
„მარტო სცენაზე“
.jpg)
11.11.2026
ანი გონგაძე
„მარტო სცენაზე“
„ა“-ს დღიურები“ ბათუმის დრამატულ თეატრში
არეული ოთახი, იატაკზე მიმოფანტული ფურცლები, კედლებზე მიმაგრებული ქაღალდები და სცენის ერთ კუთხეში მდგარი როდენის „მოაზროვნეს“ ქანდაკება. ეს გარემო თავიდანვე გვიქმნის წარმოდგენას იმ ადამიანის შინაგან სამყაროზე, რომლისთვისაც რეალობა თანდათან კარგავს ჩვეულ საზღვრებს. სწორედ ამ სივრცეში ვითარდება ბათუმის დრამატული თეატრის ახალი მონოსპექტაკლი „ა“-ს დღიურები“, რომლის რეჟისორი ვარლამ ნიკოლაძეა.
სპექტაკლი გოგოლისა და ტოლსტოის ნაწარმოებების მოტივებზეა შექმნილი. მისი მთავარი პერსონაჟი, „ა“, მარტოსული ადამიანია, რომელიც საკუთარ წარმოსახვაში ქმნის სამყაროს, სადაც მას შეუძლია იყოს მნიშვნელოვანი, აღიარებული და სხვებზე აღმატებული. რეალურ ცხოვრებაში დაუფასებლობისა და სოციალური უთანასწორობის განცდა მის ფანტაზიებში განსაკუთრებულ მასშტაბებს იძენს. მოლაპარაკე ძაღლი, უცნაური წერილები, მომავლის გაზეთები და ესპანეთის სამეფო ტახტი თანდათანობით პერსონაჟის დაშლილი რეალობის ნაწილებად იქცევა.
ერთი შეხედვით, მისი მონათხრობი აბსურდული და კომიკურია. პერსონაჟის მსჯელობები, მოულოდნელი დასკვნები და გამოგონილი ამბიციები ხშირად ღიმილს იწვევს, თუმცა ამ კომიკურობის მიღმა გაცილებით მძიმე სათქმელი იკითხება. ადამიანი, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერ ახერხებს საკუთარი ადგილის დამკვიდრებას, წარმოსახვაში ძალაუფლებისთვის იბრძვის, მისი მეფური წარმომავლობის შესახებ გამოგონილი ისტორიები და სხვებზე უპირატესობის მუდმივი მტკიცება ერთგვარი თავდაცვის მექანიზმია იმ სამყაროს წინააღმდეგ, რომელშიც თავს გარიყულად გრძნობს.
ამ თვალსაზრისით, სპექტაკლში არსებითი ადგილი უჭირავს სოციალურ თემატიკასაც. პერსონაჟის მონოლოგებში იკითხება საზოგადოებრივი უთანასწორობა, პატივმოყვარეობა, ძალაუფლების სურვილი და ადამიანების დაყოფა წარმომავლობისა თუ სოციალური მდგომარეობის მიხედვით. საგულისხმოა, რომ თავად პერსონაჟი, რომელიც სხვებისგან აღიარებასა და ღირსეულ მოპყრობას ითხოვს, წარმოსახვით სამყაროში იმავე უპირატესობისა და დაქვემდებარების პრინციპებს ამკვიდრებს.
ჩემთვის საკმაოდ თვალშისაცემი აღმოჩნდა სცენოგრაფია, რომელიც პერსონაჟის შინაგან მდგომარეობას უკავშირდება. ფურცლების გროვები და უწესრიგო ნივთები მისი აზრებისა და მოგონებების ერთგვარ მატერიალურ გამოხატულებად აღიქმება. განსაკუთრებით საინტერესოა როდენის ქანდაკებასთან ურთიერთობა - „ა“ მას ესაუბრება, ეკამათება, პასუხს ელოდება და საკუთარ ფიქრებს უზიარებს. ქანდაკება წარმოდგენის განმავლობაში მისი ილუზორული სამყაროს მუდმივ თანამოსაუბრედ იქცევა.
მონოსპექტაკლის მთავარი სირთულე კი ერთი მსახიობის წინაშე დგას. სცენაზე ერთი შემსრულებელია, რომელსაც მთელი წარმოდგენის განმავლობაში უწევს მოქმედების განვითარება, სხვადასხვა წარმოსახვითი ურთიერთობის შექმნა და მაყურებლის ყურადღების შენარჩუნება. ზურაბ შილაკაძის მიერ განსახიერებული „ა“ მუდმივად იცვლის ემოციურ მდგომარეობას, რაც მსახიობისგან როგორც ფიზიკურ გამძლეობას, ისე გარდასახვის განსაკუთრებულ უნარს მოითხოვს.
შილაკაძის შესრულება ენერგიული და დინამიკურია. იგი აქტიურად იყენებს მიმიკას, ჟესტებსა და სხეულის პლასტიკას. პერსონაჟის ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა ხშირად მოულოდნელია: თავდაჯერებულობას შიში ცვლის, კომიკურ მსჯელობას აგრესია მოსდევს, შემდეგ კი მოქმედება სრულიად სხვა ემოციურ ტონალობაში გადადის. მსახიობი ამ ცვლილებებს არა მხოლოდ მეტყველებით, არამედ ფიზიკური მოქმედებითაც გადმოსცემს. მის შესრულებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სცენურ სივრცესთან ურთიერთობა, რადგან წარმოდგენის გარკვეული ნაწილი სწორედ საგნებთან და უხილავ თანამოსაუბრეებთან დიალოგით ვითარდება.
ჩემთვის წარმოდგენის ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო და გარდამტეხი ეპიზოდი დედასთან დაკავშირებული სცენაა. ამ მონაკვეთში იცვლება როგორც მოქმედების ტემპი, ისე პერსონაჟის ემოციური მდგომარეობა. მანამდე წარმოდგენაში დომინირებს კომიკური და გროტესკული ელემენტები, აქ კი მათ ადგილს მარტოობა და მონატრება იკავებს. მსახიობი ამჯერად აღარ გვაჩვენებს საკუთარ წარმოსახვაში განსაკუთრებულ ადამიანად ქცეულ პერსონაჟს. მაყურებლის წინაშეა დედის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი და სურვილი, კვლავ იგრძნოს ის სითბო და დაცულობა, რომელსაც ბავშვობაში იღებდა. ზურაბ შილაკაძე ამ ეპიზოდში დამაჯერებლად გადმოსცემს პერსონაჟის ემოციურ დაუცველობას. სცენა ღირებულია იმითაც, რომ მაყურებელს კომიკური პერსონაჟის მიღმა არსებული ადამიანური ტრაგედიის დანახვის შესაძლებლობას აძლევს.
სწორედ ამ კონტრასტში იკვეთება მსახიობის შესრულების ყველაზე საინტერესო მხარე. მთელი წარმოდგენის განმავლობაში იგი სხვადასხვა ემოციურ და ფიზიკურ მდგომარეობას გადის, თუმცა დედის ეპიზოდი ამ მრავალფეროვნებას განსხვავებულ, უფრო ღრმა მნიშვნელობას ანიჭებს. პერსონაჟის ქცევები არა მხოლოდ აბსურდულობის გამოხატულებად, არამედ მის შინაგან მარტოობასთან დაკავშირებულ უფრო მტკივნეულ შინაარსს იძენს.
სპექტაკლის შეფასებისას ასევე გასათვალისწინებელია, რომ მონოსპექტაკლის ფორმა განსაკუთრებულ დატვირთვას აკისრებს მსახიობს. მას უწევს, სცენაზე პარტნიორის გარეშე შექმნას დასამახსოვრებელი სცენები და მოქმედების უწყვეტი განვითარება. ამ მხრივ, ზურაბ შილაკაძე წარმოდგენის მთავარი საყრდენია. მისი ენერგია და ფიზიკური ჩართულობა დიდწილად განსაზღვრავს სპექტაკლის დინამიკას, ხოლო ცალკეული ეპიზოდების ემოციური ზემოქმედება პერსონაჟის მრავალმხრივი ბუნების წარმოჩენის საშუალებას იძლევა.
მართალია, რეჟისორული გადაწყვეტებისა თუ თხრობის სპეციფიკური ფორმის გამო, ცალკეული ეპიზოდები შესაძლოა ზოგიერთი მაყურებლისთვის ბუნდოვანი დარჩეს ან მცირე ხარვეზებად აღიქმებოდეს, თუმცა ეს უფრო ინდივიდუალური აღქმის საკითხია და წარმოდგენის საერთო მხატვრულ ღირებულებას არ აკნინებს.
„ა“-ს დღიურები“ ოსტატურად აერთიანებს კომიკურ, გროტესკულ და ტრაგიკულ ელემენტებს და გვთავაზობს ადამიანის შინაგანი სამყაროს სიღრმისეულ სცენურ სურათს. წარმოდგენის მთავარი ინტერესი სწორედ ამ წინააღმდეგობებშია. ადამიანი, რომელიც წარმოსახვაში ძალაუფლებას იპოვის, რეალურ ცხოვრებაში კვლავ მარტო და დაუცველი რჩება. ზურაბ შილაკაძის შესრულება ამ სამყაროს გაცოცხლებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. მსახიობის ენერგია, ფიზიკური გამომსახველობა და ემოციური ტონალობის ცვლილებები პერსონაჟის სახეს მრავალფეროვანს ხდის. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი კი ის მომენტია, როდესაც გროტესკული სახე უკან იხევს და სცენაზე ადამიანის ყველაზე უბრალო, მაგრამ მტკივნეული განცდა - დედის მონატრება რჩება.