top of page

მაკბეტი, „მაკბეტის“ მიხედვით…

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

WhatsApp Image 2026-07-08 at 13.58.30.jpeg

08.07.2026

ზუკა ნემსაძე

მაკბეტი, „მაკბეტის“ მიხედვით…

ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის 158-ე სეზონი განსაკუთრებული შემოქმედებითი აქტიურობით გამოირჩეოდა. სეზონის განმავლობაში თეატრმა მაყურებელს არაერთი პრემიერა, ახალი და საინტერესო პროექტი შესთავაზა, აქტიურად ჩაერთო გასტროლებსა და თეატრალურ ფესტივალებში, რითაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა საკუთარი მნიშვნელობა ქვეყნის თეატრალურ ცხოვრებაში. ამ პროცესების უკან მნიშვნელოვანწილად დგას თეატრის დირექტორი ვასილ (ვასიკო) ჩიგოგიძე, რომლის მმართველობის პერიოდში თეატრი სტაბილურად ინარჩუნებს შემოქმედებით დინამიკას და მუდმივად ეძებს განვითარების ახალ გზებს. ამ კონტექსტში უილიამ შექსპირის „მაკბეტის“ ახალი დადგმაც სეზონის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს.

შექსპირის „მაკბეტი“ საუკუნეების განმავლობაში არ კარგავს აქტუალობას, რადგან მისი მთავარი თემა მხოლოდ ერთი ადამიანის ტრაგედია არ არის. ეს არის პიესა ძალაუფლების ბუნებაზე, უკონტროლო ამბიციაზე, მორალურ არჩევანსა და იმ მძიმე ფასზე, რომელსაც ადამიანი საკუთარი მიზნების მისაღწევად იხდის. სწორედ ამიტომ, ყოველი ახალი სასცენო ინტერპრეტაცია არა მხოლოდ კლასიკურ ტექსტთან დიალოგს წარმოადგენს, არამედ იმ ეპოქის სოციალური და პოლიტიკური კონტექსტის ანარეკლადაც გვევლინება, რომელშიც იგი იდგმება. გოჩა კაპანაძის დადგმაც ამ თვალსაზრისით საინტერესოა, რეჟისორი არ ცდილობს შექსპირის ტექსტის ხელოვნურ მოდერნიზებას, არამედ კლასიკური დრამატურგიის ფარგლებში ავლენს იმ უნივერსალურ პრობლემებს, რომლებიც დღესაც არანაკლებ მწვავედ დგას.

გოჩა კაპანაძე შექსპირის ტრაგედიას კლასიკური საფუძვლების შენარჩუნებით, თუმცა თანამედროვე თეატრალური გამომსახველობითი ხერხების გამოყენებით წარმოგვიდგენს. რეჟისორი ქმნის ატმოსფეროს, სადაც ძალაუფლების, ამბიციისა და მორალური დაცემის თემები მკაფიოდ იკვეთება, ხოლო სპექტაკლის რიტმი და ვიზუალური გადაწყვეტები მთლიან კონცეფციას ორგანულად ემსახურება. რეჟისორი აქცენტს ძალაუფლების, ამბიციისა და მორალური დეგრადაციის თემებზე აკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ ეპიზოდებში ტემპორიტმი გარკვეულად არათანაბარია და ზოგი სცენა უფრო მეტად კონცენტრირებულ დრამატურგიულ განვითარებას საჭიროებს, მთლიანობაში სპექტაკლი ინარჩუნებს შინაგან ლოგიკასა და მხატვრულ მთლიანობას. 

სპექტაკლის ერთ-ერთი ძლიერი მხარე უდავოდ სამსახიობო ანსამბლია. განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ტოვებს საქართველოს სახალხო არტისტის, რუსთაველის ეროვნული თეატრის  მსახიობის, ნანა ფაჩუაშვილის ლედი მაკბეტი. მსახიობი ქმნის ფსიქოლოგიურად მრავალშრიან სახეს, რომელშიც პერსონაჟის ძალაუფლებისკენ სწრაფვისა და  შინაგანი სისასტიკის შემდეგ სულიერი ნგრევა თანმიმდევრულად ვითარდება. ნანა ფაჩუაშვილის შესრულება გამოირჩევა პროფესიული ოსტატობით, შინაგანი დისციპლინითა და ემოციური სიზუსტით, რაც სპექტაკლის უმთავრეს მხატვრულ ღერძად იქცა. 

თამარ მდინარაძე კიდევ ერთხელ ადასტურებს მაღალი კლასის მსახიობის პროფესიულ შესაძლებლობებს. თამარ მდინარაძე, ლედი მაკბეტის ახალგაზრდობის დროინდელი, მძიმე, მკაცრი დაუნდოებელი, ბოროტი, ლედი მაკბეტის მხატვრულ სახეს ქმნის. იგი პერსონაჟს, შინაგანი სიზუსტით, სცენური კულტურითა და პერსონაჟის ფსიქოლოგიური განვითარების დამაჯერებელი გააზრებით ხატავს. მსახიობი ლედი მაკბეტის ფსიქოლოგიურ ბუნებას ზედმეტი ექსპრესიის გარეშე ავლენს, რაც მის შესრულებას განსაკუთრებულ ღირსებას ანიჭებს.

გიორგი დოლიძე, ლაჩარი, მშიშარა, ძალაუფლების სიყვარულით შეპყრობილი მაკბეტის მხატვრულ სახეს ქმნის,  მსახიობი დამაჯერებლად გადმოსცემს პერსონაჟის შინაგან ტრანსფორმაციას,  გამარჯვებული მხედართმთავრიდან შიშით, ეჭვითა და დანაშაულის განცდით შეპყრობილ მმართველამდე. ცალკეულ სცენებში ტრაგიკული დაძაბულობის კიდევ უფრო გამძაფრების შესაძლებლობა რჩება, თუმცა მთლიანობაში მისი შესრულება, მაყურებლისთვის შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელია. 

სპექტაკლის ატმოსფეროს ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭებათ კუდიანებს. ბელა კიკვაძე, შორენა გვეტაძე და თეა შარვაშიძე ქმნიან გამორჩეულ, პლასტიკურად გააზრებულ და სიმბოლურად დატვირთული კუდიანების მხატვრულ სახეებს. მათი ერთობლივი სასცენო არსებობა არა მხოლოდ მისტიკურ განწყობას აყალიბებს, არამედ ტრაგედიის ფატალურობის განცდასაც ამძაფრებს.

ხოლო, რაც შეეხება  ახალგაზრდა მსახიობს ლუკა მეგრელაძეს, რომელიც ბენქოს მხატვრუსლ სახეს ქმნის, იგი ბუნებრივი და დამაჯერებელი შესრულებით გამოირჩევა. იგი თავისუფალია ზედმეტი დეკლამაციისგან და პერსონაჟის ღირსეულ, კეთილშობილ ბუნებას მკაფიოდ წარმოაჩენს, რაც ახალგაზრდა მსახიობის მზარდ პროფესიულ შესაძლებლობებზე მეტყველებს.

ლომგულ მურუსიძის სცენოგრაფია და ქეთი ციციშვილის კოსტიუმები ორგანულად ერწყმის დადგმის საერთო ესთეტიკას. ვიზუალური გადაწყვეტა არ ცდილობს ტექსტის გადაფარვას, არამედ მსახიობის არსებობისა და რეჟისორული ჩანაფიქრის სამსახურში დგას, რაც სპექტაკლის მხატვრულ მთლიანობას კიდევ უფრო ამყარებს.

თუმცა, მაინც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ლომგულ მურუსიძის სცენოგრაფია, რომელიც, საუკეთესო გაგებით, „რადიკალურად” თანამედროვე ესთეტიკას ეფუძნება. მისი მხატვრული ხედვა არ შემოიფარგლება მხოლოდ ვიზუალური ეფექტის შექმნით; პირიქით, იგი სპექტაკლის დრამატურგიულ სტრუქტურასთან თანაარსებობს, აძლიერებს ტრაგედიის ემოციურ ინტენსივობას და ქმნის მრავალშრიან სიმბოლურ სივრცეს, რომელიც მაყურებელს ტექსტის ახალ ინტერპრეტაციულ პერსპექტივებს სთავაზობს.

გოჩა კაპანაძის „მაკბეტი“  შექსპირის ტრაგედიის ღრმა გააზრებაზე დაფუძნებულ, მაღალპროფესიულ სასცენო ინტერპრეტაციას წარმოადგენს.  სპექტაკლის უმთავრეს ღირსებას ქმნის რეჟისორული კონცეფციის თანმიმდევრულობა, მსახიობთა ძლიერი და ჰარმონიული ანსამბლი და ის მაღალი პროფესიული კულტურა, რომელიც წარმოდგენის ყველა კომპონენტში იკითხება. შედეგად იქმნება მხატვრულად საინტერესო სანახაობა, რომელიც მაყურებელს შექსპირის სამყაროს ახალ ემოციურ და ინტელექტუალურ გააზრებას სთავაზობს.

 

„მაკბეტი“ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოზურგეთის თეატრი დღეს ქართულ თეატრალურ სივრცეში ერთ-ერთ გამორჩეულ შემოქმედებით ცენტრს წარმოადგენს - თეატრს, რომელიც კლასიკურ დრამატურგიას მაღალი პროფესიონალიზმით, დახვეწილი ესთეტიკითა და თანამედროვე მხატვრული აზროვნებით აცოცხლებს და ღირსეულ ადგილს იკავებს ქართულ თეატრალურ რუკაზე.

ფოტო: ნათია მუქერია

bottom of page