top of page

მათთვის, ვინც „ჰამლეტი/მანქანის“ ნახვას აპირებს...

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

168389421_4035474623170334_8823549349589

ლაშა ჩხარტიშვილი

 

მათთვის, ვინც „ჰამლეტი/მანქანის“ ნახვას აპირებს

ფოტო თუმანიშვილის თეატრის facebook გვერდიდან

 

ეს რევიუ იმ მაყურებლისთვისაა განკუთვნილი, ვინც მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში ჰაინერ მიულერის „ჰამლეტი/მანქანაზე“ აპირებს დასწრებას. სპექტაკლი სტილისტური, დადგმის კულტურის, ფორმისა და თხრობის თვალსაზრისით უჩვეულო და ახალია მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ, დამკვიდრებულ და გაკულტებულ ტრადიციულობასთან შედარებით, რომელიც მიუხედავად სიძველისა, იმდენად მყარია, რომ მის დანგრევას წლები სჭირდება (არადა, ვფიქრობ, თეატრის განვითარებისთვის გაყინული შემოქმედებითი მემკვიდრეობის ნგრევა (და არა პრინციპების!) სასიცოცხლოდ აუცილებელია). მსახიობი და რეჟისორი ზურაბ გეწაძე ახალი დადგმით ჩაკირული ტრადიციების მორყევას, შეჯანჯღარებას შეეცადა. თუმცა მანამდე იყო ბერძენი რეჟისორის მიხეილ მარმარინოსის ფრაგმენტული, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანი ძიებები თუმანიშვილის თეატრში, რომელიც ქართული რეჟისურისგან განსხვავებული ხელწერით გამოირჩევა და რომელმაც გარკვეული ხილული გავლენა მოახდინა კიდეც უახლეს ქართულ თეატრზე.

 

რამდენიმე წელი ელოდა მაყურებელი პრემიერას კინომსახიობთა თეატრში. „თუმანიშვილში“ პრემიერის მოლოდინს მაყურებლის ორმაგი ინტერესიც დაემატა მას შემდეგ, რაც აფიშაზე „ჰამლეტი/მანქანის“ პრემიერა დაანონსდა. ჰაინერ მიულერის პოსტდრამატული თეატრისთვის დამახასიათებელი ტექსტი, ავტორის შემოქმედებაში წარმატებული ექსპერიმენტია, რომელიც ჰამლეტის მითის ახლებურად (ეპოქასთან შესაბამისობაში) გადამუშავების მცდელობას წარმოადგენს. თავად ტექსტი (რომელიც მცირე მოცულობისაა, სულ 6 გვერდი) მიულერის მანამდე დაწერილ პიესებთან შედარებით, განსხვავებული სტრუქტურითა და კონსტრუქციით გამოირჩევა. ამ ტექსტში ვერ მიაგნებთ პერსონაჟთა ხასიათებს და მოქმედებებს, მასში იგნორირებულია დიალოგები და ის დაფუძნებულია ჰამლეტის მონოლოგურ ფრაგმენტებზე. „ჰამლეტი/მანქანა“ კლასიკური დრამის დეკონსტრუქციის საუკეთესო მაგალითია.

 

ჰაინერ მიულერის რთული კონსტრუქციის, ფილოსოფიურ ალუზიებზე შექმნილი ტექსტი „ჰამლეტი/მანქანა“ პირველად დაიდგა ქართული თეატრის სცენაზე (გერმანულიდან თარგმნა ნათია მიქელაძემ), რომლისთვისაც ნიადაგი თუმანიშვილის თეატრში მიხეილ მარმარინოსის ძიებებმაც მოამზადა და პანდემიით გამოწვეულმა იძულებითმა პაუზამაც, რომელმაც აიძულა თეატრები გაეანალიზინებინათ ახალი ეპოქის თეატრის გამოწვევები და ეფიქრათ სათეატრო ხელოვნების ერთგვარ გადატვირთვაზე, მაყურებელთან კომუნიკაციის ახალი ხერხების მოსინჯვაზე. ეს პროცესი, როგორც ჩანს, ქართულ თეატრში ხანგრძლივი იქნება და რთულიც, წინააღმდეგობებით, მოუმზადებლობითა და გამოუცდელობით სავსეც.

 

თუმანიშვილის თეატრში ზურაბ გეწაძის ახალ სპექტაკლზე მისულმა მაყურებელმა უნდა იცოდეს, რომ არ დახვდება თანმიმდევრული ამბავი (სიუჟეტი), გარდასახული მსახიობები, ტრადიციული ხერხებითა და ტექნოლოგიით დამზადებული დეკორაცია, კლასიკური მელოდიები და ლირიკული მუსიკალური თემები... ამის საშუალებას თავად ჰაინერ მიულერის ტექსტი არ იძლევა, სამაგიეროდ დახვდება ქართულ თეატრში უკვე ტრენდად ქცეული (მე თუ მკითხავთ უკვე მოძველებული და მოსაწყენიც კი) სათეატრო ფორმა და სტილისტიკა, სადაც მთავარია ფორმა, ვიზუალური ეფექტი, მოჩვენებითი ემოციურობა, ხელოვნურობა ...

 

ჰაინერ მიულერის 1977 წელს დაწერილი ტექსტი, გაერთიანებული გერმანიის (1990) სიმბოლოდ იქცა, რადგან ტექსტში ავტორი იმდროინდელ ხელისუფლებაში დამკვიდრებულ იდეოლოგიას აკრიტიკებდა და გაბატონებულ ტოტალიტარული სისტემის ნგრევას „წინასწარმეტყველებდა“. თანამედროვე საქართველოში კი მიულერის ტექსტი ბუნდოვან მეტაფორად ჟღერს, რომელიც მართალია ასოციაციებს ბადებს სამყაროს დღევანდელ სურათთან, მაგრამ არა მკვეთრს.

 

ტექსტში ვერ იპოვით ისტორიას, ამბავს, დიალოგებს... ავტორი გამიზნულად ანგრევდა კლასიკური დრამატურგიის ჩარჩოებს და ეძებდა ახალ ხერხებს პრობლემების მხატვრული ხერხებით გადმოსაცემად. ამისთვის ის მიმართავდა მითოლოგიას და რთული კონსტრუქციის უფრო მარტივით შეცვლას, ტექსტის შემცირებას, მისი მნიშვნელობის შესუსტებას, სწორედ ამ პრინციპით ხელმძღვანელობს რეჟისორი ზურაბ გეწაძე, რომლის შემოქმედებაშიც „ჰამლეტი/მანქანა“ რადიკალურად განსხვავებული ნამუშევარია როგორც ფორმის, ისე სტილისტიკის თვალსაზრისით.

 

ის რაც ტრადიციული, კლასიკური სათეატრო ფორმისა და შინაარსისთვის მიუღებელია, უცხოა და შეუთავსებელი, პოსტდრამატული სათეატრო ტექსტის მიხედვით დადგმული წარმოდგენისთვის სავსებით ლოგიკური და თავსებადი.

ჰაინერ მიულერის ფილოსოფიური და მეტაფორებითა და ალეგორიებით გაჟღენთილი ტექსტის პირველი ქართული სცენური ინტერპრეტაციაც, სწორედ ამ კრიტერიუმებით უნდა შევაფასოთ.

 

* * *

 

თუმანიშვილის თეატრის „ჰამლეტი/მანქანა“ მეტაფორებით, სიმბოლოებითა და მინიშნებებით სავსე წარმოდგენაა, სადაც „კოდური სიტყვა“ ან ფრაზაშია, ან მოქმედებაში... წარმოდგენა ერთგვარი აქციაა, რომელიც აპროტესტებს დაკარგულ ფასეულობებს, გამეფებულ და დაკანონებულ უსამართლობას, ძალადობას ქალზე, ძალადობას ოჯახში... პროტესტი კი, დროთა განმავლობაში დაგროვილი აგრესიით იფეთქებს (ძალადობის მსხვერპლი თავად იქცევა მოძალადედ), რაც აპოკალიფსის მომასწავებელია. ტოტალურ ნიჰილიზმსა და სასოწარკვეთაში ჩავარდნილი „გმირებისა“ და იგივე განცდით დარბაზში მსხდომი მაყურებლისთვის მომავალი უპერსპექტივო და უიმედოა.

 

წარმოდგენა ანაქრონისტულია (ქრონოლოგიური შეუსაბამობა კოსტიუმებშიც კარგად იკვეთება და ეპიზოდებშიც) და ეკლექტურიც (მხატვრული ელემენტები მექანიკურად უერთდება ერთმანეთს, იღრევა ეპოქები, ისტორიული და ლიტერატურული პერსონაჟები ერთ სივრცეში იყრიან თავს). ზურაბ გეწაძის სპექტაკლში არ არსებობენ კონკრეტული პერსონაჟები, მათ შორის, ცნობილი გმირები შექსპირის „ჰამლეტიდან“, ისინი წარმოდგენის მსვლელობისას სხვადასხვა მსახიობში „ცოცხლდებიან“, ისე როგორც თვალს ვადევნებთ ანტიკურ ქოროს, რომელთაგანაც ზოგიერთი მათგანი პროტაგონისტებადაც კი გვევლინებიან.

 

ზურაბ გეწაძის წარმოდგენა მოწესრიგებული ქაოსური მოძრაობებით იწყება (ქორეოგრაფი ქეთი ასათიანი) და ქაოსურად სრულდება. რეჟისორი და ქორეოგრაფი არავერბალური თეატრის ელემენტებს იყენებენ და მოქმედებები, სტილიზებულ მოძრაობად გადაიქცევა. ასეთი ეპიზოდები ვიზუალურად ლამაზია და ეფექტურიც, მაგრამ ამ მოწესრიგებულ მოძრაობებს სხვა, თუნდაც კონცეპტუალური ფუნქცია არ აქვს (ან ის არ იკითხება). ეფექტურ (მაგრამ მრავალგზის ნანახ) ხერხებსა თუ ეპიზოდებს არაერთგზის ვხვდებით წარმოდგენაში. ასეთია სასამართლოს, აჩრდილის გამოცხადების, ღამის კლუბის, ოფელიას დაკრძალვისა და ელექტრას მუმიად ქცევის ეპიზოდები. ეფექტურად შემოდის მულტიმედიაც (ვიდეო გიორგი ხოსიტაშვილი), რომელიც სინამდვილეში სიმღერების ტექსტების ილუსტრაციაა.

 

მსახიობებზე (ქეთი ასათიანი, ვანო თარხნიშვილი, ნინი იაშვილი, პაატა ინაური, ლია კაპანაძე, ნანუკა ლითანიშვილი, თორნიკე ქასრაშვილი, ქეთა შათირიშვილი, გაგი შენგელია, ნიკა წერედიანი) ბევრს ვერაფერს ვიტყვი, რადგან ისინი არც არაფერს „თამაშობენ“. მსახიობები მუდმივად გვახსენებენ, რომ ისინი მსახიობები არიან და კითხულობენ მონოლოგებს, რომლებიც უფრო ზმანებებია, სპონტანურად ნაფიქრი და წარმოთქმული, ვიდრე მწყობრი და თანმიმდევრული, შესაბამისად იგნორირებულია თხრობის კლასიკური წყობა. იმდენად დეკლამაციურია მათ მიერ წარმოთქმული ტექსტი, რომ სიტყვების სემანტიკური მნიშვნელობა მაყურებლამდე ვერ აღწევს, ასეთი შესრულებით სიტყვა კარგავს თავის პირველად მნიშვნელობას და ის ბუტაფორიად იქცევა. მსახიობები ბევრს მოძრაობენ და ვერ ვიტყვი, რომ რთულ ქორეოგრაფიულ პარტიტურას ასრულებენ, ბევრსაც საუბრობენ, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ მათი ნათქვამი სრულად აღწევს მაყურებლამდე...

 

თუმანიშვილის თეატრის „ჰამლეტი/მანქანის“ ერთ-ერთი ღირსება ერეკლე გეწაძის მუსიკაა, რომელიც კონცეპტუალურ ელექტრონულ მუსიკას ცოცხლად, იქვე, სცენის კუთხეში ასრულებს. ის თითქოს მუსიკალურ-ხმოვან ფონს ქმნის წარმოდგენისთვის, მაგრამ მოვლენების მთავარი მონაწილეცაა და წარმმართველიც. მას გაცილებით დიდი როლი და მისია აკისრია (რომელსაც სხვათა შორის, წარმატებით ართმევს კიდეც თავს) წარმოდგენის მსვლელობის დროს, ვიდრე მხოლოდ მუსიკალური ფონის შექმნაა. უფრო მეტიც, სწორედ ერეკლე გეწაძის მუსიკაა დომინანტური და მოვლენების მაპროვოცირებელი ამ დადგმაში, ამავდროულად იმ მოვლენების შესაბამისი, რომელსაც სცენაზე ვადევნებთ თვალს, ზოგჯერ აგრესიულიც კი. მაგალითად, როცა სცენაზე ტელევიზორები ჩნდება, რომელიც მსახიობის მართკუთხედი თავია ლენინის, მარქსის, მაოსა და დოქტორი ჟივაგოს გამოსახულებით, მუსიკა აგრესიული ხდება, ისე როგორც ადამიანებს უჩნდებათ აგრესია პოლიტიკოსებისა და სატელევიზიო პოლიტიკური გადაცემების მიმართ.

 

ზურაბ გეწაძის სპექტაკლში სივრცე შავია. სცენაზე ვხედავთ აზვირთულ შავ კედლებს (სცენოგრაფები: შოთა გლურჯიძე და ზურაბ გეწაძე), ამ სამყაროში მხოლოდ ხალხია ჭრელი (კოსტიუმების მხატვარი სოფო ქორიძე), რომელთაც ფერადი, სხვადასხვა ეპოქისა და სტილის დახვეწილი კოსტიუმები აცვიათ, რომელიც მხატვრული ხარისხითაა შესრულებული და ნათელი ფერები შემოაქვს წარმოდგენაში, შესაბამისად ერთადერთი პოზიტივიც.

 

ზურაბ გეწაძის სპექტაკლის მთავარი სათქმელი ისაა, რომ ადამიანი, რომელიც ებრძვის ძალადობას იქცევა მანქანად, უსულო საგნად. განზოგადებულად კი ზოგადად თანამედროვე ადამიანი. „ჩემი აზრები იარებია ჩემს ტვინში. ჩემი ტვინი იარაა. მინდა მანქანა ვიყო. ხელები ასაღებად ფეხები სასიარულოდ არა ტკივილი, არა ფიქრი“- ამბობს პაატა ინაური - ჰამლეტი.

 

„ჰამლეტი/მანქანის“ პირველ ქართულ სცენურ ვერსიაში კვლავაც გაიჟღერებს ცნობილი ფრაზა, რომ დანია საპყრობილეა (პაატა ინაური ამ მონოლოგს აქცენტირებულად კითხულობს) და რომ ადამიანსა და სახელმწიფოს შორის დიდი კედელია აღმართული. შემოქმედებითი ბანკებიდან ნასესხები ფაზლებით აწყობილი წარმოდგენა დანაწევრებულია და დაჩეხილი, ეფექტური მიზანსცენები თვალს ჭრის, მაგრამ გონებას გვერდს უვლის. მთელი წარმოდგენა ერთ სიზმარს ჰგავს, რომლის ეპიზოდები გამახსოვრდება მხოლოდ, ხოლო მისი მთლიანობაში აღდგენა/რეკონსტრუქცია კი ჭირს.

bottom of page