იშვიათი სიცილი - ბლოგი კომედიის ფესტივალიდან
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს
ტატო ჩანგელია
იშვიათი სიცილი - ბლოგი კომედიის ფესტივალიდან
კომედიის ფესტივალის ფარგლებში რუსთავის თეატრმა წარმოადგინა სპექტაკლი - კარგად ბრძანდებოდეთ ქალბატონო. სპექტაკლში მონაწილეობას იღებენ რუსთავის თეატრის მსახიობები (ირაკლი ჯიშკარიანი, ანდრია ვაჭრიძე) და თეატრალური უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის სტუდენტები (ვატო სანიკიძე, სოფი ხიზანიშვილი, კესო დვალიშვილი, მაშიკო თვალაბეიშვილი, ნინი ურუმაშვილი, მარიამ მღებრიშვილი, ნინა შონია) სპექტაკლის რეჟისორია სოსო ნემსაძე, რომელიც თავის მხრივ, ასევე პედაგოგია სტუდენტების.
თანამედროვე ქართული თეატრის სცენა, არ არის განებივრებული კომედიებით, მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ ჟანრში საკმაოდ საინტერესო ესთეტიკური ტრადიცია არსებობს. შესაბამისად, თეატრის სცენაზე მომრავლებულია კლასიკური ქართული კომედიები, რომელიც თანამედროვე საზოგადოების დღის წესრიგისგან შორსაა, სიცილს ძირითად შემთხვევაში, არა სოციალური კონტექსტები, არამედ მსახიობის მანჭვა-გრეხვა იწვევს. სოციალური არტიკულაციის მქონე სპექტაკლებში კი, ხშირად გვხვდება ვულგარული, კომედის შოუს სტილის იუმორი, გაჟღენთილი ირიბი ჰომოფობიით, არმენოფობიით, სექსიზმით და სხვა.
ბრიტანელი ლიტერატურისმცოდნე ტერი იგლტონის აზრით სიცილი სოციალური ფენომენია და ყველა სოციალურ, თუ საზოგადოებრივ ჯგუფს თავისი იუმორი აქვს. იუმორის სეგმენტური ხასიათი, თავისთავად შესამჩნევია ქართულ თეატრებში; მცირე სოციოლოგიური კვლევაც შეიძლება გაკეთდეს, სიცილზე დაკვირვებით გამოირკვეს, რომელი საზოგადოებრივი თუ კლასობრივი მიკუთვნებულობის მაყურებელია დარბაზში. თუმცა იუმორს აქვს უნივერსალური მახასიათებელი, ხაზი გაუსვას საერთო ღირებულებებს, ზოგადად ადამიანურ საერთოობას, რითაც შეიძლება დაარღვიოს იერარქიები და გახდეს კარგი იარაღი სოციალური კრიტიკისთვის.
კარგად ბრძანდებოდეთ ქალბატონო ასეთი სპექტაკლია, ის იუმორის უნივერსალური თეორიით ხელმძღვანელობს, არ გააჩნია გარკვეული სეგმენტური მიკუთვნებულობა, თავისი გამომხატველობითი ენით საერთოა ყველასთვის - მდიდრისთვის თუ ღარიბისთვის, მეწაღისთვის თუ არქიტექტურისთვის, თბილისელისთვის თუ რუსთაველისთვის... მოქმედება ვითარდება თბილისურ ოჯახში. გიორგი (ვატო სანიკიძე) და თამარი (სოფი ხიზანიშვილი) ოჯახურ ჰარმონიაში არიან, რასაც არღვევს სახალისო და გაუთვალისწინებელ მოვლენათა ჯაჭვი. ოჯახურ ცხოვრებაში შემოდის გიორგის დიდი ხნის უნახავი, სტუდენტობის მეგობარი, სიმონ დრაგაძე (ანდრია ვაჭრიძე) დაუოჯახებელ სტუმარს უმალ მიზანში ამოიყვანს თამარის და, ანო (მაშიკო თვალაბეიშვილი) ამბავს თან დაჰყვება სიძეს ჩასაფრებული სიდედრი, ბაბალე (კესო დვალიშვილი). ამბავს კი ამწვავებს ზუგდიდიდან მოულოდნელად მოსული სტუმარი - ბიჭის ძველი პარტნიორი, ჩიტუნია, (ნინი ურუმაშვილი) რომელსაც თავის მხრივ ქმარი გარდაეცვალა და ახლა დედაქალაქშია ჩამოსული, ეძებს ახალ ქმარს. თბილისში მისი სტუმარი დეიდაა, ბაბული განუგრავა (მარიამ მღებრიშვილი), ზუგდიდიდან კი, მეზობელი და მასზე შეყვარებული ძუკუ (ირაკლი ჯიშკარიანი) ჰყავს ადევნებული.
სპექტაკლი კლასიკური ოჯახური ურთიერთობებით იწყება, ადვოკატი გიორგი ნივთებს ეძებს, კონფლიქტი ბაბალესთან. ოჯახში ხმაურია, დინამიკას, პერსონაჟებს შორის ურთიერთობას მოსამსახურე მაშო (ნინა შონია) უზრუნველყოფს. გიორგი საქმიანი პერსონაჟია, როგორც ირკვევა ოჯახში მთავარი შემომტანი სწორედ ის გახლავთ, მისი მეუღლე თამარი ერთგულ მეუღლეა, რომელსაც თავს დედა ურევს, თუმცა მას მკაფიოდ სჯერა თავისი ქმრის. თავიდან სპექტაკლი ცოტა ხმაურიანი ტემპით იწყება, უაზროდ იმანჭებიან და ზედმეტად ბევრ ემოციებს გამოხატავენ, სპექტაკლი ახალ ეტაპზე გადადის, როცა სცენაზე ჩნდება სიმონ დრაგაძე, გამოცდილი მსახიობი (ანდრია ვაჭრიძე) თავისებური დინჯი და დამაჯერებელი სტილით, მოხიბლავს, როგორც ოჯახის წევრებს, ასევე მაყურებლებს, შემდეგ კი საქმეში ერთვება ანო. მათ ურთიერთობას შემოაქვს სპექტაკლში დინამიკა - სცენა ნელ-ნელა ივსება ექსცენტრული პერსონაჟებით და მალევე ყველა კარტი თავის ადგილას ლაგდება - ეს გადაჭარბებული თამაშით გაჯერებული, გროტესკული სანახაობაა, სწრაფი მოქმედებებით, მოქნილი დიალოგებით და კომიკური სიტუაციებით, რომელიც აუდიტორიას სპექტაკლის ბოლომდე იმორჩილებს საკუთარ ქსელებში.
პიესა - კარგად ბრძანდებოდეთ ქალბატონო ადაპტირებული ტექსტია, რუსულიდან ის თავის დროზე გადმოაქართულა თამაზ გოდერძიშვილმა. მასში კარგად არის ნაჩვენები საზოგადოებრივი ტიპები, თუმცა ის ატარებს ფსიქოლოგიური თეატრის ისეთ ნეგატიურ თვისებას, როგორიცაა მეტაფიზიკური უძრაობაა. პიესაში არსებობს სინამდვილიდან ამოგლეჯილი საზოგადოებრივი ტიპები, თუმცა ისინი გაშეშებულ მდგომარეობაშია მოქცეული, როგორც მარადიული მოცემულობები, რა დროსაც, არც ამ ტიპების გაჩენის საფუძვლები ჩანს და არც პერსპექტივა, მათი გარდაქმნის.
პიესა კარგად აღწერს სინამდვილეს, გარდა იმისა, რომ აღწერილია კლასიკური ოჯახის ტიპი, გამოსარჩევია ზუგდიდელი ქალისა და გოგოს ტიპურობა - მოხვეჭილი ქალი, ქვრივი ქალი, რომელსაც ფუფუნების საგნებისადმი აქვს გართულება. თავმომწონე გოგო, ამაყი, რომელსაც მთელი სამყარო მის საკუთრებად მიაჩნია. სპექტაკლში არის კიდევ ერთი საინტერესო პერსონაჟი, ზუგდიდიდან ჩიტუნიას გამოყოლილი ძუკუ, (ირაკლი ჯიშკარიანი) რომლის გამოჩენაც, ისედაც იუმორით სავსე სცენას ტემპერატურას უმატებს. ჯიშკარიანის პერსონაჟი ბეწვის ხიდზე გადის - ის მეგრელ ბიჭს განასახიერებს, ერთგულს, მოხერხებულსა და უხეშად რომ ვთქვათ „მომგვარებელს“. მეგრელი პერსონაჟის თამაში ყოველთვის გარკვეულ საფრთხეებს მოიცავს, რომ ის არ გადავარდეს პრიმიტიულ, დამცინავ თამაშში, თუმცა ჯიშკარიანი ბრწყინვალედ ართმევს საქმეს თავს, და ის ნაცვლად კარიკატურულობისა, გვთავაზობს ტიპურობას, ენერგიით იჭრება სცენაზე და თავისი სილაღითა და რიტმულობით დაუვიწყარ პერსონაჟს ჩუქნის რუსთავის თეატრის მაყურებლებს.
სპექტაკლის მთავარი ღირებულება, არც ტექსტია და არც რაიმე სახის კრეატიული დადგმა, ის ჩვეულებრივ, კლასიკურ ბრჭყალებშია მოქცეული, აქ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რითაც სპექტაკლი გარდაიქმნება ხარისხიან და საინტერესო სანახაობად, ესაა მსახიობების თამაში, მათი შესანიშნავი გარდაქმნის უნარი, დინამიკურობა, რიტმულობა, ხასიათისა და დრამატურგიული ცვალებადობის შესაძლებლობა.
სპექტაკლი გამოირჩევა არა მხოლოდ იუმორით, არამედ გროტესკის ოსტატურად გამოყენებითაც, რაც არსებითი თვისებაა ქართული კომედიისთვის. გმირები ასაკით უფრო დიდები არიან, ვიდრე სინამდვილეში. ისინი წარმოაჩენენ გაზვიადებულ თვისებებს, რაც თამაშს დასამახსოვრებელსა და აბსურდულს ხდის. კომედია დიდწილად ეყრდნობა ფიზიკურ, ვერბალურ იუმორს, ექსპრესიულ სახეებს და სათამაშო გადაჭარბებას, რაც ყველაზე უკეთ ჩანს ბაბალეს და ქალბატონი ბაბული განუგრავას პერსონაჟებში, რომლებიც ნიღბის (ამ სიტყვის ფართო გაგებით) გარდაიქმნებიან ასაკში შესული ქალის პერსონაჟებად. სიდედრის პორტრეტი, რომლის მზაკვარი და თავაწეული პიროვნება ერთდროულად გამაღიზიანებელი და მიმზიდველია, მისი გაზვიადებული გამონათქვამები, პარანოულობა, გადაჭარბებული ეჭვიანობა იწვევს სიცილს მაყურებელში, და საბოლოოდ კესო დვალიშვილი ქმნის ისეთ ფიგურას, რომლის ამოცნობაც ბევრს შეუძლია ყოველდღიურობაში. მარიამ მღებრიშვილის თამაში კი, განსაკუთრებით მოძრაობის ნაწილში, ქმნის ავთენტურ სახეს ხანში შესული ქალბატონისა.
აღნიშვნის ღირსია დეკორაციის დიზაინი. მხატვრობა სპექტაკლს მარიამ კალატოზიშვილმა, სანდრო მარგველაშვილმა, გვანცა ჯავახიშვილმა და ნუცა კერესელიძემ გაუწია. სცენა ლამაზად ასახავს ძველი თბილისის შეგრძნებები. საინტერესოდაა გადაწყვეტილი ერთი ოჯახიდან, მეორე ოჯახზე გადასვლის სცენა, როცა შინიდან გაქცეული ადვოკატი მეგრელი ქალბატონის ოჯახს სტუმრობს, დეკორაციის ერთი მოძრაობით იცვლება და უკვე გადავდივართ სხვა გარემოში.
მიუხედავად იმისა, რომ კარგად ბრძანდებოდეთ ქალბატონო არის კომედია, მის ბირთვში ასევეა სინაზის და გამჭრიახობის მომენტები. ოჯახური ურთიერთობების იუმორისტული კვლევა, ნდობა და ქორწინების გარდაუვალი გართულებები გვთავაზობს უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ სიცილი; ის ასევე ასახავს ქართული ოჯახური ცხოვრების მარადიულ გამოწვევებს. პიესის უნარი გადაადგილდეს იუმორსა და გულწრფელობას შორის, კომედიური ზღვრის დაკარგვის გარეშე, მისი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა.
ასეთ რთულ და მძიმე დროებაში, სიცილი გადამწყვეტ როლს თამაშობს სოციალურ ცხოვრებაში, როგორც სოციალური კავშირის ერთ-ერთი ფორმა. ის ხელს უწყობს საზოგადოების გრძნობას, არღვევს დაძაბულობას და შეუძლია დაარღვიოს ბარიერები ადამიანებს შორის. ახალგაზრდა მსახიობებმა, გამოცდილი რეჟისორის დამსახურებით მოახდინეს და მაყურებელი, რამდენიმე წუთით სიცილის და მხიარულების სამყაროში ამოგზაურეს. წარმატებები მინდა ვუსურვო ახალგაზრდა მსახიობებს, სიხარულითა და დიდი მოლოდინით ველი, მათ ნაბიჯებს მომავალში.