top of page

ჯაზი, სიყვარული და ნიღბების თამაში ბათუმის თეატრის სცენაზე

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

704228429_1448759903964258_4638994878490875212_n.jpg

15.07.2026

ლაშა ჩხარტიშვილი

ჯაზი, სიყვარული და ნიღბების თამაში ბათუმის თეატრის სცენაზე

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში გოჩა კაპანაძის მიერ დადგმული მუსიკალური კომედია „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“ იმ იშვიათ სპექტაკლთა რიგს მიეკუთვნება, რომელიც მაყურებელს პირველ რიგში გართობასა და განმუხტვას, პოზიტიურ განწყობასა და სათეატრო დღესასწაულს სთავაზობს. ცნობილი კინოსიუჟეტის საფუძველზე შექმნილი წარმოდგენა მაია ჯაფარიძის ინსცენირებით სცენაზე აცოცხლებს გასული საუკუნის 30-იანი წლების ჩიკაგოს, სადაც ორი მუსიკოსი, შემთხვევით კრიმინალური ანგარიშსწორების მოწმე რომ გახდება, სიცოცხლის გადასარჩენად ქალის სამოსში გადაცმულები ქალთა ორკესტრში აღმოჩნდებიან. სწორედ აქედან იწყება იუმორით, მუსიკით, სიყვარულითა და მოულოდნელი თავგადასავლებით სავსე ისტორია.

გოჩა კაპანაძის სპექტაკლი, უპირველეს ყოვლისა, ლირიკული კომედიაა. მიუხედავად სიტუაციური იუმორის სიუხვისა, მისი მთავარი თემა სიყვარულია. სიყვარული, რომელიც ნიღბების მიღმა იბადება, შეცდომებით ვითარდება და საბოლოოდ ადამიანებს საკუთარ თავთან აბრუნებს. სწორედ ამიტომ, სპექტაკლი მხოლოდ კომიკური ეპიზოდების ჯაჭვი არ არის. იგი ადამიანური ურთიერთობების მსუბუქი, მაგრამ გულწრფელი ისტორიაა.

სპექტაკლის ერთ-ერთი მთავარი ღირსება კომიკური სიტუაციების ბუნებრივად აგებული სისტემა გახლავთ. იუმორი დოზირებულად და გააზრებულადაა გამოყენებული. რეჟისორი არ ცდილობს მაყურებლის სიცილის ხელოვნურად გამოწვევას და სწორედ ამიტომ ბევრი ეპიზოდი ორგანულად მუშაობს. თუმცა ზოგჯერ მსახიობები კარგავენ იმ წამს, როდესაც ქმედებას უნდა „გაესროლა“ და მაყურებელზე გარკვეული ეფექტი მოეხდინა. გარკვეულ სცენებში ხელოვნურობა ცვლის სპონტანურობას და კომიკური ეფექტიც სუსტდება.

გოჩა კაპანაძე სპექტაკლს მსუბუქი ჟანრის კანონზომიერებების შეგრძნებით აგებს. რეჟისორი არ ცდილობს ცნობილი სიუჟეტის რადიკალურ გადააზრებას და არც თანამედროვე აქტუალური კონტექსტების ხელოვნურად მორგებას, თუმცა მთავარი როლების შემსრულებლებთან მუშაობის შედეგად ახერხებს, რომ თითქმის საუკუნის წინანდელი ისტორია თანამედროვე მაყურებლისთვის ახლობელი და გასაგები გახადოს. წარმოდგენის განმავლობაში მუდმივად არსებობს განცდა, რომ მოქმედება სხვა ეპოქაში, სხვა ქვეყანაში და სხვა კულტურულ გარემოში ვითარდება, მაგრამ პერსონაჟების სურვილები, შიშები, სიყვარულის წყურვილი და ადამიანური სისუსტეები იმდენად ნაცნობია, რომ მაყურებელი მათ ადვილად თანაუგრძნობს. რეჟისორი ზუსტად გრძნობს ჟანრის საზღვრებს და არ ტოვებს კომედიას მხოლოდ გარეგანი ეფექტების ამარა. რეჟისორი სანახაობრივობასა და ემოციურობას შორის ბალანსის დაცვას ცდილობს, რის გამოც წარმოდგენა მხოლოდ გასართობ სანახაობად არ იქცევა.

წარმოდგენა მუსიკალური პაუზით იწყება. რეჟისორი მაყურებელს ეტაპობრივად ამზადებს მოქმედებისთვის, თუმცა ეს შესავალი გარკვეულწილად გაწელილ შთაბეჭდილებას ტოვებს. კარგა ხნის შემდეგ ჩნდებიან პერსონაჟები და იწყება ძირითადი ამბავი. სპექტაკლის მსვლელობისას თვალსაჩინო პრობლემად რჩება მეტყველების საკითხი. არაერთ ეპიზოდში მსახიობთა ტექსტი მკაფიოდ არ ისმის, რაც განსაკუთრებით დიდ დარბაზში საგრძნობ ხარვეზად იქცევა. სასცენო მეტყველების პრობლემა ზოგადად ქართული თეატრის ერთ-ერთი მტკივნეული თემაა, თუმცა ბათუმის თეატრში იგი განსაკუთრებით შესამჩნევად იჩენს თავს.

დაფნას როლში გიორგი ყურავა სპექტაკლის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა. მსახიობი რთულ ამოცანას წარმატებით უმკლავდება. იგი მუდმივად ბეწვის ხიდზე გადის, რადგან ერთდროულად უნდა შეინარჩუნოს ქალის ნიღაბიც და პერსონაჟის ნამდვილი ბუნებაც.

 

განსაკუთრებით საინტერესოა ის მომენტები, როდესაც მის გმირს წამით ავიწყდება საკუთარი შენიღბვა და კვლავ ავთენტურ მდგომარეობას უბრუნდება. სწორედ ამ მონაკვეთებში იქმნება ყველაზე ცოცხალი და სახალისო  სიტუაციები. როდესაც დაფნა გულწრფელი გაოცებით კითხულობს: „ნუთუ მართლა ასეთი ლამაზი ვარ?“ მაყურებელი სიცილთან ერთად პერსონაჟის ადამიანურ ბუნებასაც ხედავს. ეს მხოლოდ ერთი დეტალია იმ მრავალთაგან, რის გამოც გიორგი ყურავა მაყურებლის განსაკუთრებულ სიმპათიას იმსახურებს.

საინტერესო პარტნიორობას ქმნიან გიორგი ყურავა და ზაალ გოგუაძე. მათი დუეტი სპექტაკლის ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი ხაზია. კომიკურობა, ურთიერთქმედება და მაყურებელთან უშუალო კომუნიკაციის უნარი მათ სცენურ არსებობას მიმზიდველს ხდის. მართალია, ოზგუნდის მხატვრულ სახეში ზაალ გოგუაძე არსებითად ახალ გამომსახველობით საშუალებებს არ გვთავაზობს და მეტწილად მისთვის უკვე ნაცნობ ტიპაჟს იმეორებს, მაგრამ ეს პერსონაჟის ეფექტურობას ხელს მნიშვნელოვნად არ უშლის.

მაკა შალიკაშვილი, რომელიც ნინელისა და დოლის როლებს ასრულებს, გამოირჩევა ზუსტი სასცენო მეტყველებით, კარგი ტიპაჟურობითა და ხასიათის მკაფიო შტრიხებით. მსახიობი თითოეულ გამოჩენაში ახერხებს პერსონაჟების ინდივიდუალიზაციას და სცენური სივრცის შევსებას.

მიხეილ ღომიძის მიერ შექმნილი ჟოზეფინა არაერთ საინტერესო ეპიზოდს მოიცავს, თუმცა პერსონაჟის მხატვრული სახე მთლიანობაში გარკვეულწილად ტრივიალური და ზედაპირული რჩება. მსახიობს შესამჩნევად აქვს განმეორებადი მანერები, განსაკუთრებით ნერვიულობის გამომხატველ ფიზიკურ მოქმედებებში, რაც დროთა განმავლობაში ერთფეროვნების განცდას აჩენს.

ვივის როლში თეო შამილაძე ქმნის სპექტაკლის ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელ და თბილ პერსონაჟს. მსახიობი ზუსტად გრძნობს ამ სახის ბუნებას და მასში ორგანულად აერთიანებს გულუბრყვილობას, რომანტიკულობას, იუმორსა და სენტიმენტალურობას. ვივი არ არის მხოლოდ ლამაზი გოგონა, რომელიც სიყვარულზე ოცნებობს. ის იმფანტილურიცაა, მეოცნებეც, ზოგჯერ ბავშვურად გულწრფელიც და სწორედ ამ თვისებების გამო იწვევს მაყურებლის სიმპათიას. თეო შამილაძე პერსონაჟს ზედმეტი მანერულობისა და ხელოვნურობის გარეშე ქმნის, რის გამოც მისი ვივი ცოცხალი და ბუნებრივია. მსახიობი ახერხებს, რომ ერთ სცენაში კომიკური იყოს, მეორეში კი ლირიკული და მგრძნობიარე, ისე რომ ეს გარდასახვები ძალდატანებულად არ აღიქმება. განსაკუთრებით დასაფასებელია ის შინაგანი სინაზე, რომელსაც შამილაძე პერსონაჟს სძენს. შედეგად, ვივი სპექტაკლში ერთგვარ ემოციურ საყრდენად იქცევა, რომელიც ხმაურიანი კომედიური თავგადასავლების მიღმაც ინარჩუნებს ადამიანურ სითბოს, გულწრფელობასა და სიყვარულის რწმენას.

სპექტაკლში არის რამდენიმე უხერხული დეტალიც. მაგალითად, ფრაზა „მუსიკანტები მიპოვე?“, რომელსაც ქეთევან ეგუტიძის სიუ ამბობს სცენიდან, არასწორი ქართული ფორმით ჟღერს და მსგავსი შემთხვევები პროფესიულ თეატრში განსაკუთრებით არასასიამოვნო მოსასმენია.

სპექტაკლის მსახიობური ანსამბლი არაერთგვაროვან შთაბეჭდილებას ტოვებს. თუ მთავარი როლების შემსრულებელთა ნაწილს შესამჩნევად აქვს მცდელობა პერსონაჟის ინდივიდუალური სახის შექმნისა, მეორეხარისხოვან და ეპიზოდურ როლებში დაკავებული მსახიობების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ იმ გამომსახველობით არსენალს ეყრდნობა, რომელიც მაყურებელს მათი წინა ნამუშევრებიდან კარგად ახსოვს. ხშირად მეორდება არა მხოლოდ ინტონაციები და მეტყველების მანერა, არამედ ხმის ტემბრი, ჟესტიკა, პლასტიკა და ზოგ შემთხვევაში გრიმისა და გარეგნული სახის გადაწყვეტებიც კი. შედეგად, სცენაზე ახალი პერსონაჟის ნაცვლად მაყურებელი მსახიობის უკვე ნანახ ვარიაციას ხედავს. ეს პრობლემა მხოლოდ უფროს ან დამწყებ თაობას არ ეხება, იგი საშუალო თაობის მსახიობებშიც იკვეთება. ზოგიერთ შემთხვევაში იქმნება შთაბეჭდილება, რომ როლზე მუშაობა მოვალეობის შესრულების დონეზე ჩერდება და ნაკლებად იგრძნობა შემოქმედებითი რისკის, ძიებისა და საკუთარი შესაძლებლობების გადალახვის სურვილი. ამგვარი ტენდენცია განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება მასობრივ სცენებში, სადაც მონაწილე მსახიობთა ნაწილი უფრო ფუნქციურ შემსრულებლად აღიქმება, ვიდრე ცოცხალი სცენური პროცესის აქტიურ თანაავტორად. სწორედ ამიტომ, ცალკეული წარმატებული მსახიობური ნამუშევრების ფონზე, ანსამბლის საერთო მხატვრული ხარისხი ყოველთვის ერთნაირად დამაჯერებელი ვერ ხდება. სპექტაკლში მონაწილე მსახიობებს  ქეთევან ეგუტიძეს, ლუკა ჭეიშვილს, კოტე მჟავიას, დავით წერეთელს, ლაშა კონცელიძეს, ლევან თედორაძეს (უმცროსი),  ნანა კიკვაძეს,  ნინო კვიტაიშვილს, ქეთა ბარამიძეს, ლევან თედორაძეს, ზურაბ გორგილაძეს, თორნიკე ბარამიძეს და დავით მამრიკიშვილის უნდა ახსოვდეთ, რომ ეპიზოდშიც კი არის შესაძლებელი დაამახსოვრო მაყურებელს თავი და იქცე სპექტაკლის მნიშვნელოვან ნაწილად. რამდენიმე მსახიობი მხოლოდ ტექსტს წარმოთქვამს (ხშირ შემთხვევაში გაუმართავად), აღარაფერს ვამბობ პერსონაჟის ხასიათის ჩვენების დეფიციტზე. ამის საპირწონედ შეგვიძლია მოვიყვანოთ ტამანგო ჯღერიას პერსონაჟი - მესამე მაფიოზი, რომელიც, ერთი შეხედვით, უფუნქციო ფიგურაა სპექტაკლის საერთო სიუჟეტში, თუმცა მისი რამდენიმე ეპიზოდური თითქმის უსიტყვო გამოჩენა არის დასამახსოვრებელი და ღიმილის მომგვრელი.

 

ლომგულ მურუსიძის სცენოგრაფია და ქეთი ციციშვილის კოსტიუმები ქმნიან მსუბუქ, სანახაობრივ და ჟანრობრივად გამართულ გარემოს. კოტე ფურცელაძის ქორეოგრაფია ორგანულად ერწყმის მუსიკალურ თემებს (მუსიკალური გაფორმება - დალი დოიჯაშვილი, ვახტანგ მაჩალაძე). სპექტაკლში ხშირად ისმის ჯაზური კომპოზიციები, ხოლო ერთ-ერთ ეპიზოდში მერლინ მონროს ცნობილი სიმღერის I Wanna Be Loved by You - ის ფონზე პერსონაჟები ბარში ცეკვავენ, რაც წარმოდგენის განწყობას კიდევ უფრო ამსუბუქებს და მაყურებელს ეპოქის ატმოსფეროში აბრუნებს.

ლომგულ მურუსიძის სცენოგრაფია სპექტაკლის ჟანრსა და სტილისტიკას ზუსტად პასუხობს. მხატვარი ქმნის არა რეალისტურ ჩიკაგოს, არამედ მის თეატრალიზებულ, თითქმის კინემატოგრაფიულ ვერსიას, რომელიც 1930-იანი წლების ამერიკული მიუზიკლებისა და განგსტერული ფილმების ესთეტიკას ეყრდნობა. სცენური სივრცე აგებულია მოძრავ და გამჭვირვალე კონსტრუქციებზე, განათებულ ვერტიკალურ ხაზებსა და მრავალფუნქციურ პანელებზე, რომლებიც ეპიზოდიდან ეპიზოდამდე სხვადასხვა გარემოდ გარდაიქმნება. დეკორაცია არ ტვირთავს სივრცეს ზედმეტი დეტალებით, თუმცა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მოქმედება დიდი ქალაქის ხმაურიან და ენერგიულ სამყაროში ვითარდება. ნეონისფერი განათებები, ცივი ლურჯი ტონები და გამჭვირვალე სიბრტყეები სცენას კაბარესა და ჯაზკლუბის ატმოსფეროს ერთდროულად ანიჭებს.

მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლში გვხვდება რამდენიმე არაფრისმომცემი და დრამატურგიულად ნაკლებად დატვირთული ეპიზოდი, რომლებიც სიუჟეტის განვითარების ტემპს აფერხებს, წარმოდგენა მთლიანობაში ინარჩუნებს მსუბუქ რიტმს და მაყურებლის ინტერესს.

განსაკუთრებით დასამახსოვრებელია ფინალი. რეჟისორი მოულოდნელ გადაწყვეტას გვთავაზობს და სულ რამდენიმე წამში ცოცხალი სურათების საშუალებით გვიჩვენებს ოზგუნდისა და დაფნას მომავალ ცხოვრებას. მათი მომავალი ოჯახის ხილვამ დარბაზში გულწრფელი სიცილი და დადებითი ემოცია გამოიწვია. ეს ფინალი სპექტაკლის საერთო ტონალობას ზუსტად შეესაბამება და მაყურებელს ღიმილით აცილებს.

„ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“ სწორედ ის ტიპის წარმოდგენაა, რომელიც ბათუმის თეატრის დღევანდელ რეპერტუარს ბუნებრივად ავსებს. ბოლო წლებში თეატრის აფიშაზე ჭარბობდა სევდიანი, მელანქოლიური და მძიმე თემატიკის სპექტაკლები. გოჩა კაპანაძის დადგმა კი მაყურებელს სთავაზობს იუმორს, არტისტულ ფეიერვერკს, მუსიკას, ცეკვასა და მაჟორულ ფინალს. ეს არ არის სპექტაკლი, რომელიც რთულ ფილოსოფიურ კითხვებს სვამს, მაგრამ იგი წარმატებით ასრულებს სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან მისიას: ქმნის კარგ განწყობას, აერთიანებს მაყურებელს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ თეატრი ზოგჯერ უბრალოდ სიხარულის, სიყვარულისა და სიცოცხლის ზეიმიც შეიძლება იყოს.

bottom of page