top of page

ირინე ბედავს და აფურთხებს აბესალომს

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

292188065_2281805138640458_2489365958983956466_n.jpeg

თამთა ქაჯაია

ირინე ბედავს და აფურთხებს აბესალომს

 

დავით კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერებაში“ (1897) ნაჩვენებია, მეცხრამეტე საუკუნის, ქართველი ქალის ხვედრი საზოგადოებაში. ღარიბი ოჯახიდან გამოსულ ირინეს   საკუთარი ნების წინააღმდეგ ათხოვებენ, რომელიც ძალადობის მსხვერპლი ხდება - ეჭვიანობის საფუძველზე ქმარი კლავს ქალს. ქართულ სცენაზე არა ერთი ინტერპრეტაცია გვინახავს (რეჟისორების: შალვა გაწერელია, ნიკუშა ჩიკვაიძე, ანდრო ენუქიძე და რობერტ სტურუა) სადაც ნაჩვენები იყო საზოგადოების დაპირისპირება ირინესთან. თუმცა, მესხეთის თეატრში, მიწვეული რეჟისორი საბა ასლამაზიშვილი პიესის სრულიად სხვა ინტერპრეტაციას გვთავაზობს. წინა პლანზე წამოწეულია დამოუკიდებელი, ძლიერი და მებრძოლი ქალის პიროვნება. რეჟისორმა ტექსტი გაათანამედროვა, ამოაკლო პერსონაჟები, შეცვალა ფინალი და სიმძაფრისთვის ოთხი მამაკაცი დაუპირისპირა ერთ ქალს.

ფინალზე მოგვიანებით ვისაუბრებ, ახლა კი თავიდან დავიწყოთ. დარბაზში შესული მაყურებელი ხედავს სცენიდან გადმოსულ თეთრ ნაჭერს (სცენოგრაფი ლელა ფერაძე), რომელიც პარტერის შუა ნაწილში სრულდება - თანამონაწილე ხდები რეჟისორის ჩანაფიქრის (ფეხით გიწევს გადავლა თეთრ ნაჭერზე).

იხსნება ფარდა და ვხედავთ ქართველი ქალის ფიგურას (ნაციონალური სამოსით  შემოსილს - კაბის ქვედა ნაწილი შემოხეული). უკანა პლანზე ქარგა დგას. დეკორაცია კაბის  მატერიის გაგრძელებაა რომელსაც სიძველისგან ობი აქვს მოკიდებული. ერთ მთლიანობაში მოქცეული სცენოგრაფია ჰარმონიულად კრავს სცენაზე განვითარებულ ამბავს.

დოლის ხმა გვამცნობს სპექტაკლის დაწყებას. ვხედავთ ფაფახ ჩამოცმულ ქალს მამაკაცის სამოსში (კოსტიუმების მხატვარი- ნანა ყორანაშვილი), რომელიც ქართულ ცეკვაში ასრულებს კაცის პარტიას. ნაზი, ლამაზი, თითქოს მორჩილი ირინე (ანანო იაშვილი) მასკულინურ კოსტიუმში გვევლინება. პარალელურად ილევა სადღეგრძელოები ქალზე, ოჯახის სიწმინდეზე, ტრადიციებზე, რასაც რეჟისორი სპექტაკლში რიტორიკულად პასუხობს. საქართველოში მამაკაცი უკრავს დოლზე  ქალი კი ცეკვავს. როლების გაცვლით რეჟისორმა წეს-ჩვეულება კიდევ ერთხელ ამოაყირავა - ირინეს დაკრულზე აბესალო (მალხაზ შაყულაშვილი) ააცეკვა.

ანანო იაშვილს ჩოხის ელემენტებით შეკერილი, ნარინჯისფერი, კაბა აცვია, მეწამული ფერის პერანგით, რომელიც მის ქალურობას და სექსუალურობას ხაზს უსვამს. ნარინჯისფერი - ამაყი, დამოუკიდებელი პიროვნების ფერია, რომელიც მუდმივად ცდილობს გარშემომყოფებზე ზეგავლენის მოხდენას. ყვითელი ფერი კი, რომელიც იმედის სიმბოლოა ჩოხის სარჩულს აქვს ჩაკერებული.

ყვითელ კაბაში გამოწყობილი ირინე, საბურველს იფარებს და უხმოდ, მუსიკის გარეშე, ცეკვით ასრულებს წარმოდგენას. ახალგაზრდა მსახიობმა, ანანო იაშვილმა მოახერხა და შექმნა ერთდროულად სუსტი და ამავე დროს ძლიერი ქალის სახე, რომელიც წეს-ჩვეულებების წინააღმდეგ ილაშქრებს.

ქალის ფიგურა რომელიც მეექვსე პერსონაჟად შეგვიძლია მივიჩნიოთ, მეტაფორებით დატვირთულია. აბესალოს მტაცებლური სიყვარული მისი სიშიშვლითაა ხაზგასმული, შარვლის ამარა მხეცივით დაეძებს ირინეს, რომელიც ქალის კალთის ქვეშ ამოფარებული იმუქრება. აბესალო კაბას მხოლოდ მცირე ნაწილს აგლეჯს, რომელსაც ირინე ფინალურ სცენაში  ამთლიანებს - მამაკაცური ძალა უუნარო აღმოჩნდა სუსტი სქესის წინააღმდეგ.

„მრავალჟამიერი“, რომელსაც ლხინში მღერიან ირინეს პირადი ტრაგედიის დასაწყისად იქცევა. მორჩილი ცოლი, ქმარს  წინდებს და პერანგს აცმევს. ანანოს კოსტიუმი აღარ არის გამომწვევი, თმა კისერში აქვს დამალული და კაბის ბოლოც ჩამოწეულია. წარსულში დამკვიდრებული, ობმოკიდებული ტრადიციების შედეგად  ირინეს „ბედნიერებას“ ვხედავთ.

დავით კლდიაშვილთანაც პავლე როდომაშვილი (ლექსო ჩემია), უტყვი, მორჩილი კაცია როგორც სპექტაკლში.  საბა ასლამაზიშვილმა როდომაშვილის როლი სპექტაკლის თემას ზუსტად მიუსადაგა და  უმოქმედო პერსონაჟად დატოვა. მიუხედავად მცირე ტექსტისა ვფიქრობ, ლექსო ჩემია მეტნაკლებად ახერხებს გადმოსცეს ის ტრაგედია, რაც საყვარელი ქალის სხვა კაცზე გათხოვებით არის გამოწვეული. მსახიობი თითქოს ბოლომდე არ განიცდის პერსონაჟის ემოციებს და მთავარი გმირის ნაცვლად უფრო დამკვირვებელია.

ვიქტორი (ანდრია ვაჭრიძე)  რომელიც შუამავალია ირინესა და პავლეს შორის სრულიად ითავისებს როლს. მისი სამსახიობო ოსტატობა, მეტყველება და პერსონაჟის ხასიათის გათავისება ქმნის ვიქტორის ხასიათს.

ფილიპე (მალხაზ გოგოლაური) ირინეს მამა, ცდილობს შექმნას სახასიათო, იმერული კუთხის მქონე მამაკაცის პროტოტიპი. გადამწყვეტ მომენტში, როდესაც ირინეს განაჩენს გამოუტანს და გადაწყვეტს მის სხვა მამაკაცზე გათხოვებას ზედმეტად პათეტიკურია. თუმცა საბოლოო ჯამში  სახასიათო პერსონაჟს ქმნის და სპექტაკლის კონცეფციას სრულიად ერგება.

ასევე მინდა გამოვყო აბესალოს ეჭვიანობის სცენა სადაც მალხაზ შაყულაშვილი სიგიჟის ზღვარზეა. გამძვინვარებული, გამხეცებული მამაკაცი უმისამართოდ, ჰაერში ისვრის მუშტებს და ვხედავთ, რომ მხოლოდ  მუქარა შეუძლია. ფინალი, რომელიც ყველასათვის ცნობილია, სპექტაკლში როგორც ზემოთ აღვნიშნე შეცვლილია. აბესალო ირინეს ვერ კლავს და მეტიც ირინე ბედავს და აფურთხებს აბესალომს.

აბესალომი  -  „გაჩუმდი, თორემ მოგკალი“

ირინე - „მეტს რას იზამ? მეტი რა შეგიძლია?“

bottom of page