top of page

ირინეს ცრემლიანი ქორწილი

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

333814382_215503664350879_1735124699307382208_n.jpg

ანა ბენიძე

ირინეს ცრემლიანი ქორწილი

2023 წლის 27 თებერვალს, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის რეპერტუარს დავით კლდიაშვილის მრავალჯერ გაცოცხლებული ,,ირინეს ბედნიერება’’ შეემატა, რომლის დამდგმელი რეჟისორიც ელენე მაცხონაშვილია.

საინტერესოა, რითია აღნიშნული პიესა დღემდე მნიშვნელოვანი რეჟისორებისთვის?! მე-20 საუკუნის კლასიკოსი მწერლის ტრაგედიაში დასმული საკითხი - სექსუალური თუ ფსიქოლოგიური ძალადობა და გულგრილი საზოგადოების წინაშე მარტო დარჩენილი, უფლებაშელახული ქალის თემა მუდამ აქტუალურია. შესაბამისად, სულაც არაა გასაკვირი, რომ დღეს, ქართული თეატრის სცენაზე, ხშირად თამაშდება დავით კლდიაშვილის სიუჟეტები.

დადგმაში რეჟისორი თანმიმდევრულად მიჰყვება პიესის ტექსტს და სხვადასხვა გამომსახველობითი ხერხით გთავაზოს პიესის ინსცენირებას. თუმცა რამდენად ოსტატურად ახერხებს იგი დასახული მიზნის განხორციელებას?!

დარბაზში შესვლისთანავე მაყურებლის ყურადღებას იპყრობს სცენის შუაში მდგარი მაგიდა, რომელზეც ვითარდება მოქმედება და ერთგვარ სიმბოლურ დატვირთვას იძენს, სუფრა - ჩვენი ლხინისა თუ ჭირის მოზიარე. სწორედ ამ სუფრაზე შედგა მთავარი მოქმედი გმირის, ირინეს სევდიანი ქორწილი, რომელმაც სიკვდილამდე მიიყვანა ჩაგრული ბედის მქონე პერსონაჟი.

ვფიქრობ, სპექტაკლზე მოხვედრილი ნებისმიერი მაყურებლისთვის ერთგვარი იმედგაცრუებაა, როდესაც პიესის გათამაშების  ნაცვლად, მხოლოდ და მხოლოდ ტექსტის წაკითხვას უყურებენ და ნაკლებად განიცდიან ემოციურ სიამოვნებას. რასაც თან ერთვის დროდადრო პაუზები, რომელიც საკმაოდ აგდებს სპექტაკლის ტემპო-რიტმს, რომელიც ისედაც მდორედ და უსიცოცხლოდ მიედინება. გარდა ამისა, ვფიქრობ, კარგი იქნება - აბესალოს სიტყვებზე:  ,,აბა, ყმაწვილებო, ,,სულიკო’’, ისე ტკბილად, ნაზად, ისე რომ ყველას გვეამოს...’’ ცოცხლად, უშუალოდ მსახიობების მიერ თუ შესრულდება სიმღერა. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ჩემთვის გაუგებარია, თუ რაში დასჭირდა რეჟისორს მსახიობთა - გუგა კახიანისა და ნიკა წერედიანის მთხრობელად გამოყვანა, რადგან მათი რეპლიკები მაინცდამაინც არაფერს მატებს სპექტაკლს.

ზემოაღნიშნულის მიუხედავად, მაინც შეიძლება ითქვას, რომ სპექტაკლს ბევრი ღირსება აქვს. მაგ: კოსტიუმი და მუსიკალური გაფორმება. (მხატვარი და მუსიკალური გამფორმებელი თავად რეჟისორი - ელენე მაცხონაშვილი).  სპექტაკლში ქალი პერსონაჟები შარვლით არიან წარმოდგენილნი და ამასთანავე, მსახიობი მაია გელოვანი ,,ვაიპს’ - ელექტრო სიგარეტს ეწევა.

მუსიკალურ გაფორმებაზე უნდა ითქვას, რომ ერთმანეთს ერწყმის დები იშხნელების უკვდავი ჰანგი და თანამედროვე, ელექტრონული მუსიკა, რაც რეჟისორის მხრიდან საკმაოდ კარგი გადაწყვეტაა.

ასევე საინტერესო და სიმბოლური გახლავთ საპატარძლო კაბაში გამოწყობილი თოჯინა, რომელიც ირინეს სახე-ორეულს წარმოადგენს. სპექტაკლში თოჯინური თეატრის ელემენტი ხაზს უსვამს ირინეს უმწეობას მამისა და ქმრის სურვილებისა თუ მოთხოვნების წინაშე, რასაც მსხვერპლად ეწირება მისი ბედნიერება.   

აღსანიშნავია, რომ ორი მიზანსცენა თამაშდება თოჯინასთან. აბესალოს როლის შემსრულებელს, ლუკა ჯაფარიძეს (დრამის ფაკულტეტის სტუდენტი და აწ უკვე თუმანიშვილის თეატრის დასის წევრი როდამიშვილის როლის შემსრულებელ ლუკა ჩიხუბაიასთან ერთად). სექსუალური ძალადობისა და ირინეს ,,მოკვლის’’ სცენებში სწორედ თოჯინასთან უწევს პარტნიორობა.

 ჩრდილების თეატრის ტექნიკიკას რაც შეეხება, მისი გამოყენებით რეჟისორი მეტად მყუდრო, ინტიმურ გარემოს ქმნის და მრავალფეროვანს ხდის სპექტაკლს.

ძალზე შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელია სპექტაკლის ფინალური აქტი, რომელშიც მსახიობი ნუცა სულაბერიძე თავის ჩამოხრჩობის იმიტაციას აკეთებს მარგალიტის ყელსაბამით და მარგალიტის ცრემლებით დასტირის საკუთარ უბედურებას. აღნიშნული მიზანსცენა ეხმიანება მოქმედი გმირის სიტყვებს: ,,ნეტავი მართლა და მოვეკალი... მაინც ამით არ გათავდება?.. აი, ჩემი ბედნიერება, მამა!.. ხომ ხედავ?.. ხომ ბედნიერი ვარ!.. ხომ ბედნიერი ვარ, ჩემო მამა, ა?!‘’

 

მსახიობებიდან ფილიპეს როლის შემსრულებელი, თემო ნატროშვილი, გარკვეულწილად არადამაჯერებელია და სათანადო ემოციას  ვერ გადმოსცემს.  ასევე დამაჯერებლობა აკლია ირინეს როლში წარმოდგენილ ნუცა სულაბერიძეს, რომელსაც სპექტაკლის დასაწყისში გარკვეული სიღრმე აკლია, თუმცა ფინალურ სცენაში საკმაოდ კარგად შეძლო სპექტაკლის მაღალი ემოციური დაძაბულობის შექმნა და მაყურებელზე ემოციური გავლენის მოხდენა. აბესალოს მხატვრული სახის შემქნელ ლუკა ჯაფარიძეზე შეიძლება ითქვას, რომ ზუსტად დაიჭირა პერსონაჟის ხასითი, მაგრამ აქვე ვფიქრობ, რომ მსახიობის მიმიკები მეტად მეტყველი და ემოციურია, ვიდრე სიტყვა. ლუკა ჩიბუხაიამ ძალიან კარგად მოირგო როდამიშვილის როლი.  თანმიმდევრულად და რეალისტურად შექმნა პერსონაჟის მხატვრული სახე და ხასიათი აბსოლუტურად სწორად დაიჭირა. მაია გელოვანის თამაშზე უნდა ითქვას, რომ ნამდვილად იგრძნობა მსახიობის მრავალწლიანი გამოცდილება. დაბოლოს, გამორჩეული აღნიშვნის ღირსია პაატა ინაურის შესრულება, რომელიც ყოველთვის ხიბლავს მაყურებელს მაღალი საშემსრულებლო ტექნიკითა და გულწრფელობით.

 

საბოლოო ჯამში, რეჟისორის საინტერესო გადაწყვეტებმა ვერ ვიტყვი, რომ გადაფარა, თუმცა გარკვეულწილად მაინც დააბალანსა ის მინუსები, რაც სპექტაკლს აქვს და ვფიქრობ,  ერთხელ მაინც ყველამ უნდა ნახოს ელენე მაცხონაშვილის ,,ირინეს ბედნიერება.’’ 

bottom of page