კლასიკური მწერლობის თანამედროვე სცენური ადაპტაცია

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

260685425_298874538768623_364383622779115779_n.jpg

ნერონ აბულაძე

კლასიკური მწერლობის თანამედროვე სცენური ადაპტაცია

 

კამათს არ იწვევს ის ფაქტი, რომ ნიკოლაი გოგოლის კლასიკადქცეულმა ნაწარმოებმა - ,,შინელი“ გამოქვეყნებისთანავე მიიპყრო ლიტერატურათმცოდნეების განსაკუთრებული ყურადღება და მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა რუსული ლიტერატურის მხატვრული ორიენტირები. ნაწარმოები არც თეატრის რეჟისორთა ყურადღების მიღმა დარჩენილა და საუკუნის განმავლობაში შეიქმნა არაერთი თეატრალური ინტერპრეტაცია. თუკი ერთი რეჟისორის შემთხვევაში ,,შინელი“-ს სცენურ ვერსიას აზრთა სხვადასხვაობა მოყვა, მსოფლიო თეატრის ისტორიაში ვხვდებით რეჟისორებს, რომელთა შემოქმედებაშიც აღნიშნული ნაწარმოების თეატრალურმა ადაპტაციამ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა და განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა. ამჯერად ყურადღებას რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილზე გავამახვილებთ, რომელმაც გოგოლის ცნობილი პროზაული ტექსტი თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის სცენაზე გააცოცხლა.

 

ბოლო წლებში განსაკუთრებით გააქტიურდა  ნიკოლოზ საბაშვილის მიმართ კრიტიკოსთა ინტერესი. ჯერ კიდევ პროფესიული მოღვაწეობის საწყის ეტაპზე რეჟისორის ერთი შეხედვით თავისებურ, თამამ თეატრალურ ექსპერიმენტებს კამათის გარეშე არ ჩაუვლია. მას შემდეგ რაც დამოუკიდებელ თეატრში განხორციელებულმა სპექტაკლმა -,,ქაღალდის წვიმა“ თეატრალური პრემია დურუჯის დაჯილდოებაზე  საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორის ნომინაცია მოიპოვა, ინტერესმა გაცილებით იმატა. მიზანმიმართული უარის თქმა დრამატურგიულ ტექსტზე,  მძაფრი ინტერესი არავერბალური სათეატრო ესთეტიკის მიმართ,  ეტიუდებში დაკონკრეტებულ - დანაწევრებული მცირე ნოველები-(,,ქაღალდის წვიმა“) -  თეატრმცოდნეთა ნაწილის აზრით საწყის ეტაპზე  ვერ ქმნიდა წარმოდგენის, როგორც,  ერთიანი ესთეტიკური სხეულის მხატვრული გააზრების საფუძველს. თუმცა აღნიშნულმა სპექტაკლმა კომპლექსურად წარმოაჩინა რეჟისორის შესაძლებლობა შეექმნა ქმედითი, ვიზუალურად მრავალფეროვანი, საცირკო ელემენტებით გაჯერებულ ეტიუდთა წყება, სადაც სიტყვა კარგავდა ყოველგვარ სემანტიკურ მნიშვნელობას და კონკრეტული ქმედითი ელემენტი ნივთი, საგანი, თოჯინა იძენდა განსაზღვრულ მხატვრულ დატვირთვას. ეტაპობრივად გაჩნდა დაგროვილი გამოცდილებისა და მყარი, დრამატურგიული ნაწარმოებების სინთეზის აუცილებლობაც. მომდევნო წლების დადგმებში ექსპერიმენტული ძიებები მეტი ინტენსივობით გრძელდება და პოსტმოდერნისტულ  თეატრალურ ტენდენციებთან სინთეზში კიდევ უფრო მკაფიოდ ავლენს რეჟისორის შემოქმედებით პოტენციალს, მის წარმოდგენას  თეატრსა და ზოგადად თანამედროვე ვიზუალურ ხელოვნებაზე.   სწორედ ხანგრძლივი ექსპერიმენტებისა და ახალი თეატრალური ფორმების ძიების პროცესმა ნიკოლოზ საბაშვილი საბოლოოდ ,,შინელამდე“ მიიყვანა.

ნიკოლაი გოგოლის შემოქმედება იმ პერიოდის ყოფის, პრობლემატიკის მწვავედ გადმოცემას ისახავს მიზნად. ავტორისათვის ყველაზე დამთრგუნველი იყო მეცხრამეტე საუკუნის რუსეთი, მოჩვენებითი, ხელოვნური სამყარო და ამ სამყაროში უბრალო ადამიანის ბედი. გოგოლის პერსონაჟები დიადი ქალაქის მასშტაბებით და დამთრგუნველი ატმოსფეროთი ,,გაჭყლეტილი” სევდიანი და მარტოსული ქმნილებები არიან, ხშირ შემთხვევაში უდროო სიკვდილისთვის განწირული ადამიანები.  გოგოლის პეტერბურგი ილუზიების და იმედგაცრუების ქალაქია.   აკაკი აკაკიევიჩი, ,,შინელის”, ,,პეტერბურგული მოთხრობების” უკანასკნელი მოთხრობის გმირი იძულებულია, თითოეული კაპიკი დაითვალოს, რომ თავისი ძველი, გაცრეცილი შინელი გამოიცვალოს. ახალი შინელი თავდაჯერებას და სიამაყის გრძნობას უბრუნებს. ამხანაგების აღიარება მიღწეულია, შინელის გამოცვლას დეპარტამენტში შამპანურით ,,ასველებენ”, მაგრამ შინისაკენ მიმავალ მოხელეს გზად ძარცვავენ და მისი სიამაყის საგანს ხდიან. აკაკი აკაკიევიჩი დახმარებისათვის მნიშვნელოვან პირს მიმართავს. მნიშვნელოვან პირს ისეთ უმნიშვნელო საკითხზე, როგორიც ვიღაც მოხელის შინელის პოვნაა, თავის მოცდენის პერსპექტივა შეურაცხმყოფელი ეჩვენება და საბრალო მოხელეს კაბინეტიდან ფეხის დაბაკუნებით დაითხოვს. აკაკი აკაკიევიჩი ავად ხდება და კვდება. ცივი, არაადამიანური საზოგადოება პატარა ადამიანს სრესს, არსებობის უფლებას ართმევს. თუმცა მისი აჩრდილი პეტრბურგის ქუჩებში დაეხეტება, მნიშვნელოვან პირს, რომელმაც დაჩაგრა და კაბინეტიდან გამოაგდო, პოულობს და სამაგიეროს უხდის.

 

სცენაზე განთავსებულია ორი მასშტაბური რკინის კონსტრუქცია, რომელიც დაყოფილია თანაბარი ზომის კვადრატებად. თითოეულ კვადრატს მიმაგრებული აქვს შესაბამისი ზომის კარი და მთელი სპექტაკლის განმავლობაში ქმედითი დატვირთვა გააჩნია. მხატვრული გაფორმება- (ბარბარა ასლამაზი) ძირითადად შავისა და თეთრი ფერის კონტრასტშია გადაწყვეტილი, რაც სიმბოლურად სიკეთისა და ბოროტების მარადიულ დაპირისპირებაზე მიგვანიშნებს. მთლიანობაში მეტწილად შავი ფერი დომინირებს, ხოლო ცალკეულ სცენებში ჩნდება წითელი, როგორც სიყვარულის სიმბოლო. კონსტრუქცია სიუჟეტის განვითარების შესაბამისად ტრანსფორმირდება და განსაზღვრავს მოქმედების ადგილს. მხატვრული გაფორმების  თვალსაზრისით, მინიმალური თეატრალური პირობითობის ფონზე, მთელი წარმოდგენა ზედმიწევნით რეალისტურ მხატვრულ ფორმაში იქნა გადაწყვეტილი.  კოსტუმებიც მაქსიმალურად პირობითია, რაც პრობლემის ნებისმიერ დროში აქტუალურობას უსვამს ხაზს.  ბარბარე ასლამაზიშვილის სცენოგრაფია უკიდურესად პირობითია და ჰარმონიულად ერწყმის რეჟისორის ჩანაფიქრის გადმოცემას. კონკრეტული მხატვრული დეტალები „თავის თავში ჩაკეტილ“ ადამიანთა სულიერი სამყაროს ვიზუალური გამოხატულებაა. მთელი სპექტაკლი რეალურობისა და ირეალობის ზღვარზე მიმდინარეობს.

   

საექსპოზიციო სცენა აკაკი აკაკიევიჩის ამ ქვეყნად მოვლინებას ეთმობა. რეჟისორი ორიგინალური ხერხით, სხვადასხვა დეტალების საშუალებით თანმიმდევრულად გვიჩვენებს სპერმატოზოიდისა და კვერცხუჯრედის შეხვედრის, ჩასახვის, ემბრიონის განვითარების ყველა ფაზას...მომდევნო სცენების სწრაფი მონაცვლეობისას ჩვენს თვალწინ გაივლის მთავარი გმირის ყრმობა, ბავშვობა, თავისი პირველადი სასიყვარულო შეგრძნებებით... მოვლენათა განვითარების კვალდაკვალ რეჟისორი  ხაზგასმული გროტესკითა და, ამავდროულად, უდიდესი სიყვარულით ქმნის აკაკი ბაშმაჩკინის მხატვრულ პერსონაჟს.  გრიმი, მიმიკა, ჟესტიკულაცია, პლასტიკა ერთდროულად სხვადასხვა გრძნობას აღძრავს მაყურებელში. პატარა, შეშინებული, საცოდავი, რუტინაში ჩაფლული და, ყველაფერთან ერთად, მეოცნებე აკაკი ბაშმაჩკინი, ხან გეცოდება, ხან ღიმილს მოგგვრის, ხან თანაგრძნობას იწვევს და ხან გაოცებას. გოგოლისეული პერსონაჟის მსგავსად, მალხაზ გაბუნიას აკაკი აკაიევიჩიც მხოლოდ თავისი სამსახურით - (ის ერთ ერთ დეპარტამენტში გადამწერად მუშაობს)- ცხოვრობს, მაგრამ ამ შემთხვევაში რეჟისორი კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ აკაკი ბაშმაჩკინს თავისი საქმე ფანატიკურად უყვარს. მისთვის ასო-ბგერები რაღაც ზეამაღლებულის გამოხატულებაა.

  

საექსპოზიციო სცენების შემდეგ ადგილი ეთმობა მთავარი გმირის ყოველდღიურ ყოფას. ვფიქრობ, რომ მრავალი მიგნების პარალელურად განსაკუთრებით ორიგინალურად არის მოფიქრებული ნაქირავები ბინის სცენა, სადაც ნებისმიერი ბუტაფორიული დეტალი პერსონიფიცირებულ სახეს იძენს. აკაკი ბაშმაჩკინი ჩაის მიირთმევს, ამ დროს კი კარებზე კაკუნია. კედლები ტრანსფორმირდება და  იქმნება საცხოვრებელი ბინის მეპატრონის უტრირებულ სახე, რომელიც ქირის დროულად გადახდას ითხოვს. ამ დროს მთავარი გმირი ლოკოკინას ემსგავსება და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ნაქირავებ ბინას, როგორც ნიჟარას მხრებით დაატარებს. წარმოდგენაში მრავლად ვხვდებით საკვანძო სცენებს, რომლებსაც რეჟისორი მნიშვნელოვან მეტაფორულ დატვირთვას ანიჭებს. ამ თვალსაზრისით ხაზგასმით აღსანიშნავია დეპარტამენტის თანამშრომელთა ყოველდღიური საქმიანობის ამსახველი სცენა. ერთიანი რკინის კონსტრუქცია ქმნის მონოლითური სისტემის ილუზიას, სადაც თანაბარი ზომისა და გამომეტყველების თანამშრომლები საბეჭდ მანქანაზე თითების მონოტონური კაკუნით გამოხატავენ ერთფეროვანი მასის რეალურ სახეს, მასის, რომელიც მუდმივად უპირისპირდება ინდივიდს..

  

ავტორი ნაწარმოებს პროზის სახით ქმნის. შესაბამისად მხატვრული სტრუქტურა არ ითვალისწინებს სათეატრო ,,კანონებს“ . რეჟისორი არ ერიდება ავტორისეულ ლიტერატურულ პირველწყაროში  აქტიურ ფამილიარულ ჩარევას, რაც ტექსტის მინიმუმადე დაყვანას გულისხმობს და ძირითადი აქცენტი ქმედით, გამომსახველობით საშუალებებზეა გადატანილი. სიუჟეტის გამძაფრების მიზნით სპექტაკლში ვხვდებით დამატებით პერსონაჟებს გოგოლის სხვა (,,ცხვირი“ , ,,შეშლილის წერილები“) ნაწარმოებებიდანაც. მიზანსცენათა მონაცვლეობა ავტორისეულ თხრობის ლოგიკას მიყვება. მოქმედ პერსონაჟთა უმრავლესობა თოჯინების სახით არიან წარმოდგენილნი, თუმცა  ვხვდებით რეალურ, ,,ცოცხალ –პლანში“ წარმოდგენილ პერსონაჟებსაც. მთელი წარმოდგენა ექსპერიმენტული ხასიათისაა, რაც უპირველესად, თოჯინების მხატვრული აგებულების ტრადიციული სტილის რღვევაში გამოიხატება. კონკრეტული დეტალებისა და საგნების ერთობლიობით იქმნება პერსონაჟი, რაც თითოეული მსახიობისაგან-(მალხაზ გაბუნია, მანანა წიკლაური, თეა კიწმარიშვილი, ნათია ხმიადაშვილი, მაია მალხაზიშვილი, ნინო ნატროშვილი, მარიკა ძაგნიძე, მაია სულხანიშვილი, თამთა ბაქრაძე, თათია ბაქრაძე, ნათია შეშაბერიძე, ნინო პაპიაშვილი, ვახტანგ ჭელიძე, ირინე კუკულაძე, დავით ბეკოშვილი, რომან ქერქაძე, დავით ბერიძე) - განსაკუთრებულ ძალისხმევასა და პროფესიონალიზმს მოითხოვს.

  

ფამილიარული ჩარევების მიუხედავად სპექტაკლში შენარჩუნებულია გოგოლისეულ ტექსტში  არსებულ მოვლენათა თანმიმდევრობა: აკაკი ბაშმაჩკინის დაბადება, სახელდება, სამსახური, ახალი შინელის აუცილებლობა, შინელის შეკერვა, ახალი შინელის ე. წ. „დასველება“, ბაშმაჩკინისთვის შინელის წართმევა, მისი მცდელობა შინელის დაბრუნებისა, გარდაცვალება და შურისძიება.

 

მსგავსად აკაკის პერსონაჟისა, სპექტაკლში სხვა მოქმედი გმირებიც გროტესკულები და გაშარჟებულები არიან.  ყოველი მათგანი სპეციფიკური, დამახასიათებელი ხერხით, ჟესტიკულაციით, პლასტიკითა თუ კოსტიუმებში ხაზგასმული შტრიხებით, უტრირებულად გამოხატავენ თავიანთი პერსონაჟების ხასიათებს. არცერთ მათგანს აღარ აქვს შერჩენილი ადამიანური თვისებები და მხოლოდ ფულსა თუ საკუთარ სარგებელზე ორიენტირებულები

  

ნაწარმოების თემატიკა და იდეა აქტუალურია ჩვენს რეალობაში. იცვლება დრო და შესაბამისად იცვლება ჩვენი წარმოდგენები კულტურაზე. მეცხრამეტე საუკუნეში შექმნილი ნაწარმოები, მიუხედავად ეპოქალური სხვაობისა, ხაზს უსვამს პრობლემას, რომელსაც აქტუალობა დღემდე არ დაუკარგავს.  ჩვენს თანამედროვეობაში ერთი შეხედვით გარემომცველი სამყარო მნიშვნელოვნად იცვლება, ვითარდება, იქმნება სხვადასხვა ინსტიტუციები, თუმცა ყოველივე ეს უარყოფითად აისახება კონკრეტული ადამიანის ყოფასა და ბედზე. თანამედროვე რეალობა, მძლავრი ინდუსტრიალიზმი ისეთივე ერთფეროვან მოჩვენებით სამყაროს ქმნის, როგორც გოგოლის ეპოქაში იყო. ამ შემთხვევაშიც ნაკლებად გვაინტერესებს ადამიანი, მისი ინდივიდუალიზმი და სულიერი მხარე. საყოველთაო ერთფეროვან გარემოში XXI საუკუნის ადამიანები ერთიანი, მონოლითური სისტემის რიგით ჭანჭიკებად იქცნენ.