ჟლეტის ღმერთი
მაკა ვასაძე
ჟლეტის ღმერთი
ებრაული წარმოშობის ფრანგმა მსახიობმა და მწერლმა იასმინა რიზამ დრამატურგიული მოღვაწეობა წარმატებით დაიწყო. მისი პირველივე ორიგინალური პიესები თუ თარგმანები უმაღლესი პრემიებით არის დაჯილდოებული. მოლიერის სახელობის პრიზი (საფრანგეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო სახელოვნებო სფეროში) რამდენჯერმე აქვს მიღებული: 1987 წ. „საუბრები დასაფლავების შემდეგ“ (“Conversations after a burial” ორიგინალში “Conversations après un enterrement”) საუკეთესო ავტორს, 1988 წ. ფრანც კაფკას „მეტამორფოზების“ თარგმანისათვის, 1990 წ. „ზამთრის გადაკვეთა“ (“Winter Crossing” ორიგინალში “La Traversèe de I’hiver”) საუკეთესო დადგმისთვის. ჩვენი მაყურებლისთვის კარგად ცნობილმა პიესამ „ხელოვნება“ (“Art”) კი (მარჯანიშვილის თეტრში თემურ ჩხეიძემ დადგა 1999 წელს) ახალგაზრდა შემოქმედს მსოფლიოში გაუთქვა სახელი: 1994 წ. „მოლიერის ჯილდო“ საუკეთესო ავტორს, პიესას და სპექტაკლს, 1998 წ. ლოურენს ოლივიეს სახელობის ჯილდო საუკეთესო კომედიისთვის, 1998 წ. „ტონი“ საუკეთესო პიესისათვის. ასეთივე წარმატებულია 2008 წ. დაწერილი პიესა „ჟლეტის ღმერთი“ (“God of carnage” ორიგინალში “Le Dieu du carnage”) – 2009 წ. მიღებული აქვს ლოურენს ოლივიეს სახელობის ჯილდო ნომინაციაში საუკეთესო კომედია, ამავე წელს „ტონი“ საუკეთესო პიესისათვის. „ჟლეტის ღმერთი“ ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა თეატრში დაიდგა, 2011 წ. რომან პოლანსკიმ პიესის მიხედვით ფილმი გადაიღო, რომელშიც ოთხი გენიალური მსხიობი: ჯუდი ფოსტერი (Jodie Foster), კეიტ უინსლეტი (Kate Winslet), კრისტოფ ვალცი (Christoph Waltz) და ჯონ რეილი (Jonh C. Reilly) მონაწილეობენ.
2014 წ. 7 თებერვალს ილიაუნის თეატრში დავით ჭაბაშვილის, როგორც თეატრის რეჟისორის, დებიუტი შედგა. სწორედ იასმინა რიზას გახმაურებული პიესა „ჟლეტის ღმერთი“ აირჩია ახალგაზრდა შემოქმედმა დასადგმელად. პიესა ფრანგულიდან, ილიას უნივერსიტეტთან არსებულმა თანამედროვე დრამატურგიის და პროფესიული თეატრალური ლიტერატურის მთარგმნელობითი კვლევის ცენტრის დირექტორმა, ქეთი კვანტალიანმა თარგმნა. მანვე იმუშავა რეჟისორთან ერთად დრამატურგიული ნაწარმოების სასცენო ვარიანტის შექმნაზე. შეიცვალა მოქმედ პირთა სახელები, პერსონაჟთა მიერ გახმოვანებული ადგილ-მდებარეობები, სიტუაციები ქართულ სინამდვილეს შეუსაბამეს და ა.შ. აუცილებლად მინდა აღვნიშნო ქეთი კვანტალიანის, როგორც მთარგმნელის კარგი ნამუშევარი. დრამატურგიული ნაწარმოების - სტრუქტურულ, აზრობრივ, იდეურ, ორიგინალთან მიახლოებულ გადმოცემასთან ერთად, მან გამართული, სწორი, თანამედროვე ქართულით და რაც, მთავარია, სათეატრო ენით შეასრულა თარგმანი.
იასმინა რიზას პიესა, თანამედროვე ვერბალური თეატრის, ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. ამგვარ პიესებში, ქმედება მინიმუმამდეა დაყვანილი, ნაწარმოების დრამატურგიული ხაზის განვითარება, კონფლიქტის შექმნა თუ წარმოჩენა, პერსონაჟების მონოლოგებისა თუ დიალოგების საშუალებით ხდება. გაუცხოება, სულიერი სიმარტოვე, ნიღბის ტარება, აგრესია, თვალთმაქცობა, უსიყვარულობა, გულგრილობა - თანამედროვე, 21-ე საუკუნის ადამიანთა ტრაგედია არის გადმოცემული „ჟლეტის ღმერთში“. დრამატურგმა, ოთხი პერსონაჟის - ორი ქალისა და ორი მამაკაცის - დიალოგებსა, თუ მცირე ზომის მონოლოგებში, ასახა თავისი სათქმელი: ის საშინელი სულიერი მდგომარეობა, ის რეალობა რაც დღეს არსებობს ჩვენს გარშემო და რაც აწუხებს იასმინა რიზას. შავკომედიად წოდებულ პიესაში, არის დახვეწილი და არა ვულგარული იუმორიც. ფინალისკენ, კი დრამატურგმა, ეს ყველაფერი გროტესკამდე მიიყვანა. პიესის დასაწყისში თავაზიანი, ზრდილი ორი წყვილი, ფინალში ვირთხის მსგავს აგრესიულ, დაუნდობელ წარმონაქმნებად იქცევიან. რომელია მათი ნამდვილი სახე? და სად არის გამოსავალი? ამაზე მკითხველმა, თუ, მაყურებელმა თავად უნდა იფიქროს, გადაწყვიტოს, გააკეთოს არჩევანი. თითქოს აბსურდული კონფლიქტიდან დაწყებეული ამბავი - ერთი წყვილის შვილმა, მეორე წყვილის შვილს ჯოხით ორი კბილი ჩაულეწა - ადამიანთა სრული კრახით მთავრდება. მშობლები, განსაკუთრებით დაზარალებული ბავშვის, ცდილობენ შვილების კონფლიქტის მიზეზის გამოძიებას და მოგვარებას. კონფლიქტის გამოძიებისა თუ მოგვარების პროცესში, თანდათან ისინი თავის ნამდვილ სახეს აჩენენ, აგრესია ერთმანეთის მიმართ წვეთ-წვეთად იზრდება. ადამიანის უფლებებისთვის ვითომდა მებრძოლი ქალბატონი, რომელიც ხელოვნებით არის გატაცებული და აფრიკის მოსახლეობის ჩაგრულ მდგომარეობაზე ფიქრობს, წუხს, ზრუნავს, სულ ცოტახანში აგრესორად გარდაიქმნება. გააფთრებული ფურიასავით, თვითდამტკიცების მიზნით ურტყამს საკუთარ ქმარს. რა არის ამ ადამიანებისთვის მთავარი ფასეულობები? და საერთოდ, არსებობს კი მათთვის ეს ფასეულობები? ნივთი, ანტურაჟი, იმიჯი არის მათთვის უფრო ძვირფასი, თუ საკუთარი შვილები? ამ ერთმანეთისადმი გაუცხოებულ ადამიანებს საკუთარი შვილებიც კი არ უყვართ. საკუთარი მე მათთვის უფრო მაღლა დგას, მაგრამ რა არის ეს მათი მე? ვირთხა - მეტაფორა ყველაზე ამაზრზენი მღრნელის.
ვერონიკ და მიშელ უიები სპექტაკლში თამარი და დათო (მაია ხორნაული, გიორგი ბოჭორიშვილი) დაზარალებული ბავშვის ბრუნო-სანდროს მშობლები არიან. ქმარი საყოფაცხოვრებო ნივთებით ვაჭრობს. ცოლი კულტუროლოგი, მწერალი, ხელოვნებათმცოდნე, კარგი დიასახლისი, გამომცემლობაში მუშაობს ნახევარ განაკვეთზე, როგორც აღვნიშნე, ადამიანთა უფლებების აქტიური დამცველია. სწორედ, მაია ხორნაულის თამარია ინიციატორი დამზარალებლის ფერდინანდ-გიორგის მშობლების (პიესაში: ანეტ და ალენ რეიების) - ნატას და თემოს (ნატა ბერეჟიანი, გიორგი ბახუტაშვილი) - ოჯახში მოწვევისა, ბავშვებს შორის კონფლიქტის მიზეზის ამოცნობის, მოგვარების მიზნით. მას სურს გაარკვიოს აცნობიერებს და ინანიებს, თუ, არა, დამზარალებელი ბავშვი თავის საქციელს. თემო წარმატებული ადვოკატია, ნატა ფინანსური მრჩეველი (პიესაში საინვესტიციო ბროკერი), ასევე წარმატებული საქმიანობაში, მაგრამ ცუდი დიასახლისი. სტრუქტურული თვალსაზრისით, რეჟისორმა სპექტაკლში არაფერი შეცვალა. იგი მისდევს პიესას. დავით ჭაბაშვილმა და ქეთი კვანტალიანმა, როგორც უკვე აღვნიშნე, მხოლოდ ტექსტში შეიტანეს ცვლილებები - ადგილმდებარეობები, სახელები, სიტუაციები. მაგალითად, მონტსურის პარკი სპექტაკლში ვაკის პარკად გადაკეთდა, ასპირან-დუნანის სკვერი კი ვერის ბაღად. პიესაშიც და სპექტაკლშიც ლარნაკში ჰოლანდიური ტიტები დგას, პიესაში მუტონ-დუვერნეს მაღაზიაში ნაყიდი, სპექტაკლში კი ვერაზე მდებარე ყვავილების მაღაზიაში და ა. შ. სცენოგრაფიაც (მხატვარი გოჩა აგაშენაშვილი) თითქმის ზუსტად ასახავს იასმინა რიზას რემარკებში აღწერილ ოთახის ანტურაჟს. პიესაშიც და სპექტაკლშიც სცენა არ არის გადატვირთული დეკორაციით: სამი სავარძელი (მათ შორის ერთი ორკაციანი), ჟურნალების მაგიდა, რომელზეც ტიტებით სავსე ლარნაკი დგას, წიგნებისა და სხვა ნივთებისათვის განკუთვნილი თანამედროვე ე. წ. „წიგნის თაროები“ სცენის მარჯვენა და მარცხენა მხარეს განლაგებული, შუაში დიდი, თანამედროვე, პოსტ-პოსტ მოდერნულ სტილში შესრულებული ნახატი, ასევე რამდენიმე პატარა ზომის სურათი და 2 მომცრო, აფრიკის კონტინენტის აბორიგენი მოსახლეობის გამომხატველი ქანდაკება ამშვენებს თამარისა და დათოს (უიების ოჯახის) მისაღებ ოთახს.
იასმინა რიზას ერთმოქმედებიანი შავი კომედია 1 საათისა და 15 წუთის განმავლობაში მიმდინარეობს ილიაუნის თეატრის სცენაზე. შემოქმედებითმა დასმა - რეჟისორმა, მსახიობებმა, მხატვარმა და ტექნიკურმა რეჟისორმა მაკა მეტრეველმა - კომპაქტური შეკრული სპექტაკლი შექმნეს. ამ მოკლე დროში მათ შეძლეს წარმოეჩინათ (დრამატურგიიდან გამომდინარე) ორი წყვილის მთელი ცხოვრება, მათი ნამდვილი, ნიღაბახდილი სახეები. მაია ხორნაულის თამარის სიმშვიდე, გაწონასწორებულობა, მშვიდობის მოყვარეობა, პროგრესულობა, მზრუნველობა და ა.შ. მოჩვენებითია. საკმარისია გარშემომყოფნი არ დაეთანხმონ მის აზრსა თუ დაგეგმილ ქმედებას ან, სცენაზე განვითარებულმა მოვლენებმა თამარის მიერ დასახულ გზას გადაუხვიოს, იგი გარეული ცხოველივით იწყებს შეტევას და „ღრენას“. ერთი ჭიქა კონიაკის მირთმევის შემდეგ კი, ნამდვილი აგრესორი ხდება - ხან, სტუმარს - ნატას, უთავაზებს მუჯლუგუნს და ხან, ქმარს ურტყამს გამეტებით. ნატა ბერეჟიანის თავდაჭერილი, დახვეწილი მანერების ნატა კი, რაღაც მომენტში განერვიულებული პირდაპირ თამარის სათაყვანებელ წიგნებსა თუ ჟურნალებზე დაარწყევს. მას, ქუჩაში დათოს მიერ გაგდებული პატარა ზაზუნა ებრალება, მაგრამ როგორც მოგვიანებით ირკვევა, საკუთარ შვილზე ზრუნვითაც კი არ იკლავს თავს. გიორგი ბახუტაშვილის წარმატებული ადვოკატი თენგო, რომელიც შიგადა-შიგ გარშემომყოფთა წინაშე, საერთაშორისო ასპარესზე გასვლით (ჰააგაში აქვს იურიდიული საქმეები) იწონებს თავს, ერთგვარ „მანქანად“ არის ქცეული. გამუდმებით მობილურზე საუბრობს და აგვარებს მსხვილი ფარმაცევტული კომპანიის პრობლემებს. ამიტომაც, მას ყველაზე მეტად უშლის ნერვებს „პროგრესული“ თამარი. გიორგი ბოჭორიშვილის დათო, ერთი შეხედვით რბილი ხასიათის ადამიანი, მზრუნველი, არა მარტო ცოლსა და შვილებზე, არამედ აბეზარ, მოხუც დედაზეც. სინამდვილეში მონსტრია, რომელსაც ქორწინება ღვთის მიერ ყველაზე საშინელ დასჯად მიაჩნია, საკუთარ შვილებს კი „პატარა ნაბიჭვრებს“ უწოდებს და მათ ცხოვრების ხორცმეტებად თვლის.
პიესაშიც და სპექტაკლშიც პერსონაჟთა სახეები, მოვლეთა რიგი მწყობრ რიტმში ვითარდება და რამდენიმე საკვანძო გადასვლებით არის აწყობილი. პირველი კონფლიქტური სიტუაცია - თამარისა და დათოს (უიების) ოჯახიდან, დათოს მიერ გაგდებული ზაზუნა; მეორე - თამარის მიერ გამომცხვარი ნამცხვარი; მესამე - გარკვევა იმისა, სინამდვილეში ორი ბავშვიდან, ვინ არის დაზარალებული კბილებჩამტვრეული სანდრო თუ სანდროს მიერ „ჩამშვებად“ წოდებული „დამზარალებელი“ გიორგი; მეოთხე კონფლიქტი - ირკვევა, რომ სანდროს ბანდა ჰყავს. ეს ფაქტი მოგონებებს აღძრავს ორივე მამაკაცში, სწორედ აქ შემოდის უოლტერ სკოტის რომანტიული გმირის აივენჰოს თემა. აქედან იწყბა ქალების და მამაკაცების დაპირისპირება-ბრძოლის თემა, რომელიც ფინალისკენ სრულდება იმის გამოვლენით, რომ ეს ოთხივე ადამიანი ვერ იტანს ერთმანეთს. გაუგებარია, საერთოდ ერთად რატომ ცხოვრობენ. მეხუთე კონფლიქტი - ძალადობის თემა ზოგადად. მეექვსე კონფლიქტი - ადვოკატისა და თამარის სიტყვიერი დუელი. მეშვიდე კონფლიქტი - ახალი მედიკამენტის ვარგისიანობაზე არასინდისიერად ჩატარებული კვლევა. მერვე კონფლიქტი - პროფესიები, ვინ სად და რაზე მუშაობს და ა. შ. შიგადაშიგ ძალადობის უსასტიკეს გამოვლინებად, აფრიკის კონტინენტზე, სუდანში დატრიალებული ე. წ. „დარფურის ტრაგედია“ (რომელიც 2004 წ. გაერომ განსაზღვრა, როგორც მსოფლიოს უსასტიკესი ჰუმანიტარული ტრაგედია) ხდება თამარისა და მისი მთავარი მოწინააღმდეგის თემოს შერკინების მიზეზი. სინამდვილე კი ის არის, რასაც თემო ეუბნება თამარს, კაცებს არ უყვართ თავდადებული, პრობლემების მომგვარებელი ქალები, რომლებიც ფიქრობენ და ზრუნავენ გლობალურ პრობლემებზე და არა მათზე, კაცებზე. კაცებს მგრძნობიარე, ემოციური ქალები უყვართ, გამჭრიახი, სიმართლისათვის მებრძოლი ქალები კაცებს დეპრესიაში აგდებენ. შეხედეთ თქვენს ქმარს, იგი დეპრესიაშიაო.
ყველაფრის საწყისი, საფუძველი, თავი და თავი კი ის არის, რომ ადამიანებს აღარ ესმით ერთმანეთის, ვერ უგებენ ერთმანეთს, ყველა თავის საკუთარ ნაჭუჭშია ჩაკეტილი და იქ იხარშება, აღარ შესწევთ უნარი საკუთარი სულიერი მდგომარეობა ერთმანეთს გაუზიარონ... ადამიანები მარტონი არიან... „ყოველთვის მარტო ვართ, ყველგან“ - ამბობს დათო-მიშელი ერთგან და კონიაკის დალევას სთავაზობს „ხოცვა-ჟლეტის ღმერთის“ მორწმუნე თემო-ალენს. ამიტომაც იქცნენ ისინი „ვირთხებად“.
სპექტაკლი, ისევე როგორც პიესა, იკვრება და მთავრდება ზაზუნა-ვირთხის თემით. თამარი ტელეფონით ესაუბრება თავის სკოლის მოსწავლე ქალიშვილს, რომელიც სახლიდან შეჭამს: ჭიას, ლოკოკინას... ყველაფერს რაც ნაგავში იქნება, ისიც ჩვენსავით ყველაფრისმჭამელია... რაზეც თემო კომენტარს აკეთებს: დარწმუნებული ვარ ეგ ვირთხა კარგ დროს ატარებს სადმე ნაგავში. თამარი - არა! თემო - რა იცით? მეტაფორა ნათელი და გასაგებია - ვირთხებივით ნაგავში მყოფი კაცობრიობა „მშვენივრად“ ვაგრძელებთ ცხოვრებას...
ახალგაზრდა რეჟისორმა დავით ჭაბაშვილმა ძალიან კარგი არჩევანი გააკეთა, როდესაც სადებიუტოდ იასმინა რიზას პიესა აირჩია თეატრში, სცენაზე დასადგმელად. სამწუხაროდ იგივეს თქმა არ შემიძლია მსახიობთა შერჩევაზე. აქ, არ დავიწყებ სპექტაკლის ნაკლოვანებებზე ჩემი მოსაზრების გადმოცემას. მხოლოდ ერთს ვიტყვი: ილიაუნის თეატრის მსგავს მცირე ზომის მაყურებელთა დარბაზშიც კი, როდესაც არ გესმის, რას ბურდღუნებს სცენაზე მსახიობი, ეს უბრალოდ აღმაშფოთებელია.