top of page

ტანგოს ქართველი რაინდი

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

120074919_2642106286104473_2564062793091051468_n.jpeg

ლაშა ჩხარტიშვილი

ტანგოს ქართველი რაინდი

კობა შონიას, იგივე იაკობ შონსკის სახელი საქართველოში სახელოვნებო წრეებში ტანგოსთან ასოცირდება. მოცეკვავე, ტანგოს მსახიობი, ქორეოგრაფი, რეჟისორი და პედაგოგი (რომელსაც ტანგოს მაესტროს ტიტულიც მიენიჭა) კობა შონია ორ ათეულ წელზე მეტია არავერბალური საშემსრულებლო ხელოვნების სფეროში მოღვაწეობს, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია საქართველოში ტანგოს აკადემიის დაარსება და ტანგოს საერთაშორისო ფესტივალი „Bestfest Tbilisi“, რომლის დამფუძნებელიც არის 2017 წლიდან.

„Bestfest Tbilisi“ არის ერთ-ერთი მძლავრი საერთაშორისო ფორუმი აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს 30 ქვეყნის ტანგოს პროფესიონალს აერთიანებს. პირველი საერთაშორისო ფესტივალი შავიზღვისპირა ქალაქ ბათუმში გაიმართა, ხოლო მომდევნო წლებში ფესტივალმა საქართველოს დედაქალაქში გადაინაცვლა და კვლავინდებურად უმასპინძლა პროფესიონალებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. ერთი კვირის განმავლობაში 30-მდე ქვეყნიდან 300-მდე მოცეკვავე მართავდა ტანგოს საღამოებს მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში, რომელსაც აღფრთოვანებით ხვდებოდა მაყურებელი. ფესტივალის ფარგლებში იმართებოდა ვორქშოპები და მასტერკლასები დაინტერესებული პროფესიონალისა და მოყვარულისთვის.

კობა შონია ასევე გვევლინება ტანგოს აკადემიის დამფუძნებლად საქართველოში, რომელიც ჯერ-ჯერობით ერთდერთი და ყველაზე აქტიური და მრავალფუნქციური კულტურულ-საგანმანათლებლო კერაა საქართველოში ტანგოს სწავლების, პოპულარიზაციის მიმართულებით. ტანგოს აკადემია, რომელსაც ქორეოგრაფი კობა შონია ხელმძღვანელობს, აერთიანებს სასწავლო პროგრამებს და ღონისძიებებს, როგორც სოციალური, ასევე სასცენო ტანგოს მიმართულებით. ამ მხრივ აღსანიშნავია კობა შონიას სპექტაკლი (რეჟისორ ირაკლი გურგენიძესთან ერთად) „როცა ქვეყანა დიდია“. არავერბალური წარმოდგენა არ გახლავთ ტანგოს საცეკვაო ნომრების მიქსი, არც კონცერტია, ეს არის სრულყოფილი წარმოდგენა, ერთი სიუჟეტური ხაზითა და კონცეპტუალური ქორეოგრაფიით, რომელიც მოგვითხრობს ადამიანების ისტორიებს ტანგოს ენით.

კობა შონიას სპექტაკლით გაიხსნა ტანგოს მესამე საერთაშორისო ფესტივალი თბილისში, ასევე სპექტაკლი კრიტიკოსების რეკომენდაციით ჩართული იყო თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მთავარ პროგრამაში, როგორც წლის საუკეთესო დადგმა.

„როცა ქვეყანა დიდია“ - ირაკლი გურგენიძისა და კობა შონიას წარმატებული ექსპერიმენტია. არგენტინული სოციალური ტანგო დრამატული ისტორიის მოსათხრობად, ქორეოდრამის (ავტორების განსაზღვრებით) ფარგლებში მოქცეული, ენობრივ (უსიტყვობის) ბარიერს თავისუფლად ხსნის და მხოლოდ ქორეოგრაფიის კოდების ახსნას ელოდება...

კრიტიკოსი, პროფესორი ლელა ოჩიაური ამ დადგმაზე წერდა: „მოვლენა მოვლენას ცვლის, ამბავი - ამბავს.  იცვლება მოვლენა. იცვლება მუსიკა და იცვლება ტანგოც. მთლიანი ნახაზი და ცალკეული ილეთი, ილეთების კვანძი და ერთიანი კომპოზიცია, რომელიც თითქოს კინომონტაჟის პრინციპს ემყარება. კინოს ეფექტს ქმნის განათება, შუქ-ჩრდილის  კინემატოგრაფიული განაწილება და სინათლის წყაროები, რაც, ამავე დროს, ერთგვარ იდუმალ და მისტიკურ ატმოსფეროში აქცევს ქმედებას. კონკრეტიკის საზღვრებს შლის და ორი სამყაროს (შეიძლება, მეტისაც) ზღვარზე იწყებს თამაშს. სინთეზურობის შთაბეჭდილებას ამძაფრებს, უფრო ზუსტად, მყარ საფუძველს უქმნის ტანგო და ყველაფერს განსაზღვრავს. ტანგო, რომელიც თავად წარმოადგენს ევროპული, აფრიკული და ლათინოამერიკული  ცეკვების ერთიანობის შედეგს. თან იმ სოციალური ფენის ცხოვრებაში გვახედებს, რომლის წიაღშიც წარმოიშვა. და თან „სამეჯლისოს“ ხასიათიდან დრამატული, ექსპრესიული, ქმედითი ქორეოგრაფიის კატეგორიად გარდაიქმნება.

ის (ტანგო) ხან სევდიანია და ხან დრამატული. ხან ლირიკული და ხან - მხიარული - როგორც ცხოვრება. ხან ერთფეროვანი, მდორედ მდინარი, ხან აგრესიული და ხან ბედნიერების მაუწყებელი. გრძნობებით, ვნებებით, ენერგიით, ძალითა თუ სინაზით დატვირთული. გრძნობების ცვალებადობის დინამიკური პროცესი მხატვრული ხერხების გარდასახვის პროცესის ნაწილია და ბევრ ნაკადიან გამართულ კალაპოტს მიჰყვება.

ტანგო(ები)ს მუსიკა და ტანგო აქ ყველა მხრიდან შემოდის და ყველაფერს მოიცავს. ყველგანაა. დროში და სივრცეში გაშლილი. საზღვარი არა აქვს და ნებისმიერი მდგომარეობის გამოხატვა შეუძლია. აქ ტანგო აზროვნების, სათქმელისა და პოზიციის გამოხატვის ხერხია. თეატრალურ ენასთან შეზავებული.  ამავე დროს, ცხოვრების წესია და ურთიერთობის საშუალება. მთელი ცხოვრებაა თავისი ეტაპებით, ისტორიებით,  ჭრელი ფურცლებით. შეხვედრებითა და განშორებებით. მისი მეტყველი გამომხატველი. ტანგო(ებ)ის მეშვეობით ამბავს ყვებიან და ადამიანების ბიოგრაფიის ხაზები გაჰყავთ. არც ერთი სიტყვა. არც ერთი ფრაზა. მხოლოდ ცეკვა, პლასტიკა, მოძრაობა, ჟესტი.  ცეკვის უწყვეტობა, ტაქტები, ილეთები და პაუზები, რომლებიც ზოგჯერ მოძრაობაზე უფრო მეტყველია. აქ ყველას თავის ხაზი და ხასიათი აქვს და თითოეული, ინდივიდუალურად, წყვილში თუ „ფერხულში“ კონკრეტული მოცემულობის აქტიურად მეტყველ გამომსახველად იქცევა.

ადამიანებს ესმით „ტანგოს“ ენა. მათაც - რომლებიც ცეკვავენ და მათაც - რომლებიც დარბაზიდან უყურებენ. ცეკვა და მუსიკა ადამიანებს შორის უხილავ ძაფებს აბამს, უშუალო პარტნიორებს შორის რომ არსებობს და ტანგოს ტაქტებსა და ილეთებს ძალაუნებურად, შინაგანად აყოლებს.

კობა შონია (რომელსაც ძალიან ზუსტი და მრავალშრიანი ხერხებით მიჰყავს დადგმის ქორეოგრაფიული გადაწყვეტა) სპექტაკლში, შეიძლება ითქვას, პროტაგონისტის ფუნქციასაც ასრულებს. მოქმედებს არა მხოლოდ „გარედან“ (როგორც დადგმის თანაავტორი), არამედ უშუალოდ მოვლენებში ჩართვითა და ქორეოგრაფიული ხაზი(ები)ს წარმართვით ავსებს,  ამთლიანებს ამბავს. ააქტიურებს სხვის (მთავარი პერსონაჟის - მოვლენების ცენტრალური ფიგურის - გოგონას /ანა ნიკოლაშვილი, ქეთევან ასათიანი/) ისტორიას, სხვის ცხოვრებას, ბევრის ცხოვრების მეტაფორად წარმოგვიდგება.“

სპექტაკლის ჟანრი ავტორებმა, ქორეოგრაფმა კობა შონიამ და რეჟისორმა ირაკლი გურგენიძემ, ტანგო-ქორეოდრამად განსაზღვრეს. დამდგმელი ჯგუფი ტანგოს ენით გვიყვება ისტორიას ისე, რომ ერთდროულად აღტაცებული რჩები მსახიობთა შესრულებით, ტიპაჟთა მრავალფეროვნებით, სიუჟეტის სიცხადითა და სანახაობის დახვეწილობით. „როცა ქვეყანა დიდია“ ერთი ამოსუნთქვით გათამაშებული წარმოდგენაა, რომელიც ზუსტად იქ სრულდება, სადაც ამბავი... სპექტაკლი მსუბუქი და ბაბუაწვერასავით სუმბურულია, ღრმა ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიური წიაღსვლებისა და ქვეტექსტების გარეშე, სადაც ყველაფერი გამარტივებული და გაანალიზებულია. ამიტომაც, „როცა ქვეყანა დიდია“ თეატრში განსამუხტად და დასასვენებლად მისული მაყურებლისთვის განკუთვნილი წარმოდგენაა, რომელიც ზემოთქმულს აუცილებლად მიიღებს.

მაესტრო კობა შონია ამავდროულად წარმატებული პედაგოგია, რომლის მოწაფეებიც აგრძელებს მოღვაწეობას სოციალური ტანგოს მიმართულებით. პარალელურად კობა შონია ნიუ-იორკშიც მოგვევლინა ტანგოს აკადემიის დამფუძნებლად, რომელიც ამჟამად აქტიურად მუშაობს არგენტინული სოციალური ტანგოს პოპულარიზაციის მიმართულებით და ათეულობით პროფესიონალს აერთიანებს ერთი იდეის გარშემო.

bottom of page