top of page

ჯადოქრობა თეატრში

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

319835576_867309978022428_9197797067607636369_n.jpeg

თამთა ქაჯაია

ჯადოქრობა თეატრში

 

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი მოძრაობის თეატრს „ზურმუხტქალაქის ჯადოქარი“ სპექტაკლით ესტუმრა, რომლის რეჟისორი იოსებ ბაკურაძე გახლავთ. საბავშვო სპექტაკლის დადგმა რიგ სირთულეებთან და პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. პირველი რაც რეჟისორმა მკაფიოდ და ნათლად უნდა განსაზღვროს ასაკობრივი ზღვარია, რადგან ძირითად აუდიტორიას მოზარდები წარმოადგენენ. ბავშვებს შეუძლიათ გარემოს შემეცნება დაკვირვების, მოძრაობის და იმიტაციის მეშვეობით. ამ კომპონენტების საშუალებით ხდება პატარებსა და მოზარდებში სპექტაკლის აღქმა - ყალიბდება კულტურული გემოვნება და ჩნდება თეატრისადმი ინტერესი. კულტურა რომელიც ბავშვების ცხოვრების ნაწილს წარმოადგენს ეხმარება მათ სოციალიზაციაში და გემოვნების სწორი მიმართულებით ჩამოყალიბებაში.

იოსებ ბაკურაძემ არჩევანი ამერიკელი ავტორის ფრენკ ბაუმის „ოზის ჯადოქარზე“ შეაჩერა და საკუთარი ვერსია შემოგვთავაზა. 1939 წელს გადაღებულმა ფილმმა საბავშვო წიგნის პოპულარიზაციას დიდი წარმატება მოუტანა. (აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის ამერიკელი ავტორის პირველი სცენური ინტერპრეტაციაა ქართულ სცენაზე, მანამდე ის მოზარდ მაყურებელთა თეატრში დენ ზლიბოვმა დადგა). არანაკლები წარმატება მოიპოვა ქართულ საზოგადოებაში სპექტაკლმა, რადგან ბათუმის თოჯინების და მოზარდ მაყურებელთა თეატრის ბოლო ათი წლის ყველაზე მოთხოვნადი სპექტაკლი აღმოჩნდა, გაყიდული ბილეთების რაოდენობით.

გიორგი გოგიტიძის სცენოგრაფია მწვანე ფერშია გადაწყვეტილი, მოძრავი მაგიდა-კუბები მოქნილად გარდაიქმნება სავალ ბილიკად, სადაც მთავარი მოქმედება მიმდინარეობს. მუსიკა (სანდრო ნიკოლაძე) სპექტაკლს ჰარმონიულად კრავს და სახასიათო, ინდივიდუალურ ელფერს სძენს.

საინტერესო გადაწყვეტა შემოგვთავაზა რეჟისორმა, როდესაც თოჯინები გააცოცხლა და მსახიობები ცოცხალ პლანში წარმოგვიდგინა ანალოგი კოსტიუმებით. ამ ხერხს იშვიათად შეხვდებით თოჯინურ თეატრში, რადგან ერთგვარ სირთულესთან არის დაკავშირებული, მსახიობებს უხდებათ ორმაგი გარდასახვა და თამაში.

ამოვარდნილი ქარბორბალა სახლს გაიტაცებს და უცხო ქვეყანაში აღმოჩნდება. დოროთი (სალომე ცაგურია) ტოტოსთან (მარიკა ბულეიშვილი - ძაღლი) ერთად საფრთხობელას, თუნუქის  კაცს და მხდალ ლომს უმეგობრდება. ოთხივე ერთად გადაწყვეტს ჯადოქარ ოზისთან შეხვედრას და იწყება თავგადასავალი. ეს არის სპექტაკლი სიკეთეზე, წინააღმდეგობებსა და იმ ჯადოქრობაზე, რომლისაც ბავშვობაში ყველას გვჯერა.

თითოეული მსახიობი: სალომე ცაგურია, მერი დიასამიძე, ქეთევან სამხარაძე, ეკატერინე გვარამია, ლევან მიდილიში, რევაზ ხოფერია, თედო ტუღუში, ალექსანდრე გაბაიძე, მინდია ჩოხარაძე, ირინე ღლონტი, ნინო დავითაშვილი, სოფიო ცინცაძე, მარიკა ბულეიშვილი ქმნიან საინტერესო და სახასიათო პერსონაჟებს.

ქეთევან სამხარაძის საფრთხობელა გამორჩეულია როგორც სამსახიობო შესრულების ტექნიკით ასევე ოსტატობით. აღნიშნულ თოჯინას ეკატერინე გვარამია განასახიერებს, ხოლო ცოცხალ პლანში ქეთევან სამხარაძე. მიუხედავად განსხვავებული ხმის ტემბრისა და ჰაბიტუსის მქონე მსახიობებისა ისინი საოცარი ოსტატობით ახერხებენ შექმნან ერთი მთლიანი პერსონაჟი - თოჯინა. მაყურებლისთვის ფაქტობრივად შეუმჩნეველი რჩება სინქრონში მყოფი მსახიობების განსხვავების აღქმა. თუნუქის კაცი, ქალაქის მცველი, ღეჭია  (რევაზ ხოფერია) ზუსტად ახერხებს გადმოსცეს პერსონაჟის სათქმელი. მხდალი ლომი (თედო ტუღუში) ხმის ტემბრითა და მანევრულობით ქმნის სახეს, რომელიც განსხვავებული და დასამახსოვრებელია. მიუხედავად, იმისა, რომ პერიოდულად მეტყველების პრობლემა (უმეტესწილად მამაკაცებში) მცირე დისკომფორტს ქმნიდა, წარმოდგენის სანახაობით მოხიბლული მაყურებელი, ამას დიდ ყურადღებას არ მიაქცევდა.

უნდა აღინიშნოს თოჯინებისა და მსახიობების კოსტიუმები (გიორგი გოგიტიძე), რომლებიც ქმნიან რეალურ და განსხვავებულ სახეს. რეჟისორმა შექმნა თანამედროვეობას მორგებული განსხვავებული პერსონაჟები და სწორედ ამით მიიზიდა მაყურებელი.

სანდრო ნიკოლაძემ შექმნა სადღესასწაულო მელოდია, ერთ-ერთ ძირითად ხაზს სპექტაკლში სწორედ მუსიკის რიტმი წარმოადგენს, რაც მოდუნების საშუალებას არ აძლევს მაყურებელს. საბოლოო ჯამში სპექტაკლი შედგა, მხატვრობა, მუსიკა, კოსტიუმები მსახიობები და რეჟისურა ქმნის იმ ღირებულ წარმოდგენას,  რომელსაც „ზურმუხტქალაქის ჯადოქარი“ ჰქვია.

ფოტო ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის Facebook გვერდიდან

bottom of page