კრიტიკის გარეშე
ანი ნიჟარაძე
კრიტიკის გარეშე
16 მარტი, 2022... ამ დღეს შეიძლება ასეც ითქვას, რომ ძალიან გამიმართლა. სპექტაკლი დაიწყო... მოულოდნელად დარბაზში თემურ ჩხეიძე შემოვიდა და მორიდებით კუთხეში სკამზე ჩამოჯდა. რატომ გავიხსენე ეს ისტორია. ერთი დიდი ბედნიერება იყო სპექტაკლის მსვლელობის დროს ბატონი თემურის ყურება, როგორ აკვირდებოდა სცენაზე მყოფი თითოეული არტისტის ქმედებას, პარალელურად დარბაზში, მაყურებლის რეაქციებს.
ჩემი აზრით, სწორედ ასეთი უნდა იყოს ნამდვილი რეჟისორი. თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული...
სპექტაკლი „გრონჰოლმის მეთოდი“ კატალონიელი დრამატურგისა და მწერლის ჟორდი გალსერანის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით დაიდგა. პრემიერა შედგა 2013 წელს. სპექტაკლს 2014 წელს მიღებული აქვს თეატრალური პრემია „დურუჯი“ საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრისთვის, რაც მგონია, რომ მკითხველში დიდ გაკვირვებას არ გამოიწვევს, რადგან ამ სპექტაკლის რეჟისორი თემურ ჩხეიძე გახლავთ.
თემურ ჩხეიძე სპექტაკლის შესახებ: „...ბოლო რამოდენიმე წლის მანძილზე არც ერთი თანამედროვე პიესა ისე არ მომწონებია, როგორც გალსერანის „გრონჰოლმის მეთოდი“. დიდი ხანია არ შემხვედრია მასალა, რომელზედაც ასეთი ინტერესით ვიმუშავებდი. შესანიშნავად მიდიოდა რეპეტიციები. ერთობლივად ვეძებდით განწყობას, აზრთა და საქციელთა საწყისებს, თუმცა მაინც დრო გვიჩვენებს, რამდენად სწორი იყო ჩვენი ვარაუდები. პიესა, იმედი მაქვს ბოლომდე შეინარჩუნებს მაყურებლის ყურადღებას. ძალიან მინდა ყველა ისე შეწუხდეს დასმული პრობლემით, როგორც ეს მე დამემართა პიესის კითხვისას.“ https://marjanishvili.com/64?ei=1405
სპექტაკლის მხატვარი გოგი ალექსი-მესხიშვილი გახლავთ, სცენოგრაფია მთელი ორი საათის განმავლობაში უცვლელია. სცენაზე შექმნილია ოფისის ატმოსფერო, შუაში დგას ერთი მაგიდა, ირგვლივ ოთხი საოფისე სკამით გარშემორტყმული. ამ სივრცეში შემოსასვლელად ორი კარია, ხოლო სცენის სიღრმეში თითქოს ერთი ფართო კარი აივანზე გადის. რაც შეეხება არტისტებს. მონაწილეობენ: მერსედესი-ეკა ჩხეიძე, ფერნანდო-ნიკოლოზ თავაძე, კარლოსი-აპოლონ კუბლაშვილი, ენრიკე-ალეკო მახარობლიშვილი.
მერსედესი (ეკა ჩხეიძე)-მთავარი რითაც სხვებზე ემოციურ ზეწოლას ცდილობს, მოულოდნელი დედის გარდაცვალებაა, რომელსაც სწორად ამ შერჩევის დროს „გააგებინებენ.“
ფერნანდო (ნიკა თავაძე)-ადამიანი, რომელსაც არავინ და არაფერი ადარდებს საკუთარი კეთილდღეობის გარდა...
კარლოსი (აპოლონ კუბლაშვილი)-კონკურენტებზე ემოციურ ზეწოლას საკუთარი მოულოდნელი განცხადებით ახდენს,რომელიც სქესის შეცვლას ეხება...
ენრიკე (ალეკო მახარობლიშვილი)-ცოლთან გაშორებასა და გაშორების მიზეზზე მოუთხრობს მოწინააღმდეგეებს, რის შემდეგაც თითქოს და „დეპრესიაში იყო ჩავარდნილი...“
მათი მხრიდან ეს ყველაფერი ერთ კონკრეტულ მიზანს ემსახურება თუ რას, ამას უკვე საიდუმლოდ დავტოვებ, რადგან სპექტაკლის ნახვის სურვილი უფრო გავამძაფრო იმ ადამიანებში ვისაც ჯერ კიდევ წინ აქვთ პირველად ხილვის ბედნიერება. მხოლოდ ერთს დავამატებდი, კონკრეტულად ეს სპექტაკლი და პიესა, რომელიც 2003 წელს დაიწერა არასდროს დაკარგავს აქტუალობას, რადგან დღესაც კი საზოგადოებაში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, არსებობენ ისეთი ადამიანები როგორიც ნიკა თავაძის პერსონაჟია...უამრავ საიდუმლოს მალავენ და შემდეგ სწორედ ისეთ პიროვნებებად ყალიბდებიან როგორიც ფერნანდოა პიესაში. ასევე ბევრია ისეთიც ვინც დილემის წინაშე დგას, ისევე როგორც სპექტაკლში არტისტები. კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება უჭირთ ადამიანების მიმართ ან საკითხავია რამდენად სწორი იქნება ის გადაწყვეტილება, რომელსაც საბოლოოდ მიიღებენ, მაღალზნეობრივი თუ ზნეობას მოკლებული? ამაზე ყველამ საკუთარი დასკვნა უნდა გამოიტანოს, თუმცა ჩემი პირადი აზრია, რომ ადამიანმა დასახული მიზნის მისაღწევად ყველაფერი არ უნდა იკადროს, რაც მთავარია უნდა შეინარჩუნოს ყველაზე მნიშვნელოვანი და ფასეული რამ ადამიანობა...
და ბოლოს, მინდა ხაზი გავუსვა არტისტების არაჩვეულებრივ შემადგენლობას. (ეკა ჩხეიძე, ნიკა თავაძე, აპოლონ კუბლაშვილი, ალეკო მახარობლიშვილი) თითოეულ მათგანს საოცრად აქვთ გათავისებული დაკისრებული როლები.
ბევრისთვის, ვისაც სპექტაკლი ჩემსავით მრავალჯერ აქვთ ნანახი ხშირად დამისვამს კითხვა თუ რომელ არტისტს გამოარჩევდნენ ოდნავ მაინც ოთხეულიდან. პასუხს უმეტესად ვერ ვიღებ ხოლმე, რადგან უმეტესობა ასე მპასუხობს, ძალიან რთულია გამორჩევა...რაშიც მათ აბსოლუტურად ვეთანხმები. არტისტები უბადლო სამსახიობო ოსტატობის წყალობით თითქოს იმაშიც კი გვარწმუნებენ, რომ არაფერს თამაშობენ და ეს ყველაფერი რეალურია, რომ „თავადაც ისეთები არიან,“ როგორებიც მათი პერსონაჟები...