top of page

კარგად ნაცნობი უცნობები

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

att.vWEyAb6Fxd7YH8XJYNrX_WiCG6CHbDVheYIpf8talzc.jpg

ანა მირიანაშვილი

კარგად ნაცნობი უცნობები

პაოლო ჯენოვეზეს ფილმი „იდეალური უცნობები“ კინოეკრანებზე 2016 წელს გამოვიდა და მაშინვე დიდი პოპულარობა მოიპოვა მთელ მსოფლიოში. ამ კინოსცენარის მიხედვით გადაღებულია 20-ზე მეტი რიმეიქი, არსებობს გერმანული, ჩეხური, რუმინული, ნორვეგიული, დანიური, რუსული, ინდური, ჩინური, მექსიკური, თურქული, ესპანური და სხვა ვერსიები. „იდეალური უცნობები“ თეატრისთვისაც ძალიან მიმზიდველი ტექსტი გამოდგა და ამ კინოსცენარის მიხედვით დადგმულია უამრავი წარმოდგენა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სცენაზე; პირველივე ფილმის ეკრანებზე გამოსვლისთანავე ეს კინოსცენარი საქართველოშიც მალევე ითარგმნა და სხვადასხვა დროს სხვადასხვა სათაურით დაიდგა: „იდეალური უცნობები“, გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრი, რეჟისორი დავით ჩხარტიშვილი; „თამაში“ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი, რეჟისორი გურანდა იაშვილი და ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის თეატრი, რეჟისორი დავით დოიაშვილი, „ვახშამი“, თავისუფალი თეატრი, რეჟისორი თიკო ქათამაშვილი, სამსახიობო ჯგუფის წინასადიპლომო სპექტაკლი. 2025 წლის მარტში კი თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მცირე სცენაზე „უცნობების“ პრემიერა შედგა. ამჯერად პაოლო ჯენოვეზეს კინოსცენარის თავისებური ვერსია ახალგაზრდა რეჟისორმა გიორგი სულთანიშვილმა შემოგვთავაზა. მან წარმოდგენა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მესამეკურსელ სტუდენტებთან დადგა (ჯგუფის ხელმძღვანელი დიმიტრი ხვთისიაშვილი, ასისტენტი გიორგი სულთანიშვილი). თავდაპირველად, დადგმა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სასწავლო თეატრის სცენაზე უნდა განხორციელებულიყო, თუმცა სხვადასხვა გარემოების გამო, „უცნობები“ ახლა უკვე მოზარდ მაყურებელთა თეატრის სარეპერტუარო სპექტაკლია.

„იდეალური უცნობები“ კომედიის ელემენტებით გაჯერებული დრამაა, რომელშიც არ არის მთავარი და მეორეხარისხოვანი როლები, აქ ყველა როლი თანაბარია და ყოველ მსახიობს საკუთარი მონაცემებისა და სამსახიობო ოსტატობის გამოვლენის თანაბარი საშუალება ეძლევა. სწორედ ამიტომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო მესამე კურსის სტუდენტებთან ამ ლიტერატურულ მასალაზე მუშაობა. სარეპეტიციო პროცესი 7 თვე მიმდინარეობდა, ამ ხნის განმავლობაში რეჟისორი და მსახიობები ერთად უღრმავდებოდნენ პერსონაჟთა ხასიათებს, გულმოდგინედ ამუშავებდნენ ყოველ დრამატურგიულ ხაზს და ეს შრომა წარმოდგენას უდავოდ ეტყობა. „უცნობები“ ანსამბლური სპექტაკლის ერთ-ერთი კარგი ნიმუშია, სადაც მაყურებელი თვალნათლივ ხედავს და გრძნობს სამსახიობო ჯგუფის ერთიანობას, პარტნიორების ერთმანეთისადმი ნდობას და, რაც ყველაზე თვალში საცემია - ამ სპექტაკლში არცერთი მსახიობი არ ცდილობს ზედმეტად თავის გამოჩენას, საბნის თავისკენ გადაქაჩვას. ეს უპირველეს ყოვლისა რეჟისორის დამსახურებაა. გიორგი სულთანიშვილმა დასვა ძალიან ზუსტი აქცენტები, სწორად ააგო დიალოგები და მიზანსცენები, მთლიანად კონცენტრირდა მსახიობზე, რადგან მისი მთავარი ამოცანაც ეს იყო - საკურსო სპექტაკლი სასწავლო პროცესის ნაწილია, სადაც მომავალ მსახიობებს თავიანთი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება უნდა მიეცეთ. „უცნობები“ არის სპექტაკლი, სადაც რეჟისორი თითქოს არ ჩანს, მაგრამ სპექტაკლის ყოველი წუთი, ყოველი ეპიზოდი პირველ რიგში სწორედ მის მიერაა გააზრებული და დამუშავებული. მასალაზე მუშაობის ხანგრძლივი პერიოდი კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ამგვარი სპექტაკლების, განსაკუთრებით კი საკურსო და სადიპლომო წარმოდგენების დადგმას, ხასიათებში ჩაღრმავებას სჭირდება დრო, შრომა და დაფიქრება, ძიება, რისი დროც და ფუფუნებაც, სამწუხაროდ, თანამედროვე სარეპერტუარო თეატრებს უკვე აღარ აქვთ და ხშირად შედეგად ვიღებთ ნახევარფაბრიკატს, დაუმუშავებელ წარმოდგენებს.

რეჟისორმა სულ ოდნავ შეცვალა სცენარის პირვანდელი ვერსია და ტექსტში მცირე კორექტივები შეიტანა. იმ საღამოს, როდესაც მთვარის სრული დაბნელება უნდა მოხდეს, 7 უახლოესი მეგობარი როკოს და ევას სახლში იკრიბება. მთვარის დაბნელება დრამატურგიულ ტექსტში ჩადებული ერთგვარი მეტაფორაა - „უცნობების“ პერსონაჟების მსგავსად, ამ ასტრონომიული მოვლენის დროს მთვარეც ხომ იმალება, რამდენიმე საათით დედამიწის ჩრდილს თავს აფარებს და ფერს იცვლის. სპექტაკლის პერსონაჟებიც ასევე ცდილობენ თავი შეაფარონ ფასადურ მეგობრობას, თავიანთი საიდუმლოებები ერთმანეთის ტყუილების ჩრდილში დამალონ, მაგრამ ევას (ლალი ღერკენაშვილის) შემოთავაზებული თამაში საბოლოოდ ანგრევს მათ ურთიერთობებს.

მთელი წარმოდგენის განმავლობაში ერთ მაგიდას უსხედან: ფსიქოთერაპევტი ევა (ლალი ღერკენაშვილი), მისი მეუღლე როკო (ალექსანდრე შარაბიძე) არც ისე წარმატებული პლასტიკური ქირურგი, გრანდიოზული ბიზნეს იდეების მქონე  ლუკა (ალექსანდრე კვეზერელი), რომელიც ტაქსის კომპანიაში მუშაობს და მისი მეუღლე ბიანკა (ანა თოგოშვილი, ნანა მეტრეველი), პეპე (ნიკოლოზ ჭკადუა), რომელიც ახლახან გაათავისუფლეს სამსახურიდან, ასევე ერთი შეხედვით შეხმატკბილებული ცოლ-ქმარი ლეო (ნიკოლოზ ხრიკული) და ელე (თამარ ქადაგიძე, მია მიქელაძე). როკოს და ევას თინეიჯერ ქალიშვილს, სოფის (ანა თოგოშვილი, ნანა მეტრეველი) მშობლების მეგობრებისგან თავი შორს უჭირავს, საკუთარი პრობლემებიც ჰყოფნის. თავიდანვე ვხვდებით, რომ სტუმრებიც და მასპინძლებიც დიდი ხნის მეგობრები არიან.

შეიძლება ითქვას, რომ სპექტაკლის კიდევ ერთი პერსონაჟია მობილური ტელეფონი - უსულო ნივთი, ერთგვარი შავი ყუთი, რომელიც თავის თავში უამრავ საიდუმლოს ინახავს. ეს უსიტყვო, მაგრამ ძალიან ბევრის მთქმელი პერსონაჟი ფაქტობრივად ყოველი სცენის ვითარებას ცვლის. ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სცენაში, სადაც მეგობრები აივანზე სავსე მთვარის სანახავად გადიან, ერთადერთი, ვინც არ იღებს ტელეფონს და უბრალოდ სავსე მთვარის ცქერით ტკბება, არის პეპე. „რა ლამაზია მთვარე“ ამბობს ნიკა ჭკადუას პერსონაჟი და დანარჩენებიც უდასტურებენ, ოღონდ ისე, რომ ტელეფონების განათებული ეკრანებიდან თავს არ წევენ. დარწმუნებული ვარ, მაყურებელთა დარბაზში ბევრი დაინახავდა საკუთარ თავს ამ სცენაში - რა ხშირად გვემართება ყველა ჩვენგანს ასეთი რამ, - ჩვენი ცხოვრების ყოველ წამსა და წუთს ვაფიქსირებთ ტელეფონებით, რომ სასწრაფოდ გავუზიაროთ მეგობრებს, ნაცნობებსა თუ უცნობებს, არ ჩამოვრჩეთ სიახლეებს, მაგრამ შეიძლება ამ სიჩქარეში გადავეჩვიეთ სილამაზის აღქმას, ერთმანეთის მოსმენასა და ერთმანეთთან საუბარს;  არათუ ბუნების სილამაზის აღქმა, არამედ დღევანდელ მაყურებელს სპექტაკლის უგაჯეტოდ ყურებაც კი უძნელდება, ხშირად მთელ სპექტაკლს ტელეფონით იღებენ, რომ შემდეგ ნანახი სხვებსაც გაუზიარონ, მაგრამ ამ დროს კარგავენ იმ მთავარს, რისთვისაც არიან თეატრში მისულები.

დღეს ტელეფონი ზოგიერთი ჩვენგანის მთავარი და ერთადერთი მესაიდუმლეა. ასე ფიქრობს ევაც და მეგობრებს ერთი შეხედვით უწყინარ თამაშს სთავაზობს. ამ ინიციატივას ყველა მოჩვენებითი სითამამით და ცრუ ხალისით თანხმდება, სინამდვილეში ყოველმა მათგანმა იცის, რომ მათი ტელეფონები ისეთ საიდუმლოებს ინახავენ, რომელთა გათქმაც სულ არ სურთ. ერთ სკამზე მოთავსებული 7 ტელეფონი ერთგვარი ბომბია, რომელიც დროდადრო ფეთქდება და ვითარებათა ცვლას იწვევს. საღამოს დასასრულს ყველა საიდუმლოს ფარდა ეხდება და უნებლიეთ გამოაშკარავებული სიმართლე ანგრევს ოჯახებს, ცოლ-ქმრულ ურთიერთობას, მეგობრობას, სასიყვარულო კავშირებს... თუმცა ვინ იცის - იქნებ შემდეგი შეხვედრისას მეგობრები ისე მოიქცნენ, თითქოს არაფერი მომხდარა.

სპექტაკლის სცენოგრაფია და კოსტიუმები სადაა, დახვეწილი. სპექტაკლის მხატვარმა, ბექა ჩადუნელმა, სცენა რამდენიმე პირობით სივრცედ დაყო: ავანსცენა - აივანი, სცენის ძირითადი ნაწილი - სასტუმრო ოთახი, შირმით გამოყოფილი კუთხე - სამზარეულო, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ეპიზოდი თამაშდება, რომელსაც რეჟისორი ჩრდილების საშუალებით გვიჩვენებს. განსაკუთრებით საინტერესოა ასეთი ხერხით ნაჩვენები ევას ცეკვა, რომელიც ლუკასა და ბიანკას წყვილის ვნებიანი ცეკვის (ქორეოგრაფი დავით მეტრეველი) პარალელურად მიმდინარეობს და ერთგვარ კონტრაპუნქტს ქმნის - თუ მაყურებელს მანამდე რაიმე ეჭვი ჰქონდა, ამ ცეკვის შემდეგ ეს ეჭვი კიდევ უფრო ღვივდება - აქ ნამდვილად სასიყვარულო სამკუთხედია, რომელიც სპექტაკლის დასასრულს კიდევ ერთ კუთხეს შეიძენს და დავინახავთ, რომ ბიანკაცა და ევაც ლუკას მიერ მოტყუებული ქალები არიან.

იუმორი ამ სპექტაკლის დიდი ღირსებაა. ცხადია, პირველ რიგში, ეს იუმორი ავტორისეულ ტექსტშია ჩადებული, თუმცა მისი გააზრება და სწორ ადგილას სწორად გამოყენება რეჟისორის და მსახიობების მხრიდან დიდ ზომიერებას მოითხოვს. ხშირად, სწორედ იუმორის საშუალებით ხდება სცენაზე განსაკუთრებით დაძაბული ეპიზოდების განმუხტვა და ამ ამოცანას მესამეკურსელი სტუდენტები დიდი გემოვნებით ართმევენ თავს. როგორც ვიცით, ასეთ დროს არც გადამლაშება შეიძლება და არც გრადუსის დაკლება.

ეს სპექტაკლი არ არის მხოლოდ ერთი სამეგობროს ისტორია, ერთი საღამო, რომელიც უწყინარი თამაშის გამო ცხოვრებისეულ დრამად გადაიქცა. ეს ამბავი ჩვენზეა, ყოველ ჩვენგანზე და მაყურებელი ამას ძალიან კარგად ხვდება და გრძნობს. ასეთი უცნობები, უფრო კი ალბათ ერთმანეთისთვის უცხო, ერთმანეთთან გაუცხოებული ადამიანები ხომ ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არიან, ყველას გვყავს ასეთი ოჯახის წევრები, მეგობრები, ნაცნობი უცნობები.

მოხარული ვარ, რომ თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის რეპერტუარს ასეთი მაღალი მხატვრული ხარისხის, გამართული და, რაც მთავარია, ახალგაზრდების მიერ დადგმული წარმოდგენა შეემატა. წარმატებას ვუსურვებ დიმიტრი ხვთისიაშვილის ჯგუფს, რომელსაც წინ კიდევ წინასადიპლომო და სადიპლომო სპექტაკლები ელოდებათ. ვფიქრობ, რომ მოზარდ მაყურებელთა თეატრის რეპერტუარში „უცნობები“ თავის ადგილს დაიკავებს, ამ სპექტაკლს ყოველთვის ეყოლება თავისი მაყურებელი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახალგაზრდა მსახიობს მოჰყავს თავისი თაობის მაყურებელი.

წარმოდგენა მკაცრად 16+ ასაკის მაყურებლისთვის არის განკუთვნილი, სწორედ ამიტომ ინიშნება იგი საღამოს და არა დღის საათებში (როგორც ამ თეატრის საბავშვო და საყმაწვილო სპექტაკლები), თუმცა ვფიქრობ, რომ „უცნობები“ ისეთი სპექტაკლია, რომელსაც მშობლები და შვილები ერთად უნდა დაესწრონ, ერთად განიცადონ, იფიქრონ და იმსჯელონ ნანახზე.

bottom of page