top of page

ზოგიერთს   ცხელი  მოსწონს ...

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

703727638_1448761807297401_4510158919777067994_n.jpg

23.06.2026

გიორგი ყაჯრიშვილი

ზოგიერთს   ცხელი  მოსწონს ...

 

ბილი უაილდერის ფილმს „Some Like it Hot“, რომელსაც საბჭოთა კინოგაქირავებამ „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“ დაარქვა ჟანრის კლასიკად მიიჩნევენ. მისი წარმატება ძირითადად მსახიობებმა მერლინ მონრომ, ტონი კერტისმა და ჯეკ ლემონმა განაპირობა.

 

რეჟისორ გოჩა კაპანაძის არჩევანი სცენაზე გადაეტანა იზი დაიმონის და ბილი უაილდერის პიესა (ინსცენირების ავტორი მაია ჯაფარიძე) დიდ გამოწვევას წარმოადგენდა. დააკავო დრამატული თეატრის ახალგაზრდა მსახიობები ისეთ როლებზე, რომელიც დიდი ხანია შეიყვარა კინომოყვარულებმა რთულია არა მხოლოდ მსახიობებისათვის, არამედ თვით რეჟისორისთვისაც. თან მიუზიკლი და თანაც ეგრეთ წოდებული „გადაცმის“ თეატრი არ უნდა ყოფილიყო ადვილი განსახორციელებლად. თუმცა მთელი კოლექტივის და დამდგმელი ჯგუფის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ წარმოდგენა შედგა და უკვე შეიყვარა ბათუმელმა მაყურებელმა.

 

ცხადია რეჟისორი გვერდს ვერ აუვლიდა იმ ძირითად პერიპეტიებს. რაც ჩიკაგოში 1929 წელს ხდებოდა „მშრალი კანონის“ და „ბუტლეგერობის“ ეპოქაში. სპექტაკლის ძირითადი თემად მაინც რჩება მაფიათა შორის დაპირისპირება და მათ წინააღმდეგ ბრძოლა. ამ ფონზე მიმდინარეობს რომანტიკული ისტორიაც, ტანსაცმელების გადაცმით, სამსახურის ძიებით, თავის გადარჩენის აუცილებლობით, სიყვარულის მოლოდინით, რაც ახალისებს და ავსებს წარმოდგენას, საინტერესოს და მიმზიდველს ხდის მაყურებლებისთვის.

 

ეს ფეიერვერკული სპექტაკლი, ლამაზი კოსტიუმებით (მხატვარი ქეთი ციციშვილი), შესანიშნავი დეკორაციით (სცენოგრაფი ლომგულ მურუსიძე), მუსიკით (ვახტანგ მაჩალაძე, დალი დოიჯაშვილი), პლასტიკითა და ცეკვებით (ქორეოგრაფი კოტე ფურცელაძე) და რაც მთავარია მსახიობთა შესრულებით მართლაც საჭირო და ღირსეულ ადგილს დაიკავებს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის რეპერტუარში. ამბავი კოლომბოს (ლევან თედორაძე (უმცროსი) კაბარეში იწყება მუსიკოსებისა და კაბარეს მოცეკვავეების შემოფრენით, ერთგვარი „ანტრეთი“. აქვე ჩარლი (ლაშა კონცელიძე) თავისი ამალით, კომისარი (დავით წერეთელი) ყვავილებით ხელში, რომელიც კოლომბოს დაპატიმრებას გეგმავს.

 

 

სპექტაკლს ლაიტმოტივად გასდევს მათი ჩიკაგოში ჩამოსვლის მიზეზები: ჯერ თითქოს „ბებიის დასაფლავება“, შემდგომ კი ენრიკო კარუზოს მოსასმენად ჯუზეპე ვერდის „რიგოლეტოში“. საქმე კი ვისკის გავრცელების ტერიტორიების ათვისებებისთვის ხდება. ორივე ტყუილი მალე გამოდის სააშკარაოზე. ჩარლი პოლიციასთან თანამშრომლობისთვის მაფიოზებს შეეწირება რის მოწმენიც ჩვენი მუსიკოსი გმირები ჯო (საქსოფონი) და ჯერი (კონტრაბასი) ხდებიან.

 

ჯოს - ჟოზეფინას (მიხეილ ლომიძე) და ჯერის - დაფნას (გიორგი ყურავა) როლის შემსრულებელი ახალგაზრდა მსახიობები რთული ამოცანის წინაშე აღმოჩნდნენ - „გადაცმის“ ჟანრი არცთუ ადვილი განსახორციელებელია. ლომიძეს კარგად გამოსდის ჯოს სახე, ხოლო გიორგი ყურავა ბრწყინავს დაფნას შესრულების დროს. ორივე მსახიობმა შეძლო გადმოეცა პერსონაჟთა ხასიათი, მათი შინაგანი ბუნება და რიტმი. როგორც უკვე ვთქვით, ამ გმირთა ფათერაკიანი თავგადასავალი მაფიებს შორის და მათ წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის ფონზე მიმდინარეობს და ისე ერწყმის მათ, რომ ხანდახან ვერც ხვდები რომელია მთავარი - კოლომბოს მკვლელობა, ვივიენის სიყვარული თუ დაფნას მომავალი ბედნიერება.

 

მაკა შალიკაშვილი ორ როლს ასრულებს - გრძელცხვირა ნინელის და დოლის. სახეები, რომლებიც სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან. გრძელცხვირა ნინელი მკაცრია, შოუ-ბიზნესის პროფესიონალი მენეჯერი, თუმცა ჯოს მიმართ მისი თბილი, რომანტიკული განწყობა ხშირად ხელს უშლის თავისი მოვალეობის შესრულებაში და სუბიექტურ გადაწყვეტილებებს იღებს. ნინელი იმ ინტრიგის მონაწილე ხდება როცა სიუსა (ქეთევან ეგუტიძე) და ვინსტონს (ლუკა ჭეიშვილი) ქალებად გადაცმულ ჯოს და ჯერის მიუვლენს. დოლი კი სკანდალისტია, შურიანი მუსიკოსი, ჩხუბისთავი, რომელსაც სხვისი წარმატება აღიზიანებს და კოლეგის დამცირებაზეც არ ამბობს უარს.

 

კოტე მჟავიას სცენაზე დაბრუნების შემდეგ (რევიზორი ნიკოლაი გოგოლის ამავე სახელწოდების პიესაში), ნაპოლეონი უკვე მეორე როლია. ნათლიმამა მისი შესრულებით ძლიერია და სცენაზე მის გამოჩენა თავზარს სცემს მაფიური კლანების ყველა დაჯგუფებას. კოლომბოს ჯგუფის განადგურება შესრულებულია გამჭრიახობით, გროტესკით, მსახიობური ოსტატობით.

 

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სპექტაკლის მუსიკალური გაფორმება: დაწყებული ჩარლი ჩაპლინის და გლენ მილერის ყველასთვის ცნობილი მელოდიებიდან ჯუზეპე ვერდის არიებით „რიგოლეტოდან“.

 

გოჩა კაპანაძე რეჟისორია რომელსაც ხელეწიფება ოპერაც, ვოდევილიც და დრამაც, რაზეც მეტყველებს მისი შემოქმედება რუსთაველის, ცხინვალის და ოპერის თეატრების სცენებზე. აქვე მინდა ვთქვა, რომ სპექტაკლის განმავლობაში არის რამდენიმე სცენა, რომელიც აგდებს რიტმს, უკარგავს წარმოდგენას მთლიანობას და მთავარი ხაზიდან იხრება, თუმცა გასაგებია რომ ეს ხშირად მიზანმიმართულად ხდება. მაგალითად ჟოზეფინას სცენის მიღმა კაბის გამოცვლის აუცილებლობის დროს ან სხვა ტექნიკურ შემთხვევებში.

 

ჩემთვის ნამდვილ აღმოჩენად იქცა მსახიობ გიორგი ყურავას შესრულება, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო სპექტაკლის ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი მომენტები. იგი ერთგვარად მთელი წარმოდგენის რიტმის და ტემპის მიცემია და მთავარი ამბებიც მის ირგვლივ იშლება. ფილმისგან განსხვავებით ვივიენის ასე ვთქვათ სასიყვარულო ბადეში გაბმის ფუნქცია დაფნამ მოირგო და მხოლოდ მას შემდეგ, როცა ჟუზეფინა-ჯო ვივიენში აღმოაჩენს არა მხოლოდ მის სილამაზეს და ან მდიდარზე გათხოვების სურვილს, არამედ დიდი სიყვარულის მოთხოვნილებას, მხოლოდ მაშინ „აირჩევს“ მას. და აქ იწყება კიდევ ერთი ინტრიგა - ხელახალი „გადაცმა“ და ჟოზეფინას ჯოდ გადაქცევა.

მიხეილ ლომიძე ჟოზეფინა ვერ ცდილობს ან არ ცდილობს ქალად წარმოდგეს. მას მხოლოდ გარე ანტურაჟი მოურგია, არც ხმას იცვლის. სამაგიეროდ ჯოს განხორციელების დროს ის ჭეშმარიტი მამაკაცია, ჯენტლმენი და შესანიშნავად ახერხებს ვითომ უდარდელი მილიონერის თამაშს. დაფნა კი იმდენად მოერგო თავის „როლს“, რომ პერსონაჟი და მსახიობი, რომ სპექტაკლის ბოლოსკენ გათხოვების წინააღმდეგიც არაა. და აქ კიდევ რეჟისორის თამამი გადაწყვეილება:  დაფნა ფეხმძიმედ და უფრო მეტის სპექტაკლის დასასრულს ეგრეთწოდებულ თავდახრის სცენაში ოზგუნდი (ზაალ გიგუაძე) ჩვილი ბავშვით ხელში გვევლინება.

 

აქვე დავძენ, რომ ადგილ-ადგილ შემჩნევა ასე ვთქვათ საკმაოდ ფრივოლური ხუმრობები, რომელიც ძალიან ახალისებს მაყურებელს: ჟოზეფინასა და მესამე მაფიოზის (ტამანგო ჯღერია) სცენა ლოჟასთან, ოზგუნდის ხელში კონტრაბასის ჭერის პოზა და ასე შემდეგ. შთამბეჭდავია ვივიენის (თეო შამილაძე) დარბაზიდან შემოსვლა - რაც ხაზს უსვამს მის განსაკუთრებულობასა და ვარსკვლავობას. შემდგომშიც იგი ინარჩუნებს ასეთ სახეს და სხვებთან ერთად სპექტაკლის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა, მოხდენილი, სექსუალური, მიზანდასახული, მაგრამ გულუბრყვილო და დამთმობი. მისი მეგობრობა დაფნასთან ამის კარგი მაგალითია. სიუს (ქეთევან ეგუტიძე) და ვინსტონის (ლუკა ჭეიშვილი) დუეტი კარგად ახასიათებს ორივე პერსონაჟს, სიუ ეჭვიანი, ქედმაღალი და საკუთარ თავში შეყვარებული გმირია, რომელიც ცდილობს მკაცრ რეჟიმში აცხოვროს საკუთარი ორკესტრის მუსიკოსები და სწორედ ვინსტონის მეშვეობის აღწევს ამას. ოზგუნდის სახასიათო სახის შესაქმნელად ზაზა გუგუაძე მას ფიზიკურ ნაკლსაც უმატებს - მისი სიარული და კოჭლობა განსაკუთრებული იუმორს იწვევს მაყურებელში. უზომოდ შეყვარებული დაფნაში, ყველაფერზე მიდის რომ მისი სიახლოვე შეინარჩუნოს. მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ეს სინთეზური, მრავალპლანიანი და მრავალპერსონაჟიანი (ტერეზა (ნანა კიკვაძე), ფლორა (ნინო კვიტაიშვილი) და ფაუნა (ქეთა ბარიმიძე), მაფიოზები(ლევან თედორაძე, ზურაბ გორგილაძე, დავით მამრიკიშვილი, მოცარელა (თორნიკე ბარამიძე)) სპექტაკლი მთელი დასის და დამდგმელი ჯგუფის წარმატებაა, ის რაც ნამდვილად სჭირდება ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრს რომელიც განახლების გზაზეა.

bottom of page