კონსტანტინე გამსახურდიას და სანდრო ახმეტელის კონფლიქტი
გუბაზ მეგრელიძე
კონსტანტინე გამსახურდიას დაკითხვის ოქმი
ეს ინციდენტი მოხდა 1935 წლის 1 მაისს ინჟინერ ვლადიმერ ჯიქიას ბინაზე, რომელიც მდებარეობდა ყორღანოვის, დღევანდელ ლ. ქიაჩელის ქუჩაზე. ამ მოვლენის აღწერა მოხდა უშუალოდ ქალბატონ თინას მონათხრობით, რომელიც მე ჩავიწერე. აი, რა მიამბო მან: `1935 წლის 1 მაისს, ტრადიციულად საპირველმაისო დღესასწაულის შემდეგ, ჩვენს ბინაზე საზეიმო სუფრაზე იკრიბებოდნენ ჩემი მეუღლის მეგობრები. ამჯერად იყვნენ: ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, სოლიკო ვირსალაძე, გიორგი ელიავა, პროფ. ზოზო ნანეიშვილი მეუღლითურთ. სადღესასწაულო სუფრის მოლოდინში სტუმრები აივანზე ისხდნენ. ამ დროს დაუპატიჟებლად, მოპირდაპირე სახლში მცხოვრები, მაშინდელი შინსახკომის უფროსი, რაფავა გვეწვია. ცოტა ხნის შემდეგ, აივანზე ლავრენტი ბერია გამოვიდა და ვლადიმერ ჯიქიას უთხრა:
Володя, иди ко мне в гости!
Видите, у меня гости. Вы пожалуйте!
Я туда не приду, – და თითით ს. ახმეტელზე მიანიშნა. ამაზე ს. ახმეტელმა ქიზიყურად შეაგინა. კ. გამსახურდიამ უსაყვედურა ახმეტელს, არ შეიძლება ცეკას მდივნის ასე მოხსენიებაო. ცხადია, რაფავა, რომელიც ლ. ბერიას დავალებით იყო გამოგზავნილი სტუმრების განწყობის გასაგებად, სუფრის ბოლომდე დარჩა.”
საყურადღებოა, რომ კ. გამსახურდიას გამონათქვამი: „ვეჭვობ, რომ ახმეტელი პოლიტიკით ინტერესდებოდა.” თავად კ. გამსახურდია საქართველოს დამოუკიდებლობის აქტიური მომხრე იყო. 1918 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბერლინის საელჩოას ატაშეა. 1921 წ. გასაბჭოების საპროტესტოდ მისწერა „ღია წერილი ულიანოვ-ლენინს” და გამოაქვეყნა სტატია „სიტყვები ქართველი ერისადმი 26 მაისს”. 1924 წელს დააპატიმრეს აჯანყებაში მონაწილეობის გამო, ასევე იყო დაპატიმრებული ს. ახმეტელიც. 6 თვის პატიმრობის შემდეგ გაანთავისუფლეს, მაგრამ 1926-27 წლებში კვლავ დაპატიმრებულია და „სოლოვკის” მკაცრი ბანაკიც არ დააკლეს. ამიტომ ნაკლებად სანდოა მისი სიტყვები, თითქოს ს. ახმეტელის დაპატიმრება „გაგონილი” ჰქონდა და ეჭვობდა `რომ ახმეტელი პოლიტიკით ინტერესდებოდა.” სინამდვილეში ორივე პოლიტიკურად აქტიური მოღვაწე იყო.ამიტომაც მისი არც ის სიტყვებია სანდო „ქართული ნაციონალური ცენტრის” შესახებ, თითქოს არაფერი იცოდა, ვინაიდან ბატონი კონსტანტინე ეროვნულ პოზიციებზე იდგა, რისთვისაც დაპატიმრებულიც იყო.
კ. გამსახურდიასა და ვლ. ჯიქიას მეგობრობის შესახებ აი, რას ამბობს ლიდა გასვიანი თავის ჩვენებაში: „..მისახელებდა ჯიქიას, მასზე მუდამ აღფრთოვანებით ლაპარაკობდა _ ჩემი შეხედულებანი ნაციონალისტურ საკითხებში სრულიად ემთხვევა ჯიქიას შეხედულებებსო, რომ მას, ჯიქიას სძულს რუსები, მეუბნებოდა: _ აი, ასეთი ბელადები გვინდა ჩვენ, ქართველებს, როგორიც ჯიქიაა...წყალტუბოდან მომავლებმა მე და გამსახურდიამ ვნახეთ ჯიქია, ის ლაპარაკობდა იმაზე, თუ როგორ „წაგლეჯეს” რიონჰესის ფულებს ქუთაისის ასაშენებლად და ისტორიულ ფასეულობათა დასაცავად…აი, ეს ნამდვილი…ქართველი პატრიოტია _ მითხრა გამსახურდიამ ჯიქიაზე, ის უპირველეს ყოვლისა ქართველია”... ამდენად, ორივეს პატრიოტული სულისკვეთება ამოძრავებდა.
კ. გამსახურდიას დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა კორპორაცია „დურუჯთან”. ამის დასტურია მისი წერილი კ. მარჯანიშვილისადმი, რომელიც პირველად იბეჭდება: `ძვირფასო ბატონო კოტე! მიუხედავად იმ გაუგებრობისა, რომელიც ჩვენ შორის მოხდა და რომელმაც ისე გაბზარა ჩემი გული, რომ ეს ჭრილობა დღესაც არაა დაშუშებული, ჩემი პატივისცემა და რესპექტი თქვენი დიდი პიროვნული სიქველეთა წინაშე, რომ მოვალედ ვრაცხ ჩემ თავს გთხოვოთ მობრძანდეთ ხვალ ხელოვანთა სახლში ჩემს მოხსენებაზე, სადაც თქვენ თეატრალურ პოლიტიკაზე იქნება ლაპარაკი. მე არ მინდა ამ შემთხვევაში ენატანია ხალხმა მოგაწოდონ ინფორმაცია. თუ პირადად ვერ მობრძანდებით, გთხოვთ გამოგზავნოთ ისეთი კაცი, რომელსაც აბსოლუტურად ენდობით.
მარადის თქვენი პატივისმცემელი დავრჩები კ. გამსახურდია.
ტფილისი. 1924. 3. II.”
რუსთაველის თეატრის მუზეუმში დაცულია 1924 წლის 3 აპრილით დათარიღებული მისი მეორე წერილიც `კორპორაცია „დურუჯს”. მასში მწერალი გამოთქვამს საყვედურს, რომ კორპორაციაში მოხსენება უნდა წაეკითხა ექსპრესიონიზმის შესახებ, მაგრამ შეთანხმება ვერ მოხერხდა. შემდგომ კი კორპორანტებს უსაყვედურიათ, რომ მოხსენებას არ დაესწრო. ამიტომ, მისდამი გამოთქმულ საყვედურს არ იღებდა. რუსთაველის თეატრის 1923-24 წლის სეზონის რეპერტუარში დასახელებულია კ. გამსახურდიას „გარსი მარადის” დადგმა, რომელიც არ განხორციელებულა.
ეს ოქმი ადასტურებს ლ. ბერიასა და ს. ახმეტელს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობას, რომელიც შემდგომში უფრო გამწვავდა. ეს კონფლიქტი თავის დროზე პირველად მე გამოვიკვლიე. ქალბატონ თინასა და ბატონ კონსტანტინეს ჩვენებები ერთმანეთს დაემთხვა, რაც ამ ფაქტს უტყურას ხდის. დიდი მწერლის ნათქვამი ს.ახმეტელის თავშეუკავებელობაზე, ფეთქებად ხასიათსა და თვითდაჯერებულობაზე, ადასტურბენ ინტელიგენციის ის წარმომადგენლებიც, რომლებიც ს. ახმეტელის რეაბლიტაციასთან დაკავშირებით დაკითხეს. ამდენად, ამ კონფლიქტს ღრმა საზოგადოებრივი ფესვები ჰქონდა და გარკვეულ ზეგავლენას ახდენდა იმდროინდელ პოლიტიკურად დაძაბულ ცხოვრებაზე.
საინტერესოა ამ ოქმის ისტორიაც. სუკის არქივიდან „ახმეტელის საქმე” (10 ტომი) ლიტერატურის მუზეუმს გადაეცა. ნახევარი წლის შემდეგ, იგი ზვიად გამსახურდიამ უზენაეს საბჭოში წაიღო, საიდანაც სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ, დედნის კვალი ქრება. ამის შესახებ ვესაუბრე ბატონ გურამ შარაძესაც, რომელმაც ვერც გროზნოში ნახა ეს საქმე. არც პრეზიდენტის ერთგულმა დეპუტატებმა იცოდნენ რაიმე. შესაძლოა დედანი დაიწვა, ან სხვა ბედი ეწია.
მოწმის დაკითხვის ოქმი
1955 წლის 5 მარტი ქ. თბილისი
ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო პროკურორის თანაშემწემ, იუსტიციის მაიორმა, ჟვანიამ დაკითხა მოწმის სახით ქვემორეხელისმომწერი საქ. სსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დროებითი წესით განთვალისწინებული 19-22, სტატიებით, რომელიც უჩვენა:
კონსტანტინე სიმონის ძე გამსახურდიამ, დაბადებული 1991 წელს, ქართველი, მცხ. ქ. თბილისი, გრიბოედოვის #21, მწერალთა კავშირის წევრი _ აკადემიკოსი, უპარტიო, მოსამსახურე, საბჭოთა არმიაში არ უმსახურია, განათლება _ უმაღლესი _ ფილოსოფიის დოქტორი, სამართალში არ ყოფილა.
ჩვენების მიცემა სურს რუსულ ენაზე.
გაფრთხილებულია პასუხისმგებლობაზე საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 95 მუხლით ყალბი ჩვენების მიცემისთვის, მოწმემ კ. ს. გამსახურდიამ უჩვენა:
ალექსანდრე ვასილის ძე ახმეტელს ვიცნობდი დაახლოებით 1924 წლიდან, როგორც რეჟისორსა და რუსთაველის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს. ახლო ურთიერთობა და მეგობრობა ახმეტელთან არ მქონდა, ვხვდებოდი იშვიათად, ისიც თეატრში. მახსოვს ერთადერთი შემთხვევა 1934 თუ 1935 წელს, როდესაც სამაისო ზეიმზე ახმეტელს შევხვდი ჯიქიას ოჯახში. იყო შემთხვევები, როდესაც მას თეატრალურ სამყაროშიც ვხვდებოდი, ვაკრიტიკებდი მისი მუშაობის ცალკეულ მომენტებს. ახმეტელი ნიჭიერი რეჟისორი იყო, თეატრისთვის ბევრი გააკეთა, განახორციელა არაერთი კარგი დადგმა. გამიგონია, რომ იგი 1937 წელს დააპატიმრეს. ამბობდნენ, რომ ახმეტელი ანტისაბჭოთა მუშაობისთვის დააპატიმრეს, მაგრამ ეს რამდენად შეესაბამებოდა სინამდვილეს არ ვიცი. მის მოქმედებებში პირადად ანტისაბჭოთა არაფერი შემინიშნავს და ვეჭვობ, რომ ახმეტელი პოლიტიკით ინტერესდებოდა. მისი მოწოდება ხელოვნება იყო და მთლიანად თეატრით იყო დაკავებული.
კითხვა: რა იცით ახმეტელისა და ბერიას ურთიერთობის შესახებ?
პასუხი: როგორი იყო ახმეტელისა და ბერიას ურთიერთობა არ ვიცი. მოწმე ვიყავი, როდესაც ახმეტელმა გაბედა თავხედობა, თუ არ ვცდები, გამოთქვა უწმაწური სიტყვები ბერიასადმი. ეს იყო ზემოთმოხსენიებული შეხვედრისას ინჟინერ ვლადიმერ ჯიქიას ბინაზე. ჯიქია ცხოვრობდა ბერიას ბინის მოპირდაპირე მხარეს ყორღანოვის ქუჩაზე. ბინების აივნები ერთმანეთის უყურებდნენ და გადალაპარაკება შესაძლებელი იყო. ჯიქიასთან სადილად ვიყავით. მოპირდაპირე აივანზე ბერია გამოვიდა, რომელსაც ახმეტელმა ფამილარულად `შენობით” მიმართა და საკმაოდ უხეშად ჩვენთან დაუძახა. ბერიამ უარი განაცხადა ჯიქიასთან მოსვლაზე. ზუსტად არ მახსოვს, რა ითქვა, მაგრამ ახმეტელმა ბერიას მისამართით გამოთქვა რაღაც უშვერი სიტყვები. მაშინ ახმეტელს შენიშვნა მივეცი, რომ ასე მოქცევა არ შეიძლებოდა და როგორი ურთიერთობაც არ უნდა არსებულიყო მათ შორის, ბერია ცენტრალური კომიტეტის მდივანი იყო და ჩვენ ვალდებული ვიყავით მისი ავტორიტეტი დაგვეცვა. ვინ ესწრებოდა და როგორი რეაგირება იყო სხვა დამსწრე პირთა მხრივ არ მახსოვს.
კითხვა: რა იცით ე. წ. „ქართული ნაციონალური ცენტრის” არსებობისა და ამ ანტისაბჭოთა ორაგნიზაციასთან ახმეტელის თანამონაწილეობის შესახებ?
პასუხი: „ქართული ნაციონალური ცენტრის” შესახებ პირველად მესმის. იმის შესახებ, რომ ახმეტელი დაკავშირებული იყო რომელიმე კონტრ-რევოლუციურ ორგანიზაციასთან არაფერი ვიცი და საერთოდ ვეჭვობ, რომ ამას ადგილი ქონდა. ახმეტელი იყო ნიჭიერი, მაგრამ იმავდროულად ძალიან ზედაპირული, ფანფარონული და თავშეუკავებელი ადამიანი _ ძალიან ფეთქებადი და თვითდაჯერებული. ყველაფერი ეს მას ახასიათებდა, როგორც ძალიან უცნაურ ადამიანს, მაგრამ იგი, რომ ანტისახელმწიფოებრივი მოღვაწეობით ყოფილიყო დაკავებული ამის დაჯერება არ შემიძლია.
კითხვა: თქვენ გეკითხებათ ამონარიდი ახმეტელის 1937 წლის 14-16 ივნისის ჩვენებიდან, რომ თქვენ ირიცხებოდით კონტრ-რევოლუციურ ორგანიზაციაში, რომელშიც ვლ. ჯიქიამ ჩაგაბათ და ეწეოდით ანტისაბჭოთა მუშაობას მ. ჯავახიშვილთან, შ. დადიანთან, ზ. ნანეიშვილთან, გ. ელიავასთან და პ. იაშვილთან ერთად. იყავით მჭიდრო კავშირში გ. ყურულოვთან და ლ. გასვიანთან. რა შეგიძლიათ თქვათ ამ კითხვასთან დაკავშირებით?
პასუხი: ახმეტელის ჩვენება წამეკითხა (საქმე #966716, ფ. 341). ეს ჩვენება თავიდან ბოლომდე გამოგონილია და სიცრუეა. ვლ. ჯიქიას, ზ. ნანეიშვილს, მ. ჯავახიშვილს და სხვებს, რომელთაც ახმეტელი ასახელებს კარგად ვიცნობდი, მაგრამ ისინი თუ ანტისაბჭოთა საქმიანობას ეწეოდნენ ჩემთვის არაფერია ცნობილი.
უნდა ავღნიშნო, რომ ვერ ვიტან როდესაც ადამიანები საზოგადოებაში უხეშად იქცევიან, რის შედეგადაც აღვშფოთდი ახმეტელის ქმედებით ბერიას მიმართ ჯიქიას ბინაზე. ბერიას ორგანულად ვერ ვიტანდი, ვინაიდან პარტიის ყრილობის ტრიბუნიდან ნაციონალისტი და ფაშისტი მიწოდა.
ოქმი წამეკითხა, ჩაწერილია ჩემი სიტყვებით. სწორია. ხელმოწერა კ. ს. გამსახურდია.
დაკითხა _ იუსტიციის მაიორმა _ ჟვანიამ.
სწორია: _ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო პროკურორის თანაშემწე, იუსტიციის მაიორი: ვ. ჟვანია.