top of page

კიდევ ერთხელ „მარინა რევიას“ შესახებ

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

კიდევ ერთხელ „მარინა რევიას“ შესახებ

15.06.2026

გიორგი ყაჯრიშვილი

კიდევ ერთხელ „მარინა რევიას“ შესახებ

 

პიესა „მარინა რევია“ (დრამატურგი ალექს ჩიღვინაძე) და პირველი სპექტაკლი (რეჟისორი გურამ ღონღაძე) თემურ ჩხეიძის სახელოსნოს წიაღში დაიბადა. შემდგომ იგი რამდენიმეჯერ განხორციელდა: ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის დრამატულ პროფესიულ თეატრში (რეჟისორი ნიკა ჩიკვაიძე), მარნეულის სახალხო თეატრში (რეჟისორი გოჩა ხვიჩია) და ამჯერად თავისუფალ თეატრში (რეჟისორი ლუკა ინწკირველი). ამდენად მარინა რევიას როლის (ნინო კასრაძე, ენდი ძიძავა, მარო ჯოხაძე და მაია ხორნაული) ოთხი შემსრულებელი გვყავს, ისევე როგორც ამ პიესის სხვა პერსონაჟების (სალომე მაისაშვილი, მაგდა ლებანიძე, პაატა ინაური, თათია თათარაშვილი, ქეთევან აბაშიძე, ზურა ხაფთანი, თამარ ჭუბაბრია, ნინი გოშაძე, ირაკლი კვერღელიძე, ეთერ ალექსიშვილი, გიორგი ჩაჩუა). ამ ფსიქოლოგიური დრამის აქტუალობა და თანამედროვეობა ეჭვს არ იწვევს. მოთხრობილი ტრაგიკული ამბის გარდა, სახეზეა ურთიერთობათა მთელი ჯაჭვი ერთი კონკრეტული ოჯახის მაგალითზე - დის და ძმის, დედის და შვილების, ცოლის და ქმრის, რძლისა და მულის და ეს ყველაფერი მიმდინარეობს იმ ტრაგიკული შემთხვევის კვალდაკვალ, რაც ამ ოჯახში ოცი წლის წინ გათამაშდა. პატარა და-ძმას უმცროსი და შემოაკვდათ, სრულიად შემთხვევით თამაშით და გაუფრთხილებლობით და რა დარჩენოდა ბავშვების დედა, ეს მკვლელობა საკუთარ თავზე რომ არ აეღო.

 მაგრამ ეს ყველაფერი არ იცის მაყურებელმა და ამას მხოლოდ სპექტაკლის ფინალში გაიგებენ და ნახევრად დეტექტიური, ფსიქოლოგიური დრამა ცხარე ცრემლით აატირებს მოსულ სტუმრებს.

თავისუფალი თეატრის სცენაზე ნახევრად დანგრეული სახლის მისაღები ოთახია. (სცენოგრაფი თეო კუხიანიძე) კედელი ისეა გარღვეული, რომ დროდადრო იქიდან სინათლის სხივი იპარება. ჭერი ჩამონგრეულია. მარჯვენა მხარეს შუშაბანდს ალაგ-ალაგ მინები აკლია, ოთახში აქა-იქ გადასასვლელად გამზადებული მუყაოს ყუთები აწყვია. ცენტში დიდი სასადილო მაგიდა დგას ჭიქებითა და წყლის გრაფინით. მარცხენა კუთხეში იმპროვიზებული სამზარეულოა, გაზ ქურით, ჭურჭლის საშრობით. მის გვერდით საძინებელი ოთხის კარია. ასევე მარცხნივ სავარძელი, ჟურნალების მაგიდით, რომელზეც ლეპტოპი დევს. ამ ადგილს ხშირად სიგარეტის მოსაწევადაც იყენებენ. შემოსასვლელი კარების მიღმა შოთას და ნატას საძინებელი ოთახი უნდა იყოს. იქვე სარეცხი მანქანა და სააბაზანოში შესასვლელია, რომელიც ფარდითაა დაფარული.

ამ ყველაფერს სიძველის კვალი ატყვია. მისი მაცხოვრებლები სტუმრებივით ცხოვრობენ თან სახლის დანგრევასა და აქედან გადასვლას ელოდებიან თან სულ გარეთ არიან, ნათია (სალომე ესაძე) მუშაობს, შოთა (გუგა ქაცარავა) გამუდმებით სამსახურის ძიებაშია. სახლში მხოლოდ ნატაა (ლიზა რუხაძე), ბავშვს უვლის, აი, ახლაც სცენაზეა, რაღაცას საქმიანობს, შემდეგ კი ბავშვი საბავშვო ეტლით გამოჰყავს.

რეჟისორი ლიკა ინწკირველი ძირითადად მიჰყვება ავტორისეულ ტექსტს, თუმცა დადგმაში მაინც შეაქვს რამდენიმე ცვლილება: ასე მაგალითად: სპექტაკლის ფინალი, როდესაც მშენებლები მოდიან და ოჯახის მაცხოვრებლები ამ სახლიდან გადადიან და სიბნელეში ჩალაგებული ყუთები გარეთ გააქვთ, ან კიდევ მარინას (მაია ხორნაული), ციხიდან დაბრუნებულს,  მისი ფანჯრის წინ მდგარი ჭადრების, რომელიც ახლა უკვე მოჭრილია, გადაჭრილი კუნძები შემოაქვს და ოთახის ცენტრი აწყოს. მათ ისე ეფერება, როგორც საკუთარ შვილებს, რომელთა მიტოვება ოცი წლის წინ მოუხდა. ეს რეჟისორული ხერხები საინტერესი ნიუანსებს მატებს სპექტაკლს და ახლებურ წაკითხვას გვთავაზობს.

ყველაფერი ისევ ისე, როგორც დატოვა, სარდაფის გასაღებიც კი იმავე სამალავშია, მაგიდის ქვეშ. მხოლოდ ოჯახურ ალბომს ვერ პოულობს. ხოლო დანარჩენი, ამ ოჯახის მცხოვრებლები მისთვის ახალია და უცნობია. რძალი ნატა, გაზრდილი შვილები და მათი პრობლემები. და რაც მთავარია - როგორ გადალახოს ეს გაუცხოება, რანაირად აღადგინოს მათთან ურთიერთობა. სიმართლე ხომ მხოლოდ ორმა ადამიანმა იცის მარინამ და ნათიამ - ორივე დიდხანს ცდილობს ამის დამალვას იქამდე ვიდრე შოთა წყობილებიდან არ გამოვა. იგი თავს ესხმის საკუთარ დედას, სახლიდან გაგდებას უპირებს. ის რომ მარინამ საკუთარი შვილი დაახრჩო დაიჯერა ყველამ, მართლმსაჯულებამ, მეზობლებმა, თითქმის მთელმა ქალაქმა, შოთამაც და მისმა კლასელებმაც, ნათესავმა ლეილამაც, რომელიც ბავშვების მეურვედ დარჩა.

 შოთა (გუგა ქაცარავა) ახალგაზრდა კაცია, კომპლექსიანი, რომელსაც პატარაობიდან მიჰყვება ფსიქოლოგიური და სულიერი ტრავმა. ამის გამო მას იმპულსური და ნერვიული ხასიათიო ჩამოუყალიბდა. მკვლელი დედის შვილმა ჯერ კიდევ ვერ იპოვა საკუთარი ადგილი ამ საშინელ ქალაქში, სადაც „მანქანების გარდა არაფერია“ . ოჯახი შექმნა, მეუღლესთანაც რთული ურთიერთობა აქვს. ერთადერთი ვისთანაც თავისუფლად და კარგად გრძნობს თავის უფროსი და ნათიაა. ისინი ძველი მოგონებებით სულდგმულობენ, დროდადრო ბავშვობის თამაშებითაც ირთობენ თავს. ობლად დარჩენილმა ორმა პატარამ მხოლოდ ურთიერთსიყვარულით გადაირჩინეს თავი. ეს სიყვარული კი მათი მეურვის, ბოროტი ლეილას დასაცინი ხდება.

ბავშვობაში მიღებული ტრავმის გამო შოთა განსაკუთრებული სითბოთი უვლის საკუთარ შვილს. სახლში დაბრუნებულს ბავშვს მარინას ხელში რომ აღმოჩენს, სასწრაფოდ გამოართმევს მას.

ამ საშინელ სამყაროში ნათიას დაუცველობა განსაკუთრებით აღელვებს შოთს, ხელჩართულ ბრძოლაშიც კი ერთვება, რათა მის შეურაცხმყოფელს სამაგიერო გადაუხადოს.

განსაკუთრებული დრამატიზმით გამოირჩევა სცენა, სპექტაკლის კულმინაცია, როდესაც ნათია ბოლოსდაბოლოს სიმართლეს იტყვის. ამ სცენაში ცხადად გამოიკვეთა მონაწილე მსახიობთა (მაია ხორნაული, სალომე ესაძე, გუგა ქაცარავა) გარდასახვის უნარი, ყოველი მათგანი ზუსტად გადმოგვცემს პერსონაჟთა გრძნობათა ბუნებას და იმ ტრაგიზმს, რომელსაც ისინი წლების განმავლობაში თან ატარებდნენ.

მარიანა (მაია ხორნაული, დავუმატებ რომ იგი უკვე მეორედ მონაწილეობა ალექს ჩიღვინაძის პიესებში, გავიხსენოთ „უხერხემლო“ ილიაუნის თეატრში), სულ სცენაზეა - დასაწყისიდან სპექტაკლის დასასრულამდე. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენს თვალწინ იცვლება მისი ფსიქოლოგიური განწყობა - ოცი წელის ნაციხარი, გატანჯული, თითქმის გაუხეშებული, რომელიც თავის თავში ისევ ატარებს იმ ტრაგიზმს, რომელიც ამ გმირს თან სდევს მთელი ამ ხნის განმავლობაში, მაინც ახერხებს იყოს მზრუნველი დედა - მიუხედავად იმისა ღებულობენ ამას მისი შვილები თუ არა. და მხოლოდ ბოლოს, დასასრულს „დედა წავიდე“ -  როცა შოთა მიმართავს მარინა რევიას, ის ბედნიერია - საკუთარი შვილები დაიბრუნა.

მსახიობი ყოველ სცენაში, ყოველ სიტყვაში და პასაჟში ახერხებს თავის მძიმე ხვედრი ისე ატაროს რომ დისკომფორტი არ შეუქმნას არავის, რაც ნამდვილად ძალზე რთულია. აქ, ამ წუთში ყველა მათგანი ხომ მისთვის ხომ სრულიად უცნობია. და ეს დაახლოება დიდხანს გრძელდება, შერიგების დრო ისევე იჭიმება, როგორ იქ, ციხეში.

 მისკენ პირველ ნაბიჯს, რძალი ნატა გადადგას „შეიძლება დედა დაგიძახოთ“ - თვითონ უდედოდ გაზრდილი ახლად გამოჩენილ ოჯახის წევრს მხარდაჭერას უცხადებს და სიყვარულს სთავაზობს. ეს თხოვნა მარინა რევიას თავის ოცნებასთან აახლოებს.

აქ ყოფნის ყოველი წუთი შვილების გაგების, მასთან დაახლოების სურვილითა გამსჭვალული. ნათიას ექსტაზური ცეკვის დროსაც  კი მაგიდაზე ახტება და მასთან ერთად ცეკვავს, რომ პარტნიორობა გაუწიოს. ერთი კითხვა კი გამუდმებით აწუხებს - რატომ არ მივიდნენ მისი შვილები მის სანახავად - პასუხი გამანადგურებელია - ლეილა არ უშვებდა და არც ტელეფონზე აკარებდა მათ დედასთან სალაპარაკოდ.

მარინა გამუდმებით გრძნობს რა დიდი მსხვერპლი გაიღო პატარა შვილების შვილების გადასარჩენად. დანაშაულის საკუთარი თავზე აღებას ხომ დიდი ნებისყოფა და სიძლიერე სჭირდება. შვილების მარტო დატოვება არჩია, რისი შედეგსაც ახლა იწვნია.

მწარე განსაცდელმა ნათია (სალომე ესაძე)  ძლიერ პიროვნებად აქცია - გარდა იმისა, რომ უმცროსი ძმა გამოზარდა, სინდისი ქენჯნა სულ მუდამ თან სდევს. დედამისსაც კი მიაკითხა ციხეში, მაგრამ შესვლა ვერ გაბედა. ის ხომ ყველაზე კარგად გრძნობს თავის დანაშაულს დედის წინაშე და ძმისგან განსხვავებით ახსოვს რაც ჩაიდინეს. ამიტომაა ის ასე ჩაკეტილი, მეგობარიც კი არ ჰყავს, ისიც ისევე ტრაგიზმითა აღსავსე, როგორ შოთა. ამ სახლში არავინაა ბედნიერი, ყველას მათგანს წარსულის დაღი ამჩნია.

ნატა (ლიზა რუხაძე) ოდნავ გულუბრყვილო, თუმცა ენამახვილი და სიტყვამოსწრებული გოგოა. გამუდმებით ქმართან კამათის იმის მანიშნებელია, რომ ბევრი რამით უკმაყოფილოა, თუმცა უყვარს შვილიც და ქმარიც. გამუდმებით კარჩაკეტილი ცხოვრება განსაკუთრებით აღიზიანებს და არც იმის სჯერა რომ შოთა ყველაფერს აკეთებს რომ სამსახური იშოვოს. მის თვალწინ გათამაშებული სპექტაკლის ფინალური სცენა - ყველას შერიგება ახალ მომავალს უსახავს.

მშენებლები მოვიდნენ, როგორც იქნა სხვა სახლში გადავლენ და აქ კი ტოვებენ ყოველი ტრაგიკულს, უმძიმეს განცდებს - ახალი ცხოვრების დასაწყების იმედით.

bottom of page