top of page

იოსებ, იოსებ, ასეთი რა დააშავე?..

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

10597302-2959-4DE7-A1EA-1D39A5C6D3B7.png

მანანა თევზაძე

იოსებ, იოსებ, ასეთი რა დააშავე?..

დიდი ხნის შემდეგ ვარ  „თეატრში ათონელზე“.

სპექტაკლის მოლოდინში ფოიეში ვზივარ და ვფიქრობ, რომ  ჩემს მეგობარ მსახიობ ქალს უნდა ვუმადლოდე აქ მოსვლას, რომელიც ალბათ, თბილისში არც ერთ სპექტაკლს არ აცდენს. ჩემს მრავალრიცხოვან ამხანაგებს შორის, ასეთი ორი,  დიდი ხნის მეგობარი მეგულება, ერთი - მუსიკოსი და გერმანისტი, მეორე - მსახიობი, რომელნიც თბილისურ პრემიერებს, მუსიკალურ კონცერტებს კონსერვატორიასა თუ ოპერის თეატრში, არ აკლდებიან. ეს კია, სანდო ინფორმაცას მაწვდიან და მეც, შეძლებისდაგვარად, მათი მითითებული მისამართებით დავიარები.

 „თეატრი ათონელზე“, რა თქმა უნდა, ნანა ფაჩუაშვილმა შემაყვარა, მისმა არაჩვეულებრივმა სპექატკლმა „დილა მშვიდობისა, ასდოლარიანო!“. ნანას გარდა ხომ ამ სპექტაკლში ასევე არაჩვეულებრივი მსახიობები ნინელი ჭანკვეტაძე, რამაზ იოსელიანი და თავისუფალი  მენესტრელი ნუგზარ რუხაძე თამაშობდნენ.

დღეს კი ფრანც კაფკას „პროცესის“ მიხედვით შექმნილი პიესის სპექტაკლის პრემიერაზე ვარ. სპექტაკლს  „იოსები“ ჰქვია. ჯერ არ ვიცი რა სანახაობას მპირდება თეატრი, მაგრამ მოლოდინი დიდი მაქვს. მაყურებელი ძირითადად ახალგაზრდა ქალებია, თუმცა მერე და მერე ვაჟებიც შემოემატნენ. ვსხედვართ ფოიეში და მობილურებს ჩავცქერით. სპექტაკლი 1 სთ და 20 წთ. გასტანს.

ეტყობა რუსთაველი კვლავ გადაიკეტება და სახლში მისვლა გართულდება.

როგორც იქნა, დარბაზში მიგვიხმეს.

სცენის გარშემო, სამ რიგად, მაყურებელი ზის.

პატარა სცენას თეთრი ნაჭერი აფენია. უცნაური დეკორაციაა... სტერილური გარემო...

გამჭვირვალე ტახტზე მამაკაცი წევს, რომელსაც გამჭვირვალე ცელოფანი აფარია. მის ფეხებთან უნიტაზი დგას. მოშორებით, ასეთივე გამჭვირვალე, თაროებიანი ყუთი დგას, რომლის თაროებზეც აწყვია წყალი ბოთლებით, რძის  ბოთლები და კვერცხების შეკვრა.

ვიდეოტუჩები ანუ ოთხმხრივი ეკრანი, სახელად სარა! მაყურებელს აფრთხილებს, რომ ვიდეო და ფოტო გადაღება აკრძალულია და სპექტაკლის შესახებ მცირედ ინფორმაციას გვაწვდის. ვიდეოტუჩები სპექტაკლის ფინანსურ მხრადაჭერასაც შეგვახსენებს, ცოტა არ იყოს,  გვეჭორავება.

დარბაზში სინათლე ქრება, იატაკი ნათდება და უეცარი მჭახე სიგნალიზაცია  პერსონაჟს აღვიძებს, ლოგინიდან წამოაგდებს.

მას უნიფორმასავით თეთრი სამოსი აცვია, ბრეტელებითა და ლითონის დეტალებით.

თეთრებში ჩამული მამაკაცი სწორედ იოსებია, სპექტაკლის მთავარი პერსონაჟი.

მის კართან ვიღაცეები დგანან, რომელთაც იოსები და იოსების ვიდეოასისტენტი, წითელტუჩება სარა, კარს არ უღებენ. იოსებმა ადრიანად გაიღვიძა და ძილის გაგრძელება სურს... 

- იოსებ, დააკვირდი სხეულს, მოადუნე ფეხის თითები, წვივი, ბარძაყი, ხელები, ასე... იგრძენი როგორ გიმძიმდება თვალები, ისუნთქე... გძინავს...

იოსები თითქოს იძინებს კიდეც, მაგრამ ვიღაცეები კვლავ აღვიძებენ. მათი სახის იდენტიფიკაციას ასისტენტი ვერ ახერხებს, თუმცა იოსების ბოლო-ბოლო  ნებართვით, სცენის სიღრმეში სარკისებური კარი - ლიფტი იწევა და იოსების სტერილურ საცხოვრებელში ორი შაოსანი მამაკაცი შემოდის. ორივეს შავი სათვალე უკეთია, რაღაც უცნაურად საგანგებო ტანსაცმელი აცვიათ. ისინი იოსებს აპატიმრებენ და მისივე ტანსაცმლის ბრეტელებით უკრავენ ხელ-ფეხს.

- მე არაფერი დამიშავებია, - ამბობს იოსები...

რაზეც არაჩვეულებრივი გასაოცარი პასუხი ისმის: - ჩვენი უწყება თავად იზიდავს დამნაშავეებს...

და ირკვევა ასევე გასაოცარი ამბავი, რომ იოსები პოტენციური დამნაშავეა, ისინი კი ზედამხედველები არიან, ელოდებიან პროკურორს, რომელსაც თურმე არ უყვარს ყვითელი წინდები...

ზედამხედველები რეზინის თეთრი ხელთათამანებით იოსების ნივთებს გამჭვირვალე პარკში აგროვებენ, იოსებს თეთრ წინდებს უწვდიან, ერთ-ერთი მის  რძესაც სვამს და იწყება სრული გაუგებრობა, რომელსაც ამჯერად ეკრანიდან ვიდეოასისტენტის თვალი ადევნებს თვალს...

მოქმედება ხდება ედემის რესპუბლიკაში, სადაც თურმე, ალბათ ყველას, იოსები ჰქვია და რომელთაც პერიოდულად აპატიმრებენ. დაკითხვისას, აძრობენ კბილებს, კვერცხებს და ყოველ პოტენციურ დამნაშავესთან, საჩუქრად, წინა დამნაშავის რეკვიზირებული ორგანოები მიაქვთ. ასე ამგვარად, იოსებს მოუტანეს კბილები და ამიტომ ეკრანზე ვიდეოასისტენტის მშვენიერი, ჩაწიკწიკებული კბილები გამოჩნდა, ხოლო კბილების პატრონს წინა დამნაშავის კვერცხები-ყვერები მიართვეს... 

- რა შუაშია ეს ისტორია ჩემთან? - კითხულობს იოსები და იმის შიშით, მეც არ მომჭრან ჩემი ავლა-დიდებაო, იმ ვიღაცის,  მის პირში ჩატენილ  კბილებზე გული ერევა...

ვატყობ საშინელებათა თეატრის არა ერთი სცენის ხილვა მელის...

თუნდაც ასეთის: იოსებს სწყურია. პროკურორის მოსვლამდე წყლის დალევას ითხოვს. ძლივს დართეს ნება, მაგრამ ჭიქა მისგან შორს, იატაკზე დგას. ხელ-ფეხშეკრული იოსები მუხლზე დაჩოქილი ძლივს მიფორთხავს ჭიქასთან და  წყალს სვამს...

ან თუნდაც ასეთის: მას, ხელ-ფეხშეკრულს,  საწოლში ჩაწოლას აიძულებენ, მერე გადაბრუნება-გადმობრუნებას...

ან თუნდაც ასეთის: იოსები თურმე კრიტიკულ, ანტისახელმწიფოებრივ გადაცემას უყურებს ლიბერთი TV- თი და არა სხვადასხვა სარეკლამო სიუჟეტსა თუ მულტფილმს...

ან თუნდაც ასეთის: დღეს 30 წლის გახდიო და ორივე ზედამხედველი ჯიბიდან რევოლვერს იღებს და დამიზნებით, საკმაო პაუზის შემდეგ, საპნის ბუშტებს აფრქვევს მის თავს...

ან თუნდაც ასეთის: ზედამხედველები რიტმულ მუსიკაზე იწყებენ ცეკვას და გაკოჭილ იოსებსაც აიძულებენ იცეკვოს.

ან თუნდაც ასეთის: იოსებს  ასმენინონ ერთმანეთთან კამათი, თუ რატომ არის ერთი დებილი და მეორე არა... რადგან ეს სიტყვა დებილი თუ ერთს არ მოსწონს, მეორეს ძალიან ახალისებს...

ან თუნდაც ასეთის: ზედამხედველები წელზევით შიშვლდებიან და ეროტიკული მოძრაობებით ისედაც გაოგნებულ და დაზაფრულ იოსებს აშინებენ, რომელსაც ისღა დარჩენია თავისი ცელოფნის გადასაფარებლის გაბერილ ბუშტუკებს როგორღაც მისწვდეს და ნერვიულად ატკაცუნოს და ატკაცუნოს...

ან თუნდაც ასეთის: - ყველაფერი ეს ხუმრობა იყოო!

იოსებს ბრეტელებს შეუხსნიან, წყლის თავისუფლად დალევის უფლებასაც მისცემენ...

და სრულიად დაბნეული იოსები, ვერაფერში ერკვევა, რადგან სიმართლესა და მოგონილს შორის ზღვარს ვერ პოულობს...

მაშინ კი იფეთქებს  საკუთარ სახლში დაპატიმრებული იოსები და სრულიად უშვერი სიტყვებით, გინებით ლანძღავს ორივეს...

მაგრამ სპექტაკლი ხომ აქ არ სრულდება? იგი გრძელდება და აქამდე ნანახს სრულიად აჭარბებს პროკურორის შემოსვლა.

 მაღალ ქუსლებზე შემდგარი, მშვენიერი ახალგაზრდა ქალი თეთრი საკვოიაჟით ხელში, რომლის თეთრი მოდერნისტული კაბა ასეთივე თეთრი მოსასხამითაა დამშვენებული. რომელიც  რობოტივით მოძრაობს და ტეხილი მოძრაობებით სულ უფრო მაფიქრებინებს რომ ეს ქალი იქნებ მართლაც უცხოპლანეტელია?

- ნანობთ? - ეკითხება პროკურორი იოსებს და დარმაზში მსხდომთ ათვალიერებს. ეს კითხვა სწორედ მათ ეკუთვნით.

იოსები თავის მართლებას ცდილობს, მაგრამ ეკრანიდან მის მიერ სულ ახლახანს წარმოთქმული ლანძღვა-გინების ჩანაწერი ისმის და ქალბატონი პროკურორი იმ მუხლებისა და ქვემუხლების ჩამოთვლას იწყებს, რომელთა მიხედვით იოსებს ლიკვიდაცია ეკუთვნის.

ამასობაში პროკურორი ენამოჩლექით ელაპარაკება ტელეფონით თავის შვილს და იოსებისათვის, სასჯელად, ლიკვიდაციის გამოტანაც არ ავიწყდება.

ორი ზედამხედველი იოსების სხეულს იატაკზე აგდებს და ახრჩობს, მერე საწოლზე აწვენს და ჰოი, საოცრებავ, იოსები ფხიზლდება და ზედამხედველების დანახვაზე გამწარებული ყვირის.

ქალბატონი პროკურორის განმეორებული შემოსვლა ისეთივე რობოტიზირებული მოძრაობებით.

ქალბატონ პროკურორს არ მოსწონს იოსების აულაგებელი ლოგინი და იოსებს ლოგინის გასწორებას აიძულებენ...

და იწყება იოსების  არჩადენილი დანაშაულის თავიდან გამოძიება. 

იოსები თურმე  ჯგუფ „წითელი ეშმაკების“ მუსიკას უსმენს.

და იოსები მღერის სიმღერას - თავისუფლება უკვდავ სულს და თავისუფლება ყველა პატიმარს. მღერის ხმამაღლა, ყვირილით, მიკროფონში, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს მის სასოწარკვეთილ ხმას. ამასობაში  ზედამხედველებიც და პროკურორიც როკვას იწყებენ, - მაგარი სიმღერააო, - ამბობს ქანცგაწყვეტილი პროკურორი და თეთრი ჩაქუჩით ხელში კვლავ განაჩენს კითხულობს. კვლავ ჩამოსთვლის მუხლებს და ქვემუხლებს, პუნქტებს, კვლავ განაჩენად გამოაქვს -  ლიკვიდირება.

ლიფტის სარკიანი კარი იღება და პროკურორი მიდის.

და  იწყება იოსების კონვულსიები, გაქცევის მცდელობა - სირბილი ადგილზე...

და პროკურორის მესამე შემოსვლა, მხოლოდ აღმართული დანით. ზედამხედველები ინდაურებივით კივკივებენ. პროკურორი კივის, იოსებს მიათრევენ... გილიოტინასავით ეშვება ლიფტის კარი...

სამივენი იაპონელებად გადაიქცნენ, შემდეგ ყველანი ერთად მღერიან იტალიური ოპერის კვალად და იოსების დანაშაულს ახლა უკვე სიმღერ-სიმღერით იძიებენ...

- ამიხსენით, რაში ვარ დამნაშავე? - კვლავ ითხოვს იოსები, მაგრამ ახლა ცელოფანის პარკს ჩამოაცმევენ თავზე და ბოლო-ბოლო გუდავენ.

პროკურორი, თითქოს კაციაო, ისე შარდავს უნიტაზში და მოულოდნელად აცხადებს, რომ ეს იოსები თურმე ის იოსები არ არის, ვინც უნდა დაეპატიმრებინათ და რას გააწყობს ეს იოსები, უნდა გაცოცხლდეს და ცოცხლდება კიდეც. გულითადი წუხილით ებოდიშებიან პროკურორი და ზედამხედველები, - გაუგებრობას ჰქონიაო ადგილი! - რეკვიზირებულ ნივთებსაც უბრუნებენ, - იმედია, რაც მოხდა, აქვე დარჩებაო! - მერე ყველაფერს აწესრიგებენ და მიდიან, მაგრამ...

პროკურორი და... იოსების ყვითელი წინდები...

და პროცესი თავიდან იწყება...

იოსებს კვლავ საპნის ბუშტებს უშენენ პისტოლეტიდან.

იოსები იგრიხება და ასე წვება ლოგინში.

საპნის ბუშტები ახლა უკვე ჭერიდან ცვივა, ერთ-ერთი  ზედამხედველი ამ ყვითელ წინდებს ხდის და გამჭვირვალე პარკში ნივთმტკიცებად ინახავს. მერე აკვარიუმიდან წითელი თევზი ამოჰყავს და მიაქვს.

და  რჩება იოსები გაშოტილი თავის გამჭვირვალე საწოლში საპნის ბუშტებით თავსდაყრილი.

ტუჩები კვლავ გველაპარაკებიან, ფოტოების გადაღება უკვე შესაძლებელია....

 

***

ასე დაწვრილებით იმიტომ მოვყევი, რომ სხვანაირად არ შემეძლო, თავად უნდა გავრკვეულიყავი სანახაობაში, რომელიც რეჟისორმა გეგა გაგნიძემ, თუნდაც, პირადად მე, შემომთავაზა.

სპექტაკლი აშკარად პროვოკაციულია და ჩემთვის სრულიად გასაგებია „გაბრაზებული ახალგაზრდა თაობის“ წარმომადგენელი რეჟისორის განწყობილებები, მაგრამ ასეთი ამაფორიაქებელი სანახაობის მრავალმხრივ აღქმაა შესაძლებელი და გაურკვევლობების სხვადასხვა ინტერპრეტაციისათვისაც საკმაო სივრცეა დატოვებული.

რომანი „პროცესი“ ფრანც კაფკამ პირველი მსოფლიო ომის წინ დაწერა, როდესაც საზოგადოება გლობალურ ცვლილებებს გრძნობდა, ხოლო ცალკეული პიროვნებები ამ ცვლილებებისა და ისტორიის შემქმნელადაც აღიქვამდა საკუთარ თავს. მწერალმა არა უბრალოდ ტირანული სახელმწიფოს გარეგნული რეპრესიული მექანიზმი დახატა, არამედ იმგვარი აზროვნების ღრმა ფესვები ასახა, რომლებიც ტოტალიტარიზმს ბადებენ. კაფკამ გვიამბო ბიუროკრატიის შესახებაც, იწინასწარმეტყველა მომავალი ომი, ფაშიზმიც, ატომური ბომბიც კი და გვაჩვენა იმ დროის ადამიანს მდგომარეობა, მაგრამ 21-ე საუკუნეშიც რომ ის ყველაფერი მეორდება, რაც უკვე გამოიარა და განიცადა სამყარომ და კაცობრიობამ...

რადგან:

მარადიულია ყველა დროის ადამიანის კონფლიქტი გარე სამყაროსთან.

რადგან:

ყველა დროის ადამიანი დაუცველია რეჟიმისა და სამყაროს წინაშე, რომელშიც იგი პაწაწინა ჭანჭიკადაა ქცეული.

რადგან:

მარადიულია ადამიანის სულისმიერი ძიებები არსებობის აზრის გამოსაცნობად. 

სიუჟეტი ერთდროულად რეალურიცაა და აბსურდულიც; აბსურდულია ყველა აღწერილი მოვლენა და აღიქმება, როგორც რაღაც სიურრეალისტური სიზმარი. ამავე დროს, ეს უცნაური სამყარო იმგვარად ნათლად და მტკივნეულადაა ასახული, რომ როგორც კარგად ნაცნობს, ისე აღვიქვამთ.

და ვიწყებ ფიქრს თემაზე: რა არის თავად პროცესი?

სიტყვა პროცესს მარტივი, ყველასთვის ნაცნობი, მრავლისმომცველი ახსნა აქვს: ჩვენ ვსუნთქავთ - ესეც პროცესია, გვძინავს - ესეც, გვიყვარს - ხომ პროცესია და პროცესი...

სამყაროს აღქმა მრავალმხრივია.

პროცესი ადამიანური ცხოვრების მეტაფორაა!

შემთხვევითი არ არის, რომ ნაწარმოების მოქმედება მთავარი გმირის დაბადების დღეს იწყება. დაბადებიდან - სიკვდილამდე ადამიანი რაღაც სასამართლოს წინაშეა, მას ასამართლებენ მოყვრებიც და მტრებიც, საზოგადოებაც და ის, რომელსაც ღმერთი ჰქვია.

არავინ იცის ხვალ რა მოუვა, რა პროცესში მოხვდება და რით დასრულდება ეს პროცესი. ნებისმიერი დანაშაული, თუნდაც ბოლომდე ამოუხსნელი დანაშაული, რომელიც ადამიანს თრგუნავს, ამძიმებს, დღე და ღამ თან სდევს, გაუსაძლისს ხდის მის ცხოვრებას. საბოლოო კულმინაცია კი - სასამართლოსგან მისჯილ სასჯელში ან შეწყალებაში  აისახება.

ალბათ, უპირველესად, საკუთარი თავის განსჯაზე უნდა ვიფიქროთ. როგორი იქნება დასასრული - სასჯელი თუ ტანჯვისგან დახსნა?

სპექტაკლის მთავარ გმირს მხოლოდ სახელი აქვს, ის ინდივიდია, ერთეული, მარტოხელა პატარა ადამიანი, რომელიც ყველაზე საშინელი კოშმარის ცენტრში ხვდება: იოსებს აპატიმრებენ და ასამართლებენ. არავინ იცის რისთვის? არაფერს განუმარტავენ და ყოველნაირად ცდილობენ პროცესის დეტალების დამალვას.

მოვლენებს ამოუცნობი, საშინელი ძალა მართავს.

დაზუსტებით ვიცით კი, რა დანაშაული აქვს იოსებს?

არა, არ ვიცით. მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის უდანაშაულოა, რადგან მთელი არსებით ცდილობს თავის მართლებას, იმდენად, რომ აგრესიულადაც ექცევა ხელისუფლების წარმომადგენლებს.

მაგრამ ხომ შეიძლება იოსები მართლაც იყოს დამნაშავე? ადამიანები ხომ მართლაც სჩადიან ცუდ საქციელს და შემდეგ უარს ამბობენ აღიარებაზე. ძნელი დასაჯერებელია, რომ 30 წლის იოსებს არავისთვის ცუდი არ გაუკეთებია. არც მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესახებ ვიცით რაიმე. იქნებ ადამიანი მოკლა, ან სულაც ჭიანჭველას ფეხი დაადგა? ნებისმიერი საქციელი შეიძლება დანაშაულად ჩაითვალოს, იმის მიხედვით, თუ ვინ არის მსაჯული.

რა ტანჯავს იოსებს, უფრო ზუსტად კი, რატომ ტანჯავენ ასე ძლიერ?

იოსების წინაშე დგას არჩევანი, რომ ამ პროცესში მონაწილეობა მიიღოს და იფიქროს მის დასასრულზე. ადამიანმა, მიუხედავად იმისა, წინ რა ელის, თუნდაც სიკვდილი, სულერთია შემთხვევითი თუ წინასწარ გამსაზღვრული, ან ისე უნდა იცხოვროს, რომ თავისუფლად იგრძნოს თავი, იცინოს, იმხიარულოს და უყვარდეს, ან უბრალოდ ყველაფერი თვითდინებას მიანდოს.

ეს ცხოვრებისეული არჩევანია.

იოსები დამნაშავეა ისე, როგორც ყველა ჩვენგანი, რადგან ყველანი დამნაშავენი ვართ, რადგან დამნაშავედ ვიბადებით.  

დანაშაულის შეგრძნება და მძიმე განცდა, რაც სასჯელის მოლოდინს უკავშირდება, პროცესის მთავარ რელიგიურ-ფილოსოსფიურ იდეას გამოკვეთს.

დანაშაული - აი მთავარი კატეგორია! ის აღიქმება არა როგორც სისხლის სამართლის  ან ზნეობრივი კატეგორია, არამედ დანაშაული მეტაფიზიკური, რელიგიური თვალსაზრისით, რომლისგანაც ადამიანი ვერ თავისუფლდება.

სპექტაკლში არსებული ბიბლიური ალუზიები, თუნდაც სახელები; იოსები, სარა, თუნდაც უდანაშაულო გმირის გასამართლება, ან თუნდაც საშინელი დასჯა - უცოდველი კრავის მსხვერპლშეწირვა - აშკარად მიგვითითებს ბიბლიურ სიუჟეტურ დოგმებზე. 

იოსების ყველა ცდა გაერკვეს იმაში, რაც მის თავს ხდება, ჰგავს ადამიანის მისწრაფებას გაერკვევს ცხოვრებისეულ საიდუმლობაში.

თავისი არსებობის მანძილზე კაცობრიობამ სამყაროს საიდუმლოს ასახსნელად რამდენიმე მთავარი საშუალება შექმნა: რელიგია, მეცნიერება, ხელოვნება. მათ ყველას საერთო მიზანი აერთიანებთ - ადამიანის არსებობის პრინციპების ამოხსნა, მაგრამ ამ მოდელების მიერ ცხოვრების ინტრეპრეტირება სრულიად უძლურია მე-20 საუკუნის კატასტროფებთან კონტექსტში და 21-ე საუკუნის მოლოდინებშიც. სამყარომ, რომელშიც იოსები უზრუნველად არსებობდა, უეცრად იდუმალი თვისებები გამოავლინა. რა ხდება, კარგად ჩვენც ვერ ვერკვევით, სიუჟეტი ხშირად ულოგიკოა, მაგრამ ამ აბსურდში მთავარი იდეებია დამალული:

იოსები, განმარტოებული, ოჯახისა და მეგობრების გარეშე, თუნდაც კმაყოფილების მომნიჭებელი საქმის გარეშე ცხოვრებისთვისაა განწირული. ის მხოლოდ არსებობს, ალბათ ყველაფერს  აკეთებს, ისე, როგორც ყველა, მაგრამ ცხოვრების აზრს ვერ პოულობს და სწორედ ამას მიჰყავს იგი დანაშაულის უსაზღვრო შეგრძნებამდე.

სწორედ ეს შეგრძნება აპატიმრებს მას და ამიტომაც იკვლევს თავისი უსარგებლობის მიზეზს. როგორ გააგრძელოს ცხოვრება? ისე, როგორც სხვები ცხოვრობენ? მაგრამ რომ აღარ შეუძლია...

სწორედ ამიტომ ადრე თუ გვიან ეწევა მას სასჯელი, რომელსაც გაურბის. ამის შეგნება მასთან სწორედ მის დაბადების დღეზე მოდის და საკუთარ სასამართლოზე იხსნება მის წინ ის ყველაფერი, რასაც მთელი ცხოვრება ემალებოდა და ბოლოსდაბოლოს გააცნობიერა კიდეც.

იქნებ ეს მეტაფორაა მისი უპიროვნებო არსებობისა, იქნებ სწორედ ეს ერთგანზომილებიანი არსება, რომლადაც  ინდივიდი გარდაიქნა, თანამედროვე მომხმარებლური სახელმწიფოს საზოგადოების მარწუხებში მოქცეული ადამიანია?

იოსების სიმართლე სახეზეა, ისევე როგორც ჩვენი ყველას სიმართლე, როდესაც საკუთარ სინდისს ვეკამათებით. იოსების პროცესი ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრებისეული მეტაფორაა. ყოველ ადამიანზე რაღაც აზრით პროცესია შექმნილი, რომლის შედეგი ყოველთვის ერთია - სიკვდილი.

„პროცესი“ არა მხოლოდ ძალაუფლების მეტაფიზიკაზე მოგვითხრობს, არა მხოლოდ ბიუროკრატიული აბსურდის გამარჯვებაზე, არამედ რევანშის აღებასა და უსმართლობისგან გაქცევაზეც, მაგრამ როგორ უნდა გაიგო და გაერკვე ამ ბრძოლის სტრატეგიაში? თუკი კონფრონტაცია მხარეთა ლოგიკისა და რეალობის კანონებს არღვევს?  

ისე, როგორც ეს სიზმარში ხდება, არავის არაფერი უკვირს, თვით მთავარ გმირსაც კი.

ხომ შეიძლება ეს ყველაფერი სიზმრად ჩავთვალოთ?

დიდი და უცნობი შიში, სპექტაკლის დასასრულს ისეთ სულიერ აშლილობად იქცევა, რომ ყველაფერი სულერთი ხდება.

სპექტაკლმა, რომელიც უფრო მეტი კითხვა გამიჩინა, ვიდრე მათზე პასუხი,  გოგოლის არაჩვეულებრივი მოთხრობა-ტრაგედიები „შინელი“, „ცხვირი“ გამახსენა... გამახსენა პატარა ადამიანები, რომლებიც რაღაც სისტემას დამორჩილებულნი იმსხვრევიან, ნადგურდებიან.

რა თქმა უნდა, შეიძლებოდა სპექტაკლი სადღეისო პოლიტიკური მოძრაობის კონკრეტულ ჭრილში დამენახა, მაგრამ ჩემთვის მაინც უფრო მნიშვნელოვანი თემები დაიბადა.

 

***

სცენა იმდენად პატარაა, რომ მასზე მხოლოდ რამდენიმე მსახიობი ეტევა. როგორ გახდა შესაძლებელი ამგვარ სცენაზე ასეთი ნაწარმოების  ხორცშესხმა?

რეჟისორმა მხატვართან - მარიამ ძმანშვილთან ერთად, სცენაზე რაღაც უცნაური სივრცე შექმნა. მისი აზრით ასეთია სამყარო, რომელიც ინგრევა: მონოტონური, შავ-თეთრი, გამოუვალი და უფრო აბსურდული, ვიდრე ფანტასტიკური. სადაც ჩვეულებრივი ნივთები კარგავენ თავის რეალობას. სადაც ყოფითი რეალობა ადამიანისათვის საყრდენად გამოუსადეგარია. სამყარო, რომელშიც იოსებია აღმოჩენილი, საუკეთესო შემთხვევაში ექსცენტრიკულია, მაგრამ ეს ექსცენტრიკა მზადაა ფანტასმაგორიად იქცეს, რადგან  სასამართლო ბრალდება კი არა, ირერეალური სამყარო ეძალადება ადამიანს.

ეს პროცესი, რეჟისორის ოსტატობითა და მშვენიერი სცენოგრაფიის მეშვეობით, აბსურდისა და ქაოსის ატმოსფეროში ჩაძირვაა. სცენის ყოველი დეტალი მთავარი გმირის რეალობის ეფემერულობას უსვამს ხაზს.

განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო კოსტიუმები, თითქოს დროის მანქანით  რომელიღაც კოსმოსური ოდესეადან გადმოტანილი.

ვიღაცის შექება, გამოყოფა, მით უფრო გაკრიტიკება, უტაქტოც იქნებოდა, რადგან სრული თავდადება, ნიჭი, უკვე დაგროვილი გამოცდილება, ყოველი სიტყვის, ჟესტის, მოძრაობის სიზუსტე, დაახლოებით მეათე წუთიდან სცენის მინიატურულობას გავიწყებს. ყოველი ინტონაცია, მიმიკური მოძრაობა, გამოხედვაც კი, ყველაფერი ხელისგულზეა გამოტანილი. რა თქმა უნდა, ასეთ სიახლოვეს გარკვეული საშიშროებაც თან სდევს:

სულ მცირე ყალბი ნოტი, ეპიზოდის დაუმუშავებლობა იმავ წუთს თვალში საცემი ხდება და ანსამბლის შთაბეჭდილებას აქარწყლებს, მაგრამ ყველაფერი მოწოდების სიმაღლეზეა, რადგან მსახიობების კარგი შესრულება ყველაფერს გავიწყებს, გარდა სცენაზე მომხდარი ამბისა. ეს მხატვრული სიმართლე ყველაფრით მიიღწევა: რეჟისორის ნიჭით, გემოვნებით, კოსტიუმების მხატვრის და შემსრულებელთა ნამუშევარით და რა თქმა უნდა, მსახიობების ახალგაზრდობით, რომელიც სამწუხაროდ, არც ისე ხანგრძლივია.

ტვირთი მთავარი როლის შემსრულებელზეა.

გიორგი შარვაშიძე მრავალშრიანი და ექსპრესიული მსახიობია, მაღალი ენერგეტიკული პოტენციით, ამავე დროს შეუძლია საკუთარ თავში ჩაღრმავება. შეუძლია ჩუმად იყოს და იყოს საინტერესო. მისი ჩურჩული ყვირილზე ხმამაღალია, ხოლო ყვირილი მთელი გუნდის ხმაურს ჰგავს. რამდენადაც მახსოვს, ერთი წუთითაც არ სტოვებს სცენას, რაც ძალიან ძნელია, როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად.

რეჟისორის მიერ კიდევ უფრო ხაზგასმული, კაფკას უსახო სამყარო, მსახიობს აიძულებს ასეთივე გახდეს, საკუთარი თავი სხვა გმირთა შორის გაფანტოს, რომლებიც მასთან ერთად არიან პროცესში ჩათრეულნი, ამავე დროს  მაყურებლის ყურადღება მიიჯაჭვოს. ის არ არის უხამსი, არამედ მგრძნობიარეა. უკიდურესი სასოწარკვეთა, რომელმაც ნამდვილად ცუდად გამხადა და ის იყო მაყურებელი დიდ ნაღველში ჩაიძირა, რომ პერსონაჟმა ნამდვილი როკ-ოპერა შემოგვთავაზა. ეს ისე სწრაფად და ორგანულად მოხდა, რომ აშკარად ვიგრძენი რეპლიკიდან რეპლიკამდე როგორ იმატა მსახიობის ძალამ და როგორ აქცია მაყურებელი საკუთარ ტყვედ.

არც ისე ხშირად შეიძლება სპექტაკლის ნახვა, სადაც სცენა არჩევანის საშუალებას გაძლევს უცქირო როგორ მუშაობს მთავარი გმირი, ასევე როგორ მუშაობენ მისი ზედამხედველები - არაჩვეულებრივი გიორგი გიორგანაშვილი და ნიკო ფიფია, ანდა დატკბეთ პროკურორის - ნატალია გაბისონიას მშვენიერი ფეხებით, ტეხილი მოძრაობების მთელი კასკადით, რომელმაც ანდრე ჟოლდაკის რეჟისორული სტილი, მანერა გამახსენა სპექტაკლიდან „ლურჯწვერა“ და საერთოდ კი, მეიერხოლდთანაც წამიყვანა.

რამდენჯერმე მოქმედებამ სცენიდან დარბაზში გადაინაცვლა, რამაც მაფიქრებინა, რომ ეს თემა მაყურებლისთვის ახლობელია და ყოველ მათგანში პოულობს გამოძახილს. მთავარი გმირისა და ქალბატონი პროკურორის გრძელი მონოლოგ-დილოგები, თანდათან გადაიზარდნენ იოსების გაოგნებიდან - სასოწარკვეთაში, შემდეგ მორჩილებაში, შემდეგ აფეთქებასა და ბოლოს დაცემაში.

რეჟისორმა შეძლო მსახიობებში დაკარგულიყო, მსახიობებმა  კი შეძლეს თავისი როლები ორგანულად, ბუნებრივად ეთმაშათ, რაზეც მათ მადლობა ეთქმით.

დრამატურგსაც თავისი უნდა მივაგო:

რამდენადაც ვიცი, რეჟისორმა მხოლოდ მოტივად გამოიყენა კაფკას ნაწარმოები და მთელი პიესა მის კალამს ეკუთვნის. კონფლიქტური სიტუაციის შესაქმნელად მხატვრული გამოგონებებით ამ ფანტასტიკურად თანამედროვე ნაწარმოებში შეღწევა სცადა.

საათნახევარმა ისე გაიფრინა, როგორც ერთმა წამმა. მას შემდეგ, რაც დარბაზში სინათლე აინთო, დარბაზი ბრავოს შეძახილებით აფეთქდა.

თეატრი სულაც არ არის ვალდებული პირდაპირ ასწავლოს ვინმეს რამე, მაგრამ მას შეუძლია ადამიანს ხანდახან შეახსენოს მისთვის გადაუჭრელი პრობლემები და საშუალება მისცეს საკუთარ თავს გვერდიდან შეხედოს.

თანამედროვე თეატრის გაგება დიდი ხანია გასცდა ერთი ხელოვნების ფარგლებს. იმისათვის რომ მაყურებელი მსახიობის ხელოვნებით დატკბეს, ასობით ადამიანი შრომობს, რომელთა უმრავლესობა არასოდეს გამოვა სცენაზე.

და მაინც რა დააშავა იოსებმა?

სჯობდა საერთოდ არ დაბადებულიყო!

bottom of page