top of page

მარშრუტი გაუქმდა…

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

484487638_657889093293032_1387160563790380864_n.jpg

თეკლა თალაკვაძე                                    

მარშრუტი გაუქმდა…

     

ქალაქის თეატრი სამი წელია უკვე, რაც გვანებივრებს ახალი, განსხვავებული პიესებითა და დადგმებით. ქალაქის თეატრი არის მულტიფუნქციური სივრცე, სადაც იგეგმება  სხვადასხვა ღონისძიებები. ეს არის ადგილი, საიდანაც ისმის მაყურებლისათვის მნიშვნელოვანი და გულწრფელი ხმა. ხალხის ხელით აშენებულ სივრცეში იგრძნობა თბილი გარემო და შენც მათი ოჯახის წევრად აღიქვამ  თავს. სხვა თეატრებისგან განსხვავებით, შეიძლება ქალაქის თეატრი ტექნიკურად სრულად კეთილმოწყობილი არ იყოს, არ აქვს მოძრავი სცენა, ეკრანები და ხანდახან გვერდითა სივრცედან შემოსული ხმები ოდნავ შემაწუხებლად ისმის, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი ამტკიცებს, რომ ლამაზი დეკორაციისა და შთამბეჭდავი წარმოდგენის შესაქმნელად აუცილებელი არ არის ტექნიკური სიმდიდრე. როგორც  ღარიბი თეატრის კონცეფცია, რომ თეატრში მნიშვნელოვანია მსახიობი და მისი ცოცხალი შესრულება.

     

ამ სცენაზე დაიდგა „გაჩერება“, რომელიც მიურეი შიზგალის პიესის “Luv” მიხედვით არის. მიურეის პიესები მათ შორის ‘”Luv”, წარმოადგენს აბსურდისა და ფსიქოლოგიური კომედიის შერწყმას. რეჟისორმა ( ანუკი ხიდეშელი) შეცვალა სიუჟეტი და ადგილმდებარეობა. ყურადღება გაამახვილა ზოგად პრობლემებზე, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გვხვდება და საზოგადოებაში მუდმივად არსებობს. სპექტაკლში წამყვანი არ არის ერთი კონკრეტული თემა. რეჟისორი  სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხს შეეხო, რაც სპექტაკლს კიდევ უფრო საინტერესოს, აქტუალურს და თანამედროვეს ხდის.

     

მოქმედება იწყება მიტოვებულ, უფუნქციო გაჩერებაზე, სადაც ჩარლი აპირებს თავის მოკვლას. ამ დროს მას ხვდება თავისი ძველი თანაკლასელი ტედი, რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია. სპექტაკლში მუსიკა და პერსონაჟების მოძრაობები ისე იყო შეხამებული, რომ ქმნიდა სევდიან კომიკურ ატმოსფეროს. (კომპოზიტორი- ნატო თოთიბაძე, არანჟირების ავტორი- ჯოჯო).

     

სცენა მინიმალისტურად არის გაფორმებული. (მხატვარი-გიორგი უსტიაშვილი). ამ უხეშ, ჩაბნელებულ და დანგრეულ სივრცეში ერთი პატარა წითელი ყვავილი ჩანს, რაც იმედის არსებობაზე მიუთითებს, თუმცა საბოლოოდ ამ ყვავილსაც წყვეტენ. ადამიანები, ცხოვრებაშიც ხომ ვკლავთ  იმედს? მაშინ როცა გაუცნობიერებლად ვიღებთ  ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ზიანს გვაყენებს.  ტედი, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების თვალში წარმატებულ ადამიანად გამოიყურება, თავად საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილოა. უიღბლო ქორწინების გამო, ის განქორწინებაზეც კი ფიქრობს. მისი მოქმედებიდან  ვხვდებით, რომ ის არც ისეთი წარმატებულია, როგორადაც თავს გვაჩვენებს. (მაგ. ერთ-ერთ ეპიზოდში ნაგავში იქექება, საიდანაც ჩანთას ამოიღებს და სავარაუდოდ საყვარელ ქალთან წაიღებს. არაფრისმქონე ჩარლს ხურდას სთხოვს და სხვა). აქედან ჩანს, რომ ის ორსახოვანი ბუნების ადამიანია. მისი მდიდრული გარეგნობა არაფერს ნიშნავს, თუ შინაგანად არ ხარ კეთილი და ღირსეული ადამიანი. როგორც იტყვიან, არ უნდა განსაჯო წიგნი მხოლოდ ყდის მიხედვით. ტედი, მიუხედავად შთამბეჭდავი გარეგნობისა, სინამდვილეში მოღალატე, ძუნწი და უმადური კაცია, რომელსაც არ შეუძლია დააფასოს ცხოვრება და მის ირგვლივ მყოფი ადამიანები.  ყველაზე მეტი კომიკური ეპიზოდი სწორედ ამ პერსონაჟის (ნიკა ჩხაიძე) წყალობით იქმნება. მსახიობ ნიკა ჩხაიძის  მოძროაბა, პლასტიკა, მეტყველების მანერა ჰარმონიულად და ბუნებრივად ერწყმის ერთმანეთს, რის შედეგადაც სახალისო და სასაცილო სცენები იქმნება. ჩარლის, როლს თამაშობს მსახიობი ნოდარ ძოწენიძე, რომელიც კარგად გამოხატავს რწმენადაკარგულ ადამიანის ბუნებას. მართალია, მას უკვე აღარაფრის იმედი გააჩნია, მაგრამ  იპოვნის ადამიანს, რომელიც მას გააბედნიერებს და ცხოვრებას გააგრძელებინებს. მსახიობის ბოხი და დაყენებული ხმა ისმის ძალზედ  არაბუნებრივად, ხელოვნურად და პერსონაჟს დამაჯერებლობას უკარგავს. თაკო ბერიაშვილმა შექმნა ინტელექტუალური და მტკიცე ქალის სახე, რომელიც მზად არის ყველაფერზე წავიდეს თავისი მიზნის მისაღწევად. რეჟისორის გადაწყვეტილებით, თაკო ბერიშვილის პერსონაჟი პიესასთან შედარებით უფრო აქტიურია და აგრძელებს ბრძოლას საკუთარი ოცნებებისთვის.

       

„მიეცი სიყვარულს შანსი”- ეს ფრაზა ასახავს სპექტაკლის ერთ-ერთ მთავარ გზავნილს. ცხოვრებაში არ უნდა დაკარგო იმედი და გააკეთო ყველაფერი, რაც შეგიძლია. სცენა იცვლება. ყვითელი ფოთლებია მიმოფანტული მიწაზე, რაც შემოდგომის და დროის გასვლის ნიშანია. მოვლენები საპირისპირო მიმართულებით განვითარდა. ჩარლი ახლა ბედნიერ ქორწინებაშია, მაშინ როცა ტედი გაღატაკებულია. ის ქალი, რომლის გამოც ცოლი მიატოვა აღარ უყვარს და ცოლის დაბრუნებას ცდილობს, რასაც ვეღარ ახერხებს. წარმოდგენის ბოლოს დინამიკიდან გაისმის ხმა, რომელიც გვატყობინებს, რომ დაინიშნა ახალი მარშრუტი, რაც სიმბოლურად ცხოვრების ახალ დასაწყისს ნიშნავს. თუმცა ადამიანები ხშირად ვერ აფასებენ შესაძლებლობას, რომელიც მათ ახალი ცხოვრების დასაწყებად ეძლევათ, ისინი დაუფიქრებლად უბრუნდებიან ძველ ჩვევებს და იმავე შეცდომებს იმეორებენ, რის გამოც მარშრუტის მომსახურება ისევ შეწყდება. ბოლოს უკვე მკაფიოდ გვესმის: „მარშრუტი გაუქმდა, სანამ ადამიანები ცხოვრებას არ ისწავლიან“. ეს სიტყვები მიგვანიშნებს იმაზე, რომ ადამიენებმა უნდა ვისწავლოთ შრომა და ბრძოლა საკუთარი მიზნების მისაღწევად, მანამ ვერ ვიხილავთ რეალურ ცვლილებებს. სპექტაკლი თავისი კომიკური სცენებით გახალისებს, მაგრამ თან გაფიქრებს საკუთარ ცხოვრებაზე.

bottom of page