top of page

კრეპის უკანასკნელი ფირი

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

358302595_843035387339810_4923366970830231059_n.jpg

ნუცა კობაიძე

კრეპის უკანასკნელი ფირი

 

სპექტაკლი ეძღვნება არაჩვეულებრივ მსახიობ მარლენ ეგუტიას. სწორედ ის ასრულებდა მოხუცი კრეპის როლს ამავე სახელწოდების დადგმაში. „მოხეტიალე მთვარის თეატრი“ წარმოგიდგენთ ამ სპექტაკლის აღდგენილ, თოჯინურ ვერსიას.

„კრეპის უკანასკნელი ფირი“ ბეკეტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია, რომელიც იკვლევს ადამიანის მდგომარეობას, მეხსიერებას, იდენტობას, დროს... მისი შემოქმედება ცნობილია ეგზისტენციალიზმისა და ადამიანის მდგომარეობის შესწავლით. ხშირად ასახავს პესიმისტურ შეხედულებას ცხოვრების უაზრობაზე. იკვლევს პიროვნების ბრძოლას საკუთარ თავთან. ფოკუსირებულია ადამიანის არსებობის აბსურდზე. ბეკეტის წერის სტილი ხასიათდება მინიმალიზმით. იყენებს თავისუფალ ენას და განმეორებით ფრაზებს, რათა გადმოსცეს ერთფეროვნება და ზოგადად ცხოვრების უაზრობა.

ჯერ კიდევ მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა ახალგაზრდა რეჟისორმა ნიკოლოზ ლუარსაბიშვილმა, მარჯანიშვილის თეატრის მცირე სცენაზე („სხვენი“)  „კრეპის უკანასკნელი ფირი“ დადგა (2012 წლის 10 თებერვალი). რა თქმა უნდა, დეტალურად არ მახსოვს 11 წლის წინ ნანახი სპექტაკლი, მაგრამ ამ წარმოდგენაზე ფიქრს ყოველთვის თან ახლავს რაღაც უცნაური სევდა.

ფოიეში მომლოდინე ხალხის მასას შეუმჩნევლად გადიოდა მსახიობი მარლენ ეგუტია (კრეპი), შედიოდა დარბაზში და იწყებდა სპექტაკლს. დღეს მარლენის მემორიალური კუთხე დაგხვდებათ შესასვლელ კართან. ის ახლაც შეგაცილებთ პარტერში...

პიესა ხანდაზმულ მწერალზეა,  რომელიც უსმენს აუდიო ფირებს წლების განმავლობაში თავის დაბადების დღეებზე რომ იწერდა და იხსენებს მომენტებს წარსულიდან. სულ უფრო მეტად აცნობიერებს დროის გასვლას და მასში  განხორციელებულ ცვლილებებს.

რეჟისორმა ორიგინალური ფორმა მოუძებნა განახლებულ სპექტაკლს. მას არ სურდა ბატონი მარლენის გარდაცვალების შემდეგ სხვა მსახიობით ჩაენაცვლებინა პერსონაჟი, ამიტომ ნინო ნამიჭეიშვილის დახმარებით შეიქმნა მარლენ ეგუტიას თოჯინა. ამ ფორმით რეჟისორმა სიცოცხლე გაუგრძელა დიდ მსახიობს, რომელსაც არაერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს შექმნილი ქართულ თეატრში. თუმცა ეს უკანასკნელი ალბათ ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელია. თითქოს ის მართლაც კრეპი იყო, დიდი სევდით და სიმძიმით. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ დღეს თოჯინა აგრძელებს ამ რთულ მისიას და თან საკმაოდ წარმატებით.

რეჟისორის მხატვრული ინტერპრეტაცია რეალობისა და წარმოსახვის შერწყმას გვთავაზობს. თოჯინებს, როგორც წესი, არ შეუძლიათ ემოციების გამოხატვა. ნიკოლოზ ლუარსაბიშვილის კონცეფციას კი აქვს სიუჟეტის ემოციურად გადმოცემის მაგიური ძალა: უსულო საგანი - თოჯინა გარდაიქმნება დინამიკურ და ექსპრესიულ პერსონაჟად, რომელიც სრულფასოვნად მონაწილეობს და ერთვება სპექტაკლში ისე, თითქოს ნამდვილი მსახიობი იყოს. ის ოსტატურად გადმოსცემს მარტოობისა და ეგზისტენციალური კრიზისის მდგომარეობას.

თოჯინად ტრანსფორმაცია ძალიან მომხიბვლელი და სიმბოლურია ამ კონკრეტულ სპექტაკლში. გულისამაჩუყებელი და ტრაგიკულია ერთ დროს სიცოცხლით სავსე ადამიანის უსულო ობიექტად გარდაქმნა, ადამიანის, რომელიც უყვარდათ, ვისზეც ზრუნავდნენ, ვინც ცხოვრობდა... მთელი სპექტაკლის განმავლობაში ნათლად არის ასახული გმირის შინაგანი არეულობა და ემოციური ბრძოლა. უუნარო კრეპს სუიციდის სურვილის მიუხედავად ბავშვივით ახარებს წვიმის დაწყება. მარტო აღარ არის, ღმერთს გრძნობს, რომელიც უარყოფილია. ბავშვურია მისი გართობა ბოთლებით, ბანანში ჩარჭობილი სანთლის ჩაქრობით... ვხედავთ სასოწარკვეთილ ადამიანს, რომელიც ცდილობს თავის გახალისებას.  იუმორი წარმოიქმნება სიტუაციების აბსურდულობისგან და გმირის მცდელობისგან, გაუმკლავდეს თავის გაჭირვებას, მიუხედავად იმისა, რომ მცდელობები წარუმატებელია.

მეტაფორა - მაღვიძარა საათი და ჩაქუჩი: ერთი შეხედვით ჩვენ ვხედავთ მოშლილ საათს, რომელიც უდროოდ რეკავს ზარს და თითქოს მასთან ახლოს დადებული ჩაქუჩი განკუთვნილია მის გასანადგურებლად. მაგრამ აქ ყველაფერი ისე მარტივად არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. თუ დავაკვირდებით, საათი განგაშს იწყებს მაშინ, როცა კრეპი იღებს ჩაქუჩს, ხოლო ჩერდება როცა ახლოს უდებს - ნივთსაც კი არ შეუძლია მარტო ყოფნა, მიუხედავად იმისა, რომ ეს იარაღი რეალურ საფრთხეს წარმოადგენს მაღვიძარასთვის. მელანქოლიური გარემო მძიმე ატმოსფეროს ქმნის. საათმაც და კრეპმაც იციან განადგურების გარდაუვალობა, ისინი დასასრულის მოლოდინში არიან. შეიძლება სწორედ ამიტომ რეკავს ზარს მაღვიძარაც, მას ეშინია რომ არასდროს დასრულდება ცარიელი ყოველდღიურობა და მხოლოდ მაშინ ჩერდება/მშვიდდება, როცა მისი გამანადგურებელი ჩაქუჩი გვერდით ჰყავს. მუსიკა აძლიერებს უიმედობის განცდას (კომპოზიტორი - გიორგი ხოსიტაშვილი), დაკარგულია სიცოცხლისუნარიანობა...

ნივთებით გავსებული სხვენის ატმოსფერო კიდევ უფრო აძლიერებს სპექტაკლის ემოციურ მხარეს. რეჟისორმა არაფერი შეცვალა ძველი დეკორაციიდან (მხატვარი - სერგო შივცი), ყველა ნივთი დააპატარავა და ერთ მაგიდაზე მოათავსა. ეს არის მინიატიურული, იზოლირებული სივრცე, მოზრდილ სარკმელთან მიდგმული კიბით, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ კავშირს გარე სამყაროსთან - ოდესღაც ცოცხალი და ხმაურიანი ცხოვრება ახლა იქცა წყნარ, უკაცრიელ ადგილად, სადაც დრო გაჩერდა.

სხვენის ერთ-ერთი გავრცელებული სიმბოლური ინტერპრეტაცია ფარული მოგონებები და საიდუმლოებებია. შეიძლება წარმოადგენდეს ქვეცნობიერ გონებას, რომელიც ინახავს  ემოციებს. სხვენი პერსონაჟის თავშესაფარია, რომელიც ილტვის წარსულისკენ და ეძებს ნუგეშს - მთელი სპექტაკლიც ხომ კრეპის მოგონებებია, ფირები იქნება ეს თუ ტელევიზორში საკუთარი თავის ყურება (ეკრანზე გადის მარლენ ეგუტიას მიერ შესრულებული „კრეპის უკანასკნელი ფირის“ სცენები/კადრები).

ასევე სიმბოლურად დატვირთა რეჟისორმა ფინალური სცენა: კრეპი მთელ დეკორაციას გაახვევს ნაჭერში და მძიმე, ნელი ნაბიჯებით გააქვს სცენიდან. ეს მიზანსცენა შეიძლება წარმოადგენდეს ემოციურ ან ფსიქოლოგიურ ტვირთს, რომელსაც პერსონაჟი მთელი წარმოდგენის  განმავლობაში ატარებს. განათება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბოხჩის სიმბოლური წონის ხაზგასმაში და სცენაც ნელ-ნელა ქრება.

„კრეპის უკანასკნელი ფირი“ დღემდე აგრძელებს მაყურებლის მოხიბვლას მეხსიერების, დროისა და ადამიანის მდგომარეობის შესწავლით. მისი მუდმივი მიმზიდველობა მდგომარეობს ცხოვრების შემზარავ ასახვაში. „კრეპის უკანასკნელი ფირი“ რჩება მარადიულ, მნიშვნელოვან ნაწარმოებად, თეატრის სამყაროში.

„მოხეტიალე მთვარის თეატრი“ სულ ახალი შექმნილია (2019). რეჟისორი ნიკოლოზ ლუარსაბიშვილი და მისი შემოქმედებითი გუნდი ჭეშმარიტი სიყვარულით, გულწრფელად არიან გატაცებულნი თავიანთი საქმით. დიდ ენთუზიაზმს კი ნამდვილად შეუძლია პიესის ისე გაცოცხლება, რომ მაყურებელს ემოცია მთელი ცხოვრება გაყვეს.

ილუსტრაცია ავტორის

bottom of page