კოტე მარჯანიშვილზე
გუბაზ მეგრელიძე:
კოტე მარჯანიშვილზე
კოტე მარჯანიშვილი მსახიობებისგან თამაშს ითხოვდა და არა - მათ გადაქცევას მოსამართლეებად, რომლებიც მუდმივად რაღაც დარღვევებზე იმსჯელებდნენ!
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ტელეკომპანია „საქართველოს ცენტრალური ტელევიზიის“ დირექტორი გუბაზ მეგრელიძე საუბრობს რუსთაველის თეატრიდან კოტე მარჯანიშვილის წასვლისა და მის მიერ ქუთაის-ბათუმის თეატრის დაარსებამდე მსახიობებს შორის დამოკიდებულებასა და კონფლიქტზე:
- კოტე მარჯანიშვილსა და სანდრო ახმეტელს შორის შემოქმედებითი გზის გაყრის მერე, რაც სოფელ მარანში შედგენილი ოქმით დადასტურდა, რუსთაველის თეატრის მსახიობებმა - კორპორაცია „დურუჯის“ წევრებმა კრება მოიწვიეს და გადაწყვეტილება მიიღეს - მარჯანიშვილის გარეშე რუსთაველის თეატრზე პასუხისმგებლობა არ აეღოთ. მაგრამ განათლების კომისარიატმა და თეატრალურმა კომისიამ, რომლის სათავეშიც ლევან ღოღობერიძე იდგა, რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელობა სანდრო ახმეტელს ჩააბარა. აკაკი ვასაძე იხსენებდა: კოტე მარჯანიშვილი მომესალმა და მითხრა, მომილოცავს, თეატრი კორპორაციასა და ახმეტელს გადასცესო. მარჯანიშვილი ემოციებს არ იმჩნევდა, თორემ, რა თქმა უნდა, ეს იყო მისთვის დიდი დარტყმა.
- ამ გადაწყვეტილებით მსახიობები კმაყოფილნი იყვნენ?
- რუსთაველის თეატრიდან მარჯანიშვილის წასვლითა და ახმეტელის დანიშვნით ბევრი მსახიობი იყო უკმაყოფილო, მარჯანიშვილის მიმართ გარკვეული პროტესტი კი ჰქონდათ, მაგრამ მას ყველა პატივს სცემდა. მდგომარეობა უფრო გაამწვავა უშანგი ჩხეიძის, თამარ ჭავჭავაძის, შალვა ღამბაშიძისა და ალექსანდრე ჟორჟოლიანის განცხადებამ განსახკომის მთავარ სამმართველოსადმი, რომ მარჯანიშვილის დაუბრუნებლობის შემთხვევაში, თეატრს დატოვებდნენ. ამ განცხადების საფუძველზე კომისიაც შეიქმნა, რომელმაც 1928 წლის 25-26 აპრილს მსახიობები და ადმინისტრაცია დაკითხა. კომისიაზე მარჯანიშვილი მკაცრად გამოვიდა და თეატრი გააკრიტიკა, პირობა დადო, რომ ახალ კადრებს მოამზადებდა. ახმეტელზე კი თქვა, ნიჭიერია, მაგრამ მოუმზადებელიო. კომისიამ დაადგინა მარჯანიშვილის დაბრუნება თეატრში და ახმეტელის გაგზავნა მოსკოვში სტაჟირებაზე 2-3 წლით , თუმცა, ცენტრალურმა კომიტეტმა ეს დადგენილება არ გაიზიარა და ახმეტელი თეატრის ხელმძღვანელად დარჩა.
- მსახიობებმა რუსთაველის თეატრი დატოვეს?
- იმ პერიოდში თეატრიდან წავიდნენ მხოლოდ ელენე დონაური და ვერიკო ანჯაფარიძე - ელენე მარჯანიშვილის მეუღლე იყო, ხოლო ვერიკო - ელენესთან მეგობრობდა. 1926-1927 წლის თეატრალური სეზონი მარჯანიშვილის გარეშე გაიხსნა. ახმეტელმა მარჯანიშვილს წერილიც მისწერა, სადაც სპექტაკლის - „ზაგმუკი“ გენერალურ რეპეტიციაზე მიიწვია: ძვირფასო კოტე, მობრძანდით, თქვენი მოწაფის ნამუშევარი შეაფასეთო. რა თქმა უნდა, მარჯანიშვილი არ მივიდა. „ზაგმუკი“ პრესამ კრიტიკულად შეაფასა, მაგრამ ახმეტელი რომ დამოუკიდებელ რეჟისორად ჩამოყალიბდა და ახალ გზას იწყებდა, ეს აშკარა იყო.
- რას მოითხოვდნენ ახმეტელისაგან მსახიობები?
- 1927 წლის 27 იანვარიდან მსახიობთა კოროპრაცია „დურუჯი“ დაშლილად გამოცხადდა, ხოლო ამავე წლის გაზაფხულიდან ახმეტელსა და მსახიობებს შორის გაჩენილი ბზარი აშკარა გახდა. უკმაყოფილებას იწვევდა რეპერტუარიც, კონფლიქტი ღვივდებოდა როლების განაწილებისას. მაგალითად, სპექტაკლში „კარმენსიტა“ ახმეტელმა კარმენსიტას როლზე ლადო მესხიშვილის ქალიშვილი - ნინო ალექსი-მესხიშვილი დააკავა, რამაც მთელი დასის უკმაყოფილება გამოიწვია, ნინას აქცენტიც რუსული ჰქონდა და ამ გმირს არც გარეგნობით შეეფერებოდა, თანაც ამ როლს თამარ ჭავჭავაძე ელოდა. ამას გარდა, მსახიობებს არ მოეწონათ მოწვეული მხატვრის - გიორგი იაკულოვის მიერ ამ სპექტაკლის მხატვრული გაფორმება. შენიშვნები ჰქონდათ სხვა სპექტაკლებთან დაკავშირებითაც. თეატრს კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდა რუსთაველის თეატრის ყოფილი დირექტორი სერგო ამაღლობელიც.
- სად იყო ამ დროს კოტე მარჯანიშვილი?
- კინოში გადაერთო, მაგრამ იქ შესაფერისი წარმატება ვერ მოიპოვა. იმ დროს ის არც ფიზიკურად გრძნობდა თავს კარგად და არც სულიერად. მოგეხსენებათ, მაშინ მუნჯ კინოს იღებდნენ, სიტყვის წარმოთქმის გარეშე კი მარჯანიშვილი მუშაობას გულს ვერ უდებდა. მართალია, საბოლოოდ ის თეატრიდან მსახიობების გარეშე წავიდა, მაგრამ სულ მალე შეძლო თანამოაზრეების შეკრება და ყველაფრის თავიდან დაწყება. თეატრისთვის თბილისში შენობა რომ ვერ მონახა, ქუთაისში გადავიდა. ამ ქალაქში ცხოვრება კი იმან გაუადვილა, რომ იმხანად მასთან ერთად იყო მისი ვაჟი, უმცროსი კოტე მარჯანიშვილი, რომელიც პეტერბურგიდან იყო ჩამოსული.
- წამყვანი მსახიობები ახმეტელთან დარჩნენ...
სიმბოლურად, ძირითადი დასის რღვევა ახმეტელის მიერ ბორის ლავრენიოვის პიესის „რღვევა“ წარმოდგენის მერე დაიწყო. მართალია, ამ სპექტაკლმა წარმატებით ჩაიარა, მაგრამ ახმეტელის მოწინააღმდეგე მსახიობებმა კრიტიკა დაუწყეს ამ სპექტაკლის წამყვან მსახიობებს უშანგი ჩხეიძესა და თამარ ჭავჭავაძეს. თამარს ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა გული ნატკენი, როდესაც ახმეტელმა „კარმენსიტაში“ არ დააკავა, ხოლო უშანგის უთხრეს, გოდუნი ჰამლეტივით ითამაშე, ახმეტელმა სახე ვერ შეგაქმნევინაო. უშანგიმ აიტაცა ეს განწყობა და განაცხადა: გოდუნის როლში ჩავფლავდიო. ახმეტელისთვის ეს სილის გარტყმის ტოლფასი იყო. მდგომარეობა უფრო გაამწვავა უშ. ჩხეიძის, თ. ჭავჭავაძის, შ. ღამბაშიძისა და ალ. ჟორჟოლიანის განცხადებამ განსახკომის მთავარ სამმართველოსადმი, რომ კ. მარჯანისვილის დაუბრუნებლობის შემთხვევაში თეატრს დატოვებდნენ. ამ განცხადების საფუძველზე შეიქმნა კომისია, რომელმაც 1928 წლის 25-26 აპილს მსახიობები და ადმინისტრაცია დაკითხა. კომისიაზე მარჯანიშვილიც გამოვიდა და მკაცრად გააკრიტიკა თეატი. პირობა დადო, რომ ახალ კადრებს მოამზადებდა. ახმეტელზე თქვა ნიჭიერი, მაგრამ მოუმზადებელიაო. კომისიამ დაადგინა მარჯანიშვილის დაბრუნება და ახმეტელის მოსკოვში 2-3 წლით სტაჟირებაზე გაგზავნა. ეს დადგენილება ცენტრალურმა კომიტეტმა არ გაიზიარა და ახმეტელი თეატრის ხელმძღვანელად დარჩა.
- ახმეტელი რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელად დატოვეს, ხოლო მარჯანიშვილთან წავიდნენ: უშანგი ჩხეიძე, თამარ ჭავჭავაძე, ბაბო გამრეკელი, ალექსანდრე ჟორჟოლიანი, შალვა ღამბაშიძე, ხათუნა ჭიჭინაძე, დავით ჩხეიძე, ალექსანდრე გველესიანი, ცეცილია წუწუნავა. მარჯანიშვილთან იყვნენ დოდო ანთაძე, ვერიკო და ელენე დონაური. აქ აღარ შევჩერდები კონკრეტული მსახიობების ერთმანეთთან დაპირისპირებასა და კონფლიქტზე.
- ამბობდნენ, რუსთაველის თეატრიდან კოტე მარჯანიშვილი იმის გამო წავიდა, რომ ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა და ერთ თეატრში 4 წელზე დიდხანს არ მუშაობდაო.
- თეატრში არსებულმა დაჯგუფებებმა, ერთმანეთთან დაპირისპირებამ, რასაც თან ერთვოდა ამბების გატანა პარტიულ ხელმძღვანელებთან, ამ ყველაფერმა მარჯანიშვილი დაღალა, ამას ერთვოდა მისი ავადმყოფობაც. კოტე მარჯანიშვილი თეატრში მსახიობებისგან თამაშს ითხოვდა და არა კორპორატიულ-ადმინისტრაციულ ჩარჩოში ჩაკეტვას და მსახიობებისგან მოსამართლეების შექმნას, რომელიც მუდმივად რაღაც დარღვევებზე იმსჯელებდა. ჯერ კიდევ „დურუჯის“ პერიოდში, თეატრში შექმნილი იყო სამთა სამსჯავრო ვერიკო ანჯაფარიძის, შალვა ღამბაშიძისა და ალექსანდრე გველესიანის შემადგენლობით. ამათ ერთხელ სანდრო ახმეტელი ამხანაგურ სასამართლოს გადასცეს კორპორატიული დისციპლინის დარღვევისათვის, მეორედ - მარჯანიშვილი. ეს უკანასკნელი შვილს სწერდა: „ჭრილობა, რომელიც ჩემმა გულმა ჩემს სამშობლოში მიიღო, არასოდეს განიკურნება. წვრილმანი კაცუნების ინტრიგების გამო, თითქმის შუძლებელი გახდა ჩემი მუშაობა თეატრში, ყველაფერს მივაფურთხე და თეატრი მივატოვე“. მარჯანიშვილი საქართველოში 1922 წელს ჩამოვიდა, მანამდე რუსეთში დგამდა, სამშობლოში დაბრუნებაზე ერთგან ჩაწერა: „ჩრდილოეთში ტყვეობის შემდეგ დაბრუნება მზესთან“. ესე იგი, უხაროდა სამშობლოში დაბრუნება, თუმცა, აკაკი ხორავას ინფორმაციით, მარჯანიშვილი საქართველოში ერთადერთი მიზნით ჩამოვიდა - ბათუმიდან უცხოეთში უნდა წასულიყოო. ასე რომ, მდგომარეობა ისეთი დაძაბული იყო, რომ ამაზე უკვე თეატრს გარეთ მსჯელობდა საზოგადოება: მსახიობთა ერთმა ჯგუფმა მარჯანიშვილი რუსთაველის თეატრს მოაშორა, ხოლო ახმეტელი კომუნისტებს მიეყიდაო.
- ბოლოს რომელი მსახიობები დარჩნენ ახმეტელთან და ვინ აირჩია მარჯანიშვილი?
- ახმეტელთან დარჩნენ აკაკი ხორავა და აკაკი ვასაძე, პლატონ კორიშელი, ნიკო გოცირიძე, გიორგი დავითაშვილი, ვასო გოძიაშვილი, მიხეილ და ელგუჯა ლორთქიფანიძეები, ვანიკო აბაშიძე, ემანუილ აფხაიძე, დიმიტრი მჟავია, ნატალია ჯავახიშვილი, თამარ წულუკიძე, ორი ნინო ალექსი-მესხიშვილი (პირველი - ლადო ალექსი მესხიშვილის ასული, მეორე სარდიონის ასული - აკაკი ხორავს მეუღლე), სესილია თაყაიშვილი და სხვები. მოგვიანებით ვასო გოძიაშვილი და სესილია მარჯანიშვილთან გადავიდნენ. მარჯანიშვილის დასის წევრები გახდნენ ასევე გრიგოლ კოსტავა, აკაკი კვანტალიანი, გიორგი შავგულიძე, სერგო ზაქარიაძე. მარჯანიშვილს უნიჭიერესი მხატვრები ჰყავდა - პეტრე ოცხელი და ელენე ახვლედიანი, კომპოზიტორები - თამარ ვახვახიშვილი და ალექსანდრე გველესიანი. 1928 წელს უკვე ნიადაგი მომზადდა ახალი - ქუთაის-ბათუმის თეატრის გახსნისათვის და ამ ამბავს საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმაც მხარი დაუჭირა. რაც შეეხება, მარჯანიშვილთან თავისივე მსახიობების დაპირისპირებას, ამის შესახებ შემდეგ გესაუბრებით.
- კოტე მარჯანიშვილი 1933 წელს რომ არ გარდაცვლილიყო, 1937 წელს დახვრეტდნენ?
- მარჯანიშვილი მთავრობას ისე არ დაუპირისპირდებოდა, როგორც ახმეტელი. 1931 წელს დაიჭირეს მისი და - იღუმენია თამარი, რომლის გასათავისუფლებლადაც მარჯანიშვილმა ყოველ ღონეს მიმართა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ამ მიზნით მან მოსკოვში სპექტაკლების დადგმაც დაიწყო, რასაც თბილისში დასის გულისწყრომა და კონფლიქტი მოჰყვა. მოგვიანებით - 1934 წელს თამარის გათავისუფლება შეძლეს მწერალმა მაქსიმ გორკიმ და მხატვარმა პავლე კორინმა. მაშინ უკვე მარჯანიშვილი ერთი წლის გარდაცვლილი იყო. ამას გარდა, კოტე მარჯანიშვილი ბიძად ეკუთვნოდა ცნობილი მიკრობიოლოგსა და საზოგადო მოღვაწეს გოგი ელიავას, რომელიც ლავრენტი ბერიამ 1937 წელს დახვრიტა. გოგის დედა - ნინო მარჯანიშვილი კოტე მარჯანიშვილის და გახლდათ, რომელიც ექიმ გრიგოლ ელიავაზე იყო დაქორწინებული. ვინაიდან კოტე მარჯანიშვილსა და გოგი ელიავას (ბიძა-დისშვილს) შორის წერილებიც არსებობდა, ამ საბაბით, შესაძლოა, კოტე მარჯანიშვილისთვის რეპრესიებს გვერდით არ ჩაევლო და დაეხვრიტათ კიდეც.