top of page

ყველამ, ვინც მოკვდავია

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

ფრთხილად, რასაც მოიხვეჭ ცხოვრებაში, არ შეგრჩება!

ლელა ოჩიაური

ყველამ, ვინც მოკვდავია

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ (რომელსაც 27 წელია ყოველთვის მოუთმენლად ველით, იმედით ვეგებებით და რომელიც იმედგაცრუებულს არასდროს გვტოვებს) დეკლან დონელანისა და ნიკ  ორმეროდის „ოიდიპოს მეფით“ გაიხსნა, რუმინეთის კრაიოვას „მარინ სორესკუს“  სახელმწიფო თეატრის, მრავალშრიანი, თანამედროვე თეატრალურ ენაზე მეტყველი, სოფოკლეს ტრაგედიის თავისთავადად და არაბანალურად, „არატრადიციულად“ „წაკითხული“ სპექტაკლით.

რუმინელების დასმა მაყურებელი აბრეშუმის ფაბრიკის დიდმასშტაბიან პავილიონში (სადაც ხშირად იმართება დრამატული და ქორეოგრაფიული სპექტაკლები, გამოფენები და ფესტივალები) ჯერ „ოიდიპოსის“ (რეჟისორის ასისტენტი ლაურენტინ ტიუდორი; პროექტი ხორციელდება რუმინეთის სახელმწიფო კულტურის ფონდის მხარდაჭერით), ღია რეპეტიციაზე და იმავე საღამოს, უშუალოდ, წარმოდგენაზე მიიწვია. სავარაუდო დაშვების მიუხედავად, რეპეტიცია უხინჯოდ და წყვეტის გარეშე წავიდა და „დილის“ დამსწრეებს (ფესტივალის ორი „საპროგრამო“ სპექტაკლის მაყურებლის მსგავსად)  შესაძლებლობა ჰქონდათ, სრული სისავსით მიეღოთ და აღექვათ რეჟისორის მოფიქრებული ყველა სვლა და ხერხი.  მსახიობების ნამუშვერის არც ერთი ნიუანსი არ გამოჰპარვოდათ და ეგრძნოთ/შეეგრძნოთ მათი სუნთქვაც, ენერგეტიკული გამოსხივებაც და ჩურჩულით გადალაპარაკებაც გაეგოთ.

ბრიტანელ-რუმინელების  ჰარმონიული პროექტის მაყურებელს შესაძლებლობა აქვს იხილოს  ოიდიპოს მეფის ამბის ყველაზე გამორჩეული და თავისუფლად დანახულ-გადმოცემული ფრაგმენტები და  ამ ფრაგმნეტების შესაკავშირებლად, გადასაბმელად თუ გამჭოლი ხაზის გასავლებად დამატებული ეპიზოდები. სწორედ სპექტაკლის კონცეფციიდან და ფორმიდან გამომდინარე, მაყურებელს შესაძლებლობა ეძლევა, მსახიობებთან - პერსონაჟებთან ერთად - ყველამ, ვინც მოკვდავია - განვლოს თებესა თუ კორინთოს შორეული  სივრცეები, გზაჯვარედინები და ტყეები, სასახლეების დარბაზები და ჰოსპიტალების საოპერაციოები, პარლამენტის დარბაზები ან, ხალხთან სააგიტაციოდ თუ სათათბიროდ, გასულ ხელისუფალთან ერთად ქუჩები მოიაროს.

შეესწროს  იოკასტასა და ლაიოსის, იოკასტასა და ოიდიპოსის, მეფე პოლიბოსისა და დედოფალ  მეროპეს  ცხოვრებისა და სიკვდილის ფრაგმენტებს, ინტიმური სცენებითურთ; ქუჩის უსახლკაროდ ქცეული დელფოსელი მისნის ავბედითი მისნობა-წყევლაც მოისმინოს; საოპერაციოში ოპერაციასაც დაესწროს,  მეფე ოიდიპოსის - თანამედროვე სახელმწიფო მმართველის - პოლიტიკოსის -  მგზნებარე სიტყვას მოუსმინოს, შავი ჭირის ეპიდემიიდან თავდახსნის გზებიც მასთან და თებეს სხვა მოქალაქეებთან - ქოროსთან -  ერთად ეძებოს და თავადაც ქოროს ნაწილად იქცეს; ტირესიასის არსებობაც გაიხსენოს და კრეონისა და ოიდიპოსის მეტოქეობის მომსწრედაც იქცეს და ბევრი უკვე გადატანილი ტრაგედიაც მოაგონდეს, მოკვდავებს რომ დაატყდათ და ატყდებათ თავს სხვადასხვა ეპოქსა თუ სახელმწიფოში.  და დღესაც.

განვლოს  -  პირდაპირი მნიშვნელობითაც, რადგან მთელი სპექტაკლის განმავლობაში, მაყურებელი ფეხზე დგას, აქეთ-იქით, სხვადასხვა დარბაზში, ადგილსა თუ სიბრტყეზე განვითარებულ მოვლენებს აკვირდება და არა მარტო დგას, არამედ დადის და არა მარტო ერთი სივრცის ფარგლებში, არამედ სხვადასხვაში.

და მსახიობებიც - ანუ პერსონაჟებიც - მაქსიმალურად უახლოვდებიან მას (მაყურებელს), მაქსიმალურად შეჰყავთ მოქმედებაში - მოვლენებსა და ამბებს აქტიურად უზიარებენ და თითქმის ყველა სცენაში რთავენ, კონტაქტობენ, იმოწმებენ, როგორც რომელიღაც არაუტოპიური სახელმწიფოს ჩვეულებრივ და არაფრით გამორჩეულ მოქალაქეებს, რომლებიც იერარქიული საზოგადოების საბედისწერო აღსასრულის უშუალო მომსწრე და დამკვირვებელი ხდება.

მაყურებელი, მოქმედების განვითარებასთან ერთად, მოქმედებაში უშუალოდ ჩართული მსახიობების მიწვევით, მოქმედებაში აქტიურად ერთვება; აბრეშუმის ფაბრიკის პავილიონების თამამად გახსნილ სივრცეებში, „სუფთა კედლებში“  „მორჩილად“ გადაადგილდება  და აკვირდება - საიდანაც უნდა და როგორც უნდა - სრულიად თავისუფალი მიმართულებებითა და მარშრუტებით.

და ამ გარემოში, ნიკ ორმეროდის,  მწირი და ლაკონური, ეკლექტური - თითქოს ბუტაფორიული და იქვე - რეალური, ცოცხალი, ბუნებრივი, მეტყველი დეკორაციისა და შენობის „ხნოვან“ კედლებში, დროში შერეულნიშნებიან ნაწილებში საიდანღაც შემოჭრილი ქარუ ტიბორის მუსიკა მუსიკით დამუხტული კონტრაპუნქტული , ყველაფრის გამაერთიანებელი ატმოსფეროთი, ოიდიპოს მეფისა და სხვათა თავბრუდამხვევი თავგადასავალი იშლება.

მთავარი და მეორე როლების შემსრულებელი მსახიობები - რამონა დრაგულესკო (იოკასტე) , ვლად უდრესკუ, თამარა პოპესკუ, ეუჯინ ტიტუ, ალექს კალანგიუ, კორინა დრუქი, დრუნო ნოფერი, იულია კოლანი, ნიკუ ვიქოლი, რალუკა პაუნი, მარიან პოლიტიკი, ანჯელ რაპაპოკი, ბრუნო ნოფერი, იოანა ანდონი, ადელინა გალიჩენუ, როქსანა მატუ, პეტრი სტაფენესკუ, კატალინა ვინატორუ, იარინა ზიდარუ - მეტყველი ხერხებით ქმნიან - მექანიკურ არსებებად ქცეულ  (ადამიანებისა თუ ღმერთების) სახეებს. ფეიერვერკულია თითოეულის ყოველი გამოსვლა და პირველ რიგში, ოიდიპოსის.

ოიდიპოსი - კლაუდიო მიხაილი - ანტიკური ბერძნული ქანდაკების აღნაგობისა და გარეგნობის, მომხიბვლელი, თავდაჯერებული, ირონიული, და თან გამოსავლის მაძიებელი კაცია, რომელიც მართავს სახელმწიფოს, ადამიანებს (პერსონაჟებსა და მაყურებელს), ხაზგასმით მხიარულობს და დარტყმას დარტყმაზე იღებს, ცდილობს არ შეეპუოს, სასოწარკვეთამდე მიდის, ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა, განსხვავებულ და რთულ ფაზას გადის და პირადი ტრაგედიიდან ზოგადსაკაცობრიო ტრაგედიის მწვერვალამდე მაღლდება.

მსახიობები (რომელთა შორის არიან არა მხოლოდ სპექტაკლის უშუალო მონაწილეები, არამედ შემოქმედებითი და ტექნიკური ჯგუფი, რეჟისორის ასისტენტები, თვით ნიკ ორმედორიც) არა მხოლოდ ერთმანეთთან არიან მყარ და აქტიურ კონტაქტში, არამედ - მაყურებელთანაც. არა მხოლოდ ერთმანეთს მიმართავენ და დიალოგებს აბამენ, არამედ მიმართავენ, ეხებიან მაყურებელსაც. შეიძლება მხარიც გაჰკრან, გასწიონ, ხელი ჩასჭიდონ, გადახვიონ, ეცეკვონ, ხელით მიიხმონ, დაუძახონ, მის წინაშე დაემხონ და მასთან თუ მათში ეძებონ თანადგომა, თანაგრძნობა თუ ბრალდება/გაკიცხვას ან მისგან და გამომდინარე შედეგების (თუნდაც საკუთარი თავისა და სხვათა წინაშე) თავიდან აცილება ეცადონ.

რეჟისორი, მოქმედების  თანამედროვეობაში ბევრი ნიშნით (მათ შორის, კოსტუმების თანადროულობით)  გადმოტანით, მაინც არ შორდება სოფოკლეს პიესის არც ამბავს, არც მოვლენას და არც ტრაგედიის საფუძველსა თუ გამომწვევ მიზეზებს ცვლის, დასაწყისიდან დასასრულამდე. მაგრამ სრულად ახალ და სიუჟეტიდან თითქოს ამოვარდილი ეპიზოდებით, ჩვეული და კლასიკური სტრუქტურის ნგრევითა და დაშლით, „ჩარევის“ სითამამითა და საერთოდ - სითამამით, პერსონჟების არაბანალური და ბრწყინვალედ შექმნილი სახეებითა და მათი გადაკვეთით, ქცევის თავისთავადი მანერითა და ფუნქციების სახეცვლით, მოულოდნელ და ფეიერვერკულ სანახაობას  წარმოადგენს.

მაგრამ, როგორც არ უნდა შეეწინააღმდეგო, როგორც უნდა აღასრულო ტანთგანძარცვის, გაშიშვლების - გათავისუფლების რიტუალური აქტი და ხელახალშობის მცდელობა  გქონდეს, როგორც  უნდა გაურბოდე ბედისწერას (სოფოკლედან და კიდევ უფრო ადრიდან მოყოლებული) ვერც მოვლენების დასაწყისში (წინასწარმეტყველბის, ამდენად, ცოდნის მიუხედავად) და ვერც საბოლოოდ, XXI საუკუნეშიც - ვერაფერი აჩერებს. გამოცდილებამ (ლიტერატურამაც, თეატმაც, აზროვნების ერთმა განშტოებამაც) დაამტკიცა, რომ მის წინაშე ყველა და ყველაფერი უძლურია და რუმინელების  „ოიდიპოს მეფე“, ბრიტანელების გადაწყვეტით, თვალებდათხრილი და მაინც ყველაზე მხედველი  ოიდიპოსის არჩევანითა და საზოგადოების, ქვეშევრდომებისა და ყოფილი ამალის, ძალადობრივი ქმედების შედეგად,  უფსკრულში ჩაშვებით სრულდება.  

bottom of page