top of page

მეგი კობალაძის „ქაღალდის თამრო“

70390276_615836482276814_755791021484277
69299188_382100122464294_274969451165437
70305278_2372004139679027_58560797178698
70119502_527974787768056_245455056100602

მეგი კობალაძის „ქაღალდის თამრო“

„როსკიპი დიაცის“ ტრაგიკული თავგადასავალი და ამბოხი

 

ავტორი: ლაშა ჩხარტიშვილი

ფოტო: ვალერი ფესტვენიძე

 

ახალი დრამის ფესტივალის ორგანიზატორები განსაკუთრებულ ყურადღებას ქალი არტისტების შემოქმედების პოპულარიზაციას, მათი არტისტული პოტენციალის რეალიზებას და ფართო აუდიტორიის წინაშე წარდგენას უწყობენ ხელს.

ფესტივალის ფარგლებში მეგი კობალაძემ, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის უფრო მსახიობის ამპლუით არის ცნობილი, საავტორო თეატრალიზებული კითხვა პერფორმანსის თანხლებით შესთავაზა ახალი დრამის ფესტივალის მაყურებელს. მეგი კობალაძე უკვე რამდენიმე მონოპიესის და დადგმის ავტორიცაა, მისი დებიუტი ახლებური იმიჯით და შემოქმედებითი რესურსით, ბათუმში, მონოპიესების საერთაშორისო ფესტივალზე შედგა.

ამჯერად, მეგი კობალაძემ მისი პიესა „ქაღალდის თამრო“ თავადვე, როგორც მსახიობმა და როგორც დამდგმელმა გააცნო მაყურებელს. წარმოდგენა, რომელიც უფრო მეტად თეატრალიზებული კითხვა იყო, ვიდრე სპექტაკლი, პერფორმანსის თანხლებით წარიმართა. შემოსაზღვრულ სცენაზე, ფაქტობრივად ერთ სიბრტყეზე ორი სამყარო ცოცხლობდა. ერთი მსახიობის მონოლოგის სახით, ხოლო მეორე არავერბალური პერფორმანსის ფორმით, რომელშიც ხატია ზავარაშვილი, გიორგი უნგიაძე, გიორგი გადაბაძე, სოფო ფარტენაძე და დათო ასამბაძე მონაწილეობდნენ. ეს ორი სიბრტყე წარმოადგენდა ერთ მთლიანობას, ერთი ვერბალურს, ხოლო მეორე ვიზუალურს. მსახიობები მოძრაობით გადმოსცემდნენ განცდებს, ვნებებს, სულიერ მდგომარეობას, ყვებოდნენ ამბავს, მინი ისტორიებს... ხოლო მეგი კობალაძე ვერბალურად ახმოვანებდა პოეტური, მაგრამ მაინც სათეატრო ტექსტით, სექსმუშაკი ქალის ისტორიას. წარმოდგენის პერფორმანსული მხარე ხანდახან მთავარი გმირის ერთგვარ შინაგან გამოძახილად აღიქმებოდა, ხანაც თამროს კოლეგებად, იმ თავისუფალ, უკომპლექსო ადამიანებად, რომლებმაც თამროს მსგავსად ტრაგიკულად განვლეს ცხოვრება. შესაძლოა ფინალში ამიტომაც უერთდება მათ სამყაროს მეგი კობალაძის თამრო.

წარმოდგენაში მნიშვნელოვანი იყო თავად ტექსტი, მუსიკალური, მძაფრი, პოეტური და დრამატული, რომელსაც ბუნებრივად და უშუალობით კითხულობდა მსახიობი. მთლიანი მონოლოგი ხან მთხრობელის ფორმას იძენდა, ხანაც დიალოგის, ხანაც ის კლასიკურ მონოლოგად რჩებოდა. განსაკუთრებული უშუალობით, სცენური გულწრფელობით და სისადავით ხატავდა მეგი კობალაძე ქაღალდის თამროს ვრცელი მონოლოგის იმ ეპიზოდებს, როცა გმირი გარკვეულ სიტუაციებს მოგვითხრობდა, რომელიც მას გადახდა თავს.

 

აღსანიშნავია, რომ ტექსტი, რომელიც შესაძლოა უცენზურო სიტყვებსა და ფრაზებს შეიცავდა, არ იწვევდა მაყურებლის გაღიზიანებას, რადგანაც ის მხატვრულ ტექსტად აღიქმებოდა და ამ აღქმას ერთდროულად უწყობდა ხელს ავტორიც და მსახიობიც.

თამრო საქართველოში დაბადებული სექსმუშაკია, რომელიც უცხოური საიტისთვის მუშაობს. ამ ახალგაზრდა ქალს სტაბილურობის შეგრძნება არ მოსწონს და ამიტომაც არ ჰყავს ერთი პარტნიორი, ისე როგორც არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი. მისი სულიერი სამყარო ფართოა და მრავალფეროვანი, წინააღმდეგობებით სავსე. მონოპიესაში წამოჭრილია სოციალური პრობლემები, ინდივიდის კონფლიქტი საზოგადოებასა და გარემოსთან. ეს პრობლემა, რომელიც კაცობრიობის წინაშე ოდითგანვე დგას და დღემდე გადაუჭრელია, სულ სხვა რაკურსით დაინახა მეგი კობალაძემ და სულ სხვა ხარისხში გადაიტანა. ამ სანახაობას ფონად გასდევდა ირაკლი დონელია yanamaste - ის მელოდიები და ხმები, რომელიც ორგანულ ატმოსფეროს ქმნიდა მოძრავი მსახიობებისა და მონოლოგის ავტორისთვის. „ქაღალდის თამრო“ თავისი ფორმით, შინაარსით და სტრუქტურით, ტექსტის თავისებურებებით სავსებით თავსდებოდა ახალი დრამის ფესტივალის გაცხადებულ კონცეფციაში.

„ქაღალდის თამრო“ ახალი დრამისა და მონოპიესების ფესტივალის ერთობლივი ნამუშევარია.

bottom of page