top of page

ჩვენ გარდაუვალი მეტამორფოზის ნაწილი ვართ

56585d6b-c3d6-4bfe-b396-2ffe87e01e6c.jpeg

21.10.2026

თამთა ქაჯაია

ჩვენ გარდაუვალი მეტამორფოზის ნაწილი ვართ

 

2026 წლის 16 ოქტომბერს თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში ფესტივალი GIFT ოფიციალურად, იტალიური დასის Dewey Dell სპექტაკლით, „კურთხეული გაზაფხულით“ გაიხსნა. წარმოდგენა შექმნილია იგორ სტრავისნკის მუსიკაზე  (კონცეფცია და რეჟისურა: აგატა კასტელუჩი, თეოდორა კასტელუჩი, ვიტო მატერა. ქორეოგრაფია: თეოდორა კასტელუჩი, ხმა: დემეტრიო კასტელუჩი). 

​

ჩემთვის არსებობს ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც სამყაროს გვიხსნიან და არსებობს ნამუშევრები რომლებიც სამყაროს მანამდე უცნობი ორგანოს მსგავსად გვაგრძნობინებენ. აგატა კასტელუჩისა და თეოდორა კასტელუჩის სცენური სამყარო ზუსტად ასეთია, რომელიც  არ ცდილობს იგორ სტრავინსკის მუსიკაში ჩაბუდებული არქაული ძალის ადამიანურ ენაზე თარგმნას. პირიქით, ის მაყურებელს იმ ზღვართან გვაბრუნებს, სადაც სიტყვა ჯერ არ დაბადებულა, სხეულს კი უკვე ახსოვს ყველაფერი - შიში, შიმშილი, გამრავლება, მსხვერპლშეწირვა და სიკვდილი.

​

ეს არის წარმოდგენა, რომელიც  არ ცდილობს გვაჩვენოს მსხვერპლშეწირვის ეპიკური სურათი ან ვაცლავ ნიჟინსკის, მორის ბეჟარისა და პინა ბაუშის დადგმებისთვის დამახასიათებელი ტომობრივი ერთიანობა. „გაზაფხულის კურთხევა“ მცირე მასშტაბის გარდასახვის რიტუალია, რომელიც მიკრო სამყაროს წარმოადგენს.  

​

ვიტო მატერას სცენოგრაფია ზღაპრულ სიბნელესა და ადრეული კინოს წარმოსახვით მეტაფორას ქმნის. სივრცე მაყურებელს მუნჯი ფილმების მსგავს გარემოს მოგვაგონებს, სცენის სიღრმეში სიბნელესა და მუსიკის ფონზე გამოქვაბულის ზმანება იქმნება. სივრცეში ჩნდება მუხლუხო, ნელი, ბლანტი მოძრაობებით, შემდეგ გიგანტური ობობა, რომელიც ერთდროულად დიდებული და შემზარავი არსებაა და ამავე დროს მტაცებლის სიმბოლოსაც წარმოადგენს.

​

წარმოდგენაში თითოეული კომპონენტი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის მხატვრულ ღირებულებას. ასევე კოსტიუმები, მათი ტექსტურა, ჩონჩხები და ჯაგრისები ცოცხალი არსების სამყაროს ქმნიან - სადაც ერთიანდებიან მწერები და ობობის მაგვარი არსებები. აქ გაზაფხული ბუნების კალენდარული მოვლენას არ არის, ის სამყაროს შინაგანი და დაგროვილი ენერგიის აფეთქებაა, როდესაც სიცოცხლე საკუთარ თავს ძალადობრივი მოქმედებებით ათავისუფლებს. ეს გაზაფხული რღვევით იწყება, პირველი მოძრაობა  ყველაზე მნიშვნელოვანზე მიგვითითებს - ძველი ნადგურდება რათა ახალმა არსებამ სხეული შეისხას.

​

სპექტაკლში სტრავინსკის მუსიკა თავისი მკვეთრი რიტმული შეჯახებებითა და დაუმორჩილებელი ენერგიით ერთ-ერთი მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.  ჩვენ ვხედავთ, რომ კასტელუჩის სცენური ენა, ადამიანს სამყაროს ცენტრიდან განდევნის. აქ ადამიანი აღარ არის ბუნების მბრძანებელი, არც მისი ერთადერთი საზომი. ის მხოლოდ ერთ-ერთი ფორმაა იმ დაუსრულებელ მეტამორფოზაში რომლის კანონებსაც არც მორალი მართავს და არც ადამიანური სამართლიანობის მოთხოვნა. სცენაზე იბადებიან არსებები, რომლებიც ურთიერთსაწინაარმდეგო  გრძნობებს გვიჩენენ. ისინი გვახსენებენ,  რომ ბუნება არასოდეს ყოფილა მხოლოდ პეიზაჟი. მის სილამაზეში ხშირად მტაცებლური ნიღბები იმალება ხოლო სიმშვიდე მომავალი აფეთქბის მომასწავებელი შეიძლება იყოს. ყოველივე ეს კი საწყისებთან დაბრუნებას, სულ თავიდან დაწყებას ნიშნავს.

​

„კურთხეულ გაზაფხულში“ ჩვენ ვხედავთ, რომ ქორეოგრაფია მხოლოდ მოძრაობა არაა, ის სხეულის მეხსიერების არქეოლოგიაა. მსახიობების ყოველი შესრულებული ჟესტი თითქოს იმ უძველესი დროის გაცოცხლებაა, როდესაც სიცოცხლე ჯერ კიდევ მიწის გაგრძელება იყო, ხოლო მოძრაობა -  გადარჩენის ინსტინქტი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ამ წარმოდგენას შთამბეჭდავად აქცევს ეს არის, ის რომ, კასტელუჩების სცენაზე სხეული არ გამოხატავს ემოციას ტრადიციული ფსიქოლოგიური გაგებით - ის თავად იქცევა ემოციის მატერიად. შიში კუნთის დაძაბულობაში ჩნდება, სურვილი - მოძრაობის მიმართულებაში, ხოლო სიკვდილის სიახლოვე - ფორმის მოულოდნელ გაქრობაში.

​

თუმცა, ამ დადგმის კულმინაციური დაძაბულობა სიცოცხლისა და სიკვდილის თანარსებობაში იკვეთება. აქ სიკვდილი სიცოცხლის საპირისპირო პოლუსი არ არის. ის მისი უხილავი თანაავტორია.

​

Dewey Dell-ის „კურთხეული გაზაფხული“  არ გვთავაზობს მზა ფილოსოფიურ პასუხებს და არც კლასიკური გაგებით ქმნის მითს. მისი სცენური სამყარო მრავალი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას გვაძლევს. სპექტაკლში გაზაფხული ყვავილის გაშლასთან არ ასოცირდება, ეს მუდმივი გარდაქმნისა და განახლების პროცესია, რომლის გარდაუვალი მეტამორფოზის ნაწილი - ჩვენ ვართ.

​

„კურთხეული გაზაფხული“ არის ის, რაც მიწაში იშლება, სიბნელეში იზრდება და უხილავი ძალით კვლავ უბრუნდება სამყაროს.

 

ფოტო: ზურაბ ობოლაძე

bottom of page