top of page

კულტურათა დიალოგის ფესტივალი

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

587030385_1298712215618529_1542652414182475263_n.jpg

06.03.2026

ლელა წიფურია

კულტურათა დიალოგის ფესტივალი

 

დიახ, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის, „ საჩუქრის“  მიზანი იმთავითვე კულტურათა დიალოგი იყო, არის და იქნება. მისი მასშტაბი მთელ კონტინენტს მოიცავს, წლევანდელი ფესტივალი ლათინურ ამერიკასაც გადასწვდა და წარმატებული ერთობლივი დადგმაც წარმოადგინა... თუმცა, მივყვეთ საერთაშორისო პროგრამის ანალიზს, სტატიის მიზნის შესაბამისად.

ფესტივალის გახსნა ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენაა:  პირველი ეფექტის მოხდენა შეუძლია, რაც სამომავლოდ მის წარმატებას განაპირობებს. „საჩუქარი“ ყოველთვის გამოირჩეოდა მდიდრული გახსნის ცერემონიებით. მახსენდება გრანდიოზული სანახაობა „ლაგუნა ვერეზე“, ერთ დროს თბილისელების და ჩემს საყვარელ აუზზე... 2025 წლის ფესტივალის  გახსნის ღონისძიებაც ასევე მასშტაბური იყო- ოპერის თეატრში წარმოდგენილი ცეკვის თეატრის, „სანკაი ჯუკუ-უშიუ ამაგაცუს“ სპექტაკლი „მეგური“: ცხრა ნაწილისგან შემდგარი ქორეორაფიული სანახაობა, რომელიც სრულიად უნიკალური ქორეოგრაფიის გარდა ასევე ღრმა და ფილოსოფიური გახლდათ. სპექტაკლზე მოსული მაყურებელი უდიდეს ესთეტიურ სიამოვნებასთან ერთად უთუოდ დაფიქრედებოდა იაპონელების მიერ  სამყაროს აღქმაზე და მას საკუთარ აღქმასაც შეადარებდა. ნელ, სინქრონულ ან ზოგჯერ ასინქრონულ მოძრაობებში განსხეულებული ბუნებასთან შერწყმის ვარიაცები: ძახილი შორიდან, ზღვის ფსკერის მეტამორფოზა,  ორი ზედაპირი,  წინათგრძნობა- სიმშვიდე-გულისძგერა,  ნამარხთა ტყე,  ქსოვილი,  დაბრუნება... ნახევრადშიშველი სხეულების პლსტიკით განდობა, ახსნა,  თანგრძნობა...“მეგური“ ადამიანურ განცდებზე  აგებული წარმოდგენა იყო, რომელიც  მაყურებელთა ემოციებს ულამაზესი პლასტიკით შექმნილი კომპოზიციებით აღძრავდა.

„ბასკურ- ქართული გზაჯვარედინი: კავკასიიდან პირინეებამდე“ - მნიშვნელოვანი ნაბიჯი „ორი იბერიის“ გაერთიანების კონცეფციის ისტორიული თვალთახედვის არა მხოლოდ სახელოვნო მოვლენა ან კულტურათა დიალოგი, არამედ ასევე როგორც სამეცნიერო კვლევის საგანი. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ყოველთვის თამამი განაცხადებით გამოირჩეოდა. 2025 წლის ფესტივალიც ასეთი გახლდათ და აქ სან- სებასტიანის თეატრ „კალუნკას“ წარმოდგენილი „ანდრე და დორინი“,  ესპანელების თამამი განაცხადის დემონსტრირება.

და მაინც, ის რაც ყველას გვაერთიანებს, შესაძლოა იმიტომაც, რომ მეტ-ნაკლებად თითოეული  ჩვენგანი, დეფიციტსაც რომ არ განიცდიდეს, მოჭარბებულად მაინც არასდროს მიიჩნევს იმას, რაც ასე გვჭირდება ყველას- ადამიანური სითბო, ერთგულება და სიყვარული. და ეს ყოველივე უცილობლად ერთნაირია ორივე იბერიაშიც- კავკასიიდან პირინეებამდე და დანარჩენ მსოფლიოშიც. სწორედ ამ თემას ეძღვნება ბასკეთის თეატრის, კალუნკას სპექტაკლი „ანდრე და დორინი“. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ წარმოდგენას გულგრილი არავინ დატოვა.

ნიღბების თეატრი- არაოდინარული მოვლენა: მსახიობები- და ასეთი სულ სამია: გარბინე ინსაუსტი, ედუ კარკამო, მიკელ ინსაუსტი. რეჟისორი ინაკი რიკარტე და სცენოგრაფი ლაურა გომესი სრულიად უჩვეულო გამომსახველობითი ხერხებით აღწევენ იმგვარ შედეგს, რომელიც ერთი შეხედვით მხოლოდ ფსიქოლოგიურ თეატრშია შესაძლებელი. სახეზე, უფრო ზუსტად კისრებზე ჩამოცმული აქვთ პერსონაჟების თავების მულაჟები- კომიკური ნიღბები, გროტესკულის ასოციაციასაც რომ იწვევენ. თუ იმ გარემოებასაც გავითვალისწინებთ, რომ სპექტაკლი ტექსტის გარეშე თამაშდება გმირების შინაგანი მდგომარეობის- უფრო ზუსტად ურთულესი პერიპეტიების გამოსახატად ფაქტობრივად მხოლოდ პლასტიკაში განსხეულებული ფიზიკური მოქმედებაღა რჩება, რომლის მეშვეობითაც გადმოიცემა პერსონაჟების უფაქიზესი გრძნობათა ბუნება და ურთულესი პრობლების- ალცჰეიმერის სიყვარულით და თანაგრძნობით გამკლავების პროცესი. იქნებ სწორედ ეს გზაა ყველაზე მართებული სიყვარულის გამოსახატად? მუდმივი ზრუნვა და თანაგრძნობა,  წარმოდგენაში მოხუცი ქმარი დაავადებული ცოლის მიმართ მუდმივად რომ იჩენს. სპექტაკლის დასაწყისში წყვილი ერთმანეთს ეჯინება- კაცი გამეტებით აკაკუნებს საბეჭდ მანქანაზე, ქალი კი მთელი ხმით უკრავს ვიოლონჩელოზე. სტანდარტულ ინტერიერში გათამაშებული ექსპოზიცია თითქოს კონფლიქტის მომწიფების წინაპირობას გვთავაზობს. ხდება კი პირიქით- წვრილმანი ყოფითი პრობლემების გადაჭრა რეალურად არის სწორედ იმ სათუთი გრძნობების გამოხატულება, რომლითაც მაყურებელთა დიდ ნაწილს ცრემლიც კი ადგება თვალზე.  იშვიათია სპექტაკლის რეკვიზიტის ამგვარი სიზუსტით გამოყენება. თითოული მათგანი მოქმედი საგანია, რომელსაც წყვილის ისტორია მოაქვს მთელი მისი განვითარებით- დაწყებული ახალგაზრდობის ეპიზოდებში ვიოლონჩელოს და საბეჭდი მანქანის ერთმანეთისთვის ჩუქებით, დასრულებული სრულიად უგემოვნო, აჭრელებული ვარდიფერი პერანგის გათამაშებით, რომელსაც ბავშვობიდანვე ჩუქნის დედა შვილს და რომელსაც მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ იცვამს დაღონებული. ცალკე თემაა ჩარჩოებში ჩასმული სურათები და ყუთები, რომლებშიც  პერსონაჟები  ოჯახის წევრების სურათებს ალაგებენ და ამით გვამცნობენ მათ გარდაცვალებას.   სპექტაკლი სადაც ბევრი მოქმედება და ბევრი სირბილიცაა სცენაზე, არის ექსპრესიაც და სევდაც.  ყველა ეროვნების, ასაკის და გემოვნების მაყურებლისთვის ახლობელი აღმოჩნდა და თანაბრად იმოქმედა ყველას გრძნობებზე- უემოციოდ წარმოდგენას არავინ დაუტოვებია.

 

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ იმთავითვე გამოირჩეოდა იმით, რომ მუდმივად გახსნილია ახალი ფორმების ძიების და ყოველგვარი ექსპერიმენტებისთვის. დოკუმენტური თეატრის სახელოსნო- ასეთი თეატრი საქართველოსთვის ნამდვილად სიახლეა. როგორც ფესტივალის ოფიციალური ფეისბუქ გვერდზე ოუწყებოდნენ, Kepler-452 ნიკოლა ბორგეზის და ენრიკო ბარალდის მიერ დაარსებული თეატრალური კომპანიაა, რომლის მიერ შექმნილი თეატრალური დრამები, როგორც ხელოვნების ახალი მეთოდის მასალა, ხშირად გამხდარა ევროპის წამყვანი თეატრების დიდი ინტერესის საგანი. სასიხარულოა, რომ დოკუმენტური თეატრის სახელოსნოებში დაწყებული საინტერესო პროცესები უკვე იქცა ახალი სცენური აზროვნების ნიშად ქართულ თეატრში. 2025 წლის მაისში  ნიკოლა ბორგეზიმ და ენრიკო ბარალდიმ ერთი კვირა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის დასთან ერთად გაატარეს და ახლოს გაიცნეს პრობლემათა ის ნუსხა, რომელიც დასის წევრებს ყველაზე მეტად აღელვებდათ. პროექტი, რომელიც სამომავლოდ დოკუმენტური თეატრის სპექტაკლად უნდა იქცეს. ლუკა ჩიბუხაია, კატო კალატოზიშვილი, პაატა ინაური, ქეთა შათრიშვილი, ნინო ბურდული, თემო ნატროშვილი, ნიკა წერედიანი, ლიზა ნიკვაშვილი და გიორგი ჩაჩანიძე პროექტში მონაწილე მსახიობები არიან. ისინი გულწრფელად საუბრობდნენ თავიანთ პრობლემებზე და კიდევ ერთ, ამ პროექტისთვის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე, რომელიც ქართველებთან ერთად იტალიაშიც აქტუალურია, რადგან ქართველი ემიგრანტების, განსაკუთრებით მანდილოსნების რიცხვი იტალიაში ძალიან დიდია. სპექტაკლის მონაწილე მსახიობების ნაწილს ოჯახის წევრები ყავთ ემიგრაციაში,  ზოგი თავად იყო ემიგრანტი. ერთი რამ უდაოა- ემიგრაციის პრობლემა თითქმის ყველა ოჯახს ეხება და თავადაც რომ არ ყავდეთ ვინმე საზღვარგარეთ, მაინც ყველა საქრთველოს მოქალაქისთვის სენსიტიური საკითხია. პროექტის პრემიერა 2026 წლის მაისში იგეგმება... ველით.

           

ყოველ წელს  „საჩუქარი“ რომელიმე ქვეყნის ხელოვნებას განსკუთრებულ ყურადღებას უთმობს. 2025 წლის ფესტივალის ფოკუსში იტალია იყო. რავენას თეატრ დელა ალბას მისი დამაარსებლები, ცნობილი წყვილი, მარკო მარტინელი და მისი მეუღლე, ერმანა მონტანარი წარმოადგენდნენ.  მათი საფესტივალო პროგრამა სამი ნაწილისგან შედგებოდა-„პოეტთა განსაწმენდელი“-  სამდღიანი ვორქშოფი, მარკო მარტინელის საავტორო ფილმი Er და სპექტაკლი „დედა“.

           

საგანგებოდ მინდა აღვნიშნო ვორქშოფების მნიშვნელობა „საჩუქრის“ საფესტივალო პროგრამებში. სხვადასხვა ოსტატების მიერ ჩატარებული ვორქშოფები ერთდროულად მოიცავს როგორც წმინდა ტექნიკურ სავარჯიშოებს, ასევე ხდება სამსახიობო ხელოვნების სულიერების წვდომა და გადააზრება. პოეტთა განსაწმენდელი- გმირების კოლექტიური გზა- საგუნდო სახელოსნო  სწორედ ასეთი გახლდათ. ვორქშოფის კულმინაცია  დანტე ალეგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ კითხვა-გააზრების პროცესი იყო, რომელიც მონაწილეებში დიდ ემოციურ მუხტს ბადებდა. და რაც მთავარია, მარკო მარტინელის და ერმანა მონტანარის ვორქშოფზე ახალგაზრდა მსახიობები კიდევ ერთ განსხვავებულ სამსახიობო ხელოვნების  სკოლას ეზიარენ. შეასაძლოა გამოხატვის ახალი მეთოდოლოგიების შესწავლა სამომავლო პროფესიული მიღწევებისთვის მნიშვნელოვან  ეტაპად იქცეს- მას შემდეგ, რაც „პოეტთა განსაწმენდელში“ განიწმინდებიან.

           

Er- მარკო მარტინელის სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელშიც ერმანა მონტანარის სამსახიობო ოსტატობის დემონსტრირება სხავდასხვა პერსონაჟებში გარდასახვით და მათი უპირატესად მსხვილი ხედებით გადაღებით ხდება. Er პლატონის „სახელმწიფოს“ ერთ-ერთი პერსონაჟის, მებრძოლის სახელია, რომელიც ჯოჯოხეთში ჩადის, სადაც მას განუცხადებენ, რომ იგი კვლავ დაბრუნდება ცოცხალთა სამყაროში, რათა მოუყვეს რა ელოდება ადამიანს ამ წუთისოფლის შემდეგ. ფილმი ამ მითის კონცეფციაზეა დაფუძნებული. ჯოჯოხეთს ერმანა მონტანარის გასახიერებული სხვადასხვა პერსონაჟები მოივლიან. ვის არ შეხვდებით აქ- სირინოზებს, ალქაჯს, დედა უბუს, მკვლელ მარიონეტს- ყველას ..ეპიზოდებიც სრულიად განსხვავებული თვალთახედვიდან არის გადაღებული. გამომსახველობითი საშუალებებიც მრავალგვარია-გაკაპასებული ქალის ვირებთან დიალოგით დაწყებული ჩონჩხების ეფექტური ცეკვით დამთავრებული.  ამ სრულიად განსხვავებულ ეპიზოდებს აერთიანებს ერმანა მონტანარის ზურგიდან საშუალო ხედზე გადაღებული ხეტიალი მშობლიურ რომანულ სოფლის გზაზე. უსასრულო მოგზაურობა, რომელიც მსახიობი ქალის შესრულებული პერსონაჟების სულებში გვამოგზაურებს.  დემონებთან თუ ანგელოზებთან ნაპაექრებს კი იქაური ამბები მოაქვს დედამიწაზე.

           

“დედა“ -  ერმანა მონტანარის მონოსპექტაკლი, სადაც  მხატვარი და ილუსტრატორი სტეფანო რიჩი და კომპოზიტორი და კონტრაბასის სოლისტი დანიელ როკატო მსახიობი ქალის მიერ გათამაშებულ ორივე პერსონაჟის, დედის და მის ვაჟიშვილის სულიერი მდგომარეობის პროექციას ეწევიან. მხტვარი უპირატესად პორტრეტებს ხატავს ქვიშით, კონტრაბასისიტი კი საოცარი ოსტატობით ასრულებს სხვადასხვა კომპოზიციებს. თეატრალებმა და არა მხოლოდ ჩვენ, ცხადია ვიცოდით, რომ ერმანა მონტანარი  დიდი მსახიობია.  თეატრი ალბე-რავენას თეატრი პრიმავერა თეატრთან თანამშრომლობით მარკო მარტინელის სასცენო ლექსს, როგორც თავად უწოდებენ მისივე რეჟისურით წარმოადგენენ. ამთავითვე უნდა ითქვას, რომ სპექტაკლში ძირითადი ტექსტის ღრმად ფილოსოფიური კონცეპტის გაჟღერება ხდება ერმანა მონტანას საოცარი ხმის მოდულაციების საშუალებით. ჭაში ჩავარდნილი დედა ვაჟიშვილს უხმობს საშველად. დედის ტექსტი და მსახიობის ათრთოლებული ხმა, რომელშიც ერთდროულად ჟღერს ეჭვიც, სიმკაცრეც, სიყვარულიც, თავგანწირვაც... ერმანა მონტანარის წარმოთქმული შვილის მონოლოგები- სავსე საყვედურებით, უხეშობითაც- შემდეგ უკან დახევაც, სიანულიც... ყოველივე ამას ერთი მსახიობი გაითამაშებს ფაქტობრივად ერთ ადგილას მდგარი. ქალის მეტყველება უმთავრესია, რითაც იქმნება დედა- შვილის ურთიერთობის  მოდელი, რომელსაც სამაგალითოს ვერაფრით დავარქმევთ. კრიტიკოსები ამ წარმოდგენას მცირე შედევრს უწოდებენ. ცხადია ამგვარი წარმოდგენა, ისევე როგორც ფაქტობრივად ყველა მონოსპექტაკლი გასართობი სანახაობების რიცხვს არ მიეკუთვნება და მაყურებლებიც უმეტესად თეატრალები არიან. სპექტაკლის კომპონენტებში კი უმთავრესი ცხადია ერმანა მონტანას სრულყოფილი სამსახიობო ხელოვნებაა, რომლითაც სრულად იყო წარმოჩენილი იტალიური ფოკუსის სახელოვნო ღირებულება.  

           

„ილაპარაკოს, რა მნიშვნელობა აქვს“...თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი, არგენტინის თეატრალური ფესტივალი FIT MERCOSUR, საშემსრულებლო კვლევითი ხელოვნების ცენტრი LA PARISINA და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "საჩუქარი". მსოფლიოპრემიერა შედგა არგენტინაში ფესტივალის FIT MERCOSUR ფარგლებში. დრამატურგი და რეჟისორი - იგნასიო ტამანიო, მსახიობი - თამრი ბზიავა, სცენის დიზაინი - იგნასიო ტამანიო და ფრანკო მუნიოსი მუსიკალური კომპოზიცია და მუსიკა სცენაზე - ანი მურღულია...

ამგვარად წარადგინეს ფესტივალის ფეისბუქ გვერდზე მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების თბილისის ცხოვრება, რომელსაც სრულიად პროვოკაციულ კითხვამდე მიყავს მაყურებელი. საქართველო რომ გაქრეს მსოფლიო რუკიდან, მაშინ?

არა, არასდროს დავიჯერებთ რომ ეს შესაძლებელია. თუმცა, იმის შემხედვარე, რასაც სცენაზე ვხედავთ საფრთხეების არსებობა რეალურია. მშფოთვარე კადრები და აჩონჩხლილი დეკორაციების ნგრევა. მსახიობი თამრი ბზიავა და სპექტაკლის შემქნელები თუ ტექნიკური პერსონალი. რომელიც წარმოდგენის თანამონაწილეა. ყველაფერი ირევა, ირყევა. რა არის ეს- ოთხმოცდაათიანების გამოძახილი თუ თანამედროვე თბილისის მშფოთვარე რეალობა? ნავთის სუნი და უშუქობაღა აკლია, თორემ შინაგანი განწყობა და ილუზიების მსხვრევა არანაკლები. თამრი ბზიავას პერსონაჟი, თეატრის მსახიობი ამ მოვლენების ეპიცენტრშია. თეატრის პერსონალი კი ასევე თანამონაწილე იმ პერიპეტიების, რაც სცენაზე თამაშდება. იქ კი თამრი ბზიავას დაძაბულობა კულმინაციას აღწევს. მსახიობი უკიდურესად ემოციური და მართალია როგორც პუბლიკის, ასევე საკუთარი თავის წინაშე. ველოსიპედზე ამხედრებული ქალის მიერ პედლების ტრიალიც განწირულობის გამოძახილია. და მერე რა, იცვლება კი რამე? ილაპარაკონ რამდენიც უნდათ, რა მნიშვნელობა აქვს.

ფიზიკური თეატრის კომპანია „ჰოის“ სპექტაკლი „მარო“ ბიენალე კოლეჯის გამარჯვებულია. კოლეჯი ჯანი ფორტემ დაარსა და მისი მიზანი ახლგაზრდა რეჟისორების ხელშეწყობაა. კულტურათა დიალოგი ახალი შემოქმედებითი ძიებებისთვის ღიაა. მარო მაყაშვილის დღიურის  მიხედვით დადგმული სპექტაკლის რეჟისურა, ქორეოგრაფია,სცენოგრაფია, კოსტიუმების მხატვრობა - თათა თავდიშვილს და  ტატო გელიაშვილს ეკუთვნით. სპექტაკლი ფიზიკური თეატრის სპეციფიკის შესაბამისად უწყვეტ მოქმედებაზეა აგებული.  გიორგი ყიფშიძე, ლიზა ნიკვაშვილი, ლუკა ჩიბუხაია, შაკო ჩალაგაშვილი, მირიან კოხრეიძე, ნინო ნოზაძე- ექვსი მსახიობი, რომლებიც ავანსცენაზე გამწკრივებული ტყვიის გილზებში ჩადებული ყოჩივარდებივის ფონზე საქართველოს თავისუფლებისთვის მუდმივ ბრძოლაში არიან ჩაბმულნი.  და ვინ არის დღეს  მარო მაყაშვილის სულიერი მემკვიდრე- ფუნქციონერი, რომელსაც მაროს სურათი უკიდია კაბინეტში თუ იუნკერების განსვენების ადგილას სიცივეში მდგარი  გოგო-ბიჭები?

           

„საჩუქრის“ ფარგლებში მოეწყო ნინია სადღობელაშვილის წიგნის პრეზენტაცია და სოფო  მარიამ ქორიძის გამოფენა, რომელიც ღვინის ქარხნის დარბაზში გაიმართა. არაჩვულებრივი ფერთა გამა და ტილოზე  განსხეულებული კონცეპტუალური სამყაროს ხედვა- ასეთად დაგვანახა  მხატვარმა სამყარო.

           

„საჩუქრის“ დახურვა ნამდვილ დღესასწაულად  იქცა- კინომსახიობთა თეატრში ქეთი დოლიძის ოთხმოცი წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა. ამ დღისთვის გამოიცა წიგნი, რომელიც მარად ენერგიით სავსე ქეთი დოლიძისადმი მილოცვებსაც შეიცავს. ვინაიდან იქ ვერ მიულოცე, სტატიის საშუალებით ვუსურვებ დიდხანს და დიდი საქმეების კეთებას. „ საჩუქარი“ კინომსახიობთა თეატრის ნაწილი გახდა და სახელმწიფოებრივი სტატუსი მიენიჭა. სტაბილურობა  უთუოდ დადებითად იმოქმედებს მომავალ ფესტივალებზე. ველით.

bottom of page