ჰოფმანის „მაკნატუნა“ სენაკის თეატრის სცენაზე
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
მაკა (მარინე) ვასაძე
ჰოფმანის „მაკნატუნა“ სენაკის თეატრის სცენაზე
სენაკის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის შემოქმედებითი ცხოვრება წლების განმავლობაში მდორედ, უინტერესოდ მიმდინარეობდა. ვახტანგ ნიკოლავას სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ, თეატრი გამოცოცხლდა და რამდენიმე თვის განმავლობაში სამი ახალი, საინტერესო დადგმა შესთავაზა მაყურებელს, მათ შორის ბავშვებსა და მოზარდებს.
გერმანელი რომანტიკოსი მწერლისა და კომპოზიტორის ერნსტ თეოდორ ამადეუს ჰოფმანის „მაკნატუნა და თაგვების მეფე“ უკვე ორი საუკუნეა ბავშვების ერთ-ერთი უსაყვარლესი ზღაპარია. საშობაო მოთხრობა პირველად გამოქვეყნდა 1816 წელს კრებულში საბავშვო ზღაპრები, მოგვიანებით საბავშვო ზღაპრები შევიდა 1819 წელს გამოცემულ წიგნში „სერაპიონის ძმები“. ჰოფმანის ამ ზღაპრის პოპულარობას, რა თქმა უნდა, ხელი შეუწყო ცნობილი რუსი ბალეტმაისტერის მარიუს პეტიპას ლიბრეტოზე შექმნილმა პიოტრ ჩაიკოვსკის ბალეტმა „მაკნატუნა“. პეტიპას ლიბრეტო ეფუძნება 1844 წელს ალექსანდრ დიუმა (მამის) მიერ გადაფრანგულებულ ვერსიას „ამბავი მაკნატუნაზე“.
2023 წლის იანვარში, სენაკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვახტანგ ნიკოლავამ ფეერიული, ულამაზესი სპექტაკლი შექმნა ჰოფმანის „მაკნატუნას“ მიხედვით. ინსცენირების ავტორი თავად რეჟისორია. დარბაზში შესვლისთანავე მაყურებელს იპყრობს ალექსანდრე სლოვინსკის სცენის სარკის ულამაზესი გაფორმება, ფარდის აწევის შემდეგ კი დახვეწილი გემოვნებით შესრულებული სცენოგრაფიას ულამაზეს ზღაპრულ სამყაროში შეჰყავხარ (მხატვარ-შემსრულებლები - ემილ გეგენავა, მალხაზ კორთხონჯია), რომლის ფეერიულობას კიდევ უფრო ამძაფრებს განათება (შუქის მხატვარი - ლაშა ჟვანია). სოფი ჩალაშვილის შექმნილი კოსტიუმებიც (კოსტიუმების შემსრულებლები - რუსუდან კიკნაძე, მაგდა მამასახლისი, მაკა კილასონია) სცენოგრაფიის მსგავსად საშობაო ზღაპრის განწყობის შესაბამისია. ჩაიკოვსკის ბალეტის მოტივებზე კომპოზიტორმა კოტე მალანიამ სპეციალურად სპექტაკლისათვის დაწერა მუსიკა, სიმღერები (სიმღერების ტექსტი: კოტე მალანია და ნატო სლეპაკოვა), საცეკვაო ნომრები, რაც ასევე ამძაფრებს ჯადოსნური სამყაროს ემოციურ მუხტს. ქორეოგრაფმა დავით მეტრეველმა კი კოტე მალანიას მუსიკაზე დასამახსოვრებელი და მსახიობების მიერ პროფესიონალურად შესრულებული საცეკვაო ნომრები დადგა.
ამ ულამაზეს გარემოში ვახტანგ ნიკოლავამ და შემოქმედებითმა ჯგუფმა, სენაკელი ბავშვები დაუვიწყარ ზღაპრულ სამყაროში ამოგზაურა, სადაც ერთმანეთს უპირისპირდება სიკეთე და სიყვარული - ბოროტებას, ნათელი და ბნელი ძალები. ისევე, როგორც ჰოფმანის ნაწარმოებში, სპექტაკლშიც ამბავს ჰყვება შტალბაუმების ოჯახის ბავშვების მარიასა და ფრიცის ნათლია, მესაათე ქრისტიან ელიას დროსელმეერი, რომელსაც მსახიობი თენგიზ თოფურიძე ასახიერებს და ჭკვიანი, იუმორის მქონე, საყვარელი მოხუცი მეზღაპრის პერსონაჟს ქმნის. ვახტანგ ნიკოლავამ ინსცენირებისას შეინარჩუნა ჰოფმანისთვის დამახასიათებელი რეალობისა და ფანტასტიკურის შერწყმა. რეალობასა და ზღაპარში მომხდარი მოვლენები დროდადრო ერთმანეთში ირევა: ადამიანები თოჯინებად იქცევიან, სათამაშოები ადამიანურ სახეს იძენენ, ორი სამყარო - ფანტაზია და რეალობა - ერთიანდება და ერთმანეთში გადაიხლართება. აღსანიშნავია, რომ რეჟისორმა სპექტაკლში პროფესიონალ მსახიობებთან ერთად, სენაკის თეატრთან არსებული საბავშვო-საყმაწვილო სტუდიის აღსაზრდელებიც დააკავა. ახალბედა მსახიობები ისეთი დიდი მონდომებით, სერიოზულად უდგებიან მათზე დაკისრებულ ამოცანებს, რომ მათი შესრულების დონე, არაფრით ჩამოუვარდება პროფესიონალთა ნამუშევარს.
სოფი ჩალაშვილის მარი, მომხიბლავი, სიცოცხლით სავსე, ჰაეროვანი, კეთილი, მეოცნებე მოზარდია. მან იცის, რომ საშობაო საჩუქრებს მშობლები და ნათლია აჩუქებენ და მშვენივრად ესმის, თუ რა შეუსაბამობაა რეალობასა და მის ოცნებებს შორის: - ოჰ, რა სულელი გოგო ვარ, რატომ შემეშინდა და მეგონა კიდეც, რომ ხის თოჯინას სახეზე მიმიკა აისახება!. თუმცა, საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი, მარი კვლავ იძირება იმ სამყაროში, სადაც ზღაპრული სიმღერები ჟღერს, თოჯინები ცოცხლდება, დოსლმეერის მაკნატუნად მოჯადოებული ძმისშვილი კეთილ თოჯინებთან ერთად, ბოროტი თაგვების არმიას ებრძვის და საბოლოოდ გაუმკლავდება კიდეც.
მარის ძმას ფრიცს (რაულ კიკალეიშვილი) და თაგვების არმიის წარმომადგენლებს სტუდიის აღსაზრდელები თამაშობენ (ცოტნე კაცია, ლუკა გრიგოლია, მარიამ შონია, ბარბარე საჯაია, ანდრია ქიტიაშვილი, მანუჩარ დგებუაძე, რომა ტყებუჩავა). ბავშვები და მოზარდები პასუხისმგებლობით ეკიდებიან მათზე დაკისრებულ ამოცანებს და ძალაინ საინტერესო ტიპაჟებს ქმნიან.
სპექტაკლში დასამახსოვრებელი სახე-პერსონაჟები შექმნეს ასევე: ამირან მალანიამ, გიორგი მურუსიძემ (მაკნატუნები), ლადო კოკაიამ (მამა - ბატონი შტალბაუმი, თაგვების მეფე), თამუნა აბშილავა-კობახიძემ (დედა - ქალბატონი შტალბაუმი), ინგა ცირამუამ (ფრეილინა ტრუდხენი), ტარიელ ზურაბაშვილმა (მეკობრე ბართოლომეო), ზურაბ ზურაბაშვილმა (მაიმუნი), ელგუჯა ნოდარიძემ (მედოლე), ლალი გაბელაიამ (თოჯინა კლერხენი), ეკა კოღუამ (თოჯინა ტრუდხენი), გოჩა დამენიამ (ჰუსარი), მარიამ შონიამ (პრინცესა პირლიპატი), ჯამბულ ჭანტურიამ (ბაჭია ტედი), ზვიად ზურაბაშვილმა (თაგვების მეფის მრჩეველი).
ვახო ნიკოლავამ და სენაკის თეატრის შემოქმედებითმა ჯგუფმა, სტუდიის აღსაზრდელებთან ერთად, ჰოფმანის ზღაპრის მიხედვით, ულამაზესი, სიკეთითა და სიყვარულით აღსავსე, დაუვიწყარი სანახაობა შექმნეს, რომელიც არა მარტო ბავშვებსა და მოზარდებს ხიბლავს, არამედ ზრდასრულ მაყურებელსაც.
ფოტო საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს Facebook გვერიდიდან