top of page

ყოფილების სარეცელი

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

image_6483441.JPG

ანა (ალექსანდრა) სულამანიძე
ყოფილების სარეცელი


მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში 2023 წლის მიწურულს, 18-19 ნოემბერს დრამატურგ ირაკლი სამსონაძის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის „ყოფილების სარეცელი“ პრემიერა შედგა. სასიხარულოა, რომ სპექტაკლი დაიდგა იმ პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს  ქართული დრამატურგიის განვითარების ხელშეწყობას.


პიესაზე რეჟისორმა კახაბერ შარტავამ ორ მსახიობთან, ნინო ბურდულთან და გიორგი ჩაჩანიძესთან ერთად იმუშავა. უკვე რამდენიმე თვეა „ყოფილების სარეცელი“ თეატრის სარეპერტუარო სპექტაკლია და ჩემთვის ძალიან გასაკვირია, რომ ამ დრომდე პროფესიული გამოხმაურება არ მოჰყოლია.
ვფიქრობ, საინტერესო და დასაფიქრებელია ამის მიზეზიც.

პიესის ამბავი ძალიან მნიშვნელოვან თემას ეხება, რომელიც დღესაც კი ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა. ემიგრანტობა და დატოვებული ოჯახები, სატელეფონო საუბარში გაცვლილი სიყვარული და მის მიღმა არსებული მატერიალური ზრახვები, ადამიანებს შორის გაციებული ურთიერთობა- გავრცელებული სენი. დღეს ცხოვრობ, ხვალ არ იცი რა იქნება, ნელ-ნელა კარგავ ყველას და ყველაფერს, მაგრამ ვერ გაექცევი საკუთარ თავს. ეს ყოველივე პიესაში გადაჭრით და მკაფიოდ ჩანს, თუმცა სპექტაკლში შემსუბუქებულია.

სპექტაკლის გმირებიც გაქცეულები არიან, გარბიან, მაგრამ სად გარბიან და ვის ან რას გაურბიან ეს თავადაც არ იციან, რადგან ერთი შეხედვით პრობლემებსა თუ ოჯახს გარიდებული ემიგრანტები თან დაატარებენ ყველაზე მნიშვნელოვანს, საკუთარ ფიქრებსა და ღრმად დალექილ ტრავმებს. წამიერი სიამოვნებისა და სიხალისისათვის მხოლოდ წარსულში მომხდარი ფაქტების გახსენებაღა დარჩენიათ. წარმოდგენის მთავარ სათქმელადაც სწორედ ეს აღვიქვი, ადამიანები ხშირად, კეთილი თუ ბოროტი ზრახვებით, გადავყვებით ხოლმე სხვებს და გვავიწყდება ყველაზე მთავარი, საკუთარი თავი.

რეჟისორ კახაბერ შარტავას სათქმელადაც სწორედ ეს ამოვიკითხე, რომ მას სურს თავისი სპექტაკლით გვითხრას თუ რამდენად ძვირფასია თითოეული წამი და ყოველივე წარმავალია, მაგრამ რჩება საკუთარი თავი, რომელსაც გვიან აღმოვაჩენთ ხოლმე.
თუ დავუფიქრდებით სპექტაკლი „ყოფილების სარეცელი“ ერთგვარი მეტაფორული ქადაგებაა ზნეობასა და სიფრთხილეზე. ამ ყველაფერზე „მორალის კითხვას“ კი სხარტი და შენიღბული დიალოგები ამსუბუქებს.

რადგან მეტაფორა ვახსენე, მინდა მასზე მეტი ყურადღება გავამახვილო, რადგან, ვფიქრობ, რომ მთელი სპექტაკლი მეტაფორებზე აგების მცდელობაა. ზოგადად, თუ ირაკლი სამსონაძის პიესებს გავიხსენებთ, მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დრამატურგს მეტაფორებით საუბარი ნამდვილად ხიბლავს. არც „ყოფილების სარეცელი“ არ არის გამონაკლისი. შესაბამისად ინტერპრეტაციაც საკმაოდ ფართომასშტაბიანი მეტაფორაა.

პიესაში ემიგრაციის თემა როგორც პრობლემა ისე არის წამოჭრილი, არადა თითქოს თავიდან ეს არ ჩანს. სპექტაკლში კი პირიქითაა. თითქოს პირველივე სცენაში იყიდება მათი ამბავი. ეს გადაწყვეტა შესაძლოა რეჟისორის ჩანაფიქრადაც მივიჩნიოთ, მაგრამ მიზეზი ხომ უნდა ჩანდეს ნათლად. არისტოტელეს სიტყვებს თუ დავეყრდნობით, საქმე შემდეგნაირადაა: „თუ სათქმელი შედგება მეტაფორისგან, იგი გამოცანაა“. მეტაფორა რა არის? ნელ-ნელა უნდა შეაპარო, არ აქვს მნიშვნელობა მკითხველია თუ მაყურებელი, უნდა შეაპარო, დააინტრიგო და გამოცანები დაუხვედრო მომენტებში. რეჟისორის ნამუშევარში ამის მცდელობა ნამდვილად ჩანს და მომენტებში იკვეთება, მაგრამ მომეჩვენა, რომ რაც უნდა „მოეტყუებინა“ მაყურებლისთვის, სპექტაკლის სტრუქტურულად აგებისას ნაადრევად გაყიდა ამბავი, ერთგვარი პასუხი. ამიტომ მეტაფორები გამოჩნდა ან გაუგებარი, ან საერთოდაც დაიკარგა.

საყურადღებოა სცენოგრაფია, რომელიც ანა იაკობაშვილს ეკუთვნის. შემიძლია ვთქვა, რომ სცენოგრაფია სრულ თანხვედრაშია სპექტაკლის გადაწყვეტებთან. შეიძლება ითქვას, რომ მაქსიმალური მინიმალიზმია. ვერცხლისფერი მასალისგან შექმნილი დეკორაცია ძველი აეროპორტის ასოციაციას ქმნის. სცენაზე კი დეკორაციის მნიშვნელოვანი ნაწილი - კუბო დევს, რომელსაც წარმოდგენის განმავლობაში მსახიობები სხვადასხვა დატვირთვითა და დანიშნულებით იყენებენ.

მსახიობები ნინო ბურდული და გიორგი ჩაჩანიძე ფაქტობრივად ბეწვის ხიდზე გადიან, რადგან სპექტაკლის გადაწყვეტის სპეციფიკა ამას განსაზღვრავს და მოითხოვს. მსახიობები პირველივე აკორდიდან იწყებენ თამაშს და ბოლომდე ერთი დიდი ცოცხალი ჯაჭვი აქვთ აგებული, რომლის დარღვევაც სპექტაკლის აგებულებასაც კი განსაზღვრავს.
მეტიც, ვფიქრობ, სპექტაკლის მეორედ ნახვის სურვილი სწორედ მსახიობების მუშაობამ გამიჩინა.

ვფიქრობ, რომ ამ სპექტაკლს, თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, დიდხანს უნდა ჰყავდეს მაყურებელი. ამას კი ზუსტად, რომ ხელს შეუწყობს თანამედროვე სამყაროში არსებული გაბატონებული პრობლემის სცენაზე სათეატრო ხერხებით მსუბუქად გადმოცემა, თანაც მოკლე ქრონომეტრაჟით. თუმცა, ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ვისურვებდი სპექტაკლში რეჟისორის როლი და მისი გადაწყვეტები იყოს მეტად გამოკვეთილი.

 

ფოტოები ბექა ცირეკიძის
 

bottom of page