top of page

კარლასა და ჰელვერის ღამე

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

ჰელვერის ღამე

თამარ ცაგარელი

 

კარლასა და ჰელვერის ღამე

 

ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან მიიჩნეოდა რომ, ადამიანის არსი მის სოციალურობაში მდგომარეობს. არისტოტელემ ადამიანი განსაზღვრა როგორც „საზოგადოებრივი ცხოველი“, რომელსაც, როგორც სოციუმის მთავარი გმირის საზოგადოებრივ ბუნებასა და აქტივობას მეცნიერულად სწავლობს ფსიქოლოგიის დარგი - „სოციალური ფსიქოლოგია“, რომლის დაკვირვების საგანი ადამიანია და, რომელიც ცდილობს ახსნას თუ როგორ ახდენს  საზოგადოება გავლენას ინდივიდის კოგნიციაზე, მოტივაციაზე, განვითარებასა და ქცევაზე, და თავის მხრივ, საზოგადოება როგორ განიცდის ინდივიდის ზეგავლენას. სწორედ ამიტომაც, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ, კვლევის საგნად - ადამიანი, ფსიქოლოგიასთან პარალელში, დრამატურგიამ და, შესაბამისად, სათეატრო ხელოვნებამაც აღიარა. როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ XIX საუკუნეში, სათეატრო ხელოვნება ქმნის ფსიქოლოგიურ დრამას (იბსენი, ჩეხოვი, გორკი, შოუ და ა.შ.), რომელმაც, თავის მხრივ ჩამოაყალიბა მისთვის საჭირო მხატვრული საზღვრები, როგორიცაა: ექსპერიმენტული ფსიქოლოგია, პიროვნების ფსიქოლოგია განწყობის თეორიასთან ერთად და, ემოციურ/სოციალური ფსიქოლოგია. არსებული თემებიდან გამომდინარე სათეატრო ხელოვნება აყალიბებს მისთვის მისაღებ სასცენო სპეციფიკასაც. და, ეს სპეციფიკა ძირითადად, მის კამერულობაში, ნატურალიზმსა და აკადემიურობაში იკვეთება.

 

ვფიქრობ, დღეს, XXI საუკუნეში, როდესაც სამყაროში, პიროვნების გრძნობათა ბუნების დევალვაცია აშკარაა, რის გამოც, ადამიანი ცდილობს მოექცეს საკუთარ „ნაჭუჭში,“ რათა არ გახდეს მისი ფიზიკური თუ ფსიქიკური მდგომარეობა გარე სამყაროსგან, საზოგადოების გარკვეული ნაწილისგან დაცინვის საგანი ან ხელყოფილი, მნიშვნელოვანია, სათეატრო ხელოვნების წარმომადგენელთა მხრიდან ამგვარ თემებზე აქცენტის გაკეთება. სწორედ, პიროვნების ღრმა, სულიერი წინააღმდეგობები, ადამიანური სიმდაბლე და, ამავდროულად, ურთიერთობების „ფაქიზი ლირიკა“ გათამაშდა გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული დრამატული თეატრის სცენაზე, სადაც, კამერულ გარემოში, ჩაკეტილ, სერი და რუხი ტონალობის, ცისფრიდან ლურჯში გარდამავალი განათების სივრცეში, რომელიც სიცივის შეგრძნებას გიტოვებს, მიუხედავად წვრილბურჟუაზიული, სლავურ-პოლონური სცენოგრაფიისა (მხატვარი: შოთა ბაგალიშვილი), საიდანაც მკვეთრად იგრძნობა ტრადიცია და ეროვნულობა, რეჟისორმა გიორგი (გოგი) მარგველაშვილმა პოლონერი დრამატურგის ინგმარ ვილკვისტის - „ჰელვერის ღამე“ - პიესა გააცოცხლა და, მაყურებელს წარმოუდგინა ინტელექტუალური სპექტაკლი ფსიქო-დრამატულ, ფსიქო-სოციალურ ჭრილში აგებული. მიუხედავად იმისა, რომ ამბავი  XX საუკუნის 30-იანი წლების ევროპაში, კონკრეტულად კი, პოლონეთში ვითარდება, ჩვენთვის, მაყურებლებისთვის, ორ პერსონაჟსა (რომელთაგან, ერთს მეორე აღმოუჩნდება მფარველად, რათა ფიზიკურად გადაარჩინოს, თუმცა, თავად ხდება მკვლელიც, მსხვერპლიც და, მორალურადაც იღუპება) და გარე სამყაროს შორის არსებული დაძაბული დამოკიდებულება, ურთიერთობა,  ნაცნობია და მტკივნეული.  

 

 „ოთხი მწვანე, ოთხი წითელი, ოთხი თეთრი... დალიე?!“....„კიდევ გადაყლაპე, კიდევ რამდენიმე თეთრი, შემდეგ წითელი და მწვანე“... „ დღეს ბევრი დავლიე ამ აბებიდან... მაგრამ შენ ყოველთვის ამბობდი... ყოველთვის ამბობდი: მხოლოდ ორი დავლიო, მხოლოდ ორი“... ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი აბი...ხედავ ? ... ესენიც?“ „სულ დალიე...“ „ჰელვერ, ჩემო ძვირფასო, საყვარელო“... ბიჭი აღარ სუნთქავს,  ქალის მკერდზე მიდებული, მშვიდი  სახით ემშვიდობება ამ ქვეყნიურ „სიგიჟეებს“... ქალმა ბიჭი გააფთრებული საზოგადოებისგან იხსნა! ქუჩიდან ბრბოს ყვირილი, ქვების სროლისა და მინების მსხვრევის ხმა, ყიჟინა, გერმანული სამხედრო მარშის მუსიკა...გავეშებული ქალის სახე, მატარებლის ხმა, რომელიც, ქალის  გულის ფეთქვის იდენტურია. არა, ქალის გულის ცემაა, თუ მატარებლის ხმაა?! იძაბები, ცდილობ „პულსაცია გაზომო,“ არ გამოგდის...შეუძლებელია... თითქოს, როგორც მაყურებელი, თანამონაწილეც კი ხდები, სცენაზე ზიხარ, შენს გვერდით, შენს წინ მას, ქალსა და ახალგაზრდა ბიჭს გაეცანი, მათი თანაცხოვრების ნაწილად იქეცი, მათი სუნთქვა და ემოცია შენსას შეერწყა, ის „გზა გაიარე“, რაც ჰელვერმა და კარლამ...კარლამ და ჰელვერმა... ცნობილი ებრაული, შალომ ალეიხემისა და კლეზმერისეული ჯგუფის (რომელიც, ჰოლოკოსტის,ისევე როგორც, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლების და მისი მოკავშირეების მიერ განხორციელებული ებრაელების, ასევე ბოშების, ჰომოსექსუალების და სხვა უმცირესობების მასობრივი გენოციდის მსხვერპლი გახდა) ტრადიციული მელოდიით (მუსიკალური გაფორმება რეჟისორ გოგი მარგველაშვილისა), რომელიც სპექტაკლის სიმბოლო-მეტაფორაა, ტრაგიკული ღამის თვითმხილველნი ვხვდებით.

 

კარლა - სამყაროში უპატიებელი ცოდვით მოსიარულე. განუვითარებელი და მახინჯი შვილის მიმტოვებელი, ქმრისგან ურყოფილი და, ჭკუასუსტი ბიჭის დედობილი, შემდგომში მისი მკვლელი. ცხოვრების ტვირთისგან ოდნავ წელში მოხრილი, ტრაგიკული გამომეტყველებით, რომლის გულისცემა სცენაზე მსხდომ მაყურებელს ესმის, გრძნობს და განიცდის - ეს, მსახიობ ირინა მეღვინეთუხუცესის პერსონაჟია. მისი ემოცია ნიაღვარივით გადმოედინება სცენაზე, გაფორიაქებს, გთრგუნავს...თითქოს პატიობ კიდეც ჩვილის კლინიკის კართან მიტოვებას...პატიობ?! არა, ისიც ხომ იმ საზოგადოების ნაწილს ემსგვასება, რომელიც, XX საუკუნის ოცდაათიანი წლების ომამდელი ევროპული ქვეყნის ის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც ნაციზმს აღიარებდნენ და გავრცელებული იდეოლოგიის - განსხვავებული, გამოუსადეგარი ადამიანების, ჯანსაღი საზოგადოებისგან მოშორების - მიმდევრები გახლდნენ. ცოდვა გამოისყიდა? ჭკუასუსტი ბიჭი შეიფარა და უპატრონა?! ისიც სიცოცხლეს გამოასალმა, რითაც, თითქოსდა ააცილა იმ ტკივილსა და ტანჯვას, რასაც გარეთ მიაყენებდნენ... მიყვები ირინა მეღვინეთუხუცესის მიერ კარდიოგრამულად განვითარებულ ემოციას, მსახიობის გარდასახვითი გრძნობათა ბუნებით გადიხარ ამ მცირე დროში, ერთ ღამეში, მის განვლილ თუ ამჟამინდელ ცხოვრებას და, გრძნობ რომ მოგნუსხა არტისტმა, მისი თამაშის წესებით, შენც, როგორც მაყურებელი, არა, არა  როგორც მაყურებელი, უკვე ამ ამბის თანამომაწილე ხდები და, ყველაფერს პატიობ, მაინც პატიობ, რადგან, იმ სასტიკი საზოგადოებისა და მოვლენების ფონზე, რასთანაც და ვისთანაც მას უწევს შეხება, მას სხვა გზა არ ჰქონდა... რა ექნა?! ღამეებს ათევდა, ფიზიკურად მახინჯი, მაიმუნის მსგავსი ჩვილით ხელში, რომელიც არასდროს არ იძინებდა, გამუდმებით წუხდა და ტიროდა, რომლის დანახვა მის მეუღლეს არ სურდა, არა თუ არ სურდა, სიძულვილსა და ზიზღს გამოხატავდა და, ეს გრძნობა ერთ დროს მისთვის საყვარელ ქალზე იფრქვეოდა. ქმრის გულისათვის გადადგმული ნაბიჯი, ბუმერანგივით უკან შემოუბრუნდა კარლას. საყვარელმა კაცმა სახლიდან გააგდო, სიყვარული ფერფლად ექცა ქალს... არადა, როგორ უყვარდა... შემდეგ, ჰელვერი, ეს ჭკუასუსტი ბიჭი, საცოდავად სკამზე მჯდარი იპოვა და, თითქოსდა მყუდრო გარემო შეუქმნა, მოაცილა დაუნდობელ გარე სამყაროს. თუმცა, თუმცა, ისიც ვერ დაიცვა და, საკუთარი ხელით იმ ქვეყნად გაისტუმრა.

ჰელვერი - ჭკუასუსტი, თითქმის ოცდაათ წელს მიღწეული, მაგრამ, ბავშვის ფსიქოლოგიით, სათამაშო ჯარისკაცებით მოთამაშე, მეოცნებე, რომ მას აუცილებლად ჯარში წაიყვანენ, სამხედრო ფეხსაცმელებითა და ტანსაცმელით მოხიბლული -  მსახიობ ბექა მეძმარიაშვილის პერსონაჟია, რომელიც სამყაროს ბავშვის თვალებით უყურებს. იგი იმ გამანადგურებელი სამყაროს მსხვერპლია, რომელიც ვერ ეგუება „სხვანაირ“ ადამიანს, ანადგურებს მისთვის მიუღებელი ერისა თუ სარწმუნოების, ფსიქიკური ნაკლის მქონეთ. არადა, ჰელვერს უყვარს ადამიანები, თანაგრძნობა და სიყვარული სწადია. მას გულწრფელად სჯერავს გილბერტის, რომელმაც დროშაც კი აჩუქა. იმ გილბერტისა, რომლისთვისაც ჰელვერი ნაბიჭვარია, იმ გილბერტისა, დაუნდობლად რომ სპობს ყველას და ყველაფერს, რაც მისი და მისნაირების იდეოლოგიისთვის მიუღებელია. ბექა მეძმარიაშვილის პერსონაჟი ჭკუასუსტის  ენერგია მოზღვავებულობას, გულუბრყვილობასა და მიმდობლობას გამოხატავს. მას ადამიანების სითბო და ყურადღება სურს. მისი გაუცნობიერებელი სურვილი და ოცნება, რომ ჯარისკაცი გამოვიდეს, იმდენად ძლიერია, რომ მოსვენებას უკარგავს. ნიაგარასავით აფრქვევს შინაგან ძალას და, „იპყრობს“ კარლასაც და მაყურებელსაც. მას უყვარს მისი დედობილი, უყვარს, ქალის აწ უკვე გარდაცვილი  ჩვილი, რომელთანაც, ცოცხალი რომ ყოფილიყო, ითამაშებდა. მან იცის ლოცვანიც, რომელიც კარლამ ასწავლა, უყვარს მასთან ერთად ლოცვა და, უყვარს, როცა კარლა, XX საუკუნის 30-იან წლებში პოპულარულ, ძველ პოლონურ ტანგოს ცეკვავს. მელოდია, რომელიც გვესმის, ზუსტად გადმოსცემს იმ ემოციას და ხასიათს, რასაც განიცდის მაყურებელი პერსონაჟებთან ერთად. ტანგო სიყვარულზე, რომელსაც გამანადგურებელი ძალა აქვს. რა ხდება მაშინ, როცა ეს გრძნობა კარგავს თავის კლასიკურ მნიშვნელობას და ადამიანისთვის დამანგრევლად გადაიქცევა?! რჩება გავეშებული სამყარო და დაუნდობელი საზოგადოება!

bottom of page