top of page

ისევ საზოგადოების და პიროვნების შესახებ

maxresdefault.jpg

გიორგი ყაჯრიშვილი

 

ისევ საზოგადოებისა და პიროვნების  შესახებ

 

დავით კლდიაშვილის პიესა  „ირინეს  ბედნიერება“  არც თუ ისე ხშირად იდგმება თანამედროვე ქართულ სცენაზე.  სამაგიეროდ უნდა ითქვას, რომ მის განხორციელებას ყოველთვის თან ახლავს ღრმა  ექსპერიმენტული ძიებები და ამიტომ ამ ნაწარმოებს საინტერესო სცენური ისტორი აქვს. ასე მაგალითად: რობერტ სტურუასა  და ანდრო ენუქიძის მიერ რუსთაველის თეატრში დადგმულ  სპექტაკლს ის თავისებურება ჰქონდა, რომ რეჟისორებმა მაყურებელი სცენაზე აიყვანა და აქტიურად ჩართო ქმედებასა და ერთგვარ „ირინეს სასამართლოში“; დიმიტრი ხვთისაშვილმა  კი სცენაზე მრავალი მანეკენი განათავსა, რომელიც მთელი სპექტაკლის განმავლობაში სოფლის საზოგადოებას წარმოდგენდა, თვალს ადენებდა, კიცხავდა და უპირისპირებდებოდა იქ მიმდინარე მოვლენებს და მთავარ პერსონაჟებს, ხოლო სპექტაკლის ბოლოს ირინე თავს იკლავდა. თავისუფალ თეატრში ამ სეზონში დადგმული სპექტაკლი  დ. კლდიაშვილის ამ შესანიშნავი პიესის კიდევ ახალი ინტერპრეტაციაა.

სპექტაკლის რეჟისორი ნიკა ჩიკვაიძე უცვლელად  ტოვებს დრამატურგის მიერ დასმულ პრობლემებს - გვიჩვენებს გაკოტრებულ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ქალიშვილების ხეირიანად გათხოვებით ცდილობენ თავის გადარჩენას; უფლებააყრილ სუსტი სქესის წამომდგენლებს, რომელთა მიმართაც კვლავ გრძელდება უდიერი მოპყრობა და მათზე  ძალადობა. (ეს თემები გამუდმებით ჩნდება დ. კლდიაშვილის სხვა პიესებშიც: „უბედურება“, „დარისპანის გასაჭირი“) და „ქამუშაძის გაჭირვებაშიც.“

რეჟისორმა ამ პიესის პერსონაჟები პროვინციიდან დღევანდელი საქართველოს ერთ-ერთ ქალაქში ჩამოიყვანა და ცხოვრების ახლანდელ მორევში ჩაძირა: უამრავი  ცდუნებებით, ჭარბი ბახუსით, სექსით, სხვადასხვა კომპლექსებით და მანკიერებით:  ფილიპე (არჩილ ბარათაშვილი)  ქალთმოძულე და საკუთარ შვილზე  მოძალადე, უზომოდ ფულის ფლანგვით გაკორებულა,  ვიქტორი (ტატო გელიაშვილი), არაფრისმქონე, მოსამსახურედ ქცეული, ჩაცმა-დახურვით  სავარაუდოდ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელს რომ ჩამოაგავს, ეკა (თამარ ნიკოლაძე)  სამსონ სალამთაძის  ქვრივი ახალგაზრდობაში  დრონატარები, არცთუ ორაზროვანი გარეგნობით და ჩაცმულობით, ქალი-ვამპი, რომელმაც სავარაუდოდ არა ერთხელ დაადგა რქები მეუღლეს და ნაადრევად  გაუყენა საიქიოს  გზას, თანამედროვე ბიზნეს-ვუმენი, გასაღებების  ხელში ტრიალით -  ერთგვარი ვასა ჟელეზნოვა მ. გორკის ამავე სახელობის ნაწარმოებიდან;   მისი შვილი აბესალომი (ბექა ბელქანია)  - მოძალადე, მატყუარა, ლოთი და   უზნეო,  ამავე მანკიერებებით აღსავსე მისი ძმაკაცი (ოთო ლასხიშვილი) და თვით ირინეც (თათა თავდიშვილი) ერთი შეხვედით უმანკო, მაგრამ ამავე დროს  უარს არ ამბობს ეროტიკულ ცეკვა-თამაშზე   სასმელზე და ბოთლის ყელიდაც კი მიირთმევს მას  - მხოლოდ პავლე როდამაშვილია (მიშა გავაშელი)   მათგან ოდნავ გასხვავებული, ირინეზე შეყვარებული, ეჭვის თვალით და უნდობლობით უყურებს  ყოველივეს,  თვალახვეული დაჭერობანას თამაშში იგი ვეღარასოდეს მიაგნებს ირინეს, იგი მისთვის სამუდამოდ  დაკარგულია და ტყუილად კი არ ვარდება სცენის ორმოში - იგი სანაგვეში მოისროლეს და ზედ დაარწყიეს კიდევაც. პავლე   მხოლოდ პექტაკლის ბოლოს  თუ გამოავლენს  თავის გუნება-ხასიათს  და აღშფოთებას გამოხატავს,  თუმცა უკვე ძალიან გვიანაა.

პირველი სასცენო ნამუშევრებიდან დაწყებული გამოვლინდა  ახალგაზრდა რეჟისორის, ნიკა ჩიკვაიძის მიდრეკილება განსხვავებული თეატრალური ფორმებისა და ესთეტიკისკენ, ის რაც არც თუ ასე ხშირად ხდება  რეალისტური მიმართულების ქართული თეატრის სცენებზე. ეს პირველ რიგში გაცხადდა  დრამატული ნაწარმებების შერჩევაში, ხოლო შემდგომ მათ რეალიზაციაში  და  სცენაზე წარმოდგენაში გამოვლინდა. ასე მაგალითად;  დ. გაბუნიას  „რამდენიმე დამამძიმებელი გარემოება“ (რაზეც უკვე ვწერდი „სამი ამბავი კრიმინალზე“,  „თეატრი და ცხოვრება“, 2015  წ. N2, გვ. 49), ნეორელისტურ,  ეტორე  სკოლას ფილმის მიხედვით  შექმნილ „საზიზღრები, ბინძურები, ბოროტები“ და ბოლო დ. კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება“, (სამივე თავისუფალი თეატრის სცენაზე),  რომელიც შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ნატურალისტური დრამის ნიმუში. 

ე. ზოლა თავის სტატიაში „ნატურალიზმი თეატრში“  წერდა: „ აიღეთ თანამედროვე გარემო - დაასახლეთ ის ცოცხალი ადამიანებით და მიიღებთ შესანიშნავ (დრამატურგიულ - გ.ყ) თხზულებას“ 1 - რაც ნამდვილად გააკეთა რეჟისორმა ნიკა ჩიკვაიძემ და სცენაზე გვიჩვენა,   თუ ისევ ნატურალისტებს მოწოდებას  მოვუხმობთ  „ ... სიმართლე  მთელი სიშიშვლით, სიმართლე, რომელსაც არ  სჭირდება დრაპიროვკა. “ 2

ასეთი „გაშიშვლებული“ პესონაჟები არიან მის სპექტაკლში -  „საზიზღრები, ბინძურები, ბოროტები“ -  „ერთი შეხვედვით მკაფიოდ გამოკვეთილი სოციალური დრამაა. რეჟისორი უკიდურესი ნატურალური ფორმით ცდილობს წარმოგვიდგინოს ყოფიერებაში ჩაძირული ადამიანების ცხოვრების სიმახინჟე ... რეჟისორი ისეთ მტკივნეულ თემებს ეხება, როგორიცაა სექსუალური უმცირესობების უფლებები, ძალადობა ოჯახში თუ მის გარეთ, უმოტივაციო და უპერსპექტივო ახალგაზრდები, ზღვარს გადასული აღვირახსნილი ცხოვრების წესი, ადამიანებს შორის დაკარგული და წაშლილი ზნეობის განცდა. ის არ ცდილობს შეალამაზოს, ან თუნდაც დაიცვას რომელიმე მხარე, უბრალოდ ღიად და დაუფარავად უჩვენებს მაყურებელს (ხაზგასმა ჩემია - გ.ყ) ჩვენი საზოგადოების არც თუ მცირე ნაწილის რეალურ ყოფას“3.  სრულიად ვეთანხმები  კოლეგის ამ მოსაზრებას, გამოთქმულს კრიტიკოსის მიერ ამ სპექტაკლისადმი მიძღვნილ რეცენზიაში  და რა არის ეს თუ არა ნეორეალიზმის მასალაზე აგებული ნატურალიზმი ქართულ თეატრში - ის მხატვრული მიმათულებები  ხომ ასე ახლოს დგანან ერთმანეთთან.

გარემო (მხატვარი თამარ გურგენიძე), სადაც  დ. კლდიაშვილის პიესის „ირინეს ბედნიერება“ თამაშდება სულაც არ გავს  დრამატურგის  მიერ აღწერილ ფილიპე ბარბაქაძის  კარ-მიდამოს.  სცენის მარჯვნივ,  ოდა-სახლის ვერანდა  კაფე-ბარის წარმოადგენს, სადაც ჯერ-ჯერობით ყველაფერს  ამ ბარის მეპატრონე და ირინეს მამა ფილიპე  (არჩილ ბარათაშვილი) განაგებს - დროსტარებაში, ღრეობაში, ღვინოში და მხიარულებაში ჩართულია ყველა, ფილიპე,  ვიქტორი (ტატო გელიაშვილი), თვით ირინეც (თათა თავდიშვილი), აბესალომიცა (ბექა ბელქანია) და ქალაქის ახალგაზრდობაც (ნინა გორგასლიძე,  ნინი სირაძე,  ნინი ერქომაიშვილი,  თამარ ხუჭუა, ანა ჭიღლაძე, მარეხ ბლიაძე, ოთო ლასხიშვილი,  გიორგი ედიშერაშვილი, ირაკლი ჩხიკვაძე, გიორგი ზვიადაძე).

ვერანდა - სცენითი  ქმედების დამატებითი არეალი მნიშვნელოვანი მოვლენების მოწმე  ხდება. აქ მიმდინარეობს სპექტაკლის ყველაზე დრამატული მომენტები: კონფლიქტი ირინესა და მამამის  შორის, ვიქტორისა და ფილიპეს ანგარიშსწორება და ვიქტორის განდევნა-„გაშიშვლება“, ეკას (თამარ ნიკოლაძე) და ვიქტორის „შეთქმულება-გარიგება“, როდესაც ეკა წერლის წერს აბესალომის „გონზე მისაყვანად“ თუმცა „ხელები აქვს შეკვრული“ იმდენად უჭირს ასეთი ქმედების ჩადენა და ბოლოს აბესალომის თავდასხმა ირინეზე იარაღით ხელში. ვერანდაზე  გამართული სცენები რეჟისორულ-მხატვრული  მიგნებაა, რაც  პიესის კონფლიქტის დრამატიზმის ხაზგასმად გვესახება და მთლიანობაში, ზემოდ დასახელებულ მომენტებში კვანძის გახსნის ადგილად  იქცევა.

სცენის მარცხენა კუთხეში თავმომწონეობს სამი უძვირფასესი უნიტაზი, ჭუჭყის, უსირცხვილობის, გარყვნილობისა და სახალხო თავაშვებულების სიმბოლო, სადაც  ღრეობაში ჩართულმა „საზოგადოებამ“ შეიძლება საქვეყნოდ მოისაქმოს, არწყიოს და სექსუალური  სცენებიც  კი გამართოს - ასეთია ის გარემო და ის სამყარო, სადაც ირინეს ბედი მამამისმა - ფილიპემ უნდა გადაწყვიოს, ჯერ უხვად დაასაჩუქროს და მოისყიდოს, შემდეგ კი წინააღმდეგობის გაწევისას უგულველჰყოს  ქალიშვილის ახალგაზრდული გატაცება-სიყვარული, ფსიქოლოგიურად იძალადოს თავის შვილზე, ძალით გაათხოვოს აბესალომ სალამთაძეზე.

რეჟისორი უხვად სარგებლობს მეტაფორული ხერხებით და სიმბოლოების გამოყენებით, რომლებიც ხშირად გამოიხატება მიზანსცენებში, მსახიობთა თამაშში, სცენოგრაფიასა და თვით მსახიობთა კოსტუმებშიც - ასე მაგალითად პავლე რომელაშვილის ყელამდე შეკრული პერანგი, ირინეს გიპიურის გამჭვირვალე კოფთა, რომლის შიგნითაც შიშველი სხეული მოსჩანს, ეკას პირველი გამოსვლის და მისი თითქმის ყველა კოსტუმი და რაც მთავარია ვიქტორის ჩაცმულობა და აკაზმულობა, თვით ნაფლეთებად ქცეული ქვედა საცვალიც კი. ყოველივე ამას ამკობს არათუ ორაზროვანი ფრაზები, რომლებიც თანამედროვე ენით და თანამედროვე ჟარგონული გამონათქვამებით „ამდიდრებს“ დრამატურგიულ ტექსტს და ცხოველ რეაქციას იწვევს მაყურებელში. ეს ყოველივე პერსონაჟთა ხასიათთა გამოკვეთისა და სწორად მოწოდების მიზანითაა გამსჭვალული. მრავლისმეტყველია აგრეთვე ვიქტორისა და ირინეს  სცენა რომელთა „თამაში“ ირინეზე  ძალადობის მცდელობაში  გადაიზრდება. ირინე - რომელიც თვით უმანკოების სიმბოლოდ უნდა გვესახებოდეს სექსუალურად იმდენად მიმზიდველია, ან ასეთად ცდილობს აჩვენოს  თავი, რომ ისეთ პესონაჟში, როგორიც ვიქტორია, მამაკაცურ ჟინს ბადებს, იმას რაც ასეთი ვიქტორისთვის „უცხო ხილი“ უნდა ყოფილიყო მისი გამოკვეთილი სექსუალური ორიენტაციის გამო. არანაკლები მეტყველია ვალსი შესრულებული ქოროს, ირინეს და აბესალომის, ირინეს და ფეხმოტეხილი პავლე მიერ.  ცეკვის სცენები (ქორეოგრაფი ტატო გელიაშვილი)  - ზოგიერთ შემთხვევაში ჯგუფურ სექსში გადაიზრდება - ირინე გზააბნეული ცდილობს თავი დააღწიოს  ამ უნიტაზებზე სექსით დაკავებულ წყვილებს შორის გამართულ  ავხორცულ ღრეობას, მაგრამ უშედეგოდ; პლასტიკურ-გამომსახველია აბესალომისა და როდამიშვილის „დუელი“ ვედროს მეშვეობით, ეკას და აბესალომის სცენა, რომელიც ბავშვის მშობიარობით მსგავსი მოძრაობებით იწყება, დედის კალთაში მოქცეული აბესალომის ტირილით გრძელდება და მშობლის მიერ მისი მიბერტყვით თავდება;  გაავებული აბესალომის მიერ ირინეს  ცემის  სცენა  წითელი სუფრით;  ბარში ეკას გამოჩენით,  რომელსაც  ნებსით თუ უნებლიეთ ფილიპესთან შეხვედრისასა ბევრი ფული ჩასმოუცვივდება.  რეჟისორი ნ. ჩიკვაიძე სიუჟეტის სხვაგვარ გაგრძელებას გვთავაზობს - ფილიპეს ბარს გაკოტრებული მეპატრონისნაირი  ელფერი შეჰპარვია, აქა-იქ, წვიმის დროს წყალიც ჩამოდის, ბარის დახლზე ჩნდება წარწერა „Sale“, ეკაც დროულად  მოუსწრებს - მისი ვაჟი ირინეს დაეპატრონება, დედამისი კი ფილიპეს  ბარს.

სახსარმოკლებული „მცირემეწარმის“  ქონებას საქმიანი, ბიზნეს-ვუმენი ეკა დაეპატრონება - კლდიაშვილსეული „კლასთა ბრძოლა“ გრძელდება.

ეკას და აბესალომის ოჯახში ირინე, დამჯერი, მორჩილი ხდება.  ყოველნაირად ცდილობს ასიამოვნოს დედამთილს და უერთგულოს მეუღლეს, დაივიწყოს ძველი გრძნობები და და მამის ბარში გატარებული ზოგჯერ ზღვარგადასული ქცევები, მაგერამ  მისი წარსულის  „შლეიფი“  მოსვენებას არ აძლევს  აბესალომს. თუმცა ამ უკანასკნელში მხოლოდ ეჭვიანობა არ ბობოქრობს. ავხორცი აბესალომი ირინეზე ძალადობის შემდეგ მის მიმართ ცივდება, ხშირ-ხშირად წარსულსა და რომელაშვილთან მეგობრობას ახსენებს, ღალატს  სწამებს. აბესალომი გრძნობს თავის დანაშაულს და იმასაც ხვდება, რომ ირინე მასზე ძლიერია. ეს ყველაზე  მეტად აცოფებს მას.

ირინეს ერთი შეხედვით არაფერი აკლია, დედამთილის ყურადღება, ფუფუნება, ამერიკიდან ჩამოტანილი კაბებიც კო მოსავს, მაგრამ დამცირება, რომელსაც იგი განიცდის მასში ბუნტის სურვილს ბადებს, რომელიც თანდათან მძაფრდება და კულმინაციას აღწევს მაშინ, როცა გალეშილი აბესალომი კიდევ ერთხელ იხმარს ძალას და მაგრად გალახავს.  ირინეს ბუნტი აბესალომის  და გარემომცველ საზოგადოებას მიმართ აპოგეას აღწევს - სპექტაკლის ფინალური სცენაში იგი უკვე ხმას იმაღლებს, ბრალს  სდებს აბესალომს და ყველას - ეკას, ფილიპეს, ვიქტორს, იმათ რომლებმაც ხმა არ აიმაღლეს და არაფერი გააკეთეს მის გადასარჩენად.  „მძულხარ“ - მიმართვს აბესალომს და ეს შეძახილი ყველას ეკუთვნის.  ახლა კი, როცა იგი განთავისუფლდა განცალკევებულად  დგას, მარცხენა კუთხეში ძვირფასი უნიტაზების ფონზე, თეთრ კაბაში, ყურსასმენებით  ყურზე, ხოლო მის პირისპირ გაავებული დამბაჩამოღერებული შავებში გამოწყობილი ბრბოა, რომელიც მზადაა საბოლოო განაჩენი გამოუტანოს  მას. ჩაბნელებულ სცენაზე დამბაჩის გასროლა არაფრის მომასწავებელია. ირინე უკვე ბედნიერია, იმ შემთხვევაშიც  კი თუკი ამ საზოგადოების მიერ გასროლილი ტყვია მას მოხვდება.

სპექტაკლში გამოყენებული მუსიკა ორიგინალურადაა შერჩეული თვით რეჟისორის  მიერ და  ერწყმის ქმედებას. დები იშხნელების  სიმღერებს თანამედროვე ცნობილი ჰიტები, ვალსი და „ძილისპირულის“ ყველასთვის ცნობილი იავნანა  ანაცვლებს, ხოლო ქოროს პლასტიკა და ოსტატურად დადგმული ცეკვები და მასობრივი სცენები მატებს სცენურ გამომსახველობას და სრულ სინთეტურობას ანიჭებს წარმოდგენას.

ამ სპექტაკლის ნახვისას კიდევ ერთი მნიშვნელობანი ფაქტორი გამოვლინდა  -

ბოლო დროს  როდესაც ამა თუ იმ მსახიობის მიერ შესრულებულ როლზე გვიწევს საუბარი, ხშირად ვამბობთ რეჟისორის მიერ დასმული ამოცანის შესახებ. ცხადია სპექტაკლის  მომზადებისასა არსებითია თუ როგორ აწვდის რეჟისორი მსახიობს იმ ამოცანას, რაც გადამწყვეტი უნდა გახდეს მსახიობის მიერ როლის ინტერპრეტაციისათვის. სცენაზე  ჩვენ ვხედავთ  არა რეჟისორს არამედ მხოლოდ მსახიობს, რომელიც ვერ თამაშობს სწორად და კრიტიკის მთელი რისხვა მას ატყდება თავზე. საქმე კი იმაშია, რომ ეს რეჟისორის მიერ არასწორად დასმული ამოცანის შედეგია. ყოველივე ეს ნათლად სჩანს თეატრში სხვადასხვა რეჟისორის მიერ ერთიდაიმავე მსახიობებით დადგმულ სპექტაკლებში ან თეატრალურ ფესტივალებზე, სადაც საშუალება გვეძლევა პარალელი გავავლოთ  მათ მიერ შესრულებულ როლებს შორის.

ეს ყოველივე იმისთვის მოვყევი, რომ კიდევ ერთხელ მეთქვა, რაოდენ სწორად არჩევს მსახიობებს რეჟისორი ნ. ჩიკვაიძე თავისუფალი, გრიბოედოვის  თეატრების დასისგან და იწვევს სხვა თეატრებიდან სპექტაკლებში (მაგ. ქეთი ცხაკაია და მაია ლომიძე  - „სამი ამბავი კრიმინალზე“, თემო გვალია  და მაია ლომიძე „საზიზღრები, ბინძურები, ბოროტები“) და რაოდენ სწორადაა დასმული ამოცანა  მათ წინაშე და რაოდენ სწორად მიჰყავს ისინი საბოლოო შედეგამდე, რაშიც „ირინეს ბედნიერების“ ნახვისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდით.

 

 

 

  1. ზოლა. ე. „ნატურალიზმი თეატრში“, თხ. სრული კრებული ტ. 23, გვ. 20, 

  2. ზოლა. ე. „ნატურალიზმი თეატრში“, თხ. სრული კრებული ტ. 23, გვ. 22,

  3. გულიაშვილი გ. „საზიზღრები, ბინძურები, ბოროტები“,  „თეატრი და ცხოვრება“, 2016 , N1, გვ. 24

bottom of page