top of page

„მეფე ლირი“ ახალი თეატრის სცენაზე

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

378374570_696404115849283_1402472780792707739_n.jpg

ანა ბენიძე

„მეფე ლირი“ ახალი თეატრის სცენაზე

 

  „ცხოვრება თეატრია“ - მართალი სიტყვა, რომელიც მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე დიდ დრამატურგს, უილიამ შექსპირს ეკუთნის. მისი შემოქმედება დღემდე აქტუალურია და ყველაზე მეტჯერაა დადგმული მსოფლიოს სხვადასხვა თეატრის სცენებზე. შექსპირის პიესებიდან ძალზე საინტერესო და გამორჩეულია სოციალურ-პოლიტიკური ხასიათის ტრაგედია, „მეფე ლირი“, რომელიც 1605-1606 წლებში დაიწერა. ინგლისის მმართველის - „ლირი, ყველასგან მიტოვებული“ ერთი არასწორი ნაბიჯით იწყება (რეალურად კი, სრულდება) ყველაფერი. სიუჟეტში მრავალი თემაა წამოჭრილი, რასაც თანდათანობით განვიხილავ.

ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში, „მეფე ლირი“ რიგით მეორე პოლიტიკური სპექტაკლია. პირველად „ოიდიპოს მეფე“ დაიდგა, რომლის პრემიერითაც გაიხსნა თეატრი. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მსგავსად გამოჩენილი რეჟისორისა - პიტერ ბრუკი, რომელმაც სამჯერ დადგა „მეფე ლირი“, ქართველი ეპატაჟური რეჟისორი, დავით დოიაშვილიც საკმაოდ დაინტერესებული და გატაცებულია ამ პიესით, შედეგად, აწ უკვე მეოთხედ დადგა შექსპირის მართლაც არაჩვეულებრივი ტრაგედია.    

          

სპექტაკლის განხილვამდე, ორიოდ სიტყვას ვიტყვი მათთვის, ვისაც პოლიტიური სპექტაკლები არ მოსწონს და ხელოვნების პოლიტიზირებას ეწინააღმდეგება. ზოგადად, ყველაფერი პოლიტიკაა. მაგრამ კონკრეტულად სათეატრო ხელოვნებას რაც შეეხება - თეატრი ტრიბუნაა და საყოველთაო მნიშვნელობისაა. თავად ადამიანი კი, არისტოტელეს თქმით, პოლიტიკური ცხოველია.  და კიდევ ერთი, ყოველი ჩვენგანის უმთავრესი და უპირველესი პროფესია ადამიანობა და მოქალაქეობაა.

პარტერში შესვლისთანავე, მაყურებლის ყურადღებას იპყრობს მუქი ლურჯი კასრები, რომლებზეც ლირის, მსახიობ დავით ბეშიტაიშვილის გამოსახულებაა დატანილი და ტალახის ფორმის დეკორაცია, რაც მთავარ სათქმელს გამოხატავს - საკუთარი შინაგანი სიბინძურით ყველამ ერთმანეთი გასხვარა და ყველაფერი თავისნაირად ბინძური გახადეს. ინსცენირების  სცენოგრაფია ანა ნინუა. სპექტაკლი იწყება დიდ ეკრანზე(რაც ერთგვარ ხელწერად ექცა) გაშვებული ვიდეო-სიუჟეტით, რომელზეც ალექსანდრე ქურდუბაძემ და ლაშა მუმლაძემ იმუშავეს. სიუჟეტის წამყვანი სპექტაკლის „ძარღვი“ მასხარაა. მეფის პირადი მასხარას როლს არაჩვეულებრივად ირგებს ნიჭიერი მსახიობი შაკო მირიანაშვილი, რომელიც  გარდა მოქმედი პერსონაჟისა, წამყვან-შემფასებელიცაა. ანტრაქტის გამოცხადებისას, მსახიობი სვამს კითხვას: „ხომ არ დაიღალეთ“? - ბრეხტისეული „გაუცხოების ეფექტი“, რაც ასევე რამდენჯერმე გამოიყენა რეჟისორმა როგორც ამ დადგმაში, ისე სპექტაკლში ,,ოიდიპოს მეფე“.

ვგონებ, შეიძლება გარკვეული პარალელის გავლება მასხარასა და ანტიკური დრამატურგიის ერთ-ერთ საინტერესო პერსონაჟს, მისან ტირესიას შორის. ორივე მათგანმა სიმართლე უთხრა თავიანთი ქვეყნის მმართველთ და ორივემ დატოვა თავის წინასწარმეტყველება, რა დროსაც, შაკო მირიანაშვილი მომენტში მაყურებლის რიგებში გადადის და ზედ უვლის მათ. ლირისა და მასხარას ურთიერთობას რაც შეეხება, შეიძლება შემდეგნაირად შეფასდეს - ლირი ბჭობდა, მასხარა იცინოდა.

ლირის პერსონაჟი რეჟისორის გადაწყვეტით არა ხნიერი, არამედ, შუახნის კაცია, რომელიც სახეა სტატუსზე ორიენტირებული, ეგოისტი, უგუნური მმართველის, რომელსაც წამებში შეუძლია საკუთარი თავიდან დაწყებული, ყველასა და ყველაფრის გაუბედურება. სოფოკლეს ოიდიპოსს თუ შევადარებთ, აღმოვაჩენთ, რომ ორივე მათგანი დევნის განსხვავებულ მოსაზრებასა და ვერ იტანენ დაუმორჩილებლობას. გარდა ამისა, მართალია სხვადასხვა მიზეზებით, თუმცა  ორივე პერსონაჟი შორდება, კარგავს საკუთარ მეს. ოიდიპოსისთვის ეს გზა აპოლონის ტაძარზე ამოკვეთილი ბრძენი ქილონის სიტყვების - „შეიცან თავი შენი“ მიღწევითა და კათარზისით სრულდება, ლირისთვის კი - არანაირი არაფრით.

მსახიობმა დავით ბეშიტაიშვილმა შექმნა ბუზღუნა, ემოციური ყველანაირად დაკარგული ადამიანის სახე, რომელიც ოიდიპოსივით თვალხილული ბრმა იყო და უსახურ მხეცებს ჩაუგდო გასაჯიჯგნად ქვეყანა და თავისი თავი. მეფისა და შვილების ერთმანეთისადმი დამოკიდებულება სხვადასხვაგვარია. ლირისა და კორდილიას(მანუ თავაძე) ურთიერთობა გარკვეულწილად ედარება ჩეხოვის  „თოლიას“ პერსონაჟების, ტრეპლევისა და არკადინას ერთმანეთისადმი დამოკიდებულებას. მშობლებს ვერ და არ ესმით შვილების. მათთვის უცხო და გაუგებარია ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელთა ფასეულობები, შესაბამისად მათი საპასუხო რეაქცია დაცინვით, ბრაზითა და შეურაცხყოფით შემოიფარგლება. გონერილის დამოკიდებულებას ზუსტად ასახხავს სიტყვები: „მთელი ცხოვრება, ჩემი სხეული ვის აჯიჯგნინე“. უფროსი ქალიშვილი მამას ადანაშაულებს საკუთარ უბედურებაში და ცდილობს ისევე ატკინოს და დაამციროს, როგორც თავადვე გრძნობს თავს. გონერილის როლს ასრულებენ ნატა ბერეჟიანი და ანა წერეთელი, რომელთაგან მეტად გამოვარჩევდი ანა წერეთელის შესრულებას. მსახიობი ძალზე ორგანულად ასრულებს გულნატკენი, გამწარებული ქალის სახეს, რომელიც ყველაფერზე წამსველი თავისი ბინძური მიზნის მისაღწევად. რიგანის როლის შემსრულებელ ეკადემეტრაძეს რაც შეეხება, პათეტიკური ტონი აქვს, რაც თან გამაღიზიანებელია, მაგრამ ამასთანავე, ერგება პერსონაჟის ბუნებას. გონერილისგან განსხვავებით, თითქოს, უფრო რბილად მოექცეოდა მამას, მაგრამ დისა და მანიაკი ქმრის ხელში არ გამოსდის. მაგ: როდესაც იგი გლოსტერს ეკითხება - „სად გაგზავნე მამაჩემი?“ მანიაკი ქმარი, რომელსაც გიორგი ბახუტაშვილი ასრულებს ეჩხუბება - „რა მამაჩემი?! სად გაგზავნე გიჟი მეფე“ ლირისა და შვილების მიზანსცენებიდან გამოვყოფდი აბაზანის სცენას, რასაც ასევე იყენებს „ოიდიპოს მეფეში“ მანქანის სცენას, რომელსაც დიდ ეკრანზე ხედავს მაყურებელი. დაბოლოს, ე.წ. დატირების მიზანსხენა, რასაც ერთვის შეიძლება ითქვას, ერთგვარი „იავნანა“, რითიც მამა ეთხოვება შვილებს.

მამისა და შვილების ურთიერთობის განხილვა ასევე შესაძლებელია გლოსტერის მაგალითზეც. პირადად ჩემთვის, დასამახსოვრებელი სახე შექმნა მსახიობმა ოთარ ლორთქიფანიძემ. მისი ბასტარდი შვილის, ედმუნდის როლში გვევლინება გივიკო ბარათაშვილი, რომელიც აწ უკვე განსახიერებულ ტრეპლევს ჰგავს იმით, რომ ამჯერადაც სიახლისკენ ილტვის. ახალი ეპოქის დაბადება სურს - „ჩვენი დრო მოდის. ნაბიჭვრებს ფეხზე წამოგვიდექით“. ძმაზე ეჭვიანი, შურიანი ედმუნდი, რომელიც მემკვიდრეობაზეა დახარბებული, ატყუეს ედგარსაც და გლოსტერსაც. ბოლოს კი, მათი ერთმანეთზე გადამტერებით აღწევს საწადელს. მსახიობის თავის პირველ მიზანსცენაში ისვრის სკამებს, რაც კონკურენტების ჩამოშორებად, სკამიდან ჩამოგდებად აღვიქვი. ვფიქრობ, რეჟისორმა საინტერესოდ გადაწყვიტა წერილის დაწერის ეპიზოდი - გივიკო ბარათაშვილის პერსონაჟი აფენს ქაღალდს,რომელზეც ტალახიანი ფეხებით ატოვებს კვალს. თხევადი ტალახი სპექტაკლის მნიშვნელოვანი მონაწილეა. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ თავის დროზე, პიტერ ბრუკმაც თხევადი ტალახი გამოიყენა.

ძალიან მომეწონა ედგარის როლის შემსრულებელი გიგი ქარსელაძე. ერთ-ერთი განსაკუთრებული მიზანსცენაა მისი და გლოსტერის. მიუხედავად იმისა, რომ მამაზე ნაწყენია, მაინც ეხმარება და არ ტოვებს. უშუალოდ გლოსტერს რაც შეეხება, ლირისა არ იყოს, ისიც ოიდიპოსივით ბრმა აღმოჩნდა და მასაც სიმართლის გაგების შემდეგ, ბრმად ყოფნა ეწერა, მაგრამ ამ შემთხვევაში, იგი თავისივე ხელით არ დაბრმავებულა.

მიუხედავად იმისა, რომ თითოეული პერსონაჟი ყველანაირი საშუალებით იბრძოდა მიზნის მისაღწევად, რაც ორგიის სცენით გადმოსცა რეჟისორმა - ყველამ ყველა იხმარა პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით, მათი ეს ყველაფერი არაფერი იყო, რადგან მწარე სიკვდილის გარდა ვერაფერი მიიღეს. ძალაუფლებასა და ნეგატივს გადაყოლილებმა ერთმანეთი შეიწირეს - „რა შერჩა?! არაფერი!.“ ერთადერთი, კორდილია და მასხარა იყვნენ მსხვერპლნი. ლირი და გლოსტერიც მაგრამ რეალურად, მათ თავადვე გამოუტანეს განაჩენი თავიანთ თავებს.

 ძალიან მომწონს, რომ თითქმის, ყველა სპექტაკლში, სცენაც და პარტერიც ბოლომდეა ათვისებული. კარგი იქნება, თუ ნაკლებად ექნებათ ტექნიკური ხარვეზები და აკუსტიკის პრობლემა. იმედია, მალე გამოასწორებენ, რადგან მაყურებლისთვისაც და მსახიობებისთვისაც ხელის შემშლელია ფაქტორია.

დაბოლოს, დოიაშვილისეული „მეფე ლირი“ სრულად ეხმიანება დღევანდელობას. სპექტაკლის არაჩვეულებრივი მუსიკალური გაფორმება, ხმაური, რაც ტემპო-რიტმსა და მუსიკალურობას განაპირობებს, ჩრდილების ეფექტი, კოსტიუმები, განათება, დეკორაცია, ქორეოგრაფია და რეჟისორული გადაწყვეტები ერთიან, ესთეტიკურ „შოუ“ წარმოდგენას ქმნის და მკაფიოდ აფიქსირებს სათქმელს.

bottom of page