top of page

„მარო“

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

057181c0-abfb-4d45-8746-366531e6ba96.jpeg

29.03.2026

ნუცა კობაიძე

„მარო“

ქორეოგრაფიულ-თოჯინური წარმოდგენა

„Bienalle College”-ს გამარჯვებული ფიზიკური თეატრის - კომპანია „ჰოის“ - ქორეოგრაფიულ-თოჯინური სპექტაკლი მარო მაყაშვილის დღიურის მიხედვით.

თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი
 

რეჟისურა, ქორეოგრაფია, სცენოგრაფია, კოსტიუმების მხატვრობა:

თათა თავდიშვილი & ტატო გელიაშვილი

მონაწილეები: მირიან კოხრეიძე, ლიზა ნიკვაშვილი,

ნინო ნოზაძე, გიორგი ყიფშიძე, შაკო ჩალაგაშვილი, ლუკა ჩიბუხაია

 

1921 წლის თებერვალი, მარო წერს მამას:

„ [...] ნუ გეშინიათ. გავიმარჯვებთ სახელოვნად“

 

„წეროთა გუნდი ყივის და ყივის...“

კომპანია HOI Physical Theatre Company-ს მიერ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის სცენაზე წარმოდგენილი ქორეოგრაფიულ-თოჯინური სპექტაკლი „მარო“, შექმნილია მარო მაყაშვილის დღიურზე დაყრდნობით. ეს არის არავერბალური, ემოციური ისტორია სამშობლოს სიყვარულზე, გმირობაზე და იმ ტრაგიკულ არჩევანზე, რომელსაც ადამიანი აკეთებს.

 

სპექტაკლის რეჟისორები და ქორეოგრაფები - თათა თავდიშვილი და ტატო გელიაშვილი - ქმნიან ვიზუალურად მკაფიო, მეტაფორებით გაჯერებულ თეატრალურ ენას, სადაც პლასტიკა, მუსიკა, ადამიანი და თოჯინა ერთმანეთთან დრამატურგიული ქსოვილით (სპექტაკლში გამოყენებული საბანიც ამ მეტაფორულ ენად შეიძლება აღვიქვათ) ერთიანდება.

 

დადგმა ეძღვნება ახალგაზრდა ქალს, რომელმაც რუსეთ-საქართველოს ომის (1921) დროს საკუთარი სიცოცხლე ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შესწირა. სპექტაკლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ამ ისტორიული ფიგურის გააზრებაა, არა მხოლოდ როგორც  რომანტიზებული მითის, არამედ როგორც ცოცხალი ადამიანის, რომელმაც სამშობლოს სიყვარული სიცოცხლეს ანაცვალა.

 

სპექტაკლი იწყება ჩაბნელებული სცენით, რომელსაც ჰორიზონტალურად წითელი ნეონის განათება კვეთს. ამ მინიმალისტური მხატვრული გადაწყვეტით ჩვენ ვხედავთ წითელი არმიის შემოსვლას. სიმღერის - „დიდება თავისუფლების“ ფონზე ჭერიდან ეშვება ლურჯი მუნდირები, რომელსაც მარო და იუნკერები იცვამენ. ეს მიზანსცენა იდეალიზებულ, რომანტიზებულ გმირობის ვიზუალურ ნიშანს ქმნის. სპექტაკლის ფინალში კი, ამავე მუნდირებს ამობრუნებულს, სარჩულით კიდებენ. ეს ქმედება უკვე აღიქმება ფორმის დესტრუქციად.

 

სცენის სიღრმეში, მარცხენა მხარეს, თავიდანვე ჩანს უმოძრაოდ მდგარი მაროს თოჯინის სილუეტი, რომელიც თითქოს საკუთარ ისტორიას ელოდება. მოგვიანებით სცენაზე ჩნდება ნაწნავებიანი გიმნაზიელი გოგონა - თავად მარო, რომელიც მოძრაობს თოჯინური პლასტიკით. ეს გადაწყვეტა ქმნის ორ რეალობას: ცოცხალი ადამიანი და მისი მითი.

 

საბნის ქვეშ მოძრავი კოლექტიური სხეული, თითქოს მიწისქვეშა ძალას ქმნის, რომელიც ერთდროულად ატარებს სიცოცხლესაც და სიკვდილსაც. სწორედ ეს საბანი აიტაცებს მაროს და სცენის სიღრმეში წაიყვანს; ფინალში კი, იგივე მოძრაობა უკვე გარდაცვლილი მაროს თოჯინას წაიღებს. აქ საბანი გარდაუვალი ისტორიის სიმბოლოდ იქცევა.

 

ქორეოგრაფიულ ნაწილში განსაკუთრებით ეფექტურია ხორუმის მოტივებზე აგებული სცენა. ქართული საბრძოლო ცეკვის ენერგია აქ პატრიოტულ სულისკვეთებას ამძაფრებს და იუნკერების ერთიანობას ემოციური დადგმით გვანახებს. ხორუმისთვის დამახასიათებელი მკვეთრი, მიწასთან მჭიდროდ დაკავშირებული მოძრაობები, რიტმის შინაგანი დაძაბულობა და კოლექტიური სუნთქვის ეფექტი სცენაზე ერთგვარ სამხედრო ერთობად ყალიბდება. ქორეოგრაფია არა მხოლოდ ფიზიკურ სინქრონს ქმნის, არამედ იუნკერთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობასაც ავლენს. ჯგუფური გადაადგილებები, წონასწორობის მუდმივი ძიება ასახავს ბრძოლის პროცესს, სადაც წესრიგი და ქაოსი ერთმანეთში გადადის. ამასთან, მოძრაობის დინამიკა თანდათან იძაბება და ემოციურ კულმინაციას აღწევს, რის შედეგადაც მაყურებელი არა მხოლოდ ხედავს, არამედ თითქმის ფიზიკურადაც გრძნობს ამ კოლექტიურ ენერგიას, რომელსაც გარდაუვალი მსხვერპლი მოყვება.

 

ემოციური ეპიზოდია თოჯინის გამოჩენა, თავისი ნატიფი სახითა და ზუსტი პლასტიკით. მისი თითები ცოცხალი ადამიანის თითებივით იწყებს მოძრაობას. ამ მომენტში ის აღარ არის უბრალო ნივთი, ის თითქოს სრულფასოვანი მოქმედი ფიგურაა, რომელსაც საკუთარი ემოცია და შინაგანი მდგომარეობა აქვს. როცა თოჯინა მკერდში იკრავს დაღუპულ იუნკერს, სცენა სრულიად სხვა მნიშვნელობას იძენს. აქ ჩნდება ასოციაცია, თითქოს დედა ეხვევა შვილს, როგორც მარიამი იესოს (პიეტა). ან თოჯინა ამ შემთხვევაში სიკვდილის ანგელოზია, რომელიც საიქიოში აცილებს გარდაცვლილს. ამ სიჩუმეში და ნელ მოძრაობაში ეს ქმედება განსაკუთრებით მძაფრად აღიქმება და მაყურებელში დიდ ემოციას იწვევს. თოჯინა ამ დროს თითქოს ერთდროულად არის მაროც, დედაც, და ზოგადად ყველა, ვინც გლოვობს. ამიტომ ეს ეპიზოდი სცდება კონკრეტულ ისტორიას და უფრო ფართო მნიშვნელობას იძენს - იქცევა სიჩუმეში გამოხატულ ტკივილად, რომელსაც სიტყვა უკვე ვეღარ გადმოსცემს.

 

სპექტაკლში ყველაზე პოეტური მეტაფორაა „დაჭრილი წეროების“ სცენა. მსახიობები მიჯრით დგანან, ბუმბულებით ხელში და თანდათან ყრიან ძირს - დაჭრილი ფრინველებივით მოძრაობენ. მწკრივად განლაგებული სხეულები ერთ რიტმში სუნთქავენ და სწორედ ამ მომენტში განსაკუთრებით მძაფრად ისმის მარო მაყაშვილის ციტატა  ლექსიდან: „სადღაც გამქრალა მიჯრილი მწკრივი და, ალბათ, ჩემი შესავსებია…“ - დაღუპული გმირები ცაში გაფრენილ წეროებად გადაიქცევიან. ამასთან, ქართულ კულტურულ მეხსიერებაში ჩნდება სხვა ასოციაციაც: „არწივი ვნახე დაჭრილი, ყვავ-ყორნებს ეომებოდა“.

სცენოგრაფიული სიმბოლოებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელია გამჭვირვალე ჩემოდანი, რომელიც გამხმარი ყვავილებითა და თეთრი ბინტებითაა სავსე. ბინტებზე დარჩენილი ყვავილების ლაქები პირდაპირ არ გვიჩვენებს სისხლს, თუმცა ჭრილობებით დასვრილი ნაჭრების აღქმას გვიტოვებს. გამჭირვალე ჩემოდანი თითქოს ომის „არქივია“, სადაც გროვდება მოგონებები, ტკივილი, დაღუპულთა კვალი. ის მთელი თაობის ტრაგედიას იტევს.

 

სპექტაკლის ფინალი განსაკუთრებით დრამატულია. მარო სცენაზე ტყვიების ასხმით შემოდის. ის აღარ არის მხოლოდ გიმნაზიელი გოგო. ტყვიები, რომლებიც სხეულზე აქვს ასხმული, არა მხოლოდ იარაღია, არამედ მისი ბედისწერის მატერიალიზებული ფორმა. დასასრული მძიმეა და ხმაურიანი.

 

ბოლოს მარო კვლავ გიმნაზიის მოსწავლედ გვევლინება. ზეწარზე ჩნდება ტექსტი მისი დღიურიდან, რომელიც მამას 1921 წლის თებერვალს მიწერა - „გავიმარჯვებთ სახელოვნად!“ - სპექტაკლის მთავარი რეფრენი.

 

წარმოდგენის ყველაზე დიდი ღირსება შემოქმედებითი გუნდის გამართული და ზუსტად ორგანიზებული მუშაობაა, რაც ყველა კომპონენტში თანაბრად იგრძნობა. განათება და მუსიკალური გაფორმება ზუსტად მიჰყვება ქორეოგრაფიულ დინამიკას. სცენოგრაფია მინიმალისტურია, ზედმეტი დეტალებისგან განთავისუფლებული, თუმცა არ  ქმნის სიცარიელის შეგრძნებას - პირიქით. მაყურებელი ყურადღებას ამახვილებს მსახიობების მოძრაობაზე, თამაშზე. განათება და მუსიკალური გაფორმება თანაბარ დრამატურგიულ როლს ასრულებს. მათი სინთეზი ქმნის განსაკუთრებულ ატმოსფეროს. მსახიობები ფიზიკური თეატრისთვის აუცილებელ მაღალ ტექნიკურ მომზადებას ავლენენ: მათი სხეული გამომსახველობითი ინსტრუმენტია, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა ჯგუფურ სცენებში, სადაც კოლექტიური მოძრაობა ერთიან ენერგეტიკულ ველს ქმნის. თოჯინასთან მუშაობისას მსახიობები გადადიან სხვა ტიპის ტექნიკურ სირთულეზე, თუმცა ამასაც ახერხებენ. ისინი არამხოლოდ მართავენ ობიექტს, არამედ საკუთარი სხეულის ენერგიას გადასცემენ და  სულიერ პერსონაჟად, სრულფასოვან გმირად გარდაქმნიან.

 

ქორეოგრაფიულ-თოჯინური სპექტაკლი „მარო“ მაყურებელს აჩვენებს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს, ყველაზე სწორი არჩევანია. ამ უსიტყვო თეატრალურ ენაში მკაფიოდ იგრძნობა პატრიოტული პათოსი. სპექტაკლის კონცეფციას განსაკუთრებით ზუსტად გამოხატავს ფრაზა - „დუმილი მახრჩობს“. ეს სიტყვები თითქოს მთლიან წარმოდგენას აჯამებს. დადგმა სრულიად არავერბალურია - სიტყვები აქ თითქმის აღარ არსებობს. სწორედ ამ დუმილში იბადება სპექტაკლის მთავარი ემოცია: ტკივილი, რომელსაც სიტყვა ვეღარ იტევს. მაროს და იუნკერების ისტორია სცენაზე ხმამაღალი დეკლარაციების გარეშე ყალიბდება, თითქოს ისტორიის ტრაგედია თავად აჩუმებს ადამიანს. ამგვარად, დუმილი ყველაზე ძლიერი გამოხატვის ფორმაა. ეს არის სპექტაკლი, სადაც მოძრაობა და ჟესტი იმ სიტყვებს ამბობს, რომელსაც ხმა ვეღარ იმეორებს.

 

„იქნება სხვები ამას არ ხედავენ, მაგრამ მე ისეთი გრძნობა მაქვს, რომ სრულად ეღირსება ამ ბედშავ ერს თავისუფლება. მაშინ მზეც მხიარულად გაანათებს და გაათბობს არეს და მთვარეც გაანათებს ძველ კვალს, რომელიც სიმართლისკენ მიდის“ - მარო მაყაშვილი.

 

ფეხებქვეშ ყოჩივარდები ყვავიან.

bottom of page