top of page

მაგდანას ლურჯას გზა

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

83244d8a-5217-46c3-bdc6-b9ba8c816c6b.jpeg

03.03.2026

თამთა ქაჯაია

მაგდანას ლურჯას გზა

 

ნიკა ჩიკვაიძე ის რეჟისორი გახლავთ, რომლის სპექტაკლის პრემიერას ყოველთვის დიდი ინტერესით ველი, რადგან მისი წარმოდგენები არასდროს გავს ერთმანეთს და თითოეულ პიესაში ინდივიდუალურ ხედვას, ფორმასა თუ სათქმელს გვთავაზობს. მოზარდ მაყურებელთა თეატრში (სპექტაკლი მიეძღვნა ეკატერინე გაბაშვილის დაბადებიდან 175-ე წლისთავს) მოდერნიზებული - „მაგდანას ლურჯა“ ვნახე, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ კლასიკურ ტექსტს არ არღვევს, თანამედროვე ვიზუალური და სემანტიკური ენით მთავარ სათქმელს სხვაგვარად გვიყვება. მოთხრობა მხოლოდ ტრაგიკული ამბავი არ არის - ეს არის სოციალური უსამართლობის კრიტიკა. გაბაშვილი აჩვენებს, როგორ ანადგურებს უსამართლობა ღარიბსა და უძლურს, მაშინ როცა „კანონი“ თითქოს ყველასათვის ერთნაირია, თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ მოჩვენებითია.  სწორედ ამ პრობლემებს წამოწევს წინა პლანზე სპექტაკლი - ადამიანის ყოფით მდგომარეობას - აქცენტი მხოლოდ გაჭირვებული დედისა და შვილების ამბავს ცდება - ის გვაჩვენებს ინდივიდს სისტემაში, გზაზე, რომელიც საუკნეებიდან დღემდე   - თანამედროვე რეალობამდე მოდის და ვხედავთ მოძრაობს, რომელიც პროგრესს არ იწვევს.

სპექტაკლის მნიშვნელოვან ღირსებას დეკორაცია წარმოადგენს, რომელიც ერთ-ერთი პერსონაჟია და საკუთარ სათქმელს ცალკე გვიყვება. გზა, რომელსაც მაგდანა ყოველდღიურად გადის,  (მხატვარი - ანანო დოლიძე) არ არის უბრალოდ სივრცე - ის ცხოვრების რუტინული, განმეორებადი წრეა. ეს არის ყოველდღიურობის გზა რომელიც მიზნამდე ვერ მიდის, თუმცა გადარჩენისთვის უწყვეტ ბრძოლად იქცევა. მაგდანას (ხათუნა ბერძენიშვილი) ფიზიკური შრომა არანაირ პერსპექტივას არ ქმნის - ის მხოლოდ არსებობას აგრძელებს მის შვილებთან ერთად. მაგდანას ტანჯვით განვლილ ყოველდღიურ გზაზე ანთებული ლამპიონები მოჩანს - იმედის ნიშანი, რომლებიც ნაწილობრივ ანათებენ სივრცეს და გვაცვენებს თანამედროვედ შექმნილ ურბანულ ქალაქს სადაც სინათლე არ

სებობს, მაგრამ არ არსებობს სითბო, ემპათია და თანაგრძნობა.

 სწორედ ამ განწყობას ქმნის და ამძაფრებს ქორო, რომელიც ნათია კუპატაძის, ნინო პაპიაშვილი, ასმათ ქურციკიძისა და რატი ნავაძისგან შედგება. ისინი განასახიერებენ საზოგადოების დღევანდელს სახეს, რომლებიც ზედაპირული თანაგრძნობით გამოირჩევიან და სასამართლო პროცესში მხოლოდ სეირის მაყურებლად ჩნდებიან.

ვირი - მაგდანას ოჯახისთვის „ნატვრის თვალია“, (რეჟისორმა იგი სიმბოლურად, ციდან მოუვლინა ოჯახს) რომელიც ხსნა და სიცოცხლის გაგრძელების საშუალებაა. მაგდანა არა მხოლოდ დედააა, არამედ სისტემასთან დაპირისპირებული ადამიანი, რომლის ყოველდღიური შრომა და ღირსების დაცვა უკვე პრინციპის საკითხია. ასეთი ტრაგიზმით აღსავსე პერსონაჟის სახის შექმნა მოითხოვს გმირის სულიერ და ემოციურ ჩაღრმავებას, გააზრებას, რომელსაც მაგდანამ  (ხათუნა ბერძენიშვილი), თავი ვერ გაართვა.

 

ბერძენიშვილის განსახიერებული მაგდანა მხოლოდ სახის ზედმეტი  ემოციებითა და შეფასებებით არის გადმოცემული.  პერსონაჟი უფრო კარიკატურულ ნიშნებად იშლება, ვიდრე ტრაგიკული ბედის მატარებელ ქალად, ყოველივე ეს კი  მის გამომსახველობით მანერებში - მიმიკა, ჟესტები, მოძრაობა თუ ინტონაცია - ცალსახად იკვეთება. არ ჩანს გმირის შინაგანი კონფლიქტი, ტკივილი და სიღრმე, რომელიც მაგდანას ფიგურას თან ახლავს, მსახიობის შესრულებაში ვერ იკითხება ემოციური ხაზი, რომელიც მასში უნდა ვითარდებოდეს და კულმინაციურ სახეს უნდა იღებდეს, ეს ყოველივე კი პერსონაჟის მანევრულობასა და ერთფეროვნებას იწვევს.

სპექტაკლის ქორეოგრაფი კოტე ფურცელაძე გახლავთ, მისი ნამუშევარი წარმოდგენაში მკაფიოდ იკითხება, თითოეული სცენური გასვლა თუ შემოსვლა გააზრებულია როგორც სივრცითი, ისე რიტმული თვალსაზრისით - მსახიობების მოძრაობებს  ცალსახად ემჩნევა, განსაკუთრებით კინტოს ეპიზოდი, რომელსაც ნიკოლოზ ხრიკული ასრულებს. ასევე, აღსანიშნავია გია ყანჩელის მუსიკა (შეიქმნა გიორგი დანელიას ფილმისთვის - „ქინძაძა“) მნიშვნელოვან დრამატურგიულ ფუნქციას ასრულებს და არა მხოლოდ სპექტაკლის ატმოსფეროს ქმნის, არამედ მოქმედების დინამიკას, რიტმსა და ემოციურ ტონალობას განსაზღვრავს. მუსიკა ჰარმონიულად ერწყმის სცენურ ქმედებას, ამძაფრებს კონფლიქტებს და პერსონაჟების შინაგან მდგომარეობას ხაზს უსვამს. რიტმული ხაზის ცვლილებები ზუსტად პასუხობს სცენურ ენერგიას.  მაგდანას შვილები - სოფო (ლეა დევსურაშვილი), მიხა (ანდრია ექიზაშვილი), კატო (ალექსანდრა ბაშალეიშვილი). თითოეეული მოზარდი წარმატებით ართმევს თავს რეჟისორის დაკისრებულ ამოცანას, განსაკუთრებით მინდა გამოვყო ლეა დევსურაშვილი. მის გმირში იკვეთება, რომ მას გააზრებული აქვს უფროსი შვილის სტატუსით დაკისრებული პასუხისმგებლობა, აცნობიერებს, რომ დედის შემდეგ სწორედ მას ეკისრება ზრუნვა და ტვირთის ზიდვა უმცროს და-ძმაზე. ყოველივე ამას ლეა უსიტყვოდ, ბუნებრივად და შინაგანი ემოციური მდგომარეობით გადმოსცემს.

სპექტაკლის დასაწყისში მოცემული სოციალური მდგომაროება პირდაპირ ეხმიანება ფინალურ სცენას -  მოსამართლის თოჯინის როლში წარმოჩენა. აქ სამართალი სრულად კარგავს ადამიანურ სახეს და იქცევა მართვის მექანიზმად -  თოჯინა -  რომელსაც ემპათიის გრძნობა არ გააჩნია,  არ გააჩნია პასუხისმგებლობა და ინდივიდუალური აზრი - შესაბამისად ის მხოლოდ  სისტემის მიცემულ მითითებებს ასრულებს, რომელიც  ვერ აღადგენს სამართალს. და ბოლოს, თუ გინდათ მშობლებო თქვენმა მოზარდმა შვილებმა ნახონ გემოვნებიანი სპექტაკლი, განიცადონ ემპათია და უბრალოდ ქართულ კლასიკას ეზიარონ, გირჩევთ წაიყვანოთ მოზარდ მაყურებელთა თეატრში - მაგდანას ლურჯაზე.

bottom of page