top of page

მომავალი წარმატების გვჯერა

9c55379d-09fd-471b-a307-226d0052b15a.jpeg

04.02.2026

მომავალი წარმატების გვჯერა 

ბათუმის თეატრის ხელმძღვანელს კოტე მჟავიას ესაუბრა თეატრმცოდნე გუბაზ მეგრელიძე


ტრადიციული და სახელოვანი ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ თეატრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს: კოტე მჟავია, ცნობილი მსახიობი და კერძო საბავშვო ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელი. ყოველი ცვლილება თეატრში სათანადოდ აისახება და საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს. ტრადიციულად იცვლება რეპერტუარი და თეატრის შემოქმედებითი სახე. ამიტომაც, გადავწყვიტეთ ამ ინტერვიუში საზოგადოებისთვის თეატრის მომავალი პერსპექტივა დაგვენახვებინა.


- როგორ შეეგუეთ ახალ კოლექტივს? თქვენს ბიოგრაფიაში პროფესიული თეატრის ხელმძღვანელობა ახალი ამბავია. ამას ერთდროულად დადებითი და რთული მხარეებიც ახლავს. რას იტყვით სარეპერტუარო პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე? შემდგომ ვისაუბროთ თეატრის მხატვრული სახის ჩამოყალიბებაზე. 

- სიმართლე გითხრათ, მოსვლის დღიდან თავი უცხოდ არ მიგრძვნია. დასი ძალიან თბილად შემხვდა. თუ არ ჩავთვლით პირველი ათი წუთის უხერხულობას. 

- ვინ მოვიდაო? 

- ალბათ! შემდეგ ძალიან მეგობრულად აეწყო ურთიერთობა. რა თქმა უნდა, თეატრში მოსულმა გავაცნობიერე, რომ დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა. ვიცოდი, რომ საკმაოდ რთული ვითარება იყო, მაგრამ ეს სირთულე არ მიგრძვნია. უპირველესად, მსახიობების თხოვნით, შევქმენით სამხატვრო საბჭო, რომელიც ჩემთან ერთად პასუხისმგებელი იქნებოდა სარეპერტუარო პოლიტიკაზე. ამის შემდეგ დავიწყეთ ფიქრი, თუ რომელი რეჟისორი მოგვეწვია და რა დაგვედგა. ერთი თხოვნა მქონდა, რომ 14 იანვარს, ქართული პროფესიული თეატრის აღდგენის დღეს, სპექტაკლი გიორგი კაშიას დაედგა. სამხატვრო საბჭო დამეთანხმა. გადავწყვიტეთ გეგა გაგნიძის მოწვევა, რომელიც თავის საავტორო სპექტაკლს დგამს. თეატრში გაგა გოშაძე დამხვდა, უაღრესად საინტერესო პიროვნება. მახარებს, რომ შემოქმედებითი მხრიდანაც საინტერესო სპექტაკლი ,,უხერხემლო“ დადგა. ახლა ისევ გიორგი კაშია დადგამს გოგოლის ,,რევიზორს“, შემდგომ გოჩა კაპანაძეც შემოგვიერთდება და განახორციელებს ,,ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები მიდიან“. აგვისტოში ჩამოვა მოლდაველი რეჟისორი პეტრო ვიდკარაუ, რომლის სპექტაკლითაც გავხსნით მომავალ სეზონს. ამის შემდგომ, 1 ოქტომბრიდან ანდრი ჟოლდაკი დაიწყებს მუშაობას, მაგრამ ჯერ არ ვიცით, რას დადგამს, თუმცა კასტინგი ჩაატარა და ძალიან კმაყოფილი წავიდა. ოღონდ ერთი შენიშვნა მომცა - ახალგაზრდები არ გყავსო. საშუალო და უფროსი თაობის მსახიობები მაღალი დონის არიან და ნებისმიერ მასალაზე შემიძლია მათთან მუშაობაო. კიდევ მიდის მოლაპარაკებები სხვა რეჟისორებთან: ნიკოლოზ ჩიკვაიძესთან, ირაკლი კავსაძესთან, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოვა. ასეთი გეგმები გვაქვს უახლოეს მომავალში. მიუხედავად იმისა, რომ სეზონი 14 იანვარს გაიხსნა, ივლისამდე 6 პრემიერას ვასწრებ. იქნება შვიდიც მოვასწრო - ვნახოთ. მსახიობთა არარეალიზების ვაკუუმი იმდენად დიდი იყო, რომ მინდა მათი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვლინდეს და მსახიობთა ასეთი მონდომება აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. 

- საკმაოდ სერიოზული საკითხია ახალგაზრდობის ნაკლებობა და როგორ აპირებთ ამ პრობლემის გადაჭრას?

- მოგეხსენებათ, ჩვენთან არის ხელოვნების უნივერსიტეტი. ახლა რამდენიმე სტუდენტი დავაკავე. მომავალი წლის სეზონამდე მათი შერჩევა მექნება და ორ გოგონასა და ორ ბიჭს შტატში ავიყვან. რაც მთავარი, უპრეცედენტო მხარდაჭერაა ადგილობრივი მთავრობისა და კულტურის სამინისტროს მხრიდან. ამიტომ მათ დავარწმუნებ, რომ ამ 4 მსახიობის შტატში აყვანა აუცილებელია და, ვფიქრობ, უარს არ მეტყვიან. 

- სარეპერტუარო პოლიტიკა როგორ განისაზღვრება. რასაც მე ვხედავ, სულ სხვადასხვა ჟანრის პიესებს განსხვავებული ხელწერის რეჟისორები დგამენ. 

- სიმართლე გითხრათ, ამასთან დაკავშირებით ჯერ რაიმე კონკრეტული გეგმა არ გამაჩნია. თეატრის კარი ნებისმიერი საინტერესო პროექტისთვის ღია მაქვს. ჩვენთან უამრავი პროექტი შემოდის და და არაერთი რეჟისორი გამოთქვამს მუშაობის სურვილს. ამიტომ სამხატვრო საბჭოზე 15-20 შეთავაზებას განვიხილავთ და შემდგომ ავარჩევთ, ვინ რას დადგამს. მოვიცავთ კლასიკას, თანამედროვეობას, კომედიას, დრამას, ექსპერიმენტს. ყველაფერს მოვსინჯავთ. მთავარია, საინტერესო პროექტი იყოს, მთავარია, საინტერესო რეჟისორი მოვიდეს და თეატრის კარი არ ჩაიკეტოს.

მთავარია, ეკლექტიკაში არ გადაიზარდოს. მოგეხსენებათ, ექსპერიმენტი შეიძლება გამოვიდეს ან წარუმატებელი იყოს. ამ მხრივ რისკის არ გეშინიათ? 

- სავარაუდოდ, 6-7 პრემიერაა დაგეგმილი და ერთს ექსპერიმენტისთვის დავიტოვებ. 

- ხელფასების საკითხი როგორ დგას? 

- ამ სფეროში რთული ვითარება დამხვდა. აცდენა დიდი იყო. მაგალითად, თუ ვინმეს 10 ლარი ჰქონდა, სხვას 5 ლარი ჰქონდა გამოყოფილი. ვცდილობ, ეს მდგომარეობა გამოვასწორო და მსახიობები თანაბარ მდგომარეობაში ჩავაყენო. დღეისთვის ცოტა მივუახლოვე ჩანაფიქრს, რომ მსახიობებისთვის ნორმალური პირობები შემექმნა, რაშიც მთავრობა და სამინისტრო გვერდში დამიდგა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მსახიობმა თავი ღირსეულად იგრძნოს.

-მოგეხსენებათ თეატრებში მეტყველების პრობლემა დგას და, როგორც მსახიობს, გეკითხები, თუ აპირებ ტრენინგების ჩატარებას და სხვა ღონისძიებებს ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად? 

- დიდი ხნის მოსული არ ვარ და ოთხ სპექტაკლზე მუშაობისას რასაც ვუყურებ, ამის პრობლემა არ შექმნილა. ვიცი, რომ ჟოლდაკი სანამ დაიწყებს მუშაობას დამდგმელ ჯგუფთან, ერთ- კვირიანი ტრენინგი ექნება და ეს კარგი მიმართულება მგონია. ეს აუცილებელიცაა და ამის ტრადიციაც არსებობს. მიხეილ თუმანიშვილი თავის თეატრში რეპეტიციას ყოველთვის ტრენინგით იწყებდა. 

- ვნახე თქვენი სპექტაკლი ,,უხერხემლო“, რომელიც საკმაოდ საჩოთირო თემას ეხება და ამ საკითხს როგორ უყურებთ და რამდენად საინტერესოა საზოგადოებისთვის? 

- ყველამ ვიცით, რომ თეატრი ჩვენი საზოგადოების სახეა. მისი ფიცარნაგი თავისუფალი სივრცეა და მისი დანიშნულებაა დააფიქროს მაყურებელი. ზოგმა შეიძლება გაითვალისწინოს ან არ გაითვალისწინოს, მაგრამ შენი სათქმელი უნდა თქვა. ჩვენ ირგვლივ არსებული ცხოვრება საზოგადოების ტკივილია. ვფიქრობ, ამ სპექტაკლის მთავარი სათქმელი ის არის, რომ ღმერთისთვის ყველა ადამიანი ერთია და მისთვის ყველა შვილი საყვარელია. საზოგადოებაც ბევრ რაღაცაზე უნდა დაფიქრდეს. პროფესიულად და გემოვნებით წარმოჩენილი სათქმელისთვის თეატრი იდეალური ადგილია. 

-ამ თეატრსაც თუ ექნება სასწავლო და საგანმანათლებლო ფუნქცია, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს მომავალი თაობის აღზრდისთვის?

- საბავშვო რეპერტუარზე ვფიქრობ და აუცილებელიცაა თეატრისთვის. დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენი თეატრი ილია ჭავჭავაძის სახელს ატარებს და მისი ნაწარმოებები აუცილებლად უნდა იდგმებოდეს. აქ დამხვდა სპექტაკლი ,,კაცია-ადამიანი“ და მის აღდგენას ვფიქრობ. თუმცა ეს საკმარისი არ იქნება. სკოლაცა და ბავშვებიც მოწყურებულია, თეატრში მოვიდეს და სათანადო სპექტაკლი იხილოს. ამასთანავე ეს ხელს შეუწყობს გემოვნებიანი და კულტურული ადამიანის ჩამოყალიბებას. მეც დიდი გამოცდილება მაქვს საბავშვო თეატრის ხელმძღვანელობისა და მის ფუნქციას მნიშვნელოვნად მივიჩნევ. საბავშვო სპექტაკლი მაღალმხატვრული და თვალისმომჭრელი უნდა იყოს, რომ მაყურებელმა შეიგრძნოს წაკითხული და ნანახი გააცნობიეროს, სათანადო ემოციური მუხტის მიღება. ძალიან მინდა მომავალ ახალ წელს ბავშვებს რომელიმე ზღაპრის ფეიერვერკული სანახაობა წარვუდგინო, რათა ამ თაობას თეატრში მოსვლა სულიერ მოთხოვნილებად ექცეს. 

- ძალიან კარგ წამოწყებას უყრი საფუძველს, როდესაც პრემიერებზე თეატრმცოდნეებს ეპატიჟები და ისინი თავიდანვე საქმის კურსში არიან თეატრში მიმდინარე პროცესებზე, რაც მათ რეცენზიებშიც აისახება. ეს წამოწყება შენი აზრი იყო თუ სამხატვრო საბჭოსი? 

- ჩემი ინიციატივაა. ვფიქრობ, რომ ასეთი თანამშრომლობა ორივე მხარისთვის ძალიან სასარგებლო იქნება. ამავე დროს, დაიწერება რეცენზიები, რაც საშუალებას მოგვცემს შევაფასოთ დადებითი და სუსტი მხარეები და ვიფიქროთ მათ სრულყოფაზე. აგრეთვე გვინდა ორივე მხარე უფრო დაახლოვდეს და მათი შეფასებისას მეტი ნდობა გაჩნდეს. 

- მომავალ გეგმებზე რას გვეტყვით? 

- ზაფხულისთვის, როგორც კი სათანადო რეპერტუარი გვექნება, გვინდა მოვიაროთ მთელი საქართველო და ჩვენი შემოქმედება გავაცნოთ საზოგადოებას. ამას გარდა, 2027 წელს ვგეგმავთ გასტროლებს მარსელში, ნიცაში. აჭარის მთავრობისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ბათუმში გვინდა ჩავატაროთ მასშტაბური საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი. 

- წარმატებებს გისურვებთ. 

- დიდი მადლობა და გელით მომავალ პრემიერებზე.

bottom of page