top of page

მარჯანიშვილის თეატრის სამი სპექტაკლი

თინას 9.jpg

მარჯანიშვილის თეატრის სამი სპექტაკლი


გიორგი ყაჯრიშვილი


ჩემი თაობის ადამიანისთვის საბჭოთა კავშირის და ბერლინის კედლის ნგრევა ყველაზე დიდი პოლიტიკური მოვლენები იყო, ალბათ პარიზის კომუნისა და 1917 წლის რუსეთის რევოლუციის მსგავსი, მოვლენები, რომლებმაც სრულიად ამოაყირავა ადამიანთა ფსიქოლოგია, ცხოვრების წესი და მისდამი დამოკიდებულება და რამაც როგორც ამბობენ ხოლმე სრულიად „გადააფასა“ ისტორიაცა და აწმყოც. ერთ მშვენიერ დღეს (ყველა კატაკლიზმების, სამოქალაქო ომების, დაპირისპირებათა შემდეგ) გამოვერკვიეთ და უეცრად ავღმოჩნდით საკუთარი თავის წინაშე და ჩავფიქრდით: ვინ ვიყავით, ვინ ვართ ან ვინ ვიქნებით? - თავისუფალ ქვეყანაში, სადაც არანაირი სახელმწიფო სტრუქტურები,  არანაირი კონსტიტუცია, არანაირი კანონი არ არსებობდა - მათ შორის კანონი თეატრის შესახებ.
ამ „ქაოსის“ შედეგად ორი, დამოუკიდებელი თეატრი მოგვევლინა „რუსთაველის თეატრალური სარდაფი“ და მოგვიანებით „თავისუფალი თეატრი“, რომლთა შორის  ერთმა უკვე შეწყვიტა ფუნქციონირება, მეორე კი დღემდე წარმატებით აგრძელებს მოღვაწეობას. ყოველივე ამას კი წინ უძღოდა რეჟისორთა ლიგის შექმნა (რომლის ინიციატორი რობერ სტურუა გახლდათ). მასში შევიდა თეატრსმიღმა დარჩენილ ახლგაზრდა რეჟისორთა მთელი თაობა. სწორედ ამ ლიგის წევრებმა (ლევან წულაძე, ოთარ ეგაძე, გიორგი მარგველაშვილი, ავთანდილ ვარსიმაშვილი) მხატვარმა შოთა გლურჯიძემ და კინოპროდიუსერმა  გიორგი ხარაბაძემ 1997 წ. დააფუძნეს  „რუსთველის თეატრალური სარდაფი“ და 31 მარტს გახსნეს სპექტალით  ბ. ბრეჰტის „სამგროშიანი ოპერა“ (რეჟისორი ლევან წულაძე). ეს იყო პირველი თეატრი საქართველოში, რომლის დაფუძნებაში სახელმწიფო სტრუქტურებს (არც კულტურის სამინისტროს და არც თვითმართველობის ორგანოს - ქალაქის მერიას) მონაწილეობა არ მიუღიათ, რაც პირველი პრეცენდენტი აღმოჩნდა. ზუსტად ერთი წლის თავზე ასევე 31 მარტს და ამავე  პრინციპით ავთანდილ ვარსიმაშვილმა გახსნა „თავისუფალი თეატრი“, რომელიც  „რუსთველის თეატრალური სარდაფიდან“ წამოვიდა შიდა დაპირისპირების გამო. 
ორივე თეატრმა ძალიან მალე გარშემო შემოიკრიბა არა მხოლოდ ახალგაზრდა შემომქმედთა (მსახიობები, დრამატურგები, სცენოგრაფები), არამედ რაც მთავარია გულშემატკივართა და მაყურებელთა დიდი ჯგუფი. ეს დაახლოებით ისეთივე „თეატრალური ბუმი“ იყო, როგორც მაგ. 80-90 წწ. რუსთაველის თეატრის მცირე თეატრის მოღვაწეობამ გამოიწვია. „რუსთველის თეატრალური სარდაფში“  არსებულმა რეჟისორთა რაოდენობამ განაპირობა ის, რომ რეპერტუარი თითქმის ერთდროულად შეივსო ერთმანეთზე უკეთესი სპექტაკლებით: ა. სტრინბერგის „სიკვდილის როკვა“ (როლებში: რამაზ ჩხიკვაძე, გურამ საღარაძე, ნანა ფაჩუაშვილი) ბ. ბრეჰტის „შიში და სასოწარკვეთილება“, უ. შექსპირის „ჰამლეტი“ (როლებში: გოჩა კაპანაძე, გურამ საღარაძე, თათული დოლიძე, ნინო თარხან-მოურავი) - რეჟისორი ავთო ვარსიმაშვილი, გოეთე „ფაუსტი“, ნ. ბესელიას „ლიფტიორი“, კლოდ მანიეს „ოსკარი“, რალფკნიგი "Et Cetera" (როლებში: ზუკა პაპუაშვილი, დუტა სხირტლაძე, ბესო ბარათაშვილი)   - რეჟისორი ლევან წულაძე, ე. იონესკო „ორთა ბოდვა“ ( როლებში: გია როინიშვილი, ნინო ბურდული), მ. სებასტინი „უსახელო ვარსკვლავი“ (როლებში: გია როინიშვილი, ბარბარე დვალიშვილი) კლოდ მანიეს „ბლეზი“ (როლებში: ზუკა პაპუაშვილი, ნატო ებანოიძე, დავით გოგლაშვილი, ეკა ანდრონიკაშვილი) - რეჟისორი ოთარ ეგაძე და ბევრი სხვა. აქვე გვინდა ვთქვათ, რომ რეპერტუარის ასეთი ეკლექტურობა (სადაც არ შეიმჩნეოდა არანაირი  ტენდენციები და განსაკუთრებული ყურადღება დრამატურგიის რომელიმე მიმართულებისკენ)  განპირობებული იყო მხოლოდ იმით, რომ აქ მოღვაწე ყველა რეჟისორი მუშაობდა იმაზე, რისი განხორციელებაც სურდა. როგორც ოთარ ეგაძე იხსენებს, რეპერტუარში დიდხას რჩებოდა ის სპექტაკლი, რომელიც თვითონვე მოსწონდათ. მაყურებელთა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია ის რომ საჭირო გახდა მეორე სცენის გახსნა - ასე დაფუძნდა „ვაკის თეატრალური სარდაფი“, თუმცა ამჟამად არც ერთი მათგანი აღარ არსებობს.  
დროთა განმავლობაში დაიშალა რეჟისორთა  ლიგაც: ლევან წულაძე ახლა მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია, ავთანდილ ვარსიმაშვილი ა. გრიბოედოვის სახ. რუსული დრამატული თეატრის და  „თავისუფალი თეატრის“, გიორგი მარგველაშვილი წლების განვალობაში მ. თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრს ხელმძღვანელობდა, დავით ანდრულაძე კი ს. ახმეტელის სახ. თეატრს, ახალა კი  „რკინის თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელია, ოთარ ეგაძემ ილიაუნის თეატრი შექმნა და აშ. 
ამბობენ რომ „ყოველივე ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო“  და ლევან წულაძემ, როგორც კი შესაბამისი ადგილი მოინახა (სტამბის ეზო) მაშინვე გახსნა ამჯერად „მარჯანიშვილის თეატრის  სარდაფად“  წოდებული ახალი სივრცე, რომელიც ისეთივე თეატრალური ესთეტიკის მოღვაწეობს როგორც უწინ:  ეჟი გროტოვსკისეული  - მაყურებელის სიახლოვეს თამაში, პატარა სცენა, უკულისობა (რაც საშუალებას აძლევს რეჟისორსა და სცენოგრაფს გამოიყენოს სცენის ოთხივე მხარე და მაყურებელი მოათავსოს მის გარშემოც), მინიმალური სცენოგრაფია და უარის თქმა დიდი დეკორაციაზე,  მაყურებელთა განლაგება ამფითეატრზე, ახალგაზრდა რეჟისორთა ექსპერიმენტალურ წარმოდგენები დამწყები და უკვე გამოცდილი მსახიობების მონაწილეობით. ძალიან სასიამოვნოა რომ თითქმის ათი წლის შემდეგ, რაც „რუსთველის თეატრალური სარდაფი“ დაიხურა მარჯანიშვილის თეატრის „სარდაფს“ გადმოჰყვა მისი წინამორბედის წარმატების „შარავანდედი“ და ამ თეატრში ბილეთი შეძენა ისეთივე პრობლემურია როგორც უწინ. 
ყველა თეატრს აქვს წამყვანი ასე ვთქვათ „ტოპ სპექტაკლები“- საუკეთესონი რეპერტუარში, რომლებიც გამორჩეოდნენ მაყურებელთა განსაკუთრებული ინტერესით და „ანშალგებით“. ესეთები იყო „რუსთაველის თეატრალურ სარდაფში“ ლევან წულაძის „ფაუსი“ და "Eთ ჩEთEღA", ოთარ ეგაძის „ორთა ბოდვა“ და „ბლეზი“, ვაკის სარდაფში ლევან წულაძის უ. შექსპირის „ვენეციელი ვაჭარი“ მერაბ ნინიძით  და ოთარ ეგაძის გ. ქართველიშვილის „ქრონიკები“ დუტა სხირტლაძის მთავარ როლებში ...
მარჯანიშვილის თეატრის სარდაფშიც ან ნიშნით ამ დროისათვის სამი „ტოპსამეული“ გამოიკვეთა, რომლებიც  ყველაზე დიდი წარმატებით სარგებლობენ: „მთვრალი ალუბალი“ (ლევან წულაძე და ალექსანდრე ელოშვილი)  ფ. დიურენმატის „მოხუცი ქალის ვიზიტი“ (რეჟისორი ალექსანდრე  ელოშვილი), ჰ. ბიოლის მიხედვით  „კატარინა ბლუმის შელახული ღირსება“ (რეჟისორი მიხეილ ჩარკვიანი). 
„მთვრალი ალუბალი“  ტრაგიკომედიის ჟანრის ნაწარმოებია, რომელიც გამოირჩევა  მსახიობთა ანსამბლის (ე. ჩხეიძე, ბ. დვალიშვილი, მ. კოზაკოვა, ქ. ცხაკაია. თ. ბუხნიკაშვილი, ნ. გაჩეჩილაძე, ნ. წულაძე, მ. აბულაძე, ზ. იაკაშვილი, ზ. გოგუაძე, დ. ხურცილავა. ო. ონიანი, პ. ინაური, ზ. ბერიკაშვილი, ზ. სალია)  ვირტუაზული შესრულებით, უზადო პლასტიკით, განსაკუთრებული სცენოგრაფიით და  მუსიკალური გაფორმებით. ეს წარმოდგენა ყველა ასაკის მაყურებელის ინტერესს იწვევს, იზიდავს და  ხიბლავს მათ. ამ წარმოდგენისთვის რეჟისორმა ლევან წულაძემ, რომელიც ამავე დროს სცენოგრაფადაც გვევლინება (ეს მისთვის პირველი მცდელობაა არაა. დიდ სცენაზეც იგი ხშირად და წარმატებით აფორმებს სპექტაკლებს) საერთოდ „გააუქმა“ სცენა - მაყურებელი და მსახიობები ერთიდაიმავე სიბრტყეზე, ერთიდაიმავე სივრცეში - კაფე „მთვრალ ალუბალში“ იმყოფებიან, უშუალოდ არიან ჩართული ქმედებაში.  ჩვენს წინაშეა  თანამედროვე ადამიანები, ჩვენ ვცხოვრობთ მათი ცხოვრებითა და პრობლემებით, მათი ინტერესებით და  მათთან ერთად განვიცდით ტრაგიკულ მოვლენებსაც, თანავუგრძნოთ მთავარ გმირებს პირადი ცხოვრების მოუწყობლობის გამო, ვიზიარებთ მათ წუხილს  და ვცდილობთ პერსონაჟებთან ერთად ჩვენ საკუთარ თავში   ამ და სხვა სახის პრობლემების  გადაწყვეტას. სპექტაკლში უამრავი ძალზე ლამაზი და ორიგინალური სცენებია: მანანა კოზაკოვა „მაკიაჟი“ გაკრიალებულ ქვაბის ფსკერზე ჩახედვით და მისი ანგელოზად მოვლინება,  თამარ ბუხნიკაშვილის რუსული რომანსი და ქორწილის იმიტაცია, ონისე ონიანის  და ბაჩუკი დოღონაძის „სტეპი“, ეკა ჩხეიძისა და ზაზა იაკაშვილის „ღამის პაემანი „მთვრალი ალუბლის“ ნამცხვრით, ჯვარის წერის სცენა, ზურა ბერიკაშვილის „აღსარება“  ქეთი ცხაკაიას „სასიყვარულო ისტორიები“ და აშ. წარმოდგენის ბედნიერი დასასრული ენთუზიაზმით განაწყობს ყველას და ბედნიერი მომავლის იმედს უსახავს მათ. 
ფ. დიურენმატის „მოხუცი მანდილოსნის ვიზიტის“  ეს უკვე მეორე წარმოდგენაა  ჩვენთან - პირველად  იგი დავით ანდღულაძემ დადგა ა. ახმეტელის თეატრში   „მეორედ მოსვლა ანუ ვიზიტის“ სახელით, სადაც კლარა ცახანასიანს ნანა ფაჩუაშვილი თამაშობდა და გარეგნობითაც კი (ხელის, ფეხის, სახის პროტეზებით) მართლაც „ურჩხულს“ წამოადგენდა სცენაზე. 
ქეთი ცხაკაიას კლარა ჩვეულებრივი ქალია, ლამაზი, მოხდებილი - მსახიობის მხოლოდ სიტყვიერად თუ აღიარებს საკუთარ სიმახინჯეებს, როგორც ფიზიკურს ისევე სულიერს, შეზღუდული ადამიანის სავარძელიც მხოლოდ პროფორმად, ასევე ვთქვათ საკუთარი მნიშვნელობის ხაზგასასმელად სჭირდება,  რომ ტრიუმფატორად ისეირნოს თავის ყოფილ სამშობლოში. მას არც ეს სავარძელი აკმაყოფილებს, მთელ რიგ სცენებს იგი სკამზე ამაღლებული  ასრულებს - ისევ ზექალია, იმ მილარდერის ამპლუაში, რომელმაც  უნდა გადაწყვიტას არა მხოლოდ ქალაქის,  არამედ  ყოფილი შეყვარებილის, მისი დაღუპული შვილის მამის - ალფედ ინის ბედიც - გია როინიშვილი თავიდან ეწინააღმდეგება მასზე შემოტევას, იბრძვის, ცდილობს საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას, მაგრამ სულ მალე ნებდება, მასში სიკვდილის შიში იბუდებას და სპექტაკლის ბოლო სცენებში უკვე შეგუებულია მსხვერპლის როლსა და უდრტვინველად „მიბარებს სულს“. მაგრამ ეს არაა კლარას მიერ დასახული გეგმის განხორციელება - მან საკუთარი თვალით ხალხის მიერ მოკლული ალფრედი უნდა იხილის, იმ ხალხის მიერ რომელიც თვითონვე შეიძინა, იმ ქარხნებთან, საწარმოებთან, მაღაზიებთან და ყველა უძრავ თუ მოძრავ ქონებასთან  ერთად, რომელიც ამ ქალაქში არსებობს. შურიძიება აღსრულდა ისევე როგორც აღდგენილია სამართალი. მწარედ ტირის კლარა გაქცეული საკუთარი ავაზას სიკვდილსაც, მაგრამ მიცვალებული ალფრედის დანახვისას თვალზე ცრემლიც კი არ მოადგება. ქალაქის საზოგადოების მიერ შეურაცყოფილი, თავლაფდასხმული, შეჩვენებული მტოვებდა პირველად იგი ამ ქალაქს, ახლა კი მეორედ მოსვლის ჟამს (როდესაც ყველა და ყველაფერი დაიმორჩილა) გამარჯვებული, მომღიმარი ღიმილით ემშვიდობება მათ. 
ამფითიატრთან ახლოს ჩატარებული სცენები, პერსონაჟთა და მოქმედ გმირთა სიახლოვე ერთგვარ ზღვარს შლის მათსა და მაყურებელს შორს ასე დამახასიათებელი „სარდაფის“ ესთეტიკისთვის  განსაკუთრებით  სიცხადით  გამოიკვეთა  მიხეილ ჩარკვიანის სპექტაკლ-აქციაში „კატარინა ბლუმის შელახული ღირსება“, რომელიც ჰ. ბიოლის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვითაა დადგმული. ამ წარმოდგენაში საერთოდ არაა მაყურებელთან პირობითი საზღვარიც კი - რეჟისორმა შექმნა თეატრალური გარემო, სადაც ყველანი ერთად არიან: მთავარი თუ მეორეხარისხოვანი შემსრულებლები, სპექტაკლის წამყვანები და მაყურებელი. ჩვენ კატარინა ბლუმის, „ცაიტუნგის“ ჟურნალისტის, მისი მეუღლის, გამომძიებელი ქალის და სხვათა (ნატუკა კახიძე, თეონა ლეჟავა. პაატა ინაური, ქეთა შათირიშვილი, გიორგი ხურცილავა, ანანო მახარაძე, ბიჭკა ჭეიშვილი) გვერდით და მათთან ერთად ვაკვირდებით იმ მოვლენებს, რომელიც გერმანიის ამ პატარა ქალაქში მოხდა. 
კატარინა ბლუმმა საკუთარ სახლში ჟურნალისტი მოკლა, რომელმაც მასზე პირადი ცხოვრების ამსახველი დეტალები და ფოტომასალა გამოქვეყნა, რამაც სამუდამოდ დაუგრია ცხოვრება, იმსხერპლა დედამისი და საყვარელი ადამიანი დააკარგინა. 
რეჟისორს ამ ნაწარმოების დადგმის სურვილი მაშინ გაუჩნდა, როდესაც საქართველოში გამოჩნდა და ინტერნეტ-სივრცეში გამოქვეყნდა პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური ვიდეოკადები. ჩემს  შეკითხვაზე  რატომ ეს ნაწარმოები და ასეთი ფორმით რეჟისორი მპასუხობს: „მე მხოლოდ იმას ვდგავ რაც მაწუხებს და მაღელვებს. მაშინ როდესაც გადავწყვიტეთ მარჯანიშვილის თეატრის სარდაფში დამედგა რაიმე, სწორედ მაშინ გავრცელდა კასრების ვიდეო ინტერნეტით და მან შელახა ძალიან ბევრი ადამიანის ღირსება, გაანდგურა ბევრის ცხოვრება და ზოგიერთმა მათგანმა ვერ მოახერხა რეაბილიტაცია. ეს ამბები რაღაცნაირად მიჩუმდა და აღარავის აინტერესებდა, ისევე როგორც ჩაივლის ხოლმე ნებისმიერი სკანდალი ფესბუქზე. არც გამოიძიეს და არც დამნაშავები არიან დასჯილი. პრესამ  და ტელევიზიამ კი გადაწყვიტა სხვის ცხოვრებაზე მოეთბო ხელი და ამით საკუთარი რეიტინგი აეწია. ძირითადი იდეა, რომ „კატარინა ბლუმის შელახული ღირსება“  გაგვეკეთებინა  პირველ რიგში ისაა, რომ ადამიანის პირადი ცხოვრების კონტრული ყველაზე დიდი ბოროტებაა, რაც კი შეიძლება სახელმწიფომ ჩაიდინოს და მიმყურადებელი არის სახელმწიფოს მიერ დაქირავებული მუშახელი, რომელიც ასრულებს ყველაზე სასტიკ დავალებას.  ის ასევე დაზარალებულია, რადგან როგორც კი ჩნდება ვაკანსია, მაშინვე დგება საკითხი, ვინ უფრო მეტი დამნაშავეა, ის ვინც ამ თანამდებობაზე თანხმდება თუ სახელმწიფო, რომელც ამ ინსტიტუციებს ქმნის. ეს მიმყურადებელიც მსხვერპლია, მაგრამ სახელმწიფოსი. რაც შეეხება სპექტაკლის დადგმას, მინდოდა რომ ქართულ თეატრალურ სივრცეში ყოფილიყო ისეთი წარმოდგენა, რომელიც საზოგადოებას შეახსენებდა ამ ვიდეოების არსებობას, სადაც თეატრში ვისაუბრებდით აღნიშნულ საკითხზე. თუნდაც იმიტომ, რომ როდესაც ამ სპექტაკლზე მუშაობას შევუდექით ეს თემა ძალიან ცხელი იყო, მაგრამ ჯერ კიდევ ტექსტის ადაპტაცია არ გვქონდა დასრულებული მე და დავით ხორბალაძეს, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე გაცივდა და უკვე აღარავის აინტერესებდა, რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ  ამაზე აუცილებლად უნდა გველაპარაკა. კიდევ ერთი ფაქტორი, რომ მარჯანიშვილის თეატრში არსებობს ისეთი მსახიობი, როგორიც ნატუკა კახიძეა ზედგამოჭრილი ამ როლისთვის. თეატრს, ისევე როგორც კინოს შესწევს უნარი შეგვახსენოს, რომ შეიძლება ამ წამსაც გვისმენენ, თუნდაც ამ საუბარს, რომელიც ეხლა გვაქვს, რომ კონტროლდება ჩვენი ტელეფონი, კომპიუტერი და განსაკუთრებით ვიდეოთვალები, რომელიც მთელს ქალაქშია დამონტაჟებული. 
სპექტაკლში არის ასეთი მინიშნება, რომ არსებობს ყოვლისმომცველი თვალი, რომელიც ფრესკაზე გვაქვს ნანახი და რომელიც ხედავს ყველაფერს. ახლა კი ეს უკვე კამერების, რომელიც ყველაფერს ამჩნევს. ამდენად აღარ არსებობს ადგილი, სადაც მარტო დარჩები, სადაც არავინ გაგაკონტროლებს - ეს იყო ის მთავარი რამაც ეს სპექტაკლი„კატარინა ბლუმის შელახული ღირსება“  დამადგმევინა. 
რაც შეეხება ფორმას, მე მინდოდა რომ მაყურებელი გადაქცეულიყო მიმყურადებლად, მოთვალთვალედ ვინაიდან ცვენც ჩვენდა უნებურად თვალს ვადევნებთ სხვების ცხოვრებას - ასე ვთქვათ სოციალური ქსელით და სხვის ცხოვრებაში „ცხვირის ჩაყოფით“. მიმდოდა რომ მაყურებელს გაევლო მიმყურადებელის მდგომარეობა, ამიტომ იგი გამუდმებით მოძრაობს, არ უნდა გაჩერდეს, უნდა დაიღალოს და გაბრაზდეს კიდევაც. არ მინდოდა რომ მაყურებელს კათარსისი განეცადა, რასაც ტრადიციული თეატრი გვთავაზობს და რის მერეც თავს უკეთესად იგრძნობდა -  მე ვსჯი მას, რომ სულ დაძაბული იყოს.  ეს სპექტაკლი ჩემი სამოქალაქო აქტივობაა, ანუ ჩემი აქცია ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ვინაიდან არსობრივად თვალთვალი, მიყურადება პირადი სივრცის განადგურებაა და ამიტომაც ყველა მაყურებელი მოთვალთვალედ ვაქციე“. 

bottom of page