ძალაუფლება, სიყვარული და ჟოლიანი ფუნთუშები მარჯანიშვილის თეატრში
დაიბეჭდა გაზეთში „დურუჯი“ #4 (59) 29 დეკემბერი 2010 წელი
მაკა ვასაძე
ძალაუფლება, სიყვარული და ჟოლოიანი ფუნთუშები მარჯანიშვილის თეატრში
2010 წლის ბოლოს მარჯანიშვილის თეატრში პრემიერა შედგა. რეჟისორმა ლევან წულაძემ მაყურებელს შესთავაზა, თანამედროვე იაპონელი დრამატურგის, სცენარისტის, რეჟისორის კოკი მიტანის პიესის _ `სიცილის აკადემია~ _ მიხედვით შექმნილი სპექტაკლი სახელწოდებით `ჟოლო~.
კოკი მიტანი _ თანამედროვე იაპონელი დრამატურგია. 1961 წელს მან დაამთავრა ნიხონის უნივერსიტეტის სახელოვნებო ფაკულტეტის თეატრალური განყოფილება. ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში, მეგობრებთან ერთად, ჩამოაყალიბა თეატრალური დასი _ `ტოკიოს მხიარული ბიჭები~. ამ თეატრალური დასის წარმოდგენები იაპონიაში ერთობ პოპულარული გახდა, იგი სიმპათიას იმსახურებდა კრიტიკოსების მხრიდანაც უნიკალური კომედიური დადგმებისათვის. კოკი მიტანი წერს პიესებს, სცენარებს, დგამს სპექტაკლებს და იღებს ფილმებს.
`სიცილის აკადემია~ კოკი მიტანიმ თავიდან დაწერა რადიო სპექტაკლისათვის, შემდეგ იგი დაიდგა თეატრში. დღეს ეს პიესა მსოფლიოს სხვადასხვა თეატრებში იდგმება. ეს არის კომედიურ ჟანრში დაწერილი პიესა, რომელშიც მოცემულია `ჩინოვნიკური სამყაროს~ და შემოქმედის, პიროვნების კონფლიქტი. პიესაში სულ ორი მოქმედი გმირია, ჩინოვნიკი და დრამატურგი, ორივე საკუთარი საქმის, საკუთარი პრინციპების დამცველი. საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ ამ ორ, ერთი შეხედვით ერთმანეთის ანტიპოდ პერსონაჟებს, ერთმანეთის კარგად ესმით. პიესაში მოქმედება 1940-იან წლებში ვითარდება, როდესაც იაპონია-ჩინეთის ომი მიმდინარეობს. დრამატურგს ცენზორთან მოაქვს პიესა, _ უილიამ შექსპირის `რომეო და ჯულიეტა~ გადაკეთებული კომედიურ ჟანრში _ რათა მიიღოს ნებართვა მის დადგმაზე. ცენზორი, ახლახანს დაინიშნა ამ თანამდებობაზე ხელისუფლების მიერ. მას საერთოდ არ აინტერესებს ეს სამუშაო, და საერთოდაც არ ესმის, რა საჭიროა, კომედიები, თეატრი, საერთოდ ხელოვნება, როდესაც ქვეყანა ომშია ჩაბმული, როდესაც ქვეყანას ასე უჭირს. დრამატურგი _ მორცხვი, მაგრამ თავისი საქმის ერთგული და ბოლომდე გამკეთებელია, მას კონფორმიზმშიც კი სდებენ ბრალს. დრამატურგი კი თვლის, რომ პიესების დასადგმელად გარკვეულ დათმობებზეც კი შეიძლება წასვლა. კოკი მიტანი პიესის განვითარებისას, რადიკალურად ცვლის ამ ორი პერსონაჟის ურთიერთდამოკიდებულებას და მათ მსოფლმხედველობასაც.
ლევან წულაძემ მარჯანიშვილის თეატრში განხორციელებისას პიესაში ცვლილებები შეიტანა. პიესაში ორი გმირია და ორივე მამაკაცია. რეჟისორმა ცენზორის პერსონაჟი ქალად აქცია. ამით კიდევ უფრო გაამძაფრა მათი დაახლოების საბაბი. რაღაც მომენტებში, მაყურებელი გრძნობს, რომ ამ ორ ადამიანს ერთმანეთისადმი ლტოლვაც კი უჩნდება.
მაყურებელს სპექტაკლზე მისვლისთანავე ინტიმური, უჩვეულო გარემო ხვდება. სპექტაკლის სცენოგრაფი თავად რეჟისორია და მისი ჩანაფიქრის მიხედვით მაყურებელი სცენაზე განათავსეს. სცენა, კი მაყურებელთა დარბაზშია გადატანილი. ძალიან საინტერესოდ და კარგად არის მოფიქრებული და განლაგებული მსახიობთა სათამაშო ასპარეზი და კონსტრუქცია სცენაზე, რომელზეც მაყურებლები განათავსეს. დეკორაციაში, ძირითადად ორი ფერი დომინირებს: შავი და წითელი. მართკუთხა კონსტრუქციაზე, რომელიც სცენის მაგივრობას წევს, სამუშაო კაბინეტია მოთავსებული მინიმალისტური საგნებით. ორი შავი გრძელი ტუმბო, რომელშიც სხვადასხვა საქმეები, ანუ პიესები და სცენარები ინახება, ზედ მიკრული წითელი ქაღალდებით (ჩასანიშნებით). დიდი, შავი სამუშაო მაგიდა, სამი მასიური სკამი, პატარა მაგიდა ე. წ. ავანსცენაზე, ესაა და ეს. მაგიდაზე სამუშაო ნივთებიც მინიმალისტურია, ყველაზე მეტი დატვირთვა კი წითელ ე. წ. მტვრის საწმენდს აქვს.
შედიხარ ე. წ. მაყურებელთა დარბაზში, იკავებ ადგილს და სულ ცოტა ხანში, რადიო იწყებს მაუწყებლობას _ მაყურებელი იღებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იაპონია-ჩინეთს შორის ომი დაიწყო. იკვეთება ეპოქა, რომელშიც მოქმედება განვითარდება. მაყურებლის თავზე მოთავსებული განათების `სკილები~ უჩვეულოდ გათბობენ, და თითქოს ერთგვარ განწყობას გიქმნიან. მაყურებელთა ე. წ. დარბაზში შუქი ქრება, ნათდება სცენა, გაისმის `იდუმალი~ მუსიკის ჰანგები და უეცრად N ჩინოვნიკის კაბინეტში აღმოჩნდები. ეს ცენზორი ნეოს კაბინეტია, მასთან კი დრამატურგია, პიესის დადგმაზე ნებართვის ასაღებად მისული. ცენზორი ნეოს როლს მსახიობი ნატო მურვანიძე ახორციელებს, დრამატურგ ცუბაკის კი ნიკა კუჭავა თამაშობს. ნატო მურვანიძის ნეო _ მკაცრი გარეგნობის, შავ გრძელ პიჯაკსა და შარვალშია გამოწყობილი, შიდა პერანგი კი მწვანე ფერისაა. თმები მოწესრიგებულად გადაგლესილი, მუდმივად იცვლის სათვალეს, ხან შავი სათვალე უკეთია, ხან კი წითელი _ გააჩნია რას აკეთებს, ან რის თქმას აპირებს. ნიკა კუჭავას ცუბაკი, მორიდებული, მოძრაობებშიც კი შეზღუდული, თითქოს ოდნავ წელში მოხრილი მოძრაობს, თხოვნის პოზა მისთვის ჩვეულია. ერთ ადგილას ამბობს კიდეც _ მე კონფორმისტს მიწოდებენ, მაგრამ რატომ ვარ კონფორმისტი? იმისათვის, რომ ჩემი კომედიები დაიდგას და ხალხი გავაცინო, მე მზად ვარ რაღაც დათმობებზეც კი წავიდე. მისი კოსტიუმი ღია ფერებშია გადაწყვეტილი _ მას ღია კრემის ფერი ტანსაცმელი და ყავისფერი ფეხსაცმელი აცვია (კოსტიუმების მხატვარი ნინო სურგულაძე). უნდა აღინიშნოს, რომ ორივე მსახიობი მინიმალისტური გამომსახველობითი ხერხებით გადმოსცემენ თავიანთი გმირების ხასიათს. მკაცრი, ჩინოვნიკური ბუნების ქალი, რომელიც შემდგომ გაადამიანდება და მორცხვი, თავის საქმეში შეყვარებული, თავისი საქმისთვის ყველაფრის გამკეთებელი ხელოვანი.
პიესაში მოვლენები შვიდი დღის განმავლობაში მიმდინარეობს, ასეა სპექტაკლშიც. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რეჟისორმა სპექტაკლს სათაური შეუცვალა და `სიცილის აკადემიის~ ნაცვლად `ჟოლო~ უწოდა. ეს ფაქტი გამართლებულია იმ გარემოებით, რომ ორი პერსონაჟის, ორი ადამიანის ურთიერთობაში გადამწყვეტ როლს ცვლილებებისკენ, სწორედ ჟოლოს შიგთავსიანი ფუნთუშა თამაშობს. სპექტაკლში რეჟისორმა მცირე სიუჟეტური ცვლილებებიც შეიტანა. პიესაში ცენზორი დრამატურგს სთხოვს `რომეო და ჯულიეტა~ `ჰამლეტთან~ გააერთიანოს, ეს მომენტი ქართულ დადგმაში ამოღებულია. სამაგიეროდ აქ, პიესის გმირს – დრამატურგს, `რომეო და ჯულიეტაში~ იაპონური მითოსიდან შეაქვს სიუჟეტური ხაზი.
სპექტაკლში, ისევე როგორც პიესაში, თავიდანვე იკვეთება კონფლიქტი ცენზორ ნეოს, რომელიც მანამდე მანჯურიაში მუშათა მოძრაობას ხელმძღვანელობდა და სინამდვილეში კი, ამბოხებულების აჯანყებებს ახშობდა, ახლა კი, თავისდა გასაოცრად მთავრობამ, რატომღაც კომედიების ცენზორად დანიშნა და დრამატურგ ცუბაკის შორის, რომელიც თავის საქმეში, თეატრში შეყვარებულია და თვლის, რომ ხელოვნება, ხალხის გაცინება ნებისმიერ დროსა და სიტუაციაში აუცილებელია.
მუდმივი კონფლიქტი ხელოვანსა და მთავრობას, ძალაუფლებას შორის, აქ ნელ-ნელა ურთიერთშეთანხმებაში გადადის. ჩინოვნიკი ნეო თანდათან პიესის თანაავტორიც კი ხდება და აქედან გამომდინარე ცუბაკის თანამოაზრე. მათ, როგორც ზევით აღვნიშნე, ერთმანეთი თითქოს უყვარდებათ კიდეც. ნეო რომელსაც დასაწყისში, საერთოდ არ ესმოდა თუ რა საჭიროა თეატრი, კომედიები, საერთოდ ხელოვნება, მითუმეტეს ისეთ დროს როდესაც ქვეყანა გასაჭირშია, ომობს, ნელ-ნელა ისე შედის ეშხში, რომ თავად იწყებს ამა თუ იმ პერსონაჟის განსახიერებას. ლევან წულაძემ, ამ ინტიმურ პიესაში რომანტიზმის მომენტებიც შემოიტანა. იმ ეპიზოდში, როდესაც ცენზორი ნეო და დრამატურგი ცუბაკი, ნეოს მითითებით, პიესაში ჩამატებული, მისი უშუალო უფროსის პროტოტიპი კეთილი პოლიციელის და შეყვარებულთა პაემნის დროს, შეხვედრის სცენას ექსპრომტად გაითამაშებენ, უეცრად კონსტრუქცია, რომელზეც მაყურებელია მოთავსებული ბრუნვას იწყებს, ნეოს ხმალი აქვს მომარჯვებული, შავი კოსტიუმს იხდის, ნათდება ე. წ. უკანა ფონი, რომელიც თეთრ და მწვანე ფერებშია გადაწყვეტილი, წინ ნეო მორბის ხმლით ხელში, უკან ცუბაკი მოსდევს, კონსტრუქცია ტრიალებს. ერთობ ორიგინალურად არის გადაწყვეტილი ეს ეპიზოდი.
შექსპირის ტრაგედია საზოგადოების, უაზრო მტრობის და ამის ფონზე ორი ადამიანის, ორი პიროვნების სიყვარულის შესახებ, რომელიც დრამატურგს კომედიად უქცევია, ასევე ორ ადამიანს შორის ომის, სახელმწიფო ძალაუფლების ფონზე სიყვარულის ჩასახვაზე მოგვითხრობს. ცუბაკი რამდენჯერმე უმეორებს ცენზორს, ეს კომედია ჩვენთან თამაშდება, როგორც პიესა პიესაში. ლევან წულაძის სპექტაკლშიც, მაყურებლის თვალწინაც თამაშდება პიესა პიესაზე. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ სპექტაკლში ზურა გაგლოშვილის მიერ გემოვნებით შესრულებული მუსიკალური გაფორმება. ნეოსა და ცუბაკის სასიყვარულო ხაზს ცნობილი რეგთაიმის მუსიკალური ფონი გასდევს.
თეატრის თამაში, ე. ი. ხელოვნება, აკეთებს თავის საქმეს. ისტორიული, გარემოებების, ვალდებულებების, პირობითობების ორი მძევალი, თავის შერკინებას, როგორც შეთქმულები და შეყვარებულები ისე ამთავრებენ. ცუბაკი, რომელსაც ფრონტზე აგზავნიან, თითქოს გამოსამშვიდობებლად მოდის ნეოსთან. ნეო კიდევ რაღაც დავალებას აძლევს პიესაში გადასაკეთებელი ადგილების შესახებ. ცუბაკი და ნეო მსჯელობენ ამის შესახებ, და უცებ, ცუბაკი ეუბნება, რომ ამ ყველაფერს აზრი აღარ აქვს, ხვალ იგი ფრონტზე მიემგზავრება. მაყურებელი გრძნობს, რომ ნიკა კუჭავას ცუბაკის უკან ცოცხლად დაბრუნების იმედი არა აქვს. ნატო მურვანიძის ნეო კი ეუბნება, არ გაბედო, შენ აუცილებლად უნდა დაბრუნდე უკან, ვინაიდან ნიჭიერი მწერალი ხარ და თან სპექტაკლები გაქვს დასადგმელიო. არსებითად ისინი ერთიანდებიან სახელმწიფოსა და უაზრო ომის წინააღმდეგ. ისინი თითქოს ივიწყებენ ყველაფერს, მათ შორის ომსაც კი და იწყებენ პიესის გარჩევას, როგორც არა ჩინოვნიკი და მსხვერპლი, არამედ როგორც შემოქმედნი, ერთ ენაზე მოსაუბრე თანაავტორები. სპექტაკლის ფინალი ერთობ შთამბეჭდავია. ცუბაკი ნელ-ნელა უკან იხევს, განათება გამჭვირვალობის ეფექტს ქმნის, იგი ნელ-ნელა ჩადის ქვევით, თითქოს უჩინარდება. ნეო კვლავ პიესას ჩაჰკირკიტებს, თაროებიდან, რომლებზეც უამრავი პიესა, სცენარი არის ჩალაგებული წითელი ნიშნულებით ცვივა და სცენაზე მიმოიფანტება. სცენა თანდათან ბნელდება.
მაყურებელმა არ იცის დაბრუნდება თუ არა ცუბაკი ომიდან, მაგრამ მთავარი რამ მაინც განხორციელდა _ ნეო, რომელსაც მისი ნაცნობების თქმით იუმორის ნასახიც კი არ გააჩნდა, რომელსაც თავის სიცოცხლეში არ გაუცინია, თეატრმა, ხელოვნებამ ახარხარა. ნეო ჩაჰკირკიტებს პიესას და ხარხარებს. კიდევ ერთი `ჩინოვნიკი~ ადამიანი გახდა... აღსანიშნავია, რომ, თუმცა პიესაშიც და სპექტაკლშიც მითითებულია დრო და ეპოქა, პრინციპში ამას არავითარი გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს.
მთავრდება სპექტაკლი და მაყურებელს სასიამოვნო, თბილი განწყობა ეუფლება. სანახაობა, რომელიც მარჯანიშვილის თეატრმა წარმოადგინა ერთდროულად დრამაც არის და კომედიაც, ადამიანთა ინტიმური ურთიერთობების გადმომცემი. ყველაფერი _ რეჟისურა, მსახიობთა თამაში, სცენოგრაფია, კოსტიუმები, მუსიკალური გაფორმება პროფესიონალურ დონეზეა შესრულებული. აბა, წარმოიდგინეთ ორი მსახიობი თითქმის 2 საათის განმავლობაში იპყრობს მაყურებელთა ინტერესს და რაც მთავარია _ გული გწყდება, რომ სპექტაკლი დამთავრდა.