top of page

ჯაყოს ხიზნები 

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

356825213_6121876951194502_6416809301182475836_n.jpg

მაია კიკნაძე

ჯაყოს ხიზნები 

 

სულ ახლახან, ახალგაზრდა რეჟისორმა მაკო კახეთელიძემ ქართველი კლასიკოსის მიხელ ჯავახიშვილის რომანის „ჯაყოს ხიზნები“ სცენური ინტერპრეტაცია შესთავაზა მაყურებელს.   ამ სპექტაკლის დადგმით, რეჟისორს სურდა, ერთის მხრივ ფსიქოლოგიური თეატრის ტრადიციების გაგრძელება, მეორეს მხრივ კი ახალგაზრდა თაობაში ქართული ლიტერატურის პოპულარობისთვის ხელის შეწყობა. ვფიქრობ, რომ ამ სურვილით იყო ნაკარნახევი სპექტაკლის ფორმაც, ვგულისხმობ ახალგაზრდა თაობის- სკოლის მოწაფეების /კესო ჩერქეზიშვილი, თიკა ჭედია, მარიამ აზარაშვილი, თეკლა ქაჯაია/ ჩართვას მოქმედების მსვლელობაში და ამით სკოლის/განათლების/ მნიშვნელობის ხაზგასმას. 

რეჟისორმა მაკო კახეთელიძემ, „ჯაყოს ხიზნები“ თავიდან აბრეშუმის თეატრში განახორციელა, შემდეგ კი სპექტაკლი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო  თეატრის სცენაზე წარმოადგინა. სპექტაკლის ძირითადი მოქმედება ავანსცენაზე  ვითარდება/მხატვარი ეკატერინე ხინჩაგაშვილი-კაპანაძე/. სცენის  ბოლო ნაწილი კი შემაღლებულ ადგილს ეთმობა, რომელზედაც პირობითად სკოლაა განთავსებული.  მოუწყობელ, უპატრონო სკოლას, რაზედაც გადაბრუნებული მერხები მიგვანიშნებენ, ფინალში პატრონი გამოუჩნდება თეიმურაზ ხევისთავის სახით. სცენა არ არის გადატვირთული ბევრი დეტალით. რეკვიზიტს შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს სცენის შუაში დადგმული მოძრავი სკივრი, რომელსაც რეჟისორი  სხვადასხვა ფუნქციას ანიჭებს. ეს სკივრი ერთ შემთხვევაში  ურმის, სხვა შემთხვევაში კი კუბოს ასოციაციას იწვევს. როდესაც ჯაყო თეიმურაზს ამარცხებს/ცოცხლად მარხავს/ სკივრი სიმბოლურ დატვირთვას იძენს, ფინალურ სცენაში კი თეიმურაზი დამარცხებულ ჯაყოს ქვესკნელში ისტუმრებს. სცენური გარემოს შექმნაში  განსაკუთრებულია განათების როლი/განათების მხატვარი გიორგი გოლოშვილი/. ზოგიერთ ეპიზოდში წითელი ფერი ემოციის გასაძლიერებლად და რეჟისორის სათქმელის ხაზგასასმელად გამოიყენება. განსაკუთრებით ეს ეხება  შემდეგ სცენებს: გაუპატიურება,  ჯაყოსა და მარგოს ქორწილი, რევოლუციის გამარჯვება. განათებასთან ერთად ემოციურ განწყობას ხელს უწყობს მუსიკალური მხარე/მუსიკა ოთო ბერძენიშვილის/ .

სპექტაკლი მთხრობლის გამოსვლით იწყება. მთხრობლის ფუნქციას რეჟისორმა განსაკუთრებული დატვირთვა მიანიჭა. ის ერთის მხრივ  წამყვანი და ამავე დროს ივანეს როლის შემსრულებელია.  გიორგი ონიანის ივანე, ყოველნაირად ცდილობს,   სკოლა განათლებულ ადამიანს ჩაუგდოს ხელში, ამიტომ სთხოვს თეიმურაზს, რომ სკოლას სათავეში ჩაუდგეს  და ამით ბავშვებიც გადაარჩინოს და საკუთარი თავიც. 

მოქმედება საქართველოს ისტორიის ფონზე ვითარდება. პოლიტიკურ ცვლილებებს აქ განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, ვინაიდან აღნიშნული პროცესები განსაზღვრავენ მოქმედ გმირთა ბედ იღბალს, თავადი ხევისთავის ცხოვრებას „კნიაზობიდან ბრინკამდე,“ ანუ ჯაყოს ხიზნობამდე. სპექტაკლში წარმოდგენილია თეიმურაზ ხევისთავის ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები/მარგოსთან ქორწილი, განშორება, ჯაყოს ხიზნობა და ა შ/.   

რეჟისორი ცდილობს სპექტაკლში რეალისტური ხერხები გამოიყენოს, თუმცა ზოგიერთი სცენა, ვგულისხმობ სკოლის მოწაფეთა მოქმედებაში ჩართვას, ხელოვნურად გამოიყურება. განსაკუთრებით ეს ეხება მეორე მოქმედებას. ბავშვების დაძაბული მეტყველება, ხმამაღალი ტემბრი, ხელოვნურად გამოწვეული ემოცია და მათი წარმოთქმული ტექსტი, რომელსაც შემდეგ მსახიობი იმეორებს არაფერს მატებს სპექტაკლს.

 სპექტაკლში ოთხი წამყვანი როლია. მაკო კახეთელიძე ახერხებს მაყურებლამდე მიიტანოს თითოეული გმირის/მარგო, ჯაყო, ივანე, თეიმურაზი/ სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელთა  ხასიათები, მათი ინდივიდუალობა. ეს ეხება ოთხივე მსახიობს გიორგი ონიანი-ივანე, ქეთო ტატიშვილი-მარგო, გიგა აბულაძე-ჯაყო, ნოდარ მელაძე-თეიმურაზი. თეიმურაზის როლის შემსრულებელი  ნოდარ მელაძე გვიჩვენებს უმწეო კაცის ტრაგიკულ ბედს, რომელსაც არც ცოლის და არც ქონების დაცვა არ შეუძლია და შიმშილისგან თავის დასაღწევად,  ჯაყოს ხიზნობას  მორჩილად თანხმდება. შინაგანად გამოფიტული, მონურ მდგომარეობაში მყოფი თავადი ხევისთავის სულიერი მდგომარეობა იმ  უნაყოფო, გამხმარი ხის ასოციაციას იწვევს, რომელიც სცენის მარჯვენა კუთხეს „ამშვენებს.“  განსაკუთრებით საინტერესოა მსახიობის შესრულება  მეორე მოქმედებაში, როდესაც ის  მონოლოგში საკუთარ ბედ-იღბალს დასტირის.

 გიგა აბულაძის შესრულება,  გამორჩეულია სპექტაკლში. ჯაყოს სახე  თავისი ექსცენტრულობით იქცევს მაყურებლის  ყურადღებას. მსახიობი თავისი ოსტატობის წყალობით კარგად ახერხებს წარმოგვიდგინოს მომხვეჭელი, მედროვე ადამიანის პორტრეტი.  მისი ველური საქციელი  ცხოველური ინსტინქტების შედეგია, რასაც მსახიობი ყველა სცენაში ავლენს.  გიგა აბულაძე თავის შესრულებაში თანმიმდევრულია. მისი მეტყველება და გარეგნობა სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან.  

ქეთო ტატიშვილის მარგო, მთელი სპექტაკლის მანძილზე, წარმოადგენს  პერსონაჟის დრამატულ ბუნებას. ეს ჩანს თითქმის ყველა სცენაში. მსახიობი ზუსტად გრძნობს  პარტნიორის რეპლიკას, დიალოგის წარმართვის ხელოვნებას. იქნება ეს მარგოსა და თეიმურაზის პირველი შეხვედრა, გაუპატიურების სცენა თუ ჯაყოსთან ქორწილი.    

 

P.S სპექტაკლი, რეჟისორმა მაკო კახეთელიძემ  ახალგაზრდა თაობას მიუძღვნა, ამით განსაზღვრა კიდეც  აუდიტორია, სპექტაკლის დადგმის  მიზანდასახულობა.     

მიხეილ ჯავახიშვილის რომანის გმირებთან შეხვედრა,  ქართული კლასიკის სცენური ვერსიები, ხელს უწყობს მოზარდ თაობაში ნაწარმოებისა და  ქართული კლასიკური მემკვიდრეობისადმი ინტერესს.

ფოტოები ბექა ცირეკიძის

bottom of page