
მარჯან იშვილის თეატრში წარმოდგენილი „ადამიანის ტრაგედია - დაცემა“
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

მანანა თევზაძე
მარჯანიშვილის თეატრში წარმოდგენილი „ადამიანის ტრაგედია - დაცემა“
სპექტაკლის აფიშასა და ფბ-ზე გამოქვეყნებულმა რამდენიმე ფოტომ მაფიქრებინა, რომ ანტიკური ტრაგედიის ერთ-ერთი თემა გათამაშდებოდა და დავინტერესდი, მით უმეტეს, რომ ჩემმა მეგობარმა მსახიობმა ქალმა, სპექტაკლი ძალიან მიქო.
პროგრამის წინასიტყვაობამ მიმახვედრა, რომ საკმაოდ რთული შინაარსის სანახაობა მელოდა: ადამიანის არსებობის დანიშნულების წვდომის ცდა! აქვე გამოტანილმა ფოტომ - საერთო მოყავისფრო-მორუხო გამაში გადაწყვეტილი მიწისა და ცის შორეულმა ანარეკლმა და ემბრიონის პოზაში მოკუნტული, შიშველი ადამიანის, სავარაუდოდ, მელოტი კაცის სხეულმა და მასზე აფოფხებულმა ჭიანჭველამ, მაფიქრებინა, რომ იგი... წაქცეული, დაცემული, ცოდვილი... ადამია? თუ მისი შვილი, ზოგადად, ადამიანი - სრულყოფილი და მაინც, განწირული?
ანტიკური ტრაგედიის მარადიული თემა...
ავანსცენაზე და ფარდის გახსნის შემდეგ მთელ სცენაზე, მიმოფანტულმა, წითელ-ყვითელმა ფოთლებმა და აქა-იქ მოთაბაშირო მასალის თეთრმა ფიგურამ თუ ნამსხვრევმა, ერთი მთლიანის მოლოდინის ასოციაცია შემიქმნა...
სცენის მარჯვენა მხარეს, სიღრმეში, თავახდილი როიალი დგას...
უცნაურმა ბგერამ, ხმაურმა და მოძრაობამ აავსო უსიტყვო სცენა...
ნელ-ნელა, სიცილით შემოტორტმანდნენ შიშველ სხეულზე გრძელმკლავიან, ყელზე მომდგარ და ნაოჭასხმულ, ფრიალა თეთრ, გამჭვირვალე სამოსში მოსილი ქალები, ხელთ, სცენაზე მიმობნეული თეთრი ფიგურების მსგავსი დეტალებით. წითელი ვაშლები ჩაკბიჩეს და სცენაზე, მაყურებლისკენ სიცილ-სიცილით შემოაგორეს... უპირველესი სიმბოლო ცდუნებისა და ცოდვისა!
...და, რა თქმა უნდა, თეთრ კვამლში გაეხვია იქაურობა. სინათლის ერთმა სხივმა ქალების სიშიშვლეც ამოიტაცა და ერთი მათგანის ხელში - ადამიანის პროფილი...
ამ ქალებმა ადამიანის დანაწევრებული სხეული შემოიტანეს.
ეს ალბათ პირველი ეპიზოდი იყო...
და მეორე ეპიზოდიც: მამაკაცების მხრებზე აფორთხებული, მოხარხარე მამაკაცი.
აქვე ვიტყვი, რომ სპექტაკლი ლიტერატურული პირველწყაროსაგან მომდინარე რამდენიმე ეპიზოდისაგან შედგება და ერთიან სიმბოლურ სივრცეს ქმნის, ხოლო მუსიკალური ამოსუნთქვები თავისი ხმოვანებით მოთხრობილი ამბის განცდას ხაზს უსვამს.
დიახ, ამ ეპიზოდებში კაცობრიობის მიერ განვლილი ეპოქები იგულისხმება, რომელთა მთავარი მოქმედი გმირი, ეს კი საკამათოა, ვინ არის? ადამი? ევა? თუ ლუციფერი? რომელია მათ შორის ეპოქათა მთავარი მამოძრავებელი, შემოქმედებითი ძალა?
მაგრამ სპექტაკლის ერთიანი სხეული იმგვარადაა აღმოცენებული პირველწყაროდან და ქორეოდრამის პრინციპული თავისებურებებიდან გამომდინარე, ისე შეკრული, რომ დრამატული გარდასხვა და ქორეოგრაფიული გამომსახველობა არა მხოლოდ შემსრულებელთა ფიზიკური შესაძლებლობებისა და ტექნიკის წარმოჩენაა, არამედ მიმიკისა და ჟესტიკულაციის მეშვეობით, მოვლენათა და მოქმედ გმირთა ურთიერთობების განვითარება.
სპექტაკლის მონაწილე მსახიობები, გარდა პროფესიონალებისა მოძრაობის თეატრში, დრმატული თეატრალური სკოლის კურსდამთავრებულები და სტუდენტები აღმოჩნდნენ, ხოლო დამდგმელი რეჟისორები, ქორეოგრაფები, ამავდროულად მხატვრებიც: ტატო გელიაშვილი (თავიდან ამირან შალიკაშვილისა და კირა მებუკეს, ხოლო შემდეგ ავთანდილ ვარსიმაშვილის სტუდენტი) და თათა თავდიშვილი (გიორგი შალუტაშვილისა და შემდეგ - თემურ ჩხეიძის სტუდენტი).
და სპექტაკლის მთავარი კითხვა: რა არ ასვენებს კაცთა მოდგმას? საიდან ამდენი სიძულვილი? გაუთავებელი შური და მტრობა? და ომი? ბრძოლა ხელისუფლებისათვის? ეს კითხვები, მიუხედავად ჩადენილი ქმედებისა, კაცობრობას მაინც აწუხებს და მათზე პაუხს ეძებს. ახალგაზრდა რეჟისორების სპექტაკლი „ადამიანის ტრაგედია-დაცემა“ კიდევ ერთი, მერამდენე ცდაა ამ ძიების გზაზე.
მთლიან, შავ ფარდაში ჩაცმულ სცენაზე ძუნწი, თუმცა მეტყველი განათების წყალობით სპექტაკლის ძალიან საინტერესო კომპოზიციები და პერსონაჟთა ჩაცმულობა ამოშუქდება ხოლმე. მსახიობებს, ქალებსაც და კაცებსაც მსგავსი კოსტიუმები მოსავთ: მათი ფრიალა კაბები სულაც არ ჰგავს ნაფლეთებს, თუმცა ასეთ შთაბეჭდილებას ახდენს. შეჭრილ-შემოჭრილი ქობით, პრიალა სარტყელითა და გულისპირზე შემოყოლებული ასეთივე პრიალა კანტით. ეს კაბებიც კი არაა, არამედ ფრიალა, განიერტოტებიანი შარვლები. მათი ღია, პირისფერი ფერადოვნება ესიტყვება სცენაზე გაბნეულ ფოთოლცვენას. მუსიკალური აქცენტების ოხვრა, ქშენა - შიშველი ფეხების ძველეგვიპტურ დგომას, ხელების კუთხოვან, წყვეტილ შლას, ხოლო მოძრაობა, ეს არც ცეკვაა, არც როკვა, მაგრამ არც პანტომიმა... თითქოს ლოცვაა, თითქოს ბრძოლა, კონვულსია...
უნდა ვთქვა, რომ მსახიობები მართლაც კარგად მოძრაობენ. ფერხულის წარმართულ წყობაში იხლართება მათი სხეული, რაღაც შეუცნობელ ტანჯვას ჰყავს შეპყრობილი: წამოიმართებიან, კვლავ იხრებიან და ასე გაუთავებლად, ტორტმანებენ დაზნექილი სხეულებით...
დროდადრო ჩნდებიან მოწინავენი - ქალები, კაცები... განსაკუთრებული ეფექტი წითელსა და თეთრ ფერში გამოხვეული მამაკაცის დიდი პროფილის გამოჩენაა, რომელსაც ყეფით, ყმუილით, კნავილით ხვდება ტანჯულთა გუნდი.
რა განწირული სულისკვეთება ამოძრავებს მათ სურვილებს? ტრფობა?
მესამე ეპიზოდში, ერთ რიგში ჩამწკრივებულმა, მწყობრი ნაბიჯით შემოსულმა გოგო-ბიჭებმა, სცენა დიაგონალზე გადაჭრეს და სხეულის მიხვრა-მოხრით დაიშალნენ. მოქმედების აქცენტი ერთ-ერთზე გადავიდა, სცენის იატაკზე მოკუნტულზე.
მერე ჯგუფებს შორის შერკინებაც იწყება, მექანიკური მოძრაობა და სტატიკა ენაცვლება ერთმანეთს, სხვადასხვა ქორეოგრაფიული სვლით იკვრება ძალიან საინტერესო კომპოზიციები, რომელთაც XX საუკუნის 30-იანი წლების სპორტულ საპარადო შეჯიბრებებზე გამოტანილი გიმნასტიკური კომპოზიციები ამოატივტივეს ჩემს მახსოვრობაში. წითელი შუქით ამონათებულმა კუდიანთა არულამ, კვლავ „ხორუმის“ სვლით, ერთი პერსონაჟის ირგვლივ შეკრულმა წრემ, ახალგაზრდა მამაკაცის შთამბეჭდავმა ფიგურამ თეთრ მოსასხამში, დანტეს „ჯოჯოხეთიც“ მომაგონა და დორეს სრულიად გამაოგნებელი ტექნიკით შესრულებული ლითოგრაფიული ფურცლები...
ორგიაში ჩაძირულ გუნდს ვერ აფხიზლებს ახალგაზრდა მამაკაცის მდუმარე და დამკვირვებლური ორი შემოსვლა თუ ერთეულთა შეძახილები.
ძალიან საინტერესოა განათება: გრაფიკული, შავ-თეთრით, ალაგ-ალაგ წითელფერშერეული მახვილებით, მსახიობთა სხეულის, პლასტიკის, ხელების გამომკვეთი... ერთი მეორის ზურგზე, მხრებზე გადასვლით, ზეასვლით სიმაღლისკენ, ზეცისკენ, შეცნობისაკენ მსწრაფი ხელების, ცისკენ აწვდილის, ზეაღმართული ხელების ტყე, რაღაცის მომლოდინე ხელების... საშველის?.. მაგრამ ამაოდ...
თუკი სტურუას „სტიქსი“ კაცობრიობის დასასრულზე მოგვითხრობდა, აქ მისი დასაწყისია, თუმცა ფოთოლცვენის მიხედვით თუ ვიტყვით, აქ ჯერ ისევ შემოდგომაა, სპექტაკლის ავტორთა მიერ ვერგამეტებული არსებობა ადამის მოდგმისა.
განსაკუთრებით შთამბეჭდავია რამდენიმე ქორეოგრაფიული კომპოზიცია: „ბუდა“ - ლოტოსში ჩამჯდარი ვაჟი და „ქრისტეს გარდამოხსნა“ ქალთა ტრფიალის ფონზე, შემდეგ სუფის მოფრიალე თეთრ კაბაში მოსილის მიერ „შაჰსეი ვაჰსეი“ ერთგვარი ჯაჭვებითა და ტრადიციული მოძრაობით და კვლავ „გარდამოხსნის“ კომპოზიცია... ყველაზე ხანგრძლივი კომპოზიციური ერთიანობა, რომლის ემოციურ გავლენას ქრისტეს ხელთა დროდადრო შეტოკება აძლიერებს...
რწმენის მონაცევლეობა თუ ერთიანობა?
და, რაც მთავარია, ამ კომპოზიციის თანხმლები ვნებამორეული შეკივლება და ხარხარი...
ერთი და იგივე ამბავი ფრაგმენტულად გრძელდება და ჰყვება ადამიანთა ამბავს, რომ ვერა და ვერ მთლიანდება ადამიანის სხეულის მიმოფანტული ნაწილები, მისი აზროვნება... აქ სიხარული არსადაა. ნუთუ მხოლოდ ტანჯვისთვისაა გაჩენილი ადამიანი?
... და რჩება ქალი და კაცი, აბა ვინ უნდა დარჩეს?..
ეს მათი ტრფობაა წამებული, მათი ვაება, ოხვრა და შეყვირება მარადისობაში ექოდ წაღებული.
შავებში ჩაცმული ვაჟი უახლოვდება როიალს, სკამზე ჯდება და პირველ ნოტს იღებს, შემდეგ მეორეს, მესამეს და ისმის მელოდია, ასე ნაცნობი... წყნარი, მშვიდი, ულამაზესი... მისი ჰანგი ფრინველებივით გარს შემოიკრებს ამ ხალხს, ისინი კი აიტაცებენ მუსიკოსს, ზურგზე აიყირავებენ, ინსტრუმენტს მოაშორებენ... მაგრამ მუსიკა მაინც იმძლავრებს და მთელ სივრცეს ეუფლება... ის ერთადერთია, ღვთაებრივი და მარადიული, რომელიც კოსმოსურ სამყაროში არსებობს და მხოლოდ რჩეულთათვისაა გასაგონი...
ნელ-ნელა ნათდება დარბაზი, პერსონაჟები სცენაზე მიმობნეული დეტალების შეერთებას იწყებენ... ავანსცენაზე დარჩენილი, პროჟექტორის ერთი სხივით გამოკვეთილი ქალ-ვაჟისა და თეთრმოსასხამიანის სამება კი ხელის მუჭში სინათლეს ანთებს და უკანა პლანზე უკვე აწყობილ, შეერთებულ, მოკუნტულ სხეულს - ემბრიონს ჩაუდგამს გულსა და სულს...
მაგრამ იგი რომ უძრავია? დიახ, საწყისი, მომავალი, მაგრამ მაინც დაბზარული და შეკოწიწებული?..
კითხვები კვლავ კითხვებად დარჩა: ვინ არის სამყაროს მთავარი მამოძრავებელი ძალა და რა არ ასვენებს ადამის მოდგმას?
მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლი ფაქტობრივად, რამდენჯერმე დასრულდა და კვლავ გაგრძელდა, იგი, უდავოდ წარმატებით ისარგებლებს კლასიკურ თეატრალურ სპექტაკლ-გაკვეთილებს გულმოყირჭებულ ახალგაზრდა მაყურებლის საზოგადოებაში, რომელმაც სცენაზე გამოსულები აღფრთოვანებული შეძახილითა და ტაშით დააჯილდოვა. იმედს ვიტოვებ, რომ მომავალ სეზონში სპექტაკლს გაცილებით მეტი მაყურებელი ეყოლება.