top of page

„ირინეს ბედნიერება“  მესხეთის თეატრში

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

289965879_1167307207334894_6184451535737878831_n.jpg

გიორგი ყაჯრიშვილი

„ირინეს ბედნიერება“  მესხეთის თეატრში

 

„ირინეს ბედნიერება“ დავით კლდიაშვილის ერთ-ერთი საუკეთესო პიესა, არასდროს კარგავს აქტუალობას მიუხედავად იმისა რომ მისი დაწერიდან (1897 წ.) თითქმის საუკუნე გავიდა. დღესაც ქალებზე ძალადობის, ქმრის მიერ ცოლის მოკვლის იმდენი შემთხვევა ფიქსირდება, რომ დაუჯერებელიც კია, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ვიმყოფებით. სწორედ ეს საკითხი გახდა მესხეთის თეატრში საბა ასლამაზიშვილის მიერ დადგმული სპექტაკლის ძირითადი არსი. ამ პიესაზე შექმნილი სპექტაკლების სხვა ვერსიებისგან განსხვავებით (ანდრო  ენუქიძე და რობერტ სტურუა, შ. გაწერელია, დ. ხვთისიაშვილი, ნიკუშა  ჩიკვაიძე), სადაც ცალსახად იკვეთებოდა საზოგადოების და პიროვნების - ირინეს დაპირისპირება, რეჟისორმა თავის ინტერპრეტაციაში ხაზი გაუსვა, რომ ირინეს უბედურების მიზეზი მისი უშუალო ახლობლები არიან - მამა, შეყვარებული და ბოლოს კი ქმარი. საბა ასლამაზიშვილმა პიესის ისეთი ვერსია შექმნა, სადაც შენარჩუნებულია პიესის ფაბულა - მთავარი ხაზი და სხვა სიუჟეტური ქარგა თითქმის გაქრა. ქმედების გარეშე დარჩნენ: აბესალომის დედა ეკა, სამსონი, სოგრატი, ნესტორი, აბესალომის ამხანაგი, ნიკოია და სტუმრებია, ნაწილობრივ კი სამსონ სალამაძეც და სპექტაკლში მხოლოდ ხუთი პერსონაჟია, ისინი ვინც განსაკუთრებით „იღვწოდნენ“ ირინეს ბედნიერებისათვის. ამ ცვლილებების მიუხედავად საბა ასლამაზიშვილი მიჰყვება ავტორისეულ ტექსტს, არაფერს ტოვებს უყურადღებოდ და საჭირო აქცენტებისთვის რამდენიმე პერსონაჟის ტექსტებსა და აზრებსაც კი აერთიანებს. მაგ. მამების - ფილიპეს და სამსონის. შედეგად გვაქვს კლდიაშვილისეული დრამა, გათამაშებული ხუთი მოქმედი გმირის მიერ. რეჟისორი მონოლოგ-დიალოგებს ქმედებას ამჯობინებს, ასე რომ უფრო ვხედავთ, ვიდრე გვესმის. იგი უხვად იყენებს მეტაფორებსა და სიმბოლოებს, ღრმა შინაარს დებს თუნდაც დოლის ხმოვანებაში, ლეკურში და ქართულ ფოლკლორში - უკრავს დოლს მამაკაცთა მთელი შემადგენლობა, დოლს უკრავს ირინეც და ცეკვავს ყველა, მაგრამ არც ერთ და არც მეორე საკონცერტო ნომრებად და არც მხოლოდ აკომპანემენტად არ იკითხება. აქ დოლზე დაკვრა და ლეკური იმ ტრადიციების გამოძახილია, რომელიც თან სდევს ქართულ ლხინსა და ქორწილს, ტრადიციები, რომელიც ხშირად დიდი უბედურების მომტანიც კი ხდებოდა. დოლის ხმა ხან სასიამოვნოდ ჟღერს, ხან კი ავისმომასწავებლად, ხან ტრიოს შესრულებით და ხან სოლოდ. ხოლო ცეკვა კი მთელი სპექტაკლის ტემპო-რიტმი და „გამჭოლი“ ხაზია.

დოლის დაკვრით იწყება სპექტაკლი, რომელსაც გამეტებით ურტყამენ აბესალომი (მალხაზ შაყულაშვილი), ვიქტორი (ანდრია ვაჭრიძე), პავლე როდამიშვილი (ლექსო ჩემია) - ბარბაქაძეების ოჯახში დღეობაა. აბესალომი უკვე ისეთი ნასვამია, რომ ფეხზე გაჩერებაც კი უჭირს. სტუმრებს გართობის მიზნით ირინე ბარბაქაძე (ანანო იაშვილი - ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახ. პროფესიული თეატრის მსახიობი) თავდავიწყებით ცეკვავს - ლაღია და ლამაზი ირინე და მისი  ეს ცეკვა.

რეჟისორი სცენაზე არსებულ ყოველ დეტალს და ნივთს განსაკუთრებით დატვირთვას ანიჭებს. სცენის მარცხენა კუთხეში ქალის უშველებელი ფიგურაა „ფიტულისებრი“, რომლის საქორწინო თეთრი ფატა მთელ ავანსცენას კვეთს, დარბაზში ეშვება და სადღაც მაყურებელთა დარბაზის მერვე რიგთან თავდება. ეს ის ფატაა, რომელსაც არაერთხელ ფეხქვეშ გაიგდებენ და ფეხით „გათელავენ“ ფილოპე, ვიქტორი და აბესალომი. ქალის ქანდაკების ქვედაბოლოს ნაჭრები შემოძარცვულა და იქვე მის ფერხთით ყრია (სცენოგრაფი ლელა ფერაძე). უკანა კედელზე ფოლიანტის ფურცლები - ქსოვილებია გაკრული და მის ნაპრალებიდან დროდადრო პერსონაჟები გვევლინებიან: ირინე, ფილიპე და ყველაზე ხშირად აბესალომი, რომელიც გამუდმებით ირინეს ძებნა-დევნაშია, ხან ჩაცმული და ხანაც ნახევრად შიშველი.

ძალიან ეფექტური და აზრით დატვირთულია შემსრულებელთა სასცენო ჩაცმულობა. რეჟისორმა და კოსტიუმების მხატვარმა ნანა ყორანაშვილმა ერთად შექმნეს სრულიად უნიკალური ტანსაცმელი, რომელიც თანამედროვეცაა - განსაკუთრებით ფერთა გამით (ჩვეულებრივად ახალუხი ან შავი ან თეთრი იხმარებოდა სოფლად) და ტრადიციულ-ქართულიც. მასში ძირითად ხაზი მაინც ახალუხია, რომელიც ზოგჯერ ფრაკიცაა (ვიქტორი), ზოგჯერ (პავლე) ყაბალახიანი მოსასხამით. მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩევა ირინეს ახალუხი: მდოგვისფერი, ნათელი, ზედ ლიმონისფერ კაბაზე რომ აცვია, ქვეშ კი მოკლე, წითელ შორტებს (!) ატარებს. ფეხზე კი ტყავის „აზიაცკები“.

მაშინ როცა მოქეიფეები დოლის ხმაზე სადღეგრძელოებს „მიირთმევენ“ ფილიპე ბარბაქაძე (მანუჩარ გოგოლაური) ქალიშვილთან ერთად ფერხულშია ჩაბმული.

ფილიპეს ჩაცმულობაც სტილიზებულია. მასაც მოყვითალო-მოყავისფრო ახალუხი აცვია, თავზე შინდისფერი ხილაბანდი წაუკრავს და შავი ჟილეტის მსგავსი აქვს ზევიდან მოსხმული, როლის სახელოებსაც მზრუნველი ირინე საკუთარი ქორწილის წინ შეუკრავს. დოლის დაკვრა და ლხინი აზარტში შედის. აბესალომი ვეღარ მალავს თავის ცხოველურ ჟინს და ცდუნებას, მოითხოვს რომ ირინე მიჰგვარონ. თავზე შავი ფაფახი ახურავს, წითელ პერანგზე შინდისფერად ახალუხშია გამოწყობილი და ფეხზეც „აზიაცკებს“ ატარებს, ამ ყველაფერს შარვლის გარდა სულ მალე გაიხდის და იატაკზე ტოვებს.

პავლე როდამიშვილი იქვე ზის, დოლსაც უკრავს მათთან ერთად, მაგრამ საერთო ლხინში მონაწილეობას არ იღებს . მას თავში სულ სხვა ფიქრები უტრიალებს და აბესალომის „ცელქობას“ ეჭვის თვალით უყურებს. პავლე, რომელიც გაჭირვებული ოჯახიდანაა და თითქმის არაფერი აბადია, ხვდება რომ ვერასდროს მოიპოვებს ფილიპეს კეთილგანწყობას და ვერ გახდება მისი სასურველი სასიძო. პავლეს, ჩაცმულობაც მის სიდუხჭირის მანიშნებელია: უბრალო ყავისფერი შარვალი და მასზე მუქი ყავისფერი ყაბალახიანი ახალუხი. აბესალომი პავლეს მიმართ დიდ აგრესიას ავლენს, თავზე დაადგება და ხმამაღლა უყვირის. ცხადია ორივემ იცის, რომ დაპირისპირების და ბრძოლის მიზეზია ირინეა, რომელიც პავლეს თანაუგრძნობს და მასშია შეყვარებული. პავლე დოლზე მძაფრი დარტყმით ცდილობს შეაგონოს დანარჩენები: „აგვარიდე უბედურება“. სამწუხაროდ პავლეს ეს „გაბრძოლება“ მხოლოდ ერთადერთია, მოგვიანებით კი იგი ვერ შეძლებს ვერც ირინეს და ვერც თავისი სიყვარულის გადარჩენას. ნადიმზე სიტუაცია თანდათან უფრო მძიმდება, ფილიპე და ვიქტორი მცდელობების მიუხედავად ვერ მართავენ აბესალომს. სულ მალე ირინესა და აბესალომის ცეკვა სამთა ცეკვაში გადადის. იქვე გაუნძრევლად მდგომ გაშეშებულ პავლეს ირინე ცეკვა-ცეკვით გარშემო უვლის - აგრძნობინებს ყველას რომ ამ ცეკვა-ასპარეზობაში ისაა მისი რჩეული, თუმცა აბესალომის თავისას არ იშლის, ძალით გამოსტაცებს პავლეს ირინეს და კალთაში ჩაისვამს.

ვიქტორი ყველანაირად ცდილობა შეაჩეროს დაძაბულობის მუხტი, აბესალომს განკარგულებებს უსრულებს და „სულიკოს“ წამოიწყებს, პავლეც აჰყვება და მერე ირინესთან ერთად ყველა ერთად მღერიან.  თავხედი  და მბრძანებლური ტონით აბესალომის   აქ და ახლა ისაა, ვინც ფლობს სიტუაციას. ფილიპეს არჩევანი  განპირობებულია იმით, რომ შეძლებული ოჯახის წევრისთვის ქალის „მითხოვება“ ოცნებად ჰქონდა გადაქცეული - ქალი, როგორც ვაჭრობის ობიექტი პირველად არ გვხვდება დ. კლდიაშვილის ნაწარმოებებში. ვერც ვიქტორის თხოვნა-დარიგება, მისი არგუმენტირებული მოსაზრება რომ აბესალომი ირინეს ღირსია არაა, შედეგს ვერ აღწევს - ცალსახად იკითხება ირინეს „ბედნიერების“ ერთ-ერთი დამნაშავე ირინეს მამა ფილიპე - სარფიანი და ანგარებიანი გარიგება-გათხოვება ეს ის ამოცანაა, რის აღსრულებასაც ცდილობს იგი და აღწევს კიდევაც. აბესალომი - მთავარი დამნაშავე, ლოთი, ავხორცი, უსაქმური ახალგაზრდაა, ლამაზი, ახალგაზრდა ქალის დაუფლების ჟინით აღსავსე. იგი არაფრად აგდებს ვიქტორის კეთილ რჩევას და არც იმას, რომ ირინეს სხვა უყვარს, მაინც აღწევს საწადელს.

 ვიქტორი (ანდრია ვაჭრიძე) ყველაზე გაწონასწორებული და დადებითი გმირია ამ ხუთეულში. ლოგიკური აზროვნების, კეთილგანწყობილი ამაოდ ცდილობს უბედურება თავს აარიდოს ირინეს და ფილიპესაც, დაარწმუნოს აბესალომი რომ არ  გააუბედუროს ახალგაზრდა ქალს, თანაუგრძნობს პავლეს და ცდილობს მის დახმარებას - მისი მცდელობები უშედეგოა - გამეტებით ირტყამს თავში ხელებს, დარბის დარბაზში და ადგილს ვერ პოულობს იმდენად დიდია მისი სასოწარკვეთილება.

ირინეს (ანანო იაშვილი) მიერ მამის წინააღმდეგობა, იმ მიზეზით რომ სხვა უყვარს, ძალიან ამცირებს და აბრაზებს ფილიპეს. აბესალომზე გათხოვების პერსპექტივა თითქმის გულს ურევს ახალგაზრდა ქალს. მამისგან განწირული, შეყვარებულის უმოქმედობით მიტოვებული, რომელიც ვერ ახერხებს მის დაცვას, იძულებული ხდის დათანხმდეს აბესალომის ცოლობაზე. ნახევრადშიშველ აბესალომს ჯერ წინდებს ჩააცვამს, შემდეგ „აზიაცკებს“, ბოლოს წითელ პერანგს და თავს გაყოფს „მახეში“, საიდანაც გამოსავალი არაა. ქალის ქანდაკებას მიუახლოვდება, შემოცლილი ფურცლებით შეუმოსავს ბოლოკაბას და დამჯერი და მეოჯახე დიასახლისად შედის აბესალომის ოჯახში. აბესალომმა მაინც ვერ მოიპოვა სიმშვიდე - პავლეს, მისი მოწინააღმდეგის არსებობამ საერთოდ განდევნა სახლიდან ვერც სამსონის (მანუჩარ გოგოლაური) მცდელობა შეარიგოს პავლე და აბესალომი შედეგს არ იძლევა. აქ კი დამცირებული და ყველასგან შეურაცხყოფილი ირინე უყურებს რა აბესალომის თითქმის ჭკუაგადასული ადამიანის ქმედებას, ბოლოსდაბოლოს ამოიღებს ხმას, მიეჭრება, აფურთხებს, უწმინდურსა და წუპაკს უწოდებს - „ფუ შენს კაცობას!“. აქ ირინე ათი თავის ამაღლდება ყველაზე. იგი ძლიერი და თავისუფალია ქალია - თუმცა ძალიან ცოტა ხნით - აბესალომის მცდელობა დაახრჩოს ირინე მიზანს ვერ აღწევს.

თავდასხმის მერე ირინე გონზე მოდის - აბესალომი სადღაც კუთხეშია მიგდებული და კანკალებს, ირინე ახალუხს გაიხდის, ქმარს წააფარებს, თავზე თავსაფარს ჩამოიფარებს და უძრავად ცეკვავს, ცეკვავს მუსიკის გარეშე, მისი ცეკვა და ხელების მოძრაობა დაჭრილი ფრინველის სასიკვდილო მოძრაობას ჰგავს.

სცენაზე ორი ქალია მხოლოდ - ქალის ქანდაკება და ირინე სიტყვებით - აი, ჩემი ბედნიერება“.

და ბოლოს მინდა გავიხსენო, რომ ეს პიესა თითქმის ყოველთვის ხდებოდა ერთგვარი რეჟისორი ძიებების წყარო. ასე მაგალითად ანდრო ენუქიძისა და რობერტ სტურუას სპექტაკლში რუსთაველის თეატრში პირველად სცენაზე ერთად აღმოჩნდნენ სპექტაკლის შემსრულებლები და მაყურებელი, დიმიტრი ხვთისიაშვილის „ირინეს ბედნიერებაში“ სცენის მარჯვენა მხარეს ბევრი მანეკენი იყო განთავსებული, ერთგვარი საზოგადოება-ქორო, რომელთა მეშვეობით ხდებოდა ირინეს „გაკიცხვა“, ნიკუშა ჩხიკვაძის ნამუშევარში (თავისუფალი თეატრი) უნიტაზებიან და პისუარებიან სცენაზე მთელი შემადგენლობა (საზოგადოება) მარცხენა მხარეს დგებოდა და განცალკევებით, მოპირისპირე მხარეზე მდგომ ირინეს ტყვიას ესროდა.

და ბოლოს დღევანდელ წარმოდგენაში „ირინეს ბედნიერების“ დამნაშავეთა ჯგუფი გამოიკვეთა, სპექტაკლი, რომელიც მოძველებული ტრადიციების წინააღმდეგაა მიმართული და ქალებზე ძალადობის მწვავე პრობლემას ეძღვნება.

bottom of page