top of page

მახინჯ სისტემას შეგუებული ადამიანის ბედი

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

სად ვ_ცხოვრობთ_!

მაკა (მარინე) ვასაძე

მახინჯ სისტემას შეგუებული ადამიანის ბედი

მე-20 საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული პროზაიკოსის ფრანც კაფკას ნაწარმოებები დღემდე წარმოადგენს კვლევის საგანს. მტრულ სამყაროში გადმოგდებული ადამიანის გაუსაძლისი ყოფა, ადამიანის არსებობისთვის აბსურდული გაუცხოებული სამყარო, ამგვარ გარემოში ადამიანის არსის ძიება, ადამიანის უუნარობა, ბეჩაობა, დაუცველობა სისტემის მიმართ - უზენაესი ხელისუფლების, კანონის, სასამართლოს წინაშე, სამყაროსთან გაუცხოებული ადამიანის დეპრესიული განწყობა - კაფკას მოთხრობებსა თუ რომანებში წამოჭრილ-დასმული პრობლემებია.

 კაფკას „პროცესი“ ადამიანის აბსურდულ ყოფაზე, სისტემის მიმართ უძლურებაზე, ადამიანის გამოუვალ მდგომარეობაზე და საბოლოოდ, მის უაზრო, ყოველგვარ ადამიანურ ლოგიკას მოკლებულ ტრაგიკულ დასასრულზეა. ეს რომანი არა ერთი კინო თუ თეატრის რეჟისორის ინსპირაციის წყაროდ იქცა, გადაღებულია ფილმები (საუკეთესოდ ითვლება ორსონ უელსისა და დევიდ ჯონსის ეკრანიზაციები), იდგმება სპექტაკლები, მათ შორის საქართველოში. რამდენიმე წლის წინ, თემო კუპრავამ, ჰაროლდ პინტერის მიერ დევიდ ჯონსისთვის გაკეთებული ინსცენირების მიხედვით, „მარჯანიშვილის თეატრის ახალ სცენაზე“ „პროცესის“ საინტერესო ინტერპრეტირება შემოგვთავაზა.

ერთ ჩვეულებრივ, თითქოს არაფრით გამორჩეულ დილას, ახალგაღვიძებული იოზეფ კ, რომელსაც მალე 30 წლის ხდება, აღმოაჩენს რომ დაპატიმრებულია. ამის შემდეგ, იოზეფ კ-ს - ბანკის მოხელის რუტინულ ცხოვრებას, მისთვის სრულიად გაუგებარი, ჩინოვნიკურ- უსამართლო-აბსურდული, დაუსრულებელი სასამართლო პროცესი ცვლის, რომელიც ზუსტად ერთი წელის განმავლობაში გრძელდება. ხოლო, რაში ედება ბრალი იოზეფს, რატომ მიიჩნიეს ის კანონის დამრღვევ დამნაშავედ არავინ იცის, არც, თავად იოზეფმა და არც, მის დასაპატიმრებლად მოსულმა მცველებმა და არც, იმ მოსამართლეებმა, რომლებიც პროცესს უძღვებიან. სახელმწიფო სისტემას მიაჩნია, რომ ყოველი ადამიანი რაღაცაში დამნაშავეა და ეს სავსებით საკმარისია. სისტემისთვის ადამიანი აბსოლუტურად უუფლებო არსებაა, რომელიც სისტემის მიერ მოგონილ აბსურდულ კანონებს და წესებს თუ არ დაემორჩილება გაანადგურებს.  „ძაღლივით დამკლეს, - თქვა კ-მ ისე, თითქოს ეს სირცხვილი მასზე მეტხანს იარსებებდა“ - ამბობს იოზეფი რომანის ფინალში.

კაფკას ეგზისტენციალურ-აბსურდულ რომანში ასახულია ადამიანის და სისტემის (ზოგადად ყველანაირი სახელმწიფოებრივი სისტემის) შეუთავსებლობა, დაპირისპირება. მწერლისთვის ცხოვრება ყოველგვარ აზრს მოკლებული, დაუნდობელი, დაუსრულებელი, აბსურდული სასამართლო პროცესია. და, განა ის რეალობა, რაშიც დღეს აღმოვჩნდით, ამის ნათელი მაგალითი არა არის? დღეს მთელი საქართველო კაფკას „პროცესში“ ვცხოვრობთ და სულ მალე იოზეფ კ-ს მსგავსად, სისტემის მონები, აზროვნებას მოკლებული ჩინოვნიკები, „სისტემის“ ბრძანებით ყელს გამოგვჭრიან და იოზეფივით ისღა დაგვრჩება სათქმელად - „ძაღლივით დამკლეს“.

ახალგაზრდა რეჟისორმა გეგა გაგნიძემ, რომელსაც უკვე რამდენიმე საინტერესო თეატრალური პროექტი აქვს შექმნილი, განსაკუთრებით გამოვყოფდი, თეატრის და კინოს უნივერსიტეტში განხორციელებულ სადიპლომო „ბალიშის კაცუნას“ (მარტინ მაკდონა), ათონელის თეატრში კაფკას „პროცესის“ მიხედვით დადგა სპექტაკლი, რომელსაც „იოსები“ უწოდა. აფიშაზე მითითებულია - გეგა გაგნიძის საავტორო სპექტაკლი ფრანც კაფკას „პროცესის“ მოტივებზე. რეჟისორმა სპექტაკლში ნაწარმოების მხოლოდ ჩონჩხი, სტრუქტურა დატოვა. რეჟისორის ჩანაფიქრით დადგმაში, ნაწარმოებისგან განსხვავებით, იოსების ცხოვრების უკანასკნელი ერთი დღეა ასახული, ამ ერთ დღეშია ჩატეული ადამიანის და აბსურდული, კორუფციული, ძალადობრივი სისტემის დაპირისპირება და ამ სისტემის მიერ ადამიანის სულიერი თუ ფიზიკური განადგურება. სპექტაკლში შენარჩუნებულია იოზეფ კ-ს სულიერ-ემოციური მდგომარეობა, აქა-იქ შეიძლება ამოიცნოთ ფრაზები კაფკას რომანიდან.

გეგა გაგნიძე შემოქმედებით გუნდთან ერთად ჩვენი ყოფის, არსებობის დრამატულ ამბავს უტრირებული ხერხებით გადმოსცემს - ზოგჯერ იუმორით, ზოგჯერ ირონიით, ზოგჯერ სარკაზმით. რეჟისორმა მოქმედება მომავალში გადაიტანა, სადაც ყველაფერი კომპიუტერიზებულია, სადაც ვირტუალურ და რეალურ სამყაროს შორის ზღვარი წაშლილია. რეჟისორის კონცეფციიდან გამომდინარე, სცენოგრაფმა მარიამ ძმანაშვილმა შექმნა გარემო და პერსონაჟთა კოსტიუმები, რომელიც ხშირად გვინახავს ფანტასტიკურ ფილმებში. რომანის მსგავსად, სპექტაკლი იოსების ოთახში გაღვიძებით იწყება და განსხვავებით რომანისგან, საათნახევრიანი წარმოდგენა სწორედ ამ ოთახში ვითარდება და სრულდება. გიორგი შარვაშიძის იოსების საცხოვრებელში ყველაფერი გამჭვირვალე თეთრი პლასტიკისგანაა, საწოლი, მაგიდა, სკამი, მაცივარი, თაროები, იატაკი რომელიც ქვევიდან ნათდება ხოლმე. თავად იოსებს კოსმონავტის მსგავსი თეთრი კოსტიუმი აცვია, ფეხზე კი ყვითელი წინდები, რომელიც საბოლოოდ მისი დაღუპვის, მკვლელობის საბაბად იქცევა. გიორგი გიორგანაშვილის და ნიკო ფიფიას მცველები რობოკოპი პოლიციელების მსგავს შავი ფორმებში არიან გამოწყობილები, ხოლო ნატალია გაბისონიას მაღალ ქუსლებზე შემხტარ პროკურორ-მოსამართლეს, უცნაურად აჭრილი, თეთრი ქსოვილის და ტყავის ნაჭრებისგან შეკერილი კაბა მოსავს, რომელიც, ალბათ, „მოდურია“ მომავალში. იოსების „თანამედროვედ“ აღჭურვილ ბინაში, რა თქმა უნდა, კომპიუტერიზებული რობოტი-ხმაც არის, რომელიც თავისი პატრონის - იოსების დავალებებს ასრულებს. სცენის შუაგულ ნაწილში, მაღლა დამაგრებულ მონიტორში გამოჩნდება ხოლმე ნატალია გაბისონიას - რობოტის სახის ზოგიერთი ნაკვთი და ისმის ხმა, რომელიც პატრონის დავალებებს თუ შეკითხვებს კომპიუტერი-რობოტისთვის დამახასიათებელი მკაფიო და წყვეტილი მეტყველების მანერით პასუხობს.

გეგა გაგნიძის ჩანაფიქრით სცენაზე განვითარებულ იოსების ამბავს მაყურებელი სამი მხრიდან ადევნებს თვალს, უშუალოდ სცენაზე განლაგებული ადგილებიდან და მაყურებელთა დარბაზიდან. ეს ადამიანები, მაყურებლები, თითქოს უხმო, ჩუმი მოწმეები არიან იოსების დრამატულად დასრულებული ცხოვრების. ისინი ჩვენი საზოგადოების სახეა, საზოგადოების რომელიც ყველაფერს ეგუება - სახელმწიფო სისტემის ძალადობას, სისტემაში არსებულ კორუფციას, სისტემის მიერ შექმნილ აბსურდულ კანონებს ... სწორედ ამ საზოგადოებამ დაუშვა იოსების არ არსებული ბრალდებით დაპატიმრება და მკვლელობა. სწორედ ამ მორჩილმა, დადუმებულ-გაჩუმებულმა, შემგუებლურმა, პროტესტის გამოხატვის უუნარო საზოგადოებამ დაუშვა ბრალმდებლის და განაჩენის გამომტანის, პროკურორის და მოსამართლის გაერთიანება. კიდევ ერთ დეტალს აღვნიშნავ, რეჟისორმა იოსები განზოგადებულ სახელად აქცია, იოსებია გიორგი შერვაშიძის პერსონაჟის მამა, ძმა, მეზობელი და ა. შ. ანუ სახელმწიფო სისტემამ მოქალაქეები უსახურ იოსებებად აქცია.

ნოე კვირკველიას მიერ შექმნილი მუსიკალური რიგი რეჟისორის კონცეფციის თანმხვედრია. კომპოზიტორმა სხვადასხვა ცნობილი საოპერო არიაც ჩართო, რომელსაც გიორგი შარვაშიძე კულმინაციურ მომენტში ისტერიამდე მისული, გროტესკულად, თავგანწირვით ასრულებს,. მუსიკა სპექტაკლში, სცენოგრაფიასა და განათებასთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

გიორგი გიორგანაშვილის და ნიკო ფიფიას მცველი-პოლიციელები, სისტემის აბსურდული, დავალებების უსიტყვო შემსრულებელი ჭანჭიკები არიან. ორივე ფსიქიკური გადახრებით - ერთს შენიღბული, მეორეს აშკარად გამოვლენილი. ადამიანთა ტანჯვა-წამება მათ სიამოვნებას გვრის. ნიკო ფიფიას პერსონაჟი ცხოველის მსგავსი, აზროვნებას მოკლებული, სადისტური მიდრეკილებების მქონე ადამიანია, რომელსაც მოსწონს კიდეც სისტემის მიერ მიცემული დავალებები, ადამიანთა წამება და მკვლელობა. მსახიობი პლასტიკით, მიმკით, სახეზე ასახული გამომეტყველებით, ჟესტიკულაციით, მეტყველების მანერით ქმნის ფრანკენშტაინის მსგავს არსებას. ერთადერთი რაზეც ბრაზდება და რეაგირებს - მის მიმართ თქმული - დებილო-ა. გიორგი გიორგანაშვილის რობოკოპი ე. წ. „კეთილი“ პოლიციელის ტიპაჟს ქმნის. თავის მეწყვილესთან შედარებით მეტი ინტელექტის მქონეა, უფრო მაღალი IQ აქვს  და აქედან გამომდინარე, ბევრად უფრო ამაზრზენია, მისი სადისტური ქცევები.

იოსების დაბადების დღეზე, კოსმოსური ხომალდის მსგავს კარზე, კაკუნი, უფრო სწორად ბრახუნი გაისმის. იოსებს აღვიძებენ - გააღეთ კარი, თქვენ დაპატიმრებული ხართ, კანონის დარღვევის გამო. იოსები კარს არ აღებს, პირადობის დამადასტურებელ საბუთებს და დაკავების ორდერს ითხოვს. შემდეგ იძულებულია გააღოს, პოლიციელები მას მასხრად იგდებენ, დასცინიან, ამცირებენ და ეს სიტუაცია, გაუთავებლად მეორდება, მოსამართლე-პროკურორის მოლოდინში.

გიორგი შარვაშიძის იოსები - მსხვერპლია, აბსურდული კანონების შემქმნელი სისტემის მსხვერპლი. რეჟისორის მიცემული ამოცანით, გიორგი შარვაშიძემ შექმნა უუნარო, შეშინებული უსახური არსების ტიპი, რომელსაც არ შესწევს უნარი აღუდგეს ძალადობას. უფრო მეტიც, იმაში რაც მის თავს ხდება, თავადაც დამნაშავეა. დამნაშავეა ვინაიდან სანამ უშუალოდ მას არ შეეხო, იგი იტანდა ძალადობრივი სახელმწიფო სისტემის არსებობას. მოცემული ვითარებიდან გამომდინარე, მსახიობი ქმნის ნერვული ადამიანის პროტოტიპს, კრიტიკულ მომენტებში კი ისტერიულიც ხდება.

ნატალია გაბისონიას რეჟისორმა ორი ტიპაჟის შექმნა დაავალა, ერთი უსახური ხმაა, მხოლოდ ხანდახან ჩნდება მისი სახის ზოგიერთი ნაკვთი მონიტორზე, მეორე ყეყეჩი, ამპარტავანი, ძალაუფლების მოყვარული, უგემოვნო, თავის თავში დარწმუნებული მოსამართლე-პროკურორი ქალი. ორივე პერსონაჟი ერთი საერთო თვისების მატარებელია, ორივე ხმაც და მოსამართლე-პროკურორიც უსულგულო, დავალებების უყოყმანოდ შემსრულებელი რობოტია. მოსამართლე-პროკურორი შვილთან მობილურით საუბრის ეპიზოდშიც კი, სადაც თითქოს ადამიანურ გრძნობებს  და მზრუნველობას ავლენს, დაზეპირებულ-გავრცელებული ტექსტით ლაპარაკობს.

მსახიობები თავიანთ პერსონაჟებს გროტესკის, ირონიის და სარკაზმისათვის დამახასიათებელი ხერხებით ძერწავენ და ქმნიან უსულგულო, ადამიანურ სიყვარულს, სითბოს მოკლებულ, ემოციებდაკარგულ რობოტებად ქცეულ არსებებს. სწორედ თითოეულმა მათგანმა  დაუშვა სახელმწიფო სისტემის მახინჯი ფორმების შექმნა-არსებობა.

ფინალში, როდესაც შარვაშიძის იოსებს, ჰგონია, რომ გადარჩა, პროკურორი-მოსამართლე კიცხავს რობოკოპ პოლიციელებს შეგეშალათ - ეს სხვა იოსებიაო, ერთი დეტალი გადაწყვეტს მის ბედს - ყვითელი წინდები. აკი თავიდანვე გააფრთხილეს მცველმა-რობოკოპებმა იოსები - პროკურორ-მოსამართლე ყვითელ წინდებს ვერ იტანს, გაიხადეო. იოსების თავს დატრიალებულ აბსურდულ ორომტრიალში, ავიწყდება წინდების გახდა, ან, შესაძლოა ეს მისი მცირედი გამოვლინებაა დაუმორჩილებლობის, რაც სიცოცხლის ფასად უჯდება. კოსმოსური ხომალდის მსგავს კარში გასული გაბისონიას პერსონაჟი უეცრად შეამჩნევს მის ყვითელ წინდებს და მომენტალურად გაავებულ ფურიად გარდაიქმნება. გასცემს ლიკვიდაციის ბრძანებას, მცველები საცოდავ იოსებს ყელს გამოჭრიან.

თეატრი საუკუნეების განმავლობაში, სხვადასხვა ხერხით თუ ფორმით, თანამედროვეობაში არსებულ პრობლემებს ასახავს. გეგა გაგნიძე და შემოქმედებითი ჯგუფი „იოსებით“ გვაფრთხილებს, რომ თუ ჩვენ - ადამიანები არ აღუდგებით და დავუშვებთ, შევეგუებით სახელმწიფო სისტემის მახინჯ ფორმებს, დავიღუპებით, გარდავიქმნებით უსულგულო, ბრძანებების აღმსრულებელ არსებებად, სისტემის მსხვერპლებად და თუკი სისტემა ჩათვლის საჭიროდ, ყელსაც გამოგვჭრიან, ძაღლებივით დაგვკლავენ.

bottom of page