
ჯადოსნური
რანდე-ვუ

23.08.2026
ლელა წიფურია
ჯადოსნური რანდე-ვუ
თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს ერთი საგულისხმო თვისება აქვს: მსოფლიოში ცნობილ, სახელგანთქმულ შემოქმედებს თუ დასებს, რომელთა სპექტაკლები წინა ფესტიველებზე გააცნო თბილისელ მაყურებელს, მათი უახალესი დადგმებით იწვევს. ჩვენს აუდიტორიას, რომელმაც უკვე მოასწრო ამ სრულიად განსხვავებული სათეატრო ესთეტიკის თუ კონცეფციის დასების შეყვარება, განსაკუთრებული მოლოდინი აქვს. აქ მოსულმა ყველა თეატრალმა ზუსტად იცის, რომ თბილისის თეატრალური ფესტივალის უკვე ნაცნობი კოლეტივის შემოქმედებითი ცხოვრების მოწმე და ერთგვარად თანამონაწილეც თავადაა, რადგან მაყურებელი, როგორც კომპონენტი, შემოქმედებით პროცესთან ერთად დასის განვითარების უშუალო მოწმეა. თუ იმასაც დავამატებთ, რომ ყოველი სპექტაკლის შემდეგ ეწყობოდა შეხვედრა წარმოდგენის ავტორებთან და მასში მონაწილე ნამდვილ ვარსკვლავებთან, სადაც ისინი საოცრად უშუალოდ პასუხობდნენ მათ თაყვანისმცებლებად ქცეულ აუდიტორიას, ფესტივალის მისია ზედმიწევნით შესრულებული აღმოჩნდება. სამი განსაკუთრებული სათეატრო კოლექტივის ერთგვარი ანგარიშგება მათი ერთგული მაყურებლის წინაშე-მათგან ერთის მსოფლიო პრემიერა- ამ მიმოხილვაში ფესტივალის პროგრამის სამ გამორჩეულ დადგმას განვიხილავ.
ქშიშტოფ ვარლიკოვსკის „ფრანგები“, მარსელ პრუტის რომანის მიხედვით დადგმული, ჩვენი აუდიტორიისთვის ერთგვარად შოკურიც კი იყო. სრულიად ორიგინალურ ესთეტიკაში ასახული ცნობიერების ნაკადი-ასე გაგვაცნო ფესტივალმა რამდენიმე წლის წინ თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეჟისორი და მისი დაარსებული „ნოვი თეატრი“. 2026 წლის გაზაფხულზე გადმოტანილი ფესტივალის მოლოდინის ერთ-ერთი მთავარი გმირი სწორედ ვარლიკოვსკი იყო და „ნოვი თეატრის“ ახალი დადგმა „ელიზაბეთ კოსტელო, 7 ლექცია, 5 მორალური ზღაპარი“. პიოტრ გრუშჩინსკიმ პიესა ჯონ მაქსველ კუტზეეს რამდენიმე მოთხრობის -„ელიზაბეთ კოსტელო“, „ნელი კაცი“, „როგორც ქალი ბერდება“, „ამაოება“, „მინის სასაკლაო“ მიხედვით შექმნა და რამდენიმე ავტორის ტექსტების ფილიპ პარენოს „ყველგან, ოღონდ სამყაროს გარდა“; სოფი კალეს „უკანასკნელი ფოტო“,„რეალური ისტორიები“,„ჩრდილოეთ პოლუსი“;ფრანც კაფკას „მოხსენებითი ბარათიაკადემიას“; გოეთეს „ფაუსტი“, ფრენსის ფარმერის „ღმერთი კვდება“ - ტექსტების ნაწილები დაუმატა. ერთი შეხედვით სრულიად განსხვავებული ავტორების ერთ პიესაში გაერთიანება ეკლექტურიც უნდა ყოფილიყო, რომ არა ვარლიკოვსკის სრულიად განსხვავებული ესთეტიკა, სადაც ნებისმიერი პერსონაჟი საკუთარი ცხოვრების წესით და კონცეფციით შემოსული, კონკრეტულ ფრაგმენტს გაითამაშებს თავისი ცხოვრების და მცდელობაც კი არ არის ეს მოზაიკური ეპიზოდები სიუჟეტური განვითარების ჩარჩოში მოაქციოს. ეს ეპიზოდები თავისთავად არის სპექტაკლის მთავარი გმირის, ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენების ამსახველი.
ელიზაბეთ კოსტელო გამოგონილი ლიტერატურული პერსონაჟია, მაგრამ არა მარტო - იგი შეიძლება ჩაითვალოს კოტზეეს ალტერ ეგოდ — ფიგურად, რომელიც მისი სახელით საუბრობს და მისი მკითხველების და აკადემიური წრეების კრიტიკასა თუ რისხვას პასუხობს.
სხვადასხვა ეპიზოდებში მთავარ პერსონაჟს, ელისაბედ კასტელოს სხვადასხვა მსახიობები თამაშობენ, რომელთაგანაც ერთი, მაია კომაროვსკა ნამდვილი ვარსკვლავია. ასევე თანამედროვე პოლონური კინოს და თეატრის სრულიად გამორჩეული მსახიობია მარიუშ ბონაშევსკი. თუმცა სცენიური სიმართლე- ეს „ნოვი თეატრის“ ყველა მსახიობს აერთიანებს. საერთოდაც, სცენა ვარლიკოვსკის წარმოდგენებში პირობითი ცნებაა. შემაღლებულზე ტრადიციულად მაყურებელი ზის, წარმოდგენა კი ამფითეატრის მაგვარად ქვევით, ოღონდ აუდიტორიის მთელ სიგანეზე ვითარდება. ასე იყო „ფრანგებშიც“ და ახალ დადგმაშიც ასეა. ეს პანორამული ხედვა ვარლიკოვსკის და სცენოგრაფ მალგორჟატა შჩეშნიაკის ერთობლივი კონცეფციის ვიზუალიზაციაა. სიბრტყეზე განლაგებული დეკორაცია სხვადასხვა ნაწილებად არის დაყოფილი. დეკორაციის ეს ნაწილები ელისაბედ კასტელოს ცხოვრების ამა თუ იმ პერიპეტიის შესაბამისად ფუნქციებს იცვლის. შუშის გალერეა თუ ვაგონი ხან ალბატროსების მუზეუმად გადაიქცევა, ხანაც ოჯახური შეკრების ადგილად. საკონფერენციო დარბაზებად და სალექციო სივრცედ ტრანსფორმირდება მაგიდა-სკამების კომბინაციები ტრიბუნებით.
უცვლელი სივრცეში მხოლოდ მარცხენა მხარეს განთავსებული თეთრი კაფელით მოპირკეთებული ტუალეტია-ყველა ეპოქის ყველაზე პრივატული ტერიტორია. ამბები, რომელიც აქ ხდება, განსხვავებული თემატიკისაა- აისბერგების სანახავად მოწყობილი კრუიზიდან დაწყებული თანამედროვე ინტელექტუალური შეკრებების ადგილით დამთავრებული, სადაც ელისაბედ კასტელოს ინტერვიუები თუ ლექციები მიმდინარეობს. წარმოდგენაში დიდი დატვირთვა ენიჭება მთელ სიგანეზე განფენილ ეკრანზე წარმოდგენილ ვიდეოინსტალაციას, სადაც ამა თუ იმ ეპიზოდის არა მხოლოდ ადგილმდებარეობის განსაზღვრა ხდება, როგორც თუნდაც აისბერგების ეპიზოდში, არამედ სრულად იხსნება როგორც მთავრი გმირის შინაგანი განწყობა, სამყაროს აღქმა თუ ცნობიერების ნაკადი. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ცხვრის უზარმაზარი ფარის ვიდეოინსტალაცია, რომელიც ერთდროულად აჩენს განმეორებადობის, მორჩილების და უმწეობის განცდასაც. და კიდევ, ერთი რამ, რაც უცილობლად უნდა აღინიშნოს-სპექტაკლის მთელი მიმდინარეობის მანძილზე ვარლიკოვსკი მთავარი გმირის დაბერების პროცესს გვიჩვენებს. ეპიზოდებში არ იცვლება ეპოქა- ყველაფერი თანამედროვე ანტურაჟის და კოსტიუმების ფონზე ვითარდება. მაგრამ ხდება მთავარი გმირის, ელისაბედ კასტელოს წლების მატების და რეალური სამყაროდან გასვლის პროცესის ჩვენება, რომელიც შუშის გალერეაში სრულდება. შუშაში კი, მოგეხსებათ ყველაფრი ჩანს, ყველაფერი ყველასთვის თვალსაჩინოა.
„რატომ არის ძალადობა მიმზიდველი? რა რჩება, როდესაც ომი და ტერორი ანადგურებს სამყაროს ?’’ ეს კითხვები თეატრ Schaubühne-ს სპექტაკლის, „მისანის“ ანონსში იყო დასმული. ცნობილი გერმანული დასის სპექტაკლს დიდი ინტერესით ელოდა თბილისელი მაყურებელი. შვეიცარელი რეჟისორის მილო რაუს სპექტაკლის შთაგონების წყარო სოფოკლეს პერსონაჟი გახდა-ფილოქტეტე.
იგი ტრავმის გამო ყველაფერს კარგავს და საზოგადოებიდან განიდევნება. მოსულის ბრძოლა „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხების ერთ-ერთი გადამწყვეტი ეტაპი გახდა. სწორედ ათი წლის წინანდელ ამბებს გვახსენებს მილო რაუს სპექტაკლი, სადაც მთავარი კითხვაა-რა ემართებათ მშვიდობიან ადამიანებს ომის დროს? სპექტაკლს ორი გმირი ყავს: ომის ფოტოგრაფი (ურსინა ლარდი) და მოსულელი მასწავლებელი აზად ჰასანი, რომელსაც „ისლამური ოკუპაციის“ დროს სასჯელის სახით ხელი მოაჭრეს. სცენაზე განფენილ ქვიშის პატარა ბორცვზე მუხლებგადაყვლეფილი ქალი ჭრილობებს იმუშავებს. და ყვება იმაზე, თუ როგორ ეძებდა ძალადობას ფოტოზე გადასაღებად და როგორ გააუპატიურეს და თავად გახდა ძალადობის მსხვერპლი. ხელმოჭრილი აზად ჰასანიც მსხვერპლია- ის ვიდეო ინსტალაციით ეკრანიდან ესაუბრება მაყურებელს და თავის უმძიმეს ისტორიას უყვება. საერთოდ სპექტაკლში მრავლადაა ინტერაქცია. ორივე პერსონაჟი თითქოს მაყურებლისგან ელის თანგრძნობას, რომელსაც ნამდვილად იღებს იმ ტრაგიკული ამბების შემხედვარე, რომელიც დიდ ემოციებს იწევს. მსახიობი სცნაზე და რეალური პერსონაჟი ეკრანზე- ორივე საოცრად მართალია, ოდნავი სიყალბეც კი არასდროს იპარება არც ურსინა ლარდის და არც აზად ჰასანის სიტყვებში. ვიდეოინსტალაციაში მსახიობის აზად ჰასანთან შეხვედრის ეპიზოდებიც იყო ნაჩვენები.. და ინტერაქციული სპექტაკლი მაყურებელთან ნამდილ დიალოგად იქცა...და თანაგრძნობის და თანალმობის გზით მიიღწევა ის, რასაც კათარზისი ეწოდება და რაც არის ტრაგედიის მიზანი. ცხადია გერმანული დასის სპექტაკლი კლასიკური ტრაგედია არ გახლავთ, მაგრამ ეს უდიდესი სატკივარით მოთხრობილი ამბავი მართლაც მოწოდებაა ომების და ძალადობის წინააღმდეგ. „შეუძლია კი ხელოვნებას ტანჯვის შემსუბუქება?“ ამ კითხვასაც სვამს მილო რაუ წარმოდგენით. დიდი ემოციები ყველას გამოგვყვა დარბაზიდან ურსინა ლარდისთან შეხვედრაზე, სადაც ის ყვებოდა, თუ როგორ ჩადიოდა ერაყში რეალური ისტორიების საძიებლად და აზად ჰასანთან შესახვედრად... და რაოდენ მტკივნეულია იმის გააზრება, რომ ესეთი ტრაგიკული ამბები ახლაც ხდება, ისევ ძალადობა და სიკვდილია... საინფორმაციო პროგრამებში ხომ ყოველდღე მიმდინარე ომების კადრებს გვიჩვენებენ...
მოსულის ტრაგედიის სრული კონტრასტი, სიხარულის მომგვრელი ულამაზესი სანახაობა- ასე შეიძლება ვუწოდოთ ჩაპლინის შთამომავლების ოჯახურ წარმოდგენას „რანდე-ვუ“. ცირკი-სპექტაკლი-შოუ - მრავალ ჟანრს შეიძლება მივაკუთვნოთ ეს სანახაობა. უფრო ზუსტად ეს წარმოდგენა ყველა ამ ჟანრის სინთეზია. მსოფლიო პრემიერა თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე. პირადად მაქვს გამოცდილი, თუ რამდენ ემოციასთან არის დაკავშირებული მსოფლიო პრემიერა. სწორედ თბილისელ მაყურებელს ერგო პატივი „რანდე-ვუს“ პირველი შემფასებელი ყოფილიყო საზღვარგარეთ. ცეზარისა და ოთხგზის მოლიერის ჯილდოების ტიტულოვანი მფლობელი - მსახიობი, რეჟისორი, ქორეოგრაფი, აკრობატი და მუსიკოსი ჯეიმს ტიერე სახელოვან ოჯახის წევრებთან, ვიქტორია ჩაპლინ-ტიერესთან, ჟან-ბატისტ ტიერესთან და აურელია ტიერესთან ერთად ბრწყინვალე სანახაობას გვთავაზობდა. სცენაზე მართლაც ბრწყინავდა ყველაფერი- ბრჭყვიალა შირმები თუ ასეთივე კოსტიუმები.
გამომგონებლობას და ფანტაზიას მართლაც არ ქონდა საზღვარი. აქ ყველაფერი ერთი ოჯახის წევრების შექმნილი იყო. ვიქტორია ჩაპლინ-ტიერე მხატვარი, კოსტიუმების დიზაინერი და სცენური ილუზიების ოსტატია. ჯეიმს ტიერემ „რანდე-ვუში“ გააერთიანა მისი შემოქმედებითი ოჯახის ადრინდელი წარმოდგენების ფრაგმენტები. და მაინც, საცირკო წარმოდგენისგან განსხვავებით „რანდე-ვუს“ მსახიობებს, მიუხედავად არაჩვეულებრივი პლასტიურობისა და მრავალრიცხოვანი ფოკუსებისა მხოლოდ კლოუნებს ვერავითარ შემთხვევაში ცხადია ვერ უწოდებ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ყოველ ფრაგმენტში, რომელიც სცენაზე თამაშდება, პერსონაჟის ბიოგრაფია იკითხება და არაჩვეულებრივი მინი როლები იქმნება. ლოგინში მწოლიარე ჯეიმსის სიზმრების და შფოთვის შედეგად თმაზე ბოლი აუვა. ჟან-ბატისტს თოკზე აცმული მრავალი ფეხსაცმელი მიყვება უკან, თითქოს მისი გადადგმული ყოველი ნაბიჯის ტვირთი აქვს აკიდებული. ვიქტორია მისივე შექმნილი ხვლიკის კოსტიუმიდან თავიდან იბადება. აურელია ტიერე ქართველ მაყურებელს განსაკუთრებულად დაამახსოვრდა სპექტაკლით „Bells and Spells“. თბილისურ მსოფლიო პრემიერაზე კიდევ ერთხელ გაიბრწყინა მისმა ტალანტმა. კომოდში გამომწყვდეული ქალის ეპიზოდი თუ კლეპტომანი ქალის სახე ბოლოში უცნაურ ველოსიპეტად რომ გადააქცევს კაფეში მდგარ მაგიდას, უაღრესად შთამბეჭდავია. აურელიას მისი ოჯახის წევრები აუბამენ მხარს და სცენა სრულიად არაორდინარული სხვადასხვაგვარი ფორმის ველოსიპედებით გასეირნების ადგილად იქცევა. გარდა ინდივიდუალური მონო ფრაგმენტებისა წარმოდგენაში მრავლადაა ეპიზოდები, სადაც ოჯახის ყველა წევრი ერთად მონაწილეობს. ასე იქმნება ვერცხლისფერი შირმებით რბოლის ეპიზოდი თუ კოსტიუმირებული ოჯახური პორტრეტი... ჩაპლინ-ტიერეთა ოჯახის წარმოდგენა თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფეიერვერკული დასასრული იყო.
ფესტივალს და იქ წარმოდგენილ სპექტაკლებს, განსაკუთრებით კი სტატიაში განხილულ გამორჩეულ წარმოდგენებს თბილისელ მაყურებელთან მსოფლიო ვარსკვლავების ჯადოსნური რანდე-ვუ შეიძლება ვუწოდოთ.