (როგორც წესი და რიგია), არამედ მსახიობებმა  - სოფიო ზერაგიამ, ნიკუშა ბაქრაძემ, სანდრო სამხარაძემ და ლაშა მებუკემ - რომლებიც თვითონვე მონაწილეობენ სპექტაკლში; მათთან ერთად - სცენოგრაფმა თამრი ოხიკიანმა, მუსიკოსებმა -  გიორგი გიგაშვილმა და ნიკალა ზუბიაშვილმა და მთარგმნელმა გურამი ღონღაძემ. ამ გუნდს არ დასჭირდა არც „ხელმძღვანელი“ და არც „მაკონტროლებელი“.  თამამი გადაწყვეტილება იყო და ასევე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უჩვეულო ექსპერიმენტი შედეგიანად დასრულდა. როგორც ყოველთვის ჯილდოვდება ხოლმე გამბედაობა. ვიტყოდი, ზეშედეგიანად.

თუმცა,  „ფიწალი დისნეის“ უცნაურობები და მოულოდნელობები, რებუსები და ქარაგმები (ზოგი ბოლომდე ამოუხსნელი რომ რჩება, თვით ორაზროვანი სათაურიც) ამით არ სრულდება. პირიქით, ყველაფერი აქ და ახლა იწყება. თამრი ოხიკიანის შექმნილი, სამი კედლით შემოსაზღვრულ (მეოთხე, ისედაც იგულისხმება) ოთახში. წათლილი რომბისა თუ რაღაც მსგავსი გეომეტრიული ფორმის კონსტრუქციაში. დაფერდებულ, ასიმეტრიულ კედლებში, ნახატი პერსპექტივის ილუზიას რომ ქმნიან.  მათში მხოლოდ ორი შავი, „დიზაინერული“ პლასტმასის სკამი და პლასტმასის იაფფასიანი ჭურჭელია. სიცარიელეა და ძირითადად ბნელა. განათება ფერსაც უცვლის კედლებს და სიბნელიდან ფიგურებს უცნაურად გამოკვეთს. ექსპრესიონისტული დეფორმირების გამომსახველობა, რომელიც ადამიანების მერყევი შინაგანი მდგომარეობის, მთრთოლვარების შეგრძნებებისა და განადგურებული ცხოვრების იდენტურია. გამიზნული დეკორატიულობის ეფექტი  გამოგონილ და ზმანებების, წარმოსახვების, სააშკარაოზე გამოფენილი ფიქრების სამყაროში ზუსტად მუშაობს.

პრესლი - ნიკუშა ბაქრაძე და ჰეილი - სოფიო ზერაგია -  ტყუპი და-ძმა არიან, რომლებიც კარჩაკეტილად, გარესამყაროსგან მაქსიმალურად იზოლირებულად ცხოვრობენ, ფიქრებში, წარმოდგენებსა და ცნობიერ თუ უმართავ შფოთვებში, რაც მათ ცხოვრებაში წლების წინათ მომხდარი რაღაც საიდუმლოს შედეგი და გამოძახილია. იკვებებიან შოკოლადითა და მოგონებებითა და საკუთარ თავში გაქცევით, ცდილობენ გადარჩენას.

ამ მოჩვენებით მყუდროებას, ყოველდღიურ რუტინას და ერთი და იგივე არაფრისკეთებას, მოულოდნელად,  ქუჩიდან შემოსული ახალგაზრდა, 18 წლის კოსმო  დისნეი -  სანდრო სამხარაძე და მისი პარტნიორი და თანმხლები - ფიწალი კავალიერი - ლაშა მებუკე - არღვევენ.  მისვლით, სადაც არავის უშვებენ და კოსმოს დაჟინებული (როგორც ფსიქოანალიტიკოსის, თუ მაცდურის)  მაპროვოცირებელი კითხვებით - ვინ არიან, რა ქვიათ და სად არიან მთი (ტყუპების), ათი წლის წინათ გარდაცვლილი, ან გამქრალი მშობლები.

აქვე ვიტყვი, რომ დისნეის, უოლთ დისნეის  სახელთან მსგავსების გარდა, სხვა მნიშვნელობაც აქვს და ნიშნავს - მშობელს, რომელსაც მამობის/დედობის უფლება ჩამორთმეული აქვს, შვილს ნახულობს, საჩუქრებს უკეთებს, ასეირნებს და ა.შ. და ანგარიშვალდებულია მეურვის ან მეორე მშობლის წინაშე. ისევე, როგორც ფიწალს აქვს სხვა მნიშვნელობებიც - და იშიფრება, როგორც კამერტონი, ან ვიღაცის რთულ და უხერხულ, საორჭოფო მდგომარეობაში მოულოდნელად ჩაგდება, ასე ვთქვთ, კედელთან მიყენება.

სტუმრები - შოუმენები, ცირკში „ორიგინალური“ ნომრის შემსრულებლები არიან, ფულიც აქვთ - პრიალა ლაბადასა და ბრჭყვიალა „ბერლინის ლაჟვარდისფერ“ პიჯაკში  და იგივე ფერის აბრეშუმის შარვალში გამოწყობილი კოსმო და მთლიანად შენიღბულ-შეფუთული, ტყავის შავკომბინეზონიანი და დიდ სათვალიანი,  მისი „კავალერი“, გამცილებელი, ასისტენტი, მორჩილი და მართული, როგორც რობოტი ან მექანიკური თოჯინა - ფიწალი.

აბსტრაგირებული(როგორც გარემო), ფერადოვანი და თვალისმომჭრელი კოსტუმები, რომლებიც „რეალური“ სამოსისგან  სტილიზებით, ეკლექტურობით, დეტალების ურთიერთშეუსაბამობით განსხვავდებიან, გვანან მასკარადს, რაც მაქსიმალურად „ართულებს“ სინამდვილის ასეთად აღქმას და ამბავი რეალური საზღვრებიდან გაურკვეველი მიმართულებით გაჰყავს.

პარიკები,  რომლებიც მთლიანად უცვლიან გარეგნობას მსახიობებს და  პერსონაჟებს სპეციფიკურ იერს, ხასიათს, ფაქტურას ანიჭებენ,  თითქოს იფარავენ მათ, როგორც ნიღბები, ერთი მხრივ, გარემოსგან და მეორე მხრივ, თავიანთი ნამდვილი არსის გამომჟღავნებისგან. ეს უკანასკნელიც, როგორც ბევრი სხვა რამ, ბოლომდე გაუშიფრავი რჩება.

 

კოსმო ძალადობს  მძინარე ჰეილიზე. თუმცა, ბანალური მოძალადე არაა. ისევე, როგორც მოძალადე შეიძლება იყოს პრესლიც, ან თავად ჰეილიც. პრესლის წარმოსახვებში, მანიაკალურ ფიქრებში, ხილვებში, ზმანებებში არსებული,  მკვლელი ფიწალი დისნეისგან განსხვავებით, და შეიძლება,  მსგავსადაც.

გარემო  კინოსტუდიის/ხმისჩამწერ/სატელევიზიო პავილიონების ინტერიერებს მოგვაგონებს, უფრო გადაღების მოედანს, გადაღების წინ ან შემდგომ. მოქმედი გმირებიც ასეთი ფილმების პერსონაჟებს გვანან. იერით, ჩაცმულობით, ქმედებითა და მოვლენების განვითარების პროცესში უშუალო და თავისუფალი ჩართულობით. ყოველგვარი ხელოვნურობის გარეშე და სპეციფიკური, ეფექტური „არტისტულობის“ გამოყენებით.  

ყველაფერი ნაჩვენებ-გათამაშებულია, მაქსიმალურად თავისუფლად, რომლის ხარისხი და ნიშნული ძალიან მაღალია. ასეთი სილაღე, სრული გახსნილობაა ფიზიკური ჩარჩოებისა და ემოციური „დაშვებისგან“ სხვაგან არსად მინახავს.

„ფიწალი დისნეიში“ ნაცნობი ზღაპრების ნაცნობი გმირები ანტიგმირებად, უფრო ზუსტად, უარყოფით პერსონაჟებად იქცნენ. მოელვარე და მანათობელი, ოქროსთმიანი და რაინდი უფლისწულისგან აღარაფერია დარჩენილი; ფიფქიას, ელზასა თუ კიდევ რომელიღაც პრინცესას კოსტუმის ნაფლეთებში და თეთრ კოლგოტკებში გამოწყობილ, ლამაზ, მოხდენილ ჰეილის - მშვენიერ მძინარე მზეთუნახავს - მარადიულ ძილსა  თუ ბურანში არა ბოროტი დედინაცვალი, არამედ არაბოროტი (?!), მომხიბლავი და პოზიტიური, თინეიჯერივით ჩაცმული და ასეთივე იერის, თითქოს გაუბედავი და მფრთხალი, მაგრამ ძლიერი და აქტიური, „ლიდერი“ ტყუპისცალი ამყოფებს. პრესლიც ჰეილივით არაერთი ზღაპრისა თუ ფილმის მთავარი გმირი ძმების თავისებური ვარიაციაა, გასაჭირში ჩავარდნილ დებს ან ხელმწიფის ასულებს რომ ეხმარებიან.  ფიწალიც პაროდიაა ზღაპრების უარყოფით პერსონაჟებზე, ბოროტ ძალებზე, ავსულებზე, მაგრამ კომიკურია და სტერეოტიპებს არღვევს.

მოქმედების ადგილი არასდროს იცვლება. მხოლოდ, ოდნავ ირღვევა საზღვრები. შეიძლება განზიმილებებიც.  მაშინ, როდესაც  ქუჩიდან მოულოდნელი სტუმრები შემოდიან. ან, როდესაც მოქმედება მაყურებლის სივრცეში გადმოდის, როდესაც ჰეილი დარბაზის პირველ რიგში სავარძელში ჯდება და იძინებს, დისნეი კი მის გაღვიძებას ცდილობს.

სამაგიეროდ, მუდმივად იცვლება რეალობა. უფრო სწორად, იმის აღქმა, არის თუ არა, რაც ხდება, ან ესა თუ ის სცენა რეალობა და თუ არის, საიდან სადამდეა გადაჭიმული მისი მოხაზულობა, კონტურები და როგორია მასშტაბი. მყიფეა თვით შიდა რეალობა, რომელიც სპექტაკლის პერსონაჟებისთვისაა განკუთვნილი და არა მაყურებლისთვის. რადგან თეატრის ერთ-ერთი უპირატესობა და არსებობის  უცვლელი პირობაა, რომ, რაც მეტია დისტანცია, რაც მეტადაა სცენური სამყარო საკუთარ საზღვრებსა და საკუთარ თავში ჩაკეტილი და პირობითი, მით მეტად და ძლიერად იზიდავს ყველას, იმორჩილებს და ატყვევებს. 

ასეთი დინამიკის, მედიტაციური ტემპო-რიტმისა და ზოგადად დაჰიპნოზების გავლენით, დრო გაყინულია, შეჩერებულია. თან არ გადის და თან უკვე გასულია.  ერთნაირი  დღეების მსვლელობის, მონაცვლეობის  ციკლი, ვინ იცის, მერამდენე წრეს ასრულებს. რაღაც თითქოს ხდება, რაც არღვევს ცხოვრების ნაკადის  ერთგვაროვნებას და რაც, თეატრის  „წესითა და კანონით“, ლოგიკით, თითქოს ცვლილებებს უნდა იწვევდეს. იქნებ, ესეც ჩვეულებრივი განმეორებადობაა, ან საერთოდ, ფიქრის ნაყოფი ან პრესლისა თუ ჰეილის სიზმარი, რომელიც ხშირად ესიზმრებათ და რომელსაც, აღარ უნდათ რომ ხედავდნენ.

შემდეგ უკვე მაყურებლის გადასაწყვეტი ხდება, თვითონ სადაა, ამ ფერად (ფანტაზიით შეფერადებულ) კედლებშია გამომწყვდეული, თუ საიდანღაც გარედან, სხვა ცხოვრებიდანაა ამ სივრცეში შემთხვევით მოხვედრილი, თუ წარსულიდან გამოხმობილი მოგონებების ფრაგმენტებია, რომლებშიც მთელი მისი შიშები, ოცნებები, მოგონებები და სიზმრებია აკუმულირებული. ან იქნებ აწმყოს ლაბირინთებში გზააბნეული, მუდმივ ბურანში მყოფი, რეალური, თანამედროვე ადამიანია, რომლის ფიქრებიც, ქვეცნობიერიცა და ოცნება/მიზნებიც, გარემოებების გამო და საკუთარი გაუბედაობით, ისევე დაბლოკილია, როგორც წარსულში დაბრუნებისა თუ სხვა ცხოვრების დაწყების შესაძლო გზები, ან/და ჩაკეტილი კარები და სარკმლები.

თითქმის ყველაფერი ფიზიკურ შეგრძნებებამდე მიდის და მაყურებელიც მასზე ანალოგიურად რეაგირებს. თითქოს გრძნობს შოკოლადის თუ  ჯოხზე წამოცმული კანფეტის გემოსაც და არომატსაც, სხვა სურნელებსაც, რომლებითაც ეს სამყაროა გაჟღენთილი და თავისი აუცილებელი წყარო აქვს.  გრძნობს გულისრევასა  და ზიზღს, როგორც კოსმო, ან პრესლი, იმ გარემოებებისა და მოვლენების გარემოცვაში, რომლებიც აუცილებლად იწვევენ ზიზღსა და მობეზრებას, მაგრამ აუცილებლად იწვევენ თანაგანცდასა და თანადგომასაც.

დღეს, 90-იანი წლების დასაწყისისგან განსხვავებით, როდესაც ფილიპ რიდლიმ ეს პიესა დაწერა, პირველად დაიდგა და ახალი სტილის დრამატურგიის - „პირდაპირ სახეში“ - საწყისადაც აღიარეს (აქტიური კრიტიკის ფონზე), „ფიწალი დისნეი“,  უჩვეულობითა და მოულოდნელობებით, აღარ იწვევს ისეთ შოკს, როგორსაც  იწვევდა. ამიტომ, ჰეილისა და პრესლის მსგავსად, სულ არსებობს მოლოდინი, რომ გაიხსნება კარი, გადაილახება ხმოვანი, ზმანებების, უიმედობის კედლები და შიშებით, სტრესებითა და დღეღამეული კოშმარებით გაჯერებული, ილუზორული ცხოვრებაც დაინგრევა. მაგრამ ისიც ცნობილია, რომ ასე არ მოხდება. შიში, უიმედობა და  გარესამყაროს წინააღმდეგობებისგან დაუცველობის განცდა არსად გამქრალა. არც საშიშროებები გამქრალან სადმე და არც იმ საფრთხეებს დაუკარგავთ სიმწვავე და სიმძაფრე, რომლებიც ადამიანებს ყოველ დღე და ყოველ ნაბიჯზე ელოდებიან. 

 „ათონელის“ „ფიწალი დისნეი“ მეტაფორულობის,  აბსურდული, სიურრეალისტური რეალობის“ მიუხედავად, პირდაპირ და მიზანმიმართულად ასახავს, არა მხოლოდ იმას, რაც სცენის - სათეატრო რეალობის წიაღში, არამედ, იმასაც, რაც  თეატრის კედლებს მიღმა ხდება, აქ და ახლა, სამყაროში, რომელსაც სრულყოფილებამდე ბევრი აკლია.ზღაპრის გმირებსაც ზღაპრულობა დაუკარგავთ. მათი მაგია სადღაც გაქრა, ძალა გამოელია.  დაძველდა. დღეს ძველი ჯადოსნური და კეთილი ზღაპრებისაც  აღარავის სჯერა. სულ სხვა ზღაპრებისა და სხვა ზღაპრული პერსონაჟების, სულ სხვა დროა. საზოგადოების მღელვარებისა და სასოწარკვეთის დრო. როდესაც ყველას ეშინია. როდესაც ყველა საშიშია.

მე, მე მეშინია და კიდევ ვის გეშინიათ ფიწალი დისნეის?

P.S. შენიშვნა 1. სტატიის სათაური ალან ბენეტის სცენარით გადაღებული, სთივენ ფრირზის ფილმის „მე! მე მეშინია ვირჯინია ვულფის“ (1978 წელი) სახელწოდებიდან ავიღე. ფილმი ედვარდ ოლბის მრავალმნიშვნელოვანი პიესის „ვის ეშინია ვირჯინია ვულფის“ (1962) პაროდიაა, რომლის სათაური, თავის მხრივ, უოლთ დისნეის ანიმაციიდან „სამი გოჭი“ სიმღერის „ვის ეშინია დიდი ცუდი მგელის“ პარონომაციაა. ფილმს „ფიწალი დისნეისთან“ პირდაპირი კავშირი არ აქვს, თუმცა, მაინც ბადებს ასოციაციებს, საერთო  ნიშნებსაც, ვფიქრობ, შეიცავს. და ოლბის პიესაც სწორედ ამ, სათაურადქცეული ფრაზით მთავრდება.

P.P.S. შენიშვნა 2. „ფიწალი - მემინდვრეობის კულტურების ნამჯეულობის ასაღები ხელსაწყო, გააჩნია ტარი და თითები. უფრო ხშირად 3 და 4 თითი. აკეთებდნენ როგორც ხისგან, ასევე რკინისგანაც. ზოგჯერ ფიწალი ბუნებრივი ტოტისგან გამოითლებოდა, უფრო ხშირად, ხის მოხელეები და მჭედლები აკეთებდნენ. ფიწლის თითები, ჩარჭობის ხერხით, კარგად იღებს ჩალაბულას, თივას, ნალობიერს და ღობისთვის გამზადებულ ფიჩხის კონებს. ფიწლით ხდებოდა კალოზე ძნის ჩაშლა“. (ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი). საქ. ეროვნ. მუზეუმი [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე. თბ. მერიდიანი, 2011).

P.F. 2022-2023 წლების სეზონი „ათონელში“ უხვსპექტაკლიანი და ერთ-ერთი წარმატებული აღმოჩნდა მისთვისაც და ქართული თეატრის ცხოვრებაშიც, მრავალფეროვანი, თემატურად, ჟანრობრივ-სტილისტურადაც განსხვავებული სპექტაკლების ნაკრებით. „ფიწალი დისნეის“ გარდა, ესენია: ივან ვირიპაევის „მზის ხაზი“, დევიდ ჰაროუერის „შავი ფრინველი“, უილიამ შექსპირის „იულიუს კეისარი“ (უჩვენეს თბილისის ისტორიის მუზეუმში) - რეჟისორი გეგა გაგნიძე; პატრიკ მარბერის „უფრო ახლოს“ - რეჟისორი მაია დობორჯგინიძე (წარმოადგენენ აბრეშუმის ფაბრიკის კინოპავილიონში); უფრო ადრინდელები, რომლებიც რეპერტუარშია - ავგუსტ სტრინდბერგის „ფრეკენ ჟული“, სემუელ ბეკეტის „გოდოს მოლოდინში“ - რეჟისორი სოფიო ქელბაქიანი; ვალერი ოთხოზორიას „ღმერთები“ (ბერტოლდ ბრეხტის „სეჩუანელი კეთილი ადამიანის“ მიხედვით) - რეჟისორი საბა ასლამაზიშვილი; პეტრე ხოტიანოვსკისა და ინგა გარუჩავას „დილა მშვიდობისა, ასდოლარიანო!“ (რამდენიმე წელია, უწყვეტად თამაშობენ) - რეჟისორი ქეთი დოლიძე; ავგუსტ სტრინდბერგის „პელიკანი“ - რეჟისორი მიხეილ ჩარკვიანი; ლაშა ბუღაძის „მორალი“ - რეჟისორი პაატა ციკოლია. მათ ყველას, რეჟისურისა და სადადგმო სტილით ასე განსხვავებულებს,  სამსახიობო ოსტატობის გამორჩეული ხარისხი და ანსამბლურობა, თანამოაზრეობა აერთიანებთ. აქ სხვა დასებისა თუ პროექტების ფარგლებში შექმნილ სპექტაკლებსაც უჩვენებენ. ერთ-ერთი  იყო - ელენე მაცხონაშვილის საავტორო თოჯინური „ნიკო ნიკოლაძე“, საქართველოს რეგიონული თეატრების ქსელის პროექტი და სხვა და სხვა.

ყველაფერი ერთად კი მეტყველებს, რომ „თეატრი ათონელზე“ ერთ-ერთი ქმედითი, მოძრავი, დინამიკური და ცოცხალი თეატრია; სჯერა თავისუფალი ხელოვანისა და იცის თავისუფალი ხელოვნების ნამდვილი ფასი; გრძნობს ახალგაზრდების ძალას და მათთვის კარი ღია აქვს; თამამია გადაწყვეტილებებსა და არჩევანში, და არავისი და არაფრის  ეშინია.

ფოტო: ტასო უგულავა

bottom of page