მარტო როგორ ვიყო
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
ნუცა კობაიძე
მარტო როგორ ვიყო
ზოგი ხმალამოღებული ებრძვის ამ დადგმას, ზოგიც მოკრძალებულად აფიქსირებს თავის აზრს, ზოგმა ისეთი გაუგებარი წერილი დაწერა თეატრმცოდნეები ერთმანეთს ეკითხებიან რისი თქმა სურდა ავტორსო. ეს ქაოსი სპექტაკლის მიმართ ინტერესს აღვივებს. მე კი ვეცდები მარტივი ენით და გასაგებად ვისაუბრო რუსთაველის თეატრის ნანატრ პრემიერაზე, ჰენრიკ იბსენის „ჰედა გაბლერზე“, რომელმაც ასეთი ვნებათაღელვა გამოიწვია.
5 წლიანი სადადგმო პაუზის შემდეგ რეჟისორი თათა პოპიაშვილის ინტერპრეტაციის წყარო ჰენრიკის „ჰედა“ ხდება. პრაქტიკულად რეჟისორი გურამ ღონღაძესთან (მთარგმნელი) ერთად ანახევრებს პიესას, თუმცა სასცენო ვერსია ინარჩუნებს დრამატულ სიუჟეტს.
როგორც პიესა, ასევე სპექტაკლიც იულიანა ტესმანის (დარეჯან ხარშილაძე) შემოსვლით იწყება. მიუხედავად იმისა, რომ იბსენი რემარკაში აღნიშნავს - „უბრალოდ, მაგრამ გემოვნებით აცვია...“ რეჟისორი მხატვართან ერთად (ბარბარე ასლამაზი) ცვლის პერსონაჟის სტილს: მაღალ ქუსლებზე, უგემოვნოდ ჩაცმული ქალი ბარბაცით შემოდის და ყვავილებით ამკობს სახლს. ქუდის ნაცვლად პარიკი ახურავს, ვარდისფერი დეტალით. - „თმა შეიჭერი?“ კითხულობს მამიდით გაკვირვებული ტესმანი (ბაჩო ჩაჩიბაია). ჰედა გაბლერი კი ქუდს ეფერება, როგორც ფისოს. იულიანა სწორად ვერ აღიქვამს გარემოებას, გაოგნებული ხშირად უადგილოდ იცინის. ეს უხერხულობა კი მისი აბუჩად აგდების ახალ მიზეზს ქმნის.
მთვარეულივით, უემოციო, გაქვავებული სახით შემოდის ფეხშიშველი ჰედა გაბლერი (ია სუხიტაშვილი), რომელიც თითქოს გოლგოთას გზას გადის. მისი თეთრი კოსტიუმი (ამ შემთხვევაში საღამური) მარტივი და დახვეწილია. დავარდნილი, ნაოჭებიანი სამოსი ანტიკურ ეპოქას გვაგონებს. მკაცრი, თავდაჯერებული ჰედას ხასიათი მის მოძრაობებში ჩანს. ისე შედგება ქმრის წიგნებზე, როგორც კვარცხლბეკზე , უთანაბრდება მამიდა ტესმანს და ცხვირის ცხვირზე მიდებით ესალმება მას. მსახიობი სარკაზმით გამოხატავს ამ მადლიერების ჟესტს.
ამბობენ, რომ ქალისთვის ჰედას როლის შესრულება ისევე საოცნებოა, როგორც მამაკაცისთვის - ჰამლეტის. არ შეიძლება არ აღინიშნოს ია სუხიტაშვილის პროფესიონალიზმი. ის შეუდარებლად ასრულებს ისეთი ჰედას როლს, როგორიც პიესაშია_ვინც ორგანულად ვერ იტანს არამარტო ფიზიკურ, არამედ ადამიანურ სულიერ შეხებასაც, იმ მამაკაცისგანაც კი რომელიც, როგორც მას ჰგონია, უყვარს. მსახიობი სრულყოფილად გამოავლენს საკუთარ შესაძლებლობებს, შემოქმედებით პოტენციას. სუხიტაშვილი გვაჩვენებს სამსახიობო ოსტატობას თითოეულ გმირთან მიმართებაში. თავისი თამაშით გვაჯერებს, რომ სასტიკთან ერთად ლმობიერიც არის_ კონკრეტულ სცენებში გული უჩუყდება, მაგალითად როცა აილერტ ლევბორგისთვის (ლაშა ჯუხარაშვილი) დამალული ხელნაწერების დაბრუნების სურვილი უჩნდება. ჰედა საკუთარი მიზნის წინააღმდეგ ცდილობს გალაშქრებას, თუმცა მალევე „საღ“ აზრს უბრუნდება და ანადგურებს როგორც ნაწერებს, ასევე მის ავტორს. ლევბორგს აწვდის დამბაჩას - გადარჩენის ნაცვლად, სასიკვდილოდ წირავს მას. ჰედას გულუბრყვილობა ფრაუ ელვსტედის (ლელა ახალაია) „დატირების“ დროსაც ჩანს, როცა თეა განიცდის მისი და ლევბორგის „შვილის დაღუპვას“ (ერთობლივად შექმნილი ხელნაწერები). ამ დროს ჰედა განცალკევებით ზის სკამზე და არ იხედება წყვილისკენ. აქ ჩანს მისი თანაგანცდა და სიბრალულის გრძნობა. საინტერესოა კიდევ ერთი მიზანსცენა, როცა ტესმანს შემოაქვს სასმელი და ქალი ტუჩებში კოცნის, მაგრამ მალევე ზიზღით იშორებს. შესაძლოა იქვე მდგარი ლევბორგის საეჭვიანოდ ან ქმრის სიბრალულის გამო აკეთებს ამას, თუმცა ფაქტია, კოცნა არც ერთ შემთხვევაში სიყვარულის გრძნობით არ არის განპირობებული. ან როგორ უნდა იყოს, როცა მთელი სპექტაკლის მანძილზე ქმარს ხომ მხოლოდ მუხლზე კოცნის უფლებას აძლევს, მუხლმოდრეკილ მდგომარეობაში.
მამიდასთან ცინიკური, ქმართან მჩაგვრელი, ელვსტედთან მოძალადე (ბავშვობიდან თმის შეჭრის შიში რომ სდევს), ასესორ ბრაკთან (მალხაზ ქვრივიშვილი) მეფლირტავე, ხოლო ლევბორგთან მკვლელი ჰედა გაბლერი ყველას ებრძვის. ეს ის გარემოა, სადაც შემთხვევით, მოწყენილობის ჟამს წამოსროლილი სიტყვების - „ამ სახლში ვიცხოვრებდი“ - შედეგად აღმოჩნდა. სწორედ ეს სახლი მიიყვანს ფატალურ შედეგამდე.
იორგენ ტესმანის პერსონაჟი ჩეხოვის ტრეპლევს გვაგონებს („თოლია“). ერთი -ლევბორგზე, ხოლო მეორე ტრიგორინზე ეჭვიანობს. ისინი ხომ მათზე უკეთესად წერენ. ბაჩო ჩაჩიბაიას გმირი პიესაში უფრო მიამიტი, მორჩილი და დამყოლია. სპექტაკლში კი კაცი არ პატიობს ჰედას ნაწერების განადგურებას. თუ პირველ შემთხვევაში პერსონაჟი იჯერებს, რომ ჰედამ მისი სიყვარულის გამო გაანადგურა ხელნაწერები, სცენურ ვერსიაში ჰედას ორსულობის მომიზეზება სჭირდება, რომ თავი დააღწიოს ქმრისგან დახრჩობას. ასევე ფინალურ სცენაში ქმარი ძალიან აგრესიულია ცოლის მიმართ - „ნუ ღრიალებ ჰედა!“. პიესაში კი რიდით სთხოვს მეუღლეს შეწყვიტოს პიანინოზე დაკვრა, რადგან მამიდა ახალი გარდაცვლილია. ბაჩო ჩაჩიბაიას ხმის ამოღებისთანავე გვახსენდება ყველა ფილმი თუ სერიალი, რაც კი მსახიობს გაუხმოვანებია, ხმის კანკალით საუბარი კი უფრო მეტად აგდებს პერსონაჟის ხასიათიდან. ყალბია მისი პათოსური ემოცია თეას შემოსვლის მომენტში ფართოდ გახელილ თვალებს რომ აბრიალებს.
თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ სპექტაკლის მთელი ღირებულება არის ია სუხიტაშვილი თავისი შესრულების ხარისხით. თუმცა ერთი პერსონაჟის გამოყოფაც აუცილებელია - ფრაუ ელვსტედი. ლელა ახალაიას გმირი გვაბნევს: ერთი შეხედვით სიფრიფანა, შიშისგან მთრთოლვარე ქალი ემპათიას იწვევს - ჯერ თავისი ქმრის პირველ ცოლს უვლიდა, შემდეგ ლევბორგს მოსამსახურედ დაუდგა, წერისთვის რაც საჭირო იყო ყველაფერს უკეთებდა, ჰედასაც მიამიტურად გადაუშალა გული. ფინალისკენ კი ვხედავთ მსახიობის გარდასახვას, თითქოს პერსონაჟის სულში ვაღწევთ და ვხედავთ მის ნამდვილ სახეს. ლელა ახალაია ქმნის ახალ ადამიანს სცენაზე - დაჩაგრული ქალის ალტერ ეგოს, რომელიც მართავს ადამიანებს საკუთარი სურვილების მიხედვით. „ნეტავ შენი ქმრის შთაგონებაც გამომივიდეს“ მიმართავს ჰედას და თან ტესმანს ეალერსება. ის საერთოდ არ განიცდის ლევბორგის ტრაგედიას, მთავარია მარტო არ დარჩეს. ყველა მხრივ ყურადღების ცენტრში მოქცეული ჰედა კი ნამდვილად მარტო რჩება. ქმარიც კი მის მოშორებას ცდილობს.
ფინალი, გასროლის ხმა - ვერც მარტოსულობას და ვერც მოსაწყენ ცხოვრებას ვერ გაუძლო ჰედა გაბლერმა.