
მცხუნვ არე მზისგან გახურებულ სახლში გათამაშებული ოჯახური დრამა
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

მაკა (მარინე ვასაძე
მცხუნვარე მზისგან გახურებულ სახლში გათამაშებული ოჯახური დრამა
(სახლი აგვისტოს მზეზე - თავისუფალ თეატრში)
„თავისუფალ თეატრში“ განხორციელებული სპექტაკლის - „სახლი აგვისტოს მზეზე“ -პროგრამაზე შემოქმედებითმა ჯგუფმა სპექტაკლის კონცეფციის ერთგვარი წანამძღვარი გამოიტანა: „როცა იბადები მამაშენი და დედაშენი რაღაც თავისას კარგავენ, და მერე ტყავიდან ძვრებიან რათა დაიბრუნონ ის „რაღაც“, რომელიც შენ ხარ. იციან, რომ მთლიანად ვერ დაიბრუნებენ, მაგრამ ცდილობენ იმდენი წაგგლიჯონ, რამდენიც შეუძლიათ. და ოჯახის ერთად თავშეყრის ტრადიცია, რვაფეხებით სავსე აუზში ჩახტომას ემსგავსება“. ამერიკელი მწერლის, რობერტ პენ უორენის ეს ციტატა (უფრო მოზრდილი), რომანიდან „მეფის მთელი მხედრიონი“ (All the King’s Men), ამერიკელი მსახიობის, დრამატურგისა და სცენარისისტის, ტრეისი ლეტსის პიესის - „აგვისტო, ოსეიჯის ოლქი“ - ეპიგრაფია. აღსანიშნავია, რომ პერ უორენს სწორედ ამ რომანისთვის მიანიჭეს პულიტცერის პრემია, ტრეისი ლეტსიც ამ პიესით გახდა აღიარებული, როგორც დრამატურგი და არა ერთი პრემიის თუ ჯილდოს მფლობელი, მათ შორის პულიტცერის და ხუთგზის ტონის.
ახალგაზრდა რეჟისორმა ნიკა ჩიკვაიძემ, რომელმაც შემოქმედებითი მოღვაწეობის დაწყებისთანავე, მიიქცია ყურადღება ორიგინალური ინტერპრეტაციებით (მათ შორის: დავით კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება“, ანტონ ჩეხოვის „ძია ვანია“ და სხვ.), ამჯერად დათო გაბუნიას თარგმნილი ტრეისი ლეტსის პიესის - „აგვისტო, ოსეიჯის ოლქი“ - მიხედვით საინტერესო, აზრობრივად და ემოციურად დამუხტული დადგმა განახორციელა „თავისუფალ თეატრში“.
შემოქმედებითმა ჯგუფმა პიესა გადმოაქართულა, მართალია, შეცვალა სათაური, მაგრამ ორიგინალთან მიახლოებული დატოვა და დადგმას „სახლი აგვისტოს მზეზე“ დაარქვა. მოქმედება ოკლახომას შტატის პატარა პროვინციული ქალაქ პოხასკადან, თბილისთან ახლოს მდებარე სოფელ ოქროყანაში გადმოიტანა. დრამატურგიული ტექსტის სასცენო ტექსტად გარდაქმნისას რეჟისორმა პიესიდან ზოგი რამ ამოიღო, პერსონაჟთა რაოდენობა შეამცირა, შეცვალა მათი ურთიერთკავშირები (ვაიოლეტ უოტსონი და მეტი ფეი პიესაში დები არიან, მათი ქართველი პროტოტიპები ჯუნა და ლიანა - ბავშვობის მეგობრები). პიესაშიც და სპექტაკლშიც გაუბედურებული, განადგურებული ოჯახის ამბავი ძველი სახლის ოთახებში ვითარდება. სპექტაკლის მხატვარმა ანანო დოლიძემ მაქსიმალურად აითვისა „თავისუფალი თეატრის“ პატარა სცენა, დეკორაცია ერთი სახლის სხვადასხვა ოთახს წარმოადგენს. სცენოგრაფმა პირობითი შტრიხებით შექმნა სამზარეულო, მისაღები ოთახი, საძინებლები, აბაზანა თუ მეორე სართულზე არსებული ვერანდა. მხატვარმა სცენოგრაფიაში ერთმანეთს შეურწყა რეალისტურ-ნატურალისტური და პირობითი ხერხები. სპექტაკლში გამოყენებული რეკვიზიტიც: გაზქურა, ჭერჭლის სარეცხი ნიჟარა, მტვერსასრუტი და ა. შ. რეალისტურ-ნატურალისტურია, სახლის ინტერიერი, შიდა სივრცე - პირობითი. მხატვრის კონცეფცია ჰარმონიულად ერწყმის რეჟისორის ჩანაფიქრს. სახლი, რომელშიაც ვითარდება მოქმედება, სიძველის გარდა, სულისშემხუთველი ატმოსფეროს შემქმნელია.
ნიკა ჩიკვაიძემ მთლიანად ამოიღო პროლოგი, რაც, ჩემი აზრით, აბსოლუტურად გამართლებულია. პიესის პროლოგში 69 წლის ბევერლი უესტონი, რომელიც ახალგაზრდა ინდიელ ქალ ჯონას ქირაობს ოჯახის დამხმარედ, თავიდანვე მინიშნებებით, თომას ელიოტის თუ ჯონ ბერიმენის ციტირებით, ნათელს ხდის, რომ ცხოვრებაგაბეზრებული მიდრეკილია თვითმკვლელობისკენ. აქვე მისი 65 წლის მეუღლის - ვაიოლეტ უესტონის წამალდამოკიდებულება (ნარკომანობა) ვლინდება, რომლის მარტო დატოვება არაფრით არ შეიძლება, ჯონასაც სწორედ ამიტომ იყვანს ბევერლი დამხმარედ. ასევე, პროლოგშივე აშკარა ხდება, შუა ხანს მიღწეული წყვილის გამრუდებული, დამახინჯებული, აუტანელი ურთიერთობები. რეჟისორი სპექტაკლში მოვლენათა რიგს თანმიმდევრულად, მძივივთ აგებს და მაყურებელი თანდათანობით მთავარ მოვლენამდე, ზეამოცანამდე მიჰყავს. ამიტომაც, პროლოგი, ვფიქრობ, ამოვარდნილი და ზედმეტი იქნებოდა დადგმაში. ნიკა ჩიკვაიძის სპექტაკლში არ არიან ბევერლის და ჯონას პერსონაჟები. ბევერლი პიესაში, მართალია, მნიშვნელოვანი პერსონაა, ვინაიდან მის გაქრობა-თვითმკვლელობაზე იგება მთელი ამბავი, მაგრამ მხოლოდ პროლოგშია, პირველ მოქმედებაში იგი უკვე გამქრალია. ჯონა, ბევერლისგან განსხვავებით, თითქოს მეორეხარისხოვანი მოქმედი პირია, მაგრამ პიესაში აზრობრივი და ქმედითი დატვირთვის მატარებელია. აქედან გამომდინარე, რეჟისორმა ჯონას ფუნქციები სხვადასხვა პერსონაჟზე გადაანაწილა. რა თქმა უნდა, შეცვლილია პერსონაჟთა სახელები. გადმოქართულებულ დადგმაში ვაიოლეტ უესტონი - ჯუნად, უესტონების ქალიშვილები: ბარბარა, აივი და კარენი - მარიამად, ნინიდ და ნატად, ვაიოლეტის და მეტი ფეი - მეგობარ ლიანად, ბარბარას ყოფილი მეუღლე ბილი - სანდროდ, მათი ქალიშვილი ჯინი - ლიზად, მეტი ფეის მეუღლე ჩარლი - ნუკრად, მათი ვაჟი პატარა ჩარლი - პატარა ნუკრად, ნატას საქმრო სტივ ხაიდერბრეხტი - რატიდ, შერიფი დიონი - პოლიციელ გეგად - გარდაიქმნენ. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ცვლილება, არა მარტო პერსონაჟთა სახელებს შეეხოთ, არამედ მათ ქცევებსა თუ მენტალიტეტშიც გამოვლინდა საქართველოს მოსახლეობისთვის დამახასიათბელი თვისებები. მაგალითად, ნატას საქმრო რატის ქმედებებში, საქართველოს დასავლეთ რეგიონში მცხოვრები, ვითომ ბიზნესმენი, სინამდვილეში კი მოძველბიჭო, „მომაფიოზო“ კაცის თვისებები სჭარბობს. ვაიოლეტს მოსწონს ერიკ კლეპტონი და მისი სიმღერები, განსაკუთრებით „Lay Down, Sally“. დადგმაში ჯუნას საყვარელი მომღერალი ცინუკი დადიანი და მისი „ჩემო მაგნოლიაა“. ორივე შემთხვევაში, სიმღერები ვაიოლეტ-ჯუნას სულიერ მდგომარეობას ესადაგება, თითქოს მათი გულის ამოძახილია.
რეჟისორმა და შემოქმედებითმა ჯგუფმა რეალისტურად ასახა ოჯახის გამრუდებული ურთიერთობები, რომლებშიც ჭარბობს უპატივცემულობა, გაუგებრობა, ტყუილი, ძალადობა, შურისძიების სურვილი. და, რა თქმა უნდა, ამგვარი ოჯახის არსებობა სრული კრახით სრულდება. ოჯახი, სადაც უახლოეს ნათესავებს - დედ-მამასა და შვილებს, დებს, ცოლ-ქმრებს, მეგობრებს - შორის სიყვარული, ურთიერთგაგება, ურთიერთპატივისცემა აღარ არსებობს, აუცილებლად დაინგრევა. და, ინგრევა კიდეც.
ნინელი ჭანკვეტაძის ჯუნა, ოჯახის დედა - მონსტრად ქცეული არსებაა. ბავშვობაში მოძალადე დედის მსხვერპლი, თავადაც მოძალადე ურჩხულად გარდაიქმნება. ნინელი ჭანკვეტაძე პროფესიონალური ოსტატობით ძერწავს თავის პერსონაჟს - განარკომანებულ, კიბოთი დაავადებულ, ეგოისტ, ფსიქოლოგიური ვამპირის სახეს. მსახიობი ფიზიკურადაც გარდაისახა, გარეგნულად წამლებისა და ავადმყოფობისგან დასიებული, ამზრზენი, სიმახინჯის განსახიერებაა, რომლის დანახვამაც კი შეიძლება შეგაშინოს. მის არსებაში კეთილი და ნათელი არაფერი დარჩა. ამავდროულად, იგი ჭკვიანია, ვერაფერს გამოაპარებ, ყველაფერი იცის, მაგრამ არ ცდილობს რამე გამოასწოროს, ჩასაფრებული მტაცებელი ცხოველივით დროს ელოდება, რომ მსხვერპლი რვაფეხას საცეცებში მოაქციოს და მოახრჩოს. თავის დროზე მიხვდა, რომ ქმარმა და ბავშვობის მეგობარმა უმუხთლეს, რომ ამ ღალატის პირმშო უმცროსი ნუკრია, მაგრამ თავიდან თითქოს არაფერი შეიმჩნია. უსიტყვოდ, უხმოდ ქმარს ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია, შური იძია იმით, რომ სინდისის ქენჯნის გამო სმას მიძალებულ ქმარს, გალოთებაში ხელი შეუწყო. თავად სულიერი ტკივილის გასაყუჩებლად წამალდამოკიდებული გახდა. მერე კი თვითმკვლელობამდე მისული ქმარი არ შეაჩერა, არადა, შეეძლო, თავადვე აღიარებს ამ ფაქტს. აღიარებს იმასაც, რომ საკუთარ შვილებს ისე ექცევა, როგორც მას ექცეოდა მონსტრი დედა. თავიდანვე იცოდა, რომ უმცროს ქალიშვილს ნინის და უმცროს ნუკრის ერთმანეთი მოსწონთ, მაგრამ არაფერი იღონა მათ შესაჩერებლად, ინცესტის აღსაკვეთად. მხოლოდ მაშინ მიახალა საკუთარ შვილს მწარე სიმართლე, როდესაც უკვე გვიანი იყო, და-ძმას ერთმანეთი შეუყვარდათ და ურთიერთობაც ჰქონდათ. ნინელი ჭანკვეტაძის ჯუნა მონსტრია, რომელმაც ოჯახის წევრები და საკუთარი თავიც გაანადგურა.
ზევით აღვნიშნე, რომ რეჟისორმა ჯონას პერსონაჟი სპექტაკლიდან ამოიღო, პიესაში არსებული მისი ფუნქციები კი ნაწილობრივ უმცროსი ქალიშვილის, ანა გვანცელაძის ნინის პერსონაჟს შეურწყა. მსახიობი, რეჟისორის მიცემული ამოცანის თანახმად, ქმნის მორიდებულ, მორცხვ, მოუხერხებელ ასოციალურ ტიპს. ბევრს არ ლაპარაკობს, მუდამ საქმეშია, სულ რაღაცას აკეთებს, ამზადებს საჭმელს - ეწვება, აუთოებს მაისურს - უთო ზედ დარჩება და ამოწვავს, უვლის დედას. ცდილობს თავიდან აიშოროს, დედის, ჯუნას და დედის მეგობრის, ლიანას, გაუთავებელი მითითებები, დიქტატი. სამი ქალიშვილიდან ერთადერთია, ვინც მშობლებთან ახლოს ცხოვრობს და მათზე ზრუნავს. პირად თუ სოციალურ ცხოვრებაში მასაც არ გაუმართლა, როგორც დანარჩენ ოჯახის წევრებს. მსახიობი ქმნის ე. წ. „ნაცრისფერი თაგუნას“ ტიპაჟს. ნინი და ირაკლი კერესელიძის უმცროსი ნუკრი მსგავსი ფსიქო-ტიპები არიან. უმცროსი ნუკრიც დაბნეული, მოუხერხებელი, თავის თავში დაურწმუნებელი ასოციალური ადამიანია. ორთავე დედების ბულინგის მსხვერპლნი არიან. სპექტაკლში ეკა მჟავანაძის ლიანას დამოკიდებულება შვილის მიმართ დასაწყისიდანვე ისეთია, რომ მაყურებელს შთაბეჭდილება რჩება - დედას შვილი არ უყვარს, უფრო მეტიც - ანტაგონისტურადაა განწყობილი მის მიმართ. ანა გვანცელაძის ნინი და ირაკლი კერესელიძის ნუკრი ე. წ. სულიერი ნათესავები, მეგობრები არიან და ალბათ, ესაა მიზეზი, რომ მათ ერთმანეთი უყვარდებათ. ეს სიყვარული მათთვის ხსნაა, მონსტრი დედებისგან თავდაღწევის საშუალებაა. გადაწყვეტენ კიდეც, გაშორდნენ თავიანთ ოჯახებს, უფრო მეტიც, ქვეყნიდან წავიდნენ, საკუთარი თავების საპოვნელად, ბედნიერი თანაცხოვრებისთვის. ნინი და უმცროსი ნუკრი მსხვერპლთა შორის ყველაზე დიდი მსხვერპლები, შეიძლება ითქვას, ყველაზე დრამატული პერსონაჟები არიან - საკუთარი ეგოების დასაკმაყოფილებლად გამართულ თამაშში ჩაბმულმა დედებმა დაუშვეს, რომ და-ძმას ეთმანეთი შეყვარებოდათ.
ეკა მჟავანაძე ბუნებით პროვინციელი, ასაკში შესული, გაფაშფაშებული, ყველას საქმეში ცხვრის ჩამყოფი, ოჯახში ე. წ. დომინანტი ქალის ტიპურ სახეს ქმნის. იგი მუდმივად აკონტროლებს ყველას და ყველაფერს, აუცილებლად ყველაფრის საქმის კურსში უნდა იყოს. თავისი დომინანტური პოზიციით ჩაგრავს ქმარს და განსაკუთრებით შვილს - ორთავე „ქუსლის ქვეშ“ ჰყავს მოქცეული. ვალერი კორშიას ნუკრი, ინდიფერენტული, ცოლისგან დაჩაგრული კაცის ტიპაჟს ქმნის. ყველაფერში უსიტყვოდ ემორჩილება ცოლს და ყველა მის „ბრძანებას“ ასრულებს. ცოლის დიქტატისგან თავის დასაღწევად მარიხუანას წევასაა მიძალებული, მუდმივად გაბრუებული, მხოლოდ ერთხელ „ამოხეთქვას“ და შეეწინააღმდეგება, გამოიჩენს ხასიათის სიმტკიცეს, ეს მაშინ ხდება, როდესაც ლიანას შვილისადმი ბულინგი ყველას წინაშე ყოველგვარ ზღვარს გასცდება.
ნუცა სულაბერიძის შუათანა ქალიშვილი ნატა, უფროსი და უმცროსი დებისგან განსხვავებით, „ჩერჩეტი“, ქარაფშუტა ქალია, საკუთარი მამის თვითმკვლელობას, ეტყობა, დიდად არ განიცდის. გაუთავებლად რატრატებს საკუთარ თავზე, გეგმებზე, მომავალზე. მსახიობი როლის ფსიქო-ემოციურ ტიპს თანმიმდევრულად ქმნის, იგი ნელ-ნელა ამჟღავნებს თავის ნამდვილ სახეს, განცდებს, ბუნებას. ოჯახში კიდევ ერთი გაუკუღმართებული მოვლენა ისაა, რომ დედ-მამას სამი შვილიდან გამორჩეული ფავორიტები ჰყავდათ. მამას - ნინი, ჯუნას - მარიამი, ნატა კი ერთგვარად „მახინჯი ჭუკის“ როლში გრძნობდა თავს, არავის რომ არ უყვარს და არ აინტერესებს. ნინის მსგავსად პირველ ქორწინებაში მასაც არ გაუმართლა, ქმრისგანაც მუდმივად დამცირების და უპატივცემულობის მსხვერპლი, როგორც თავად ამბობს, დეპრესიამ შეიპყრო. დეპრესიას თავდაღწეულმა მიზნად დაისახა ეპოვა კაცი, რომელიც მისი ოცნებების განმახორციელებელი იქნებოდა. დაიწყო საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა და აი, თითქოს მიაღწია მიზანს, მიაგნო ასეთ კაცს! ჯანო იზორიას რატი, ტიპური პროვინციელი „ნუვორიშია“, ამასთან, გარყვნილი პედოფილიც აღმოჩნდება, ნატას დის, მარიამის, 15 წლის გოგონასთან ცდილობს სექსუალური კავშირის დამყარებას, მიაღწევდა კიდეც საწადელს, ლიზას მამას რომ არ მიესწრო. მიუხედავად ამისა, ნატა თავის რატიკუნასთან ერთად რჩება - კუნძულ ბალიზე საქორწინო მოგზაურობა ელის წინ! ამ ოჯახში ყველა ეგოისტია, ყველას ყველაზე მეტად საკუთარი თავი უყვარს და სხვები ნაკლებად ადარდებს. ჯანო იზროია ქმნის ამაზრზენი, ხეპრე, პროვინციელი, საეჭვო გზებით უცბად გამდიდრებული კაცის ტიპაჟს, რომლისთვისაც ყველაფერი დასაშვებია, რომელსაც ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად არ მიაჩნია.
ჯუნას „გამორჩეულ“ უფროს ქალიშვილ მარიამს ანი ალადაშვილი თამაშობს. როგორც დედისგან ვიგებთ, ქალიშვილებს შორის ის ყველაზე ნიჭიერი იყო, კარგი მწერალი დადგებოდა, რომ არ გათხოვილიყო და დედ-მამისეული ოჯახიდან არ გადასახლებულიყო. მარიამი ქმარ-შვილთან ერთად გერმანიაში ცხოვრობს. ანი ალადაშვილი თამაშობს ერთი შეხედვით ძლიერ ქალს, მსახიობი თანმიმდევრობით ძერწავს თავისი პერსონაჟის ფსიქო-ტიპს, ემოციურ ბუნებას. ცდილობს იყოს თავშეკავებული, ორგანიზებული, ყველაფერი რაციონალურად განსაზღვროს. სპექტაკლის პირველ მესამედში მარიამის პირადი ცხოვრება თითქოს აწყობილი და მოწესრიგებულია. ალადაშვილის მარიამიც გარეგნულად მშვიდია, მიუხედავად იმისა, რომ ბრუნდება იქ, სადაც დაბრუნება არ სურს, მაგრამ იძულბულია. ნინი დებიდან პირველს მას ატყობინებს მამის გაქრობის ამბავს. მსახიობი კარგად გამოსახავს, სიმშვიდის მიუხედავად, შინაგან მღელვარებას. და, გაუსაძლის მომენტში, ამოხეთქავს, ვინაიდან სინამდვილეში მასაც, ოჯახის სხვა წევრებივით, თავზე ენგრევა თითქოს „აწყობილი“ ცხოვრება. ქმარი სტუდენტთან ღალატობს, ქალიშვილთან ურთიერთობა დაეძაბა, მამამ თავი მოიკლა... ნინი ალადაშვილის მარიამი შვილთაგან ერთადერთია, ვინც ჯუნას „მოთოკვას“ ცდილობს, არ ეპუება მის დიქტატს, რაღაც მომენტში, ნარკოტიკული აბების წასართმევად ხელსაც კი აღმართავს მასზე. რამდენჯერმე ნიაზ ხუციანიძის სანდროსთან გამართული კამათისას თავს ვერ იკავებს, ისტერიკამდე მიდის, საშინელებებს ეუბნება ქმარსა თუ ყოფილ ქმარს. შემდეგ ცდილობს თავის მოთოკვას, დასამშვიდებლად იწყებს ჯუნასთვის წართმეული აბების ყლაპვას. ფინალში ხვდები, რომ ანი ალადაშვილის მარიამი ნელ-ნელა დედის, ჯუნას მსგავს მონსტრად გარდაიქმნება. ნიაზ ხუციანიძე შუახნის ასაკის კრიზისში მყოფი მამაკაცის ტიპაჟს ქმნის. გარეგნულად იგი მუდამ ინარჩუნებს სიმშვიდეს, მარიამისგან განსხვევაებით, კამათისას არასდროს უწევს ხმას. მაგრამ, როდესაც მისი ქალიშვილი ლიზა საფრთხეში აღმოჩნდება, აქ უკვე წყობიდან გამოდის და ფეხქვეშ მოიქცევს რატის. თინი კვერნაძე თინეიჯერ გოგოს ასახიერებს. მისი ლიზა გარემოსადმი ინდიფერენტული, საკუთარი ინტერესების მქონე, ჩუმი ბუნტარია, პროტესტის ნიშნად სიგარეტსაც ეწევა და მარიხუანასაც აფუილებს. თითქოს არ იმჩნევს დედ-მამის დაშორებას, ოჯახის დაშლას, მაგრამ სწორედ მისგან ვიგებთ პირველად, რომ მარიამი და სანდრო გაყრას აპირებენ. მარიამი ცდილობს ნინისთან გართულებული ურთიერთობის გამოსწორებას, უფრო მეტად დამეგობრებას, გულს გადაუხსნის, პოლიციელი გეგას (მსახიობი შოთა მერკვილაძე), სამწუხარო ამბის შესატყობინებლად მათთან მოსვლის შემდეგ, იმასაც უყვება, რომ გეგა მისი პირველი შეყვარებული იყო. მაგრამ ლიზას მამასთან ურთიერთობა უფრო უადვილდება და ეს არც არის გასაკვირი.
როგორც აღვნიშნე, ნიკა ჩიკვაიძემ ტრეისი ლეტსის პიესის გადმოქრთულებისას, მეტი ფეი (სპექტაკლში ლიანა) ვაიოლეტის (სპექტაკლში ჯუნა) და ბავშვობის მეგობრად აქცია. ვფიქრობ, დის ღალატი მეგობრის ღალატზე უფრო ამორალური და ტრაგიკულია, ამიტომაც, ალბათ, აჯობებდა დაეტოვებინა ისე, როგორც ორიგინალშია, რაც მეტ დრამატიზმს შესძენდა სპექტაკლს. რეჟისორმა ეს, ალბათ, ფარისევლური ქართული მენტალიტეტის გამო გააკეთა - საქართველოში ასეთი რამ ხომ „წარმოუდგენელი“ და „დაუშვებელია“, არადა, მსგავსი ამბავი სამწუხაროდ, ჩვენს „მორალურ“, „ტრადიციულ“ ქვეყანაშიც ხდება.
ძალადობას, ტყუილს, გამრუდებულ ურთიერთობებს, გაუცხოებას უახლოეს ადამიანებს შორის მივყავართ რღვევამდე, რყევამდე, ჩამოქცევამდე, კატასტროფამდე. რეჟისორმა, შემოქმედებით ჯგუფთან ერთად, გვაჩვენვა ოჯახის ისტორია, რომელიც თანამედროვე სოციუმის სახის სარკედ შეგვიძლია აღვიქვათ, შიგ თუ ჩავიხედავთ, ჩვენი ქვეყნის საზოგადოების მახინჯ სახეს დავინახავთ.