top of page

კონტრაპუნქტები ქართულ თეატრზე

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

კონტრაპუნქტები ქართულ თეატრზე

დავით ანდრიაძე

 

კონტრაპუნქტები ქართულ თეატრზე

 

დიდი სტაგირელი ამბობდა, ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისიც, შუაცა და  დაბოლოებაცო...

ალბათ, ეს ყბადაღებული პანდემიაც ამ ლოგიკის გარდაუვალი ნაწილია...

მივეჩვიეთ კიდეც, მგონი - პირბადეებს, ლაგამივით რომ ამოგვიდევს პირში... ხელის სტერილიზატორებსა და მის აუტანელ სურნელს...

რაღაც სხვა ოდოროლოგიური ნიშნებიც გვცემს ცხვირში...

დისტანციას... შიშებსაც მივეჩვიეთ...

მივეჩვიეთ, რომ ყოველ დღე ვიღაცასა და რაღაცას ვკარგავთ...

სიკვდილსაც მივეჩვიეთ...

მივეჩვიეთ რჩეულთა წასვლასაც... გლოვასაც... ვიშვიშსაც... პანთეონებში მათ გადასანაწილებელ ტენდერებსაც მივეჩვიეთ...

მივეჩვიეთ...

ბევრი რამე და ვინმეც გადაიყოლა ამ „ლაგამმა“...

თეატრსაც ამოუდო თავისებური „ლაგამი“...

დაადუმა (ისე, დიდად მანამდეც ვერ ხმაურობდა ძველებური რიხით)...

ჩააჩუმა...

ჩააქვესკნელა...

ამასაც მივეჩვიეთ...

მივეჩვიეთ, მაგრამ როგორც კი შეგვიღეს თეატრის კარი, გადმოვალაგეთ მივიწყებული და ნაფტალინის სუნით აშმორებული კოსტიუმები...

არადა, როგორ შევეჩვიეთ მუდმივი მოხმარებისგან მობრეცილსა და მოცვეთილ სპორტულებს...

ამოვიცვით...

ნახევრად ამომშრალი სუნამოს სუნებით გადავფარეთ ნაფტალინის ძალა...

იქ რა დაგვხვდა, ამან აზრიც დაკარგა, თითქოს...

მთავარია, კარი გაგვიღეს...

მთავარია, სცენაზე ადამიანებიც დავინახეთ...

მთავარია, ვიღაც... სადღაც... რატომღაც ცოტა ყალბად ლაპარაკობს...

ლაპარაკიც დაგვავიწყა ამ ოხერმა პანდემიამ...

ნიკალაი ევრეინოვი იყო ასეთი უცნაური კაცი - თეატრის თეორეტიკოსი... რეჟისორი... ისტორიკოსი - ეშაფოტი თეატრად რომ გამოაცხადა და თეატრი - ეშაფოტად...

წერდა კარგა ხნის წინ სწორედ ეს მრავალმხრივი ადამიანი  ხელოვნების იდუმალ ზამბარებზე...

ეს ზამბარები მოშალა, ქუთაისის ავეჯივით, პანდემიამ...

ეს მოშვებული ზამბარები გაამჟღავნა ამ „ლაგამმა“ სწორედ...

მორყეულია...

და დაგვრჩა სახელმწიფო თეატრების ეტაბლირებულ სივრცეთა „სევდა წაუბაძველი“...

პარტერში ალაგ-ალაგ გამოტოვებული სკამებიც დედაბრის ჩაცვენილი კბილებივით ანათებს მიბნელებულ დარბაზში...

მორყეულია...

ხვალ სად უმტყუნებს ზამბარას ბედი, როგორ გაუძლებს „ლაგამს“, არავინ იცის...

ვერავინ გვეტყვის...

რა დაუბრუნებს თეატრს აურას???

ვითომ, ამომშრალი სუნამომების სურნელი???

თუ...

 

***

იტალიელი ფილოსოფოსის - ჯანი ვატიმოს ერთ-ერთ ბოლო წიგნს „მჯერა, რომ მჯერა“ ჰქვია... ისტორია, რომლითაც იწყება წიგნი, ერთი შეხედვით, უბრალოა და ბანალური - ქალაქის ცენტრში დგას და მობილურით საუბრობს ფილოსოფოსი. თანამოსაუბრე მოულოდნელად აწყვეტინებს საუბარს და ცოტა არ იყოს, აგრესიულად ეკითხება - „მისმინე, შენ მართლა გჯერა“?. 

მე მჯერა, რომ მჯერაო, - ასეთი იყო ვატიმოს პასუხი.

ერთმა ღმერთმა უწყის, რამ გააღიზიანა თანამოსაუბრე...

ან რისა სჯერა ვატიმოს...

ან სჯერა კი?

იქნებ, არც სჯერა?

მხოლოდ იმის თქმას ვცდილობ, რომ მეც მჯერა რაღაც...

ან, იქნებ, არც მჯერა...

თუმცა, მჯერა ლეგენდების და მითებისაც მჯერა...

ურჩხულებისაც კი მჯერა...

ან როგორ არ დავიჯერო?

რამდენი მარტო მედუზა გორგონა გადამღობებია გზაზე...

იმისიც მჯერა, რომ გუშინდელი დღევანდელს არ ჰგავს და არც ხვალ იქნება დღევანდელი...

იმისიც მჯერა, რომ ცხოვრების თეატრს გემოც შეეცვლება დროთა მანძილზე, ფერიც, აღქმაც, გაგებაც...

მჯერა, რომ არ მოგვეწონება.

გუშინდელს მივეტანებით...

თეატრის ცხოვრება მაინც წავა თავისი გზით - XXI საუკუნესავით ტექნოკრატიულად და ბიზნესის ნაწილად უფრო იქცევა, ვიდრე - ხელოვნების...

მჯერა, ესეც XXI საუკუნის ნაწილია...

თუმცა, ერთი დეტალი არ უნდა გამოგვრჩეს - აი, ვოლტერმა რომ თქვა XVIII საუკუნეში -

„ქაღალდის ფული, ადრე თუ გვიან, უბრუნდება თავის პირვანდელ ღირებულებას - ნულს“...

მთავარია, ბიზნესადქცეულმა  თეატრმაც  ქაღალდის ფულის ბედი არ გაიზიაროს მსოფლიოში...

ხელოვნებას დღეს ტანჯავს ციფრები... თეატრსაც, მათ შორის...

ცდუნებაა ფული და სახელი...

დიდი ცდუნება...

მე მაინც მჯერა, რომ მჯერა...

მჯერა, რომ XXII საუკუნეში მაინც გაახსენდებათ ადამიანებს საუკუნეებში ჩაკარგული ვოლტერი და ქაღალდის ფულის ბედის შეეშინდებათ...

 

 

***

რა დრო იყო, ხალხი რომ პიჯაკებზე წინასწარ იმზადებდა ორდენებისთვის ნახვრეტებს...

რამდენი პოეტი, მწერალი, მხატვარი თუ მსახიობი შეეწირა ორდენებზე დარდსა და ოხვრას...

რამდენი გადაჰყვა...

რამდენი ვითომ ანტისაბჭოთა პოეტი შევარდნილა გრიშა აბაშიძესთან სახეწამოწითლებული, „ხალხთან მეგობრობის ორდენი“ რად მინდა? ლენინის ორდენი მომეცითო“....

როგორ უყვარდათ ვითომ „ანტისაბჭოელებსაც“ ლენინი - ბევრი პლატინითა და დიდი სამომავლო სახელ-სახრავით...

რამდენი თეატრი ასკდებოდა კედლებს, ვინ „მოიგებდა“ ლენინს?

ვის ფოიეში გადაინაცვლებდა „გარდამავალი წითელი დროშა“...

ზოგი ვერ „გაცდა“ შრომის წითელი დროშის ორდენს...

ამაზე გამახსენდა - დოდო ანთაძე  ორჯერ იყო შრომის წითელი დროშის ორდენოსანი...

ლენინი „არ აღირსეს“...

მესამედაც რომ ისევ ძველ ორდენზე წარადგინეს, აღშფოთებულა კაცი -

რა ვიშრომე ამისთანა, გამაგებინეთო?

რას ვიზამთ?

„ლენინს“ ცოტა მეტი შრომა და მარიფათი სჭირდებოდა...

მეტი გაქანება... და გასაქანი...

ლენინი იყო მაინც...

რამდენიმე თეატრს შრომა და ნიჭიც ეყო და - მარიფათიც...

დაიმსახურა...

ლენინის ორდენოსანი გახდა...

სხვათა შორის, სახელმწიფო ცირკზეც მიდიოდა დავა - წარდგენილიც იყო ლენინის ორდენზე...

ცირკი პრივილეგირებული გახლდათ, მოგეხსენებათ, ახლობელ საბჭოეთში...

ჰქონდა ამ კლოუნადასაც თავისი ქვეტექსტი...

მაგრამ ლენინი მაინც „ვერ“ გადასცეს...

უხერხულად ჟღერდა - ლენინის ორდენოსანი სახელმწიფო ცირკი...

დარჩა ასე ულენინოდ ჩვენი ცირკი...

მაგრამ ვინც მიიღო, რა მერე?

დასრულდა საბჭოეთი და დასრულდა ისტერიული ბრძოლებიც „იქაური“ ორდენებისთვის, ახლანდელსა და ჩვენებურს რომ არც წონითა და წონადობითა მიაგავს და არც - ფერით...

ჩვენი თავისუფლებასავით გაღლეტილი რომაა...

მე იმ ძველ ორდენებზე სევდა შემომაწვა ახლა - ამდენ ნაბრძოლზე... ნაომარზე... ნაოფლარზე... თქვენ წარმოიდგინეთ და... ნასისხლარზეც...

სად გაქრა, ნეტა, ის „ლენინები“?

სად „დაიდო“ ბინა?

გადაინახეს?

დამალეს, როგორც სირცხვილი? რის რცხვენიათ, ნეტა????

თუ შენახულია სათუთად, თაროზე ისტორიისა და ეპოქისთვის - რა იცი, რაში გამომადგებაო...

მოკლედ, ვინ გაუყვება ახლა გზას დაკარგული ორდენების ძიებისთვის?

და ვის ცხელა დღეს ლენინისთვის?

მაგრამ მომაგონდა მაინც...

შემეცოდა ორდენიცა და ყველა ის არტისტი თუ არტისტების დასი, მისთვის ბრძოლებს რომ „შეეწირა“...

 

 

***

სერბეთის ნაციონალურ-დრამატული თეატრის ფასადზე უზარმაზარი ლიტერებით წერია – „ნაციონალნოე პაზორიშე“...

უცნაურად ჟღერს, არა?..

 ქოთნისა არ იყოს, ჩვენს (და ნებისმიერ) თეატრსაც საითაც გინდა, იქეთ გაუკეთებ ამ სიტყვებს სახელურად. „პაზორიშჩე“ სახილველია, გნებავთ – სახიობა... ბაზარიცაა... და შერცხვინებასთანაც ირითმება; „გაპაზორებასთან“...

 არის ტიპი „სირცხვილის კულტურისა“ და არის ტიპი – „დანაშაულის კულტურისა“. „სირცხვილისა“ და „შერცხვენის“ კულტურაცაა თეატრი.

 თეატრი „დანაშაულის კულტურის“ რიგშიც ჯდება; „აშავებს“ – ანუ ფერს უცვლის სინამდვილეს: ხან მირაჟია, ხან – სისასტიკე... მთავარია, თავად არ იყოს სამარცხვინო! ისტორიულად ცოდავდა ქართული თეატრი. აბა, ძველად იყო „ცოდვა“ თუ იყო. დაუნდობელი „სახელისუფლებო“ ბრძოლა და ინტრიგა...

არადა, როგორ შვენის თეატრალურ ცხოვრებას ნიჭიერ კაცთა თუ ქალთა (ხანაც, ანდროგინთა) ომები...

თუმცა, სანაცვლოსაც იძლეოდა ეს თეატრი – პასიონარულად ღელავდა, ვნებებად იღვრებოდა... ხანაც, კარნავალურად გვიკრავდა თვალს... და ეს იყო მისი ყოველდღიურ შეცოდებათა საზღაური...

ახლა ძალაგა(მოცლილი) ცოდავს – უნიჭოდ და უნიათოდ. და ამ უნიათო ცოდვით სულდგმულობს. მოიპოვებს „პურს ჩვენი არსობისა“...

რას ვიზამთ? ვინც არ ცოდავს, პურსაც ვერ ჭამს. ესეც ლოგიკაა – ბალაგანისა და ბაზრის ლოგიკა; თუნდაც, მეტალოგიკა...

მთავარია, ჩვენი თეატრიც არ იქცეს ნაციონალურ „პაზორიშჩედ“!

 

***

„ეს მოხდა დიდ ხუთშაბათ საღამოს“...

„წინათ, დიდი ხნის წინათ“...

როცა ზარები გრიგალში რეკდა...

ხმასაც გრიგალისებურს გამოსცემდა – „დამ“... „დამ“... „დამ“...

 მჭექარედ...

„მზეს დახარბებული“ იყო ქართველი ხალხი...

მზეს – ანუ თეატრს...

და ქართული თეატრიც „მზეობდა“...

ხან გვწვავდა... ხან – იკბინებოდა...

ხან – მშვიდად ანათებდა...

მაგრამ მთავარია, რომ ზარები გრიგალში ლაღად ხმაურობდა...

თუმცა, „ეს იყო წინათ“...

მაშინდელი „დიდი ხუთშაბათის საღამოს...“

 ახლა კი... დღეს... „აწვიმს სამრეკლოს“... „აწვიმს საყდარს“...

ქართული თეატრი ვეღარ გამოსცემს ხმას – „დამ“... „დამ“. „დამ“...

ვეღარ გამოსცემს, რადგან გრიგალი აღარაა და აღარც ქართველი ხალხია „მზეს დახარბებული“...

„წავიდა“ ის დრო, „ქლოშინით რომ ვარდებოდა სამრეკლოში ქარი“...

აღარც ზარის „შემომკვრელები“ შემორჩნენ, რომ ძველი სამრეკლო კვლავ აახმაურონ... შეძრან...

სულში „შემოძვრნენ“.

„გადაგვიარონ“....

ახლა სხვა დროა....

„აწვიმს სამრეკლოს“...

„აწვიმს საყდარს...

„აწი ვინ შეაკეთებს საყდარს?“

ისევ „პატარა“ ზარები თუ გამოჩნდებიან ჰორიზონტზე – აჟღარუნდებიან და კვლავ დაუბრუნებენ ქართულ თეატრს იმ ხმას, „წინათ რომ ჰქონდა“... „დიდი ხნის წინათ“... „პატარა, წკრიალა, ჩხრიალა ზარები ხომ ხანდახან წინ უსწრებენ უფროსთ“...

ჰოდა, ახლა მათი დროა!

ზარებმა გრიგალში ისევ უნდა ჩამორეკოს, თუნდაც პატარა ზარებმა, აი, ისეთმა, მიხეილ თუმანიშვილს თავის სამუშაო კაბინეტში რომ ჰქონდა საგულდაგულოდ გამომზეურებული;

უნდა ჩამორეკოს, რომ „აღარ აწვიმდეს სამრეკლოს...

აღარ აწვიმდეს საყდარს“...

 

 

***

ვერავინ მოთვლის, რამდენჯერ მოკვდა დღემდე მეფე ლირი საქართველოში... ზოგჯერ, იქნებ, უნიჭოდ...

ზოგჯერ – გულწრფელად...

 ზოგჯერ – ზეამაღლებულადაც...

რამდენჯერ დავიტირეთ მაკბეტიც...

ჰამლეტიც...

ერიც...

ბერიც...

რამდენჯერ „შევაპარეთ“ ქვეყანას – „გვიშველეთ, ამხანაგებო, ციხეში ჩაგვყარეს... დაგვიხსენით“ („ყვარყვარე თუთაბერი“)...

რამდენჯერ დაგვეხმარა „ამხანაგი“ თეატრიც დღემდე...

 რამდენჯერ მოგვეშველა იმ მუდრუგანა ბაყბაყდევთან ბრძოლაში, ხუთამდე თვლაც რომ არ შეეძლო და რამდენჯერ გამოგვაცლევინა ძალა მისთვის...

რამდენჯერ გვიმღერია ქართული სცენიდან – „მაღლა ცაში ამაფრინე... ვაი... ვაი“...

რამდენჯერ???

ამბობენ, პარტიულ ნომენკლატურასაც კი უყვარდაო „ჭინჭრაქას“ ისტორიები...

კაცმა არ იცის, რომელ პერსონაჟს უფრო იწონებდნენ – დევს?

იმ ქოსიკოს, მის ასაკამდე ვერც პარტიამ რომ ვერ მიაღწია?

თუ ჭინჭრაქას – არაფერი რომ არა ჰქონდა და ყველაფრისთვის რომ იბრძოდა...

რამდენჯერ „უწინასწარმეტყველეს“ იმ ცაში აფრინილებს სცენიდან მათი ცხოვრების ფინალი – „ვაი... ვაი...“

„თეატრში იმის სანახავად დავდივართ, რაც ცხოვრებაში გვაკლიაო“ – ჯემალ ქარჩხაძე წერდა.

და თუ ეს ასეა და ეს მართლაც რომ ასეა, დღევანდელი ქართული თეატრის რეპერტუარის „აურზაური სალხინეთშიც“ ნათელი ხდება...

 მთავარია, რომ ქართული თეატრი ისევ არის...

 მთავარია, რომ მაყურებელიც მიდის იქ, რომ კიდევ ერთხელ დაიტიროს გათანამედროვებული, უფრო ქერქეტა ოფელია, დამაბნევლად თეთრი ოტელო, ისევ გამოაცალოს ჩვენთან, ჭინჭრაქებთან ერთად, ქოსიკოსა და დევს ძალა და ისე აგვაფრინოს მაღლა, ცაში, რომ „ვაი“ „ჰეით“ შეიცვალოს...

ერთი ცნობილი სატირიკოსი ამბობდა – თეატრი მუზეუმს ჰგავს – იქ არ დავდივართ, მაგრამ გვსიამოვნებს, რომ არსებობსო...

თუმცა, სატირიკოსისგან ბევრი რამ არც დაიჯერება... მით უფრო – ფილოსოფოსისგან... ქართული თეატრი, საბედნიეროდ, სულაც არა ჰგავს მუზეუმს...

იქ ისევ დგას სცენის მტვრის სუნი და იმ სცენასთან ისევ არაერთხელ მოვლენ ადამიანები დახმარების მისაღებად...

არადა, დახმარება მუდამ იქნება საჭირო...

საქართველოში „ციხეებს“ რა დაცლის???

ქართული სცენა „მაღლა ცაში ასაფრენად“ იქნებ, მზად არის!!!

bottom of page