top of page

ეჟენ იონესკოს IX ბიენალე

IMGP2157.JPG

ეჟენ იონესკოს IX ბიენალე და მოლდოვური შთაბეჭდილებები

@ ლაშა ჩხარტიშვილი

ათი დღის მანძილზე მოლდოვეთის დედაქალაქი კიშინიოვი უკვე მეცხრედ ეჟენ იონესკოს სახელობის სასცენო ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეს მასპინძლობდა. ევროპის და აზიის 13-ზე მეტი (მათ შორის საფრანგეთი, რუმინეთი, გერმანია, საფრანგეთი, რუსეთი, ინდოეთი, შვედეთი, უნგრეთი, საქართველო, თურქეთი, უკრაინა, იაპონია, ესპანეთი, ირლანდია) ქვეყნიდან ჩასულ პროფესიონალ თეატრალურ დასებს მასპინძლობას უშუალოდ ქვეყნის პრემიერ მინისტრი, კულტურის მინისტრი და კიშინიოვის მერი მასპინძლობდა. ბოლო სამი წლის განმავლობაში ეჟენ იონესკოს თეატრალურმა ბიენალემ, რომელიც თეატრალებში `ბიტეი~-ის სახელით არის ცნობილი, განსაკუთრებული პოლიტიკურ-კულტურული მნიშვნელობა შეიძინა და მისი პატრონაჟს ამიერიდან მოლდოვის მთავრობა ახორციელებს.


იონესკოს სასცენო ხელოვნების ბიენალე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო თეატრალური ფორუმია აღმოსავლეთ ევროპაში და ამ მნიშვნელობას საუკეთესო თეატრალური დასების მონაწილეობა ზრდის. 2010 წლის იონესკოს ბიენალეს წელს განსაკუთრებულად აღნიშნავდა მოლდოვა, რაც ფესტივალის სახელმწიფო სტატუსის მინიჭებასა და სპონსორთა ფართო სიაში გამოიხატა. ამავდროულად წლევანდელი ბიენალე ყველაზე მრავალფეროვანი იყო და მასში უფრო მეტი ქვეყნის დასი მონაწილეობდა, ვიდრე აქამდე.
IX საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი წარმოადგენდა. ბათუმის თეატრმა ფესტივალის მონაწილეებს, კრიტიკოსებს და რიგით მაყურებელს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის სანდრო ახმეტელისა და კოტე მარჯანიშვილის პრემიების ლაურეატის გიორგი თავაძის ბოლო ნამუშევარი ირაკლი სამსონაძის (პიესის თანაავტორი გიორგი თავაძეცაა) `ბაბანისა და კომშის პუდინგი კონიაკითა და რომით~ წარუდგინა.


გიორგი თავაძის სპექტაკლი, შეიძლება ითქვას, პირდაპირი რეაქციაა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომზე, მისი უშუალო გამოძახილია, ამ ტრაგიკული და ამავე დროს, გმირული დღეების მხატვრული ხატია. აღსანიშნავია, რომ ამ მოვლენებს თანამედროვე ქართული თეატრი, სხვა შემთხვევაში ჯერ არ გამოხმაურებია. ესაა სპექტაკლი, რომელიც საქართველოს, ქართული საზოგადოების შესახებ მოგვითხრობს ქვეყნისთვის ექსტრემალური ვითარების პირობებში და საბედისწერო მოვლენების გარემოცვაში, როდესაც ცხოვრების ჩვეულებრივი დინება ირღვევა და როცა ნებისმიერი ადამიანი თავის ნამდვილ სახეს ამჟღავნებს, როდესაც არჩევანს ყველა თავად აკეთებს და ამ არჩევანის მიხედვით ერის სახე იქმნება. თუმცა, კონკრეტულ მოვლენებთან დაკავშირებული და სრულიად აბსტრაგირებულ ფორმაში მოქცეული ფაქტები, დრო და მოქმედების ადგილი, თავის მხრივ, კიდევ უფრო განზოგადოებულია, ერთი მთავარი მიზეზის გამო. ის, რაც 2008 წლის აგვისტოში საქართველოს თავს დაატყდა, არც აგვისტოში დაწყებულა და არც 2008 წელს, ხოლო გამეორების საშიშროება კვლავ არსებობს.

ესაა ტრგიკული საქართველოს უახლესი ამბავი _ ორი წლისწინანდელი და რუსეთთან დაკავშირებული ორსაუკუნოვანი ისტორიიდან, თუმცა, ისიც ფაქტია, რომ რუსეთის დამპყრობლური ჟინის, სწრაფვისა და ქმედების სამიზნე და ობიექტი არა მხოლოდ საქართველო, არამედ მსოფლიოს ბევრი ქვეყანაა. შესაბამისად, გიორგი თავაძის სპექტაკლის გავრცელების არეალი, არა მხოლოდ დროშია განზოგადებული, არამედ გეოგრაფიულ მასშტაბშიც.  


ამრიგად, ქართველთა სპექტაკლი წარმოდგენილი მოლდოვაში, რომელიც ბევრი სხვა მცირე ერების მსგავსად ცდილობს თავი დააღწიოს რუსეთის იმპერიალისტურ გავლენას, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა სახელმწიფოების ბედსაც ასახავს. ესაა ყველასთვის იმის გახსენება და შეხსენება, თუ რა არის ომი, რა მოსდევს მას.


კიშინიოვში ჩასვლისთანავე ბათუმის თეატრის ხელმძღვანელებს თეატრის მმართველს, ცნობილ კინორეჟისორს ზაზა ხალვაშს და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს გიორგი თავაძეს რუსული ტელეკომპანიის „стс“  გადამღები ჯგუფი  ესტუმრა. საფესტივალო ვრცელი ბუკლეტიდან, ცნობილი იყო ბათუმის თეატრის სპექტაკლის მოკლე ანოტაცია და ქართული პრესის შეფასებები. ბუნებრივია, რუსულ სატელევიზო არხებს აინტერესებდათ სპექტაკლამდე მისი ავტორის მოსაზრება რუსეთ-საქართველოს ბოლო პერიოდის ურთიერთობებზე. ბათუმის თეატრის ხელმძღვანელებმა „стс“  -ის შემოთავაზებაზე – მონაწილეობა მიეღოთ ერთსაათიან გადაცემაში, სადაც უნდა მოეთხროთ სპექტაკლზე და თან საკუთარი დამოკიდებულება გამოეხატათ პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებზე  – უარი განაცხადეს, რამაც რუსული ტელეარხის გაღიზიანება გამოიწვია. სწორედ ამ ტელევიზიამ გაავრცელა ინფრომაცია გიორგი თავაძის სპექტაკლის შესახებ, რომ ქართველები კიშინიოვში პოლიტიკურ-თეატრალიზირებულ აქციას მართავენო. ბათუმის თეატრის რეპეტიციის კადრები, რომელიც კიშინიოვის ჩეხოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის სცენაზე მიმდინარეობდა და რუსულმა ტელევიზიამ უნებართვოდ გადაიღო მთელი დღე „ატრიალებდა“ თავის ეთერში „стс“-ი  , ამ ფაქტს ემატებოდა ისიც, რომ ფესტივალის ფარგლებში ქართული თეატრი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს წარდგა მაყურებლის წინაშე. ჩეხოვის თეატრის 800 კაციანი დარბაზი გადაჭედილი იყო სხვადასხვა ეროვნების მაყურებლით. ბათუმის თეატრისადმი ინტერესს ზრდიდა არა მხოლოდ ქართული თეატრის ძველი ავტორიტეტი, რომელიც ინერციით ჯერ კიდევ არსებობს ევროპაში, მით უმეტეს ყოფილ საბჭოთა კავშირში, არამედ სპექტაკლის წარმოდგენის დღეს, ეჟენ იონესკოს თეატრში გამართული პრესკონფერენცია. შეხვედრას ჟურნალისტებთან ერთად  კრიტიკოსებიც ესწრებოდნენ. პრესკონფერენცია დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა, ეს განპირობებული იყო მოლდოვის თეატრალური საზოგადოებისთვის უცნობი რეჟისორის გიორგი თავაძის პერსონით დაინტერესებით და პრესკონფერენციაზე გაცხადებული სპექტაკლის ჟანრით-კომიკური იგავით. რუს და მოლდოველ კრიტიკოსებს ეუცნაურათ როგორ შეიძლება ერთი ოჯახის მაგალითზე, რომელიც  სახელმწიფოს მეტაფორული გააზრებაა, რეჟისორმა მოყვეს ისტორია მისი ერის ტრაგიკულ ბედზე, გვიჩვენოს ომი და მისი შედეგები ირონიით და იუმორით, თანაც იგავის ჟანრში. ამავდროულად, სპექტაკლი შეიძლება განისაზღვროს, როგორც ტრაგიკომედია, იგავის სისტემაში ან იგავი, ტრაგიკომედიის ფორმაში, აბსურდისა და პოსტმოდერნისტულ მიმდინარეობებთან ინტეგრირებით. რეჟისორის მიერ განმარტებულ იქნა, რომ სპექტაკლი ქართული ზღაპრის, ეროვნული ფოლკლორის ახლებური, პოსტმოდერნისტული წაკითხვის შედეგია.
სპექტაკლი „ბანანისა და კომშის პუდინგი კონიაკითა და რომით“ რუმინული სუბტიტრების თანხლებით მიმდინარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ მზად იყო რუსული და ინგლისური სუბტიტრები, თეატრის ხელმძღვანელების ცალსახა პოზიცია იყო, რომ იონესკოს ფესტივალის ორგანიზატორებს რუსული ტექსტი რუმინულად მოკლე ვადებში ეთარგმნათ. გულახდილად რომ ვთქვა, ქართველებიც და მოლდოველებიც სუბტიტრების მომზადების გამო სულ ტყუილად გაისარჯნენ, რადგან სპექტაკლის დაწყებიდან 7-10 წუთის შემდეგ მაყურებელთა უმრავლესობა ეკრანს, რომელზეც რუმინულ ენაზე ქართული ტექსტი „მიდიოდა“ მოწყდა და მისი მზერა მხოლოდ სცენისკენ იყო მიპყრობილი.
მეორე გულახდილი აღიარება: უცხოელ მაყურებელს სპექტაკლის მიმდინარეობისას გაცილებით ადეკვატური რეაქციები ჰქონდა, ვიდრე ქართველ მაყურებელს აქვს საქართველოში. ქართველები ტაშს უკრავდნენ იმ სცენებს, როცა სიმბოლურად რუსი ქართველს თავის ჭკუაზე აცეკვებს და ძალადობას ხმარობს. რუმინელი მაყურებლი კი ამ სცენების დროს სუნთქვაშეკრული იყო, და როცა დიდი ქვაბიდან, მოულოდნელად, ნახევარქათამა-იმარინდო განმანთავისუფლებელი ამოვიდა - ტაშმა იქუხა. აგრეთვე მაყურებლის ოვაცია გამოიწვია სცენაზე ტანკების და ვერტმფრენების გამოჩენამ. ქართველი მსახიობები ამ მიუჩვეველმა რეაქციებმა კი არ დააბნია, არამედ პირიქით გაამხნევა და ძალები მოაკრებინა.


სპექტაკლის დასრულების შემდეგ დიდხანს არ ცხრებოდა ოვაციები. ამაღლებული განწყობა კიდევ უფრო გააძლიერა `პაკლონის~ შემდგომ გაჟღერებულმა საქართველოს ეროვნულმა ჰიმნმა და სცენის ბოლოში დაშვებულმა უზარმაზარმა საქართველოს სახელმწიფო დროშამ, სცენაზე კი იდგნენ ამაყი, თავმოყვარე ქართველი მსახიობები და სცენის უჩინარი მონაწილენი ჩირაღდნებით ხელში. „ქართველთა პოლიტიკური აქცია“, როგორც ამ ფაქტს რუსულმა ტელეკომპანიამ - „стс“  -მა უწოდა, ჯანსულ კახიძის „მრავალჟამიერით“ დასრულდა. ამის შემდეგ სცენაზე ავიდა იონესკოს საერთაშორისო თეატრალური ბიენალეს და იონესკოს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, მოლდოვაში სახელგანთქმული მსახიობი და რეჟისორი პეტრუ ვიტკარაუ, რომელმაც ფეხზეწამოჭრილ დარბაზს განუცხადა: `აი, ეს არის მაგალითი იმისა, როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ეს ერი არასოდეს გადაშენდება, რადგან მათი იარაღი ხელოვნებაა.~ სიტყვით გამოსვლის შემდეგ პეტრუ ვიტკარაუმ გიორგი თავაძეს ფესტივალის მოოქროვილი ემბლემა, საპატიო პრიზი გადასცა.


ქართველების სპექტაკლის განხილვა ჩეხოვის თეატრის ფოიეში გაგრძელდა. აღფრთოვანებულ სახეებთან ერთად ვხედავდი დაბოღმილ და გაბრაზებულ ადამიანებსაც. ჟურნალ `თეატრის~ რედაქტორს, თეატრმცოდნეს, ქალბატონ ვერა ვიშეტკოს, დილით გამართულ პრესკონფერენციაზე შევუთანხმდი კომენატრის ჩაწერაზე. მოლაპარაკებისამებრ სპექტაკლის შემდეგ კომენტარი ვთხოვე, მაგრამ უარი მივიღე: „მე არ მესმის ასეთი თეატრი, ჩემთვის თეატრი არ არის სიგიჟე, ექსცენტრულობა, ამდენი ჟანრის თუნდაც სინთეზური შერწყმა და რაც მთავარია ზედმეტი `თავმოყვარეობა~ და ამაყი ცქერა სცენიდან. თქვენი თეატრის მსახიობები თუ უფრო თავმდაბლები დაგველაპარაკებიან სცენიდან უკეთესი იქნება...“ ქალბატონ ვერასგან განსხვავებით, გაბრაზებული არ იყო მსოფლიოში სახელგანთქმული, ყველაზე უცნაური ხელოვანი, რეჟისორი  რომან ვიკტიუკი, რომელმაც ქართულ პრესასთან კომენტარი არ გააკეთა, მაგრამ მშობლიურ, რუსულ ტელევიზიებს შესჩივლა:  „მე არ მეგონა თუ დღეს, ომგამოვლილი ქვეყანა მოიცლიდა თეატრისთვის, ვერც იმას ვიფიქრებდი, რომ ის წარდგებოდა საერთაშორისო ფესტივალზე ასე თამამად, მხნედ და ღირსეულად. ქართველებმა აჩვენეს მაგალითი, თუ რა შეუძლია თეატრს, მათ გვიჩვენეს მაღალი საშემსრულებლო ხელოვნება და ჩემთვის რეჟისორი გიორგი თავაძეც აღმოჩენაა, რომელიც უდავოდ ამართლებს მისი პედაგოგის დიდი რობერტ სტურუას იმედებს.“ ფესტივალის საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ კეთილგნაწყობილებიც, რომლებმაც ქართველების სპექტაკლს ასეთი შეფასება მისცეს:


ლარისა უნგურეანუ, თეატრმცოდნე, კიშინოვის სასცენო ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორი:
დილით, როდესაც დავესწარი ქართველების პრესკონფერენციას, რეჟისორისგან მოვისმინე კომენტარი, რომ სპექტაკლი არის კომიკური იგავის ჟანრში დადგმული, რომელიც მოგვითხრობს ქართველებზე ირონიით და იუმორის თანხლებით, ცოტა არ იყოს დავინტრიგდი, როგორ მოახერხებდა დასი ამის სცენაზე განხორციელებას და ახლა, როცა სპექტაკლი ვნახე ვერ წარმოვიდგენდი, თუ ეს ყველაფერი სცენაზე მოხდებოდა. ქართველები ყოველთვის გამოირჩეოდნენ ეროვნულობით, თვითმყოფადობით და მაღალი თეატრალური კულტურით. ასეთი ფერადოვანი, ზოგჯერ კარნავალური, ტრაგი-კომიკური თეატრალური ენით დადგმული სპექტაკლი კარგა ხანია არ მინახავს. მიიღეთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა და ვფიქრობ, რომ თქვენ გაქვთ ძალიან თანამედროვე თეატრი, რომელმაც გამოავლინა საქართველოს ისტორია და ბედი ერისა. ასეთ პრობლემებს სხვა მცირე ერებიც განიცდიან. სპექტაკლი ნამდვილად წარმოადგენს დიდი რობერტ სტურუას გზის გაგრძელებას.


სან-ლარისა ისკუჩა, მოლდოვის სახალხო არტისტი, თავისუფალი მსახიობი:
მე ვარ გაოგნებული ასეთი უცნაური თეატრალური ენის გამო. კარგად ვიცი ქართული თეატრი, მინახავს ალექსიძის, თუმანიშვილის, სტურუას სპექტაკლები, რომელბიც გამოირჩეოდნენ მონუმენტურობით, დღეს, როდესაც თანამედროვე თეატრმა დაკარგა მონუმენტურობა და თეატრალურობა, ქართული თეატრი კვლავ ინარჩუნებს ამას. რეჟისორ გიორგი თავაძეს აქვს ეროვნული ღირსების შეგრძნება როგორც კომედიაში, ისე ტრაგედიაში. ქართველი ერი დიდხანს იარსებეს, რადგან ისინი ომის შემდეგ ასეთ ფორმაში წარსდგნენ დღეს, ამაყები, მხნეები, ძლიერები და ღირსეულები. ქართველები ხომ ცეკვაშიც კი მხრებგაშლილები არიან, ასეთი ამაღლებულები იყვნენ ისინი დღესაც.
კონსტანტინ ხარეტ, მოლდოვის სახალხო არტისტი, ჩეხოვის თეატრის მსახიობი:
ბათუმის თეატრის დასს ტრაპიზონში საერთაშორისო ფესტივალზე შევხვდი, მაშინ ვნახე გიორგი თავაძის სპექტაკლი `ნუგზარი და მეფისტოფელი~. უკვე ვიცოდი, რომ ბათუმის თეატრს ნიჭიერი მსახიობები ყავდა, იმედები დღესაც არ გამიცრუვდა, როცა სცენაზე მამუკა მანჯგალაძე და ეკა ჩავლეიშვილი ვნახე გამიხარდა და უკვე ვგულშემატკივრობდი მათ. ახალი სპექტაკლი ძალიან მომეწონა, დღევანდელმა სპექტაკლმა დაამტკიცა, რომ ქართული თეატრალური სკოლა მარტო წარსულით არ არის ცნობილი, ის დღესაც ცოცხლობს და ვითარდება. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასე შეიძლებოდა ჩვენი, ჩეხოვის თეატრის სცენის ათვისება და გამოყენება სხვადასხვა თეატრალური გამოგონებებისთვის და ეს შეძლეს ქართველმა თეატრალებმა აქ, რითაც გვიბიძგეს და მაგალითი მოგვცეს, თუ რამდენად შეიძლება მიეცეს გაქანება ფანტაზიას თეატრალურ ხელოვნებაში. მაყურებელი, რომელიც ესწრებოდა სპექტაკლს განიცდიდა იმას, რასაც მსახიობები სცენაზე განიცდიდნენ, სპექტაკლის დაწყებიდან ათი წუთის შემდეგ ტიტრებს არავინ უყურებდა, რადგან სცენაზე გაცილებით მნიშვნელოვანი ამბები ხდებოდა.


ლარისა უნგურეანუ, თეატრმცოდნე, კიშინოვის სასცენო ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორი:
დილით, როდესაც დავესწარი ქართველების პრესკონფერენციას, რეჟისორისგან მოვისმინე კომენტარი, რომ სპექტაკლი არის კომიკური იგავის ჟანრში დადგმული, რომელიც მოგვითხრობს ქართველებზე ირონიით და იუმორის თანხლებით, ცოტა არ იყოს დავინტრიგდი, როგორ მოახერხებდა დასი ამის სცენაზე განხორციელებას და ახლა, როცა სპექტაკლი ვნახე ვერ წარმოვიდგენდი, თუ ეს ყველაფერი სცენაზე მოხდებოდა. ქართველები ყოველთვის გამოირჩეოდნენ ეროვნულობით, თვითმყოფადობით და მაღალი თეატრალური კულტურით. ასეთი ფერადოვანი, ზოგჯერ კარნავალური, ტრაგი-კომიკური თეატრალური ენით დადგმული სპექტაკლი კარგა ხანია არ მინახავს. მიიღეთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა და ვფიქრობ, რომ თქვენ გაქვთ ძალიან თანამედროვე თეატრი, რომელმაც გამოავლინა საქართველოს ისტორია და ბედი ერისა. ასეთ პრობლემებს სხვა მცირე ერებიც განიცდიან. სპექტაკლი ნამდვილად წარმოადგენს დიდი რობერტ სტურუას გზის გაგრძელებას.


თომ რენდი, სტონსკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი: შთაბეჭდილება ქართველების სპექტაკლის ხილვის შემდეგ ძალიან ძლიერი და ამაღლებულია, მომხიბლა რეჟისურამ, მსახიობების ოსტატობამ და პლასტიკამ, მხატვრობა მაღალ მხატვრულ დონეზეა. მართალია, ტექსტი არ მესმოდა, მაგრამ ხასიათები და ტიპაჟები იყო იმდენად ნათელი და გამოკვეთილი, რომ ყველაფერი გასაგები გახდა. სპექტაკლის ფორმა მთლიანად გამოხატავდა თანამედროვე საქართველოს და ქართველი ხალხის ბუნებას.
ქრისტინა გურნოპოლკი, ჟურნალ `თეატრის~ თანამედროვე თეატრის მიმოხილველი: პირველი, რამაც მომხიბლა, ეს იყო სპექტაკლის ფორმა და ჟანრი, როგორ მოძრაობენ მსახიობები ჟანრიდან ჟანრში, საოცარი სანახაობაა და უცნაურად დადგმული მიზანსცენები. რაც შეეხება სპექტაკლის თემას, ის ძალიან ახლობელია არ მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ჩვენთვისაც და ჩვენი მსაგვსი პატარა ერებისთვის, მაგრამ ქართველების განსაკუთრებულობა სწორედ ის არის, რომ მათ თავიანთ ტრაგედიაზე შეუძლიათ ირონიით, თვითკრიტიკითა და იუმორის თანხლებით მოგვიყვენ ისტორია ერთო ოჯახის მაგალითზე და განაზოგადონ სახელმწიფოებრივ დონეზე, როგორც ამას მროჟეკი აკეთებდა.
ვლადიმერ კობზიანი, მოლდოვის ნაციონალური თეატრის მსახიობი, სახალხო არტისტი: მე ვარ გაოგნებული ბათუმის თეატრის მსახიობებით, რეჟისორის მიგნებებითა და გამომგონებლობით, დიდი სურვილი მქონდა, რომ სცენაზე ამ მსახიობებთან ერთად მეც ვყოფილიყავი და ამ სიცოცხლით სავსე ოსტატებთან მეთამაშა. გიორგი თავაძის სპექტაკლში ჩანს სახელმწიფოებრივი პოზიცია. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საქართველო სულიერად ძლიერი ქვეყანაა, რომელმაც იცის რა უნდა, მე შეყვარებული ვარ ქართულ თეატრზე.


ასეთი შეფასებების შემდეგ გათამამებული და გამარჯვებული ქართველები პეტრუ ვიტკარაუმ თავისთან ეჟენ იონესკოს თეატრში მიიწვია. ქართველ მსახიობებთან არაოფიციალურ შეხვედრაზე პეტრუ ვიტკარაუ შეეცადა ქართველებს თიხის ფიალებში ჩამოსხმული შავი ღვინით და მწვადებით გამასპინძლებოდა. ქართველებმაც თავის მხრივ სტუმრებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გამოცემული სასაჩუქრე პაკეტები (ქართული სუვენირები, მაღალპოლიგრაფიულ დონეზე დაბეჭდილი ალბომები, DVD ფილმები საქართველოს შესახებ) და ქართული ღვინის საუკეთესო სახეობები გადასცეს.


არაოფიციალურ შეხვედრაზე საშუალება მოგვეცა იონესკოს თეატრის დათვალიერების, რომლის რეკონსტრუქციაც ახლა მიმდინარეობს. ბათუმის თეატრის ხელმძღვანელმა გიორგი თავაძემ კი უკვე მიიღო მიწვევა ეჟენ იონესკოს თეატრის ხელმძღვანელიდან ახალი სპექტაკლის განხორციელების თაობაზე.
კიშინიოვის ეჟენ იონესკოს სასცენო ხელოვნების ფესტივალის ორგანიზატორებისთვის უცხო არ არის არც ქართული თეატრი და არც ქართული ეროვნული სასცენო ხელოვნების სკოლა – ანუ შოთა რუსთაველის სახელობის თეტრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, რადგან იონესკოს თეატრის და მისსავე სახელობის ბიენალეს ხელმძღვანელი პეტრუ ვიტკარაუ თბილისის თეატრალური ინსტიტუტის კურსდამთავრებულია. გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს იგი თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში სარეჟისორო ფაკულტეტზე სწავლობდა. ბატონმა პეტრუმ და რამდენიმე მისმა გუნდელმა განსაკუთრებული მოკითხვები დამაბარეს: ავთო ვარსიმაშვილთან, ნუგზარ ლორთქიფანიძესთან, რამაზ იოსელიანთან... უცებ წარმოვიდგინე როგორი ხშირი, საქმიანი, შემოქმედებითი და მეგობრული ურთიერთობები არსებობდა უფროსი თაობის თეატრის მოღვაწეებს შორის.


დღეს, როცა საზღვრები გახსნილია და შესაძლებლობაც თითქოს მეტია, უცხოელი კოლეგების გაცნობა და ერთობლივი შემოქმედებითი პროექტების განხორციელება მაინც ოცნებად რჩება. ოცნების ახდენასთან დაკავშირებული პრობლემების გამომწვევი მიზეზების კვლევა ამჟერად არ შეადგენს ჩემი ინტერესის საგანს, მე მხოლოდ ფაქტების კონსტატაციას ვახდენ და დავსძენ, რომ საერთაშორისო სტუტენტური, თუ პროფესიული ერთობლივი პროექტები იშვიათად ხორციელდება. კოლეგების გაცნობა-დაახლოების მიზნით ბოლო პერიოდში იშვიათად, მაგრამ მაინც ეწყობოდა რამდენიმე ფორუმი. ამ მხრივ გამორჩეულია თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, როემლიც წელს გაცილებით მეტ საინტერესოს გვპირდება ამ კუთხით.
პროფესიული სრულყოფისთვის აუცილებელია უცხოეთის თეატრებში არა მხოლოდ სპექტაკლების ნახვა, არამედ ამ თეატრების დათვალიერება, რადგან თუნდაც ზედაპირული წარმოდგენა შეგქვექმნას მსოფლიო თეატრში მიმდინარე პროცესებზე. კარგია, რომ არსებობს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში `ვიდეოცენტრი~, რომელიც მუდმივად ივსება ახალი სპექტაკლების ჩანაწერებით. კარგია, რომ არსებობს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომელიც როგორც თევზს წყალი, ისე გვჭირდება, თეატრალურ სფეროში მოღვაწეებს, მაგრამ ვიდეო ჩანაწერები და ერთი ფესტივალი ვერ დაგვეხმარება ინფორმაციის სრულყოფილად მიღებაში. იმ პროცესების ღრმად გარკვევა-ჩახედვაში, რომელსაც ადგილი აქვს თანამედროვე უცხოურ თეატრში. ამიტომაც, ჩვენი თეატრმცოდნეებისთვის მეტად მნიშვნელოვანია აქტიური მონაწილეობა საერთაშორისო პროგრამებში, რის საშუალებაც ბევრ ქართველ თეატრმცოდნეს არ აქვს.


წლევანდელ BIთEI-ზე რამდენიმე სპქეტაკლის ნახვის საშუალება მომეცა.  ამჯერად, ორ, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ სპექტაკლებზე მოგითხრობთ, რომელთა ავტორები ერთმანეთს რადიკალურად ემიჯნებიან და მათ განსხვავებული მსოფლმხედველობა, გემოვნება, სამყაროს აღქმის სხვადასხვა უნარი აქვთ. ერთი გახლავთ ანდრეი ნაზარენკო და მეორე ევროპაში სახელგანთქმული, ცნობილი რუსი რეჟისორი რომან ვიკტიუკი. ვიკტუიკისადმი ჩემი ინტერესი გამოიწვია მისმა სკანდალურმა ბიოგრაფიამ, მისი რეჟისურისთვის დამახასიათებელმა და ჩვეულმა ეპატაჟურობამ.


როგორც გაირკვა, იონესკოს ფესტივალში ვიკტიუკი პირველად მონაწილეობდა, სპექტაკლის დასასრულს მაყურებლით კმაყოფილმა რეჟისორმა განაცხადა: აქ ისეთი კარგი მაყურებელია, პირობას ვდებ, არა მხოლოდ შემდეგ `ბიტეი~-ზე მივიღებ მონაწილეობას, არამედ ისეც გესტუმრებით კიშინიოვშიო. სპექტაკლი, რომელიც რონამ ვიკტიუკმა წარმოადგინა იონესკოს ბიენალაზე დაახლოებით ოცი წლის წინ არის დადგმული და ამ სპექტყაკლში, ამჟამად, მესამე თაობა მონაწილეობს. (პირველად დაიდგა მოსკოვში 1988 წელს, 1991 წელს შეიცვალა მსახიობები და 2004 წელს მესამედ შევიდა ცვლილება მონაწილე მსახიობების სიაში) ჟან ჟენეს `მოახლეები~ პოპულარობით სარგებლობდა და როგორც ჩანს, დღესაც სარგებლობს ფართო მაყურებელთა შორის. უცნაური კი ისაა, რომ ოვაციებს ვიკტიუკის დასს ქალბატონები უფრო უმართავენ, ვიდრე მამაკაცები, შესაბამისად ამ რეჟისორის გულშემატკივარ-ფანებთა დიდი არმიაც ქალბატონები არიან. 
სპექტაკლის დასაწყისში სავარაუდოდ თავად ვიკტიუკმა მიკროფონში გამოაცხადა ჟან ჟენეს რემარკა აღნიშნული პიესიდან : „ჩემი აზრით, მოსამსახურეები უნდა ითამაშონ კაცებმა, დიახ, სწორედ რომ კაცებმა~. ვიკტიუკის მხრიდან ეს განცხადება ერთგვარ თავის მართლებას წააგავდა, თუმცა, მისთვის ხელი არაფერს შუაშლია კიშინიოვის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენიდან მოეხდინა არატდრადიციული სექსუალური ორიენტაციის იდეოლოგიის დემონსტრირება-პოპულარიზაცია. ამ მეტად საინტერესო და მნიშვნელოვან სპექტაკლში ხელისშემშლელი მაყურებლისთვის და ზედმეტი იყო ქორეოგრაფიული ეტიუდების ჩვენება სპექტაკლის დასაწყისში და ფინალში. თუმცა, ქორეოგრაფიული „ნოველები“ ერთიან სპექტაკლში რეჟისორის ხედვით, მოაზრებოდა როგორც პროლოგ-ეპილოგი, რომელიც მართალია კავშირში იყო თავად სპექტაკლთან და მის მხატვრულ ჩანაფიქრთან, მაგრამ მაინც მიუღებელი დარჩა რიგი მაყურებლისთვის და ამ მაყურებელთაგან რა დასამალია და სრული უმრავლესობა ქართველები იყვნენ. რომან ვიკტიუკმა ჟან ჟენეს „მოახლეები“ გაიაზრა, როგორც ფსიქოლოგიური დრამა, სადაც რეალური და ირეალური ცხოვრების სურათები, წარმოსახვა და ოცნებები ისეთ ხელშესახებ საგნებად იქცევა, როგორც თავად მსახიობი, რომელიც მოსამსახურის როლს ასრულებს. სპექტაკლის იდეურ გააზრებასთან ერთად მაყურებლის აღფრთოვანება, გაოგნება და აღტაცება გამოიწვიეს რომან ვიკტიუკის დასის მსახიობებმა, მათმა ფიზიკურმა მონაცემებმა, დახვეწილმა პლასტიკამ, მეტყველების კულტურის უმაღლესმა ხარისხმა და დონემ, მსახიობთა შესაშური გარდასახვის უნარმა. მსახიობები ერთდროულად ცეკვავდნენ, მღეროდნენ, საუბრობდნენ და ეს ყველაფერი თამაშის პარალელურად ერთდროულად ხდებოდა. ფერადოვანი სანახაობა ორ საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა, წარმოდგენის შუა ხანებში მაყურებელს მოწყენილობა დაეტყო, სპექტაკლის რიტმი და დინამიკა საგრძნობლად მოდუნდა, მაგრამ ეს „ხარვეზი“ დიდხნას არ გაგრძელებულა და მაყურებელი მალევე იქცა სანახაობის ტყვედ. 

მსახიობებმა დიმიტრი ბოზინმა (სოლანჟი), დიმიტრი ზოიდიკმა (კლერი), ალექსეი ნესტერენკომ (ქალბატონი), ივანე ნიკულჩამ (ბატონი) შექმნეს საინტერესო, მრავალპლანიანი და ფერადი სანახაობა. მსახიობები ერთდროულად ასრულებდნენ რამდენიმე როლს და მოხიბლული მაყურებელი იმიტომ რჩებოდა, რომ ისინი კონტრასტულად ახერხებდნენ ერთი როლიდან მეორეზე გადასვლას, სცენაზევე, კონკრეტულ ეპიზოდებში, კოსტიუმის გამოცვლის გარეშე. დახვეწილი ინტონაცია ხშირად იცვლებოდა. მსახიობთა მეტყველება ინტონაციურად და ჟღერადობის თვალსაზრისით მოცარტის სიმფონიებს წააგავდა. მართალია, სრულიად ზედმეტი და მიუღებელიც კი იყო სპექტაკლის ფინალში ვიკტიუკის ერთგვარი სექსუალური მანიფესტი პლასტიკის ენით გადმოცემული, რომელიც ჩართულ კუპიურას ჰგავდა და როგორც იტყვიან: „ყურით იყო მოთრეული“ იყო სპექტაკლის საერთო ნახაზში, მაგრამ შინაგან პროტესტს კვლავ მსახიობთა პროფესიონალიზმი და მაღალი საშემსრულებლო ოსტატობა კლავდა და ახშობდა. და რაც მთავარია, ყველაფერი ეს იყო ესთეტიური. ლამაზი და დახვეწილი.
სპექტაკლის დასრულების შემდეგ მაყურებელთა ოვაცია დიდხანს არ ჩამცხრალა, მაგრამ ეს ყველაფერი იმპულსურ ემოციას ჰგავდა. ოპერის თეატრის წინ სპექტაკლიდან გამოსული მაყურებელი, სხვადასხვა ეროვნების და თეატრების მსახიობები ჯგუფ-ჯგუფად იყვნენ შეკრებილნი. მათ შორის, ქართველებიც, რამდენიმე ქართველი უკვე გარეთ დაგხვდა, რომლებმაც სპექტაკლი პროტესტის ნიშნად სპექტაკლის დაწყებიდან 10-15 წუთის განმავლობაში დატოვეს. ოპერის თეატრის წინ დიდხანს გაგრძელდა კამათი ნანახის ირგვლივ, ვცდილობდით სპექტაკლის ცალკეული დეტალების გაანალიზებას, ახსნას. ზოგი გმობდა სპექტაკლს, ზოგიც აღფრთოვანებას ვერ მალავდა, მათ შორის მეც. ჩემს გაკვირვებას იწვევდა ჩემი მეგობარი მსახიობების პროტესტი და ნანახის სრული დაგმობა და გაუფასურება საკუთარი ამბიციების წინა პლანზე წამოწევით, რომლებიც ამბობდნენ, რომ ასეთი სპექტაკლების თამაშს ერთი კვირის მომზადების შემდეგ თავისუფლად  შეძლებდნენ.


აღიარებული ფაქტია და საკამათო აღარ არის, რომ თანამედროვე ქართულ თეატრში, სხვა პრობლემებთან ერთად უმნიშვნელოვანეს პრობლემას მეტყველების კულტურა და მასთან დაკავშირებული ტექნიკის არ ფლობა წარმოადგენს. მაშინ, როცა ჩვენ მსახიობებს მეტყველების კულტურის დაბალ დონესთან ერთად სხვა შემოქმედებითი პრობლემებიც ბევრი აქვს, გამაღიზიანებელი იყო ვიკტიუკის მსახიობების კრიტიკა, თანაც დაუმსახურებლად.
მეორე სპექტაკლი ნიკოლოზ გოგოლის `შეშლილის წერილები~, რომელიც რეჟისორმა ანდრეი ნაზარენკომ გვიჩვენა საინტერესო იყო ბევრი თვალსაზრისით. მართალია, ასეთი ტიპის თეატრი დღეს ჩვენთან აღარ არსებობს და ის ქართული საბჭოთა თეატრის ისტორიის კუთვნილებაა, მაგრამ სპექტაკლში საინტერესო იყო არა გადაწყვეტა, პიესის რეჟისორული გააზრება და მხატვრული ფორმა, არამედ მსახიობთა მომზადების დონე, აკადემიზმი, უკიდურესი რეალიზმი და უშუალობა. 
როდესაც ფარდა გაიხსნა მეგონა ქართული საბჭოთა თეატრის 40-იანი წლების სპექტაკლს ვუყურებდი. ტოტალური ყოფითობა სცენაზე გაცხადებული იყო დეკორაციაშიც, მსახიობთა თამაშშიც. ამ სპექტაკლში გამორიცხულია და უარყოფილია მინიმალური პირობითობაც კი. ანდრეი ნაზარენკოს შემოთავაზებული ყოფითობა და მაქსიმალური რეალიზმი მაღალ მხატვრულ ხარისხშია აყვანილი, ეს შეფასება ეკუთვნის როგორც რეჟისორს, ისე სპექტაკლში მონაწილე მსახიობებს: მაქსიმ ტიუნოვს, ალექსეი ზნამენსკის, ოლღა მელნიკოვას, ანასტასია ნესციასტნოვას, რომან ტოკმილენკოს და ილია ზდანოვს. ამ მსახიობებმა შექმნეს ღრმად რეალისტური, მართალი მხატვრული სახეები.


მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლი მთლიანად ვერბალურია და ტექსტზე დაფუძნებულ თეატრალური ხერხის პრინციპოთაა აგებული, იმათვისაც კი ვისაც გოგოლის „შეშლილის წერილები“ არ აქვს წაკითხული, ყველაფერი ნათელი და გასაგები დარჩებოდა.  ჩემი ყურადღება მიიქცია ასევე უმარტივესმა, თითქოს პრიმიტიულმა „თეთრმა“ განათებამ, რომელიც მთელი სპექტაკლის მანძილზე არ იცვლება.


სამწუხაროდ, არ მომეცა საშუალება ეჟენ იონესკოს ბიენალეს სრული საფესტივალო პროგრამის ხილვის, თუმცა, მადლობის მეტი რა მეთქმის ბათუმის თეატრის მმართველის ზაზა ხალვაშის მიმართ, რომელმაც ფესტივალზე ჩემი გამგზავრებისა და ცხოვრების ხარჯები მთლიანად გაიღო.
საფესტივალო შთაბეჭდილებები უთოუდ ამაღლებულია. მაგრამ, შეგრძნება და განცდა იმისა, რომ საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში ვიყავი მაინც დამრჩა. ჩემი აზრით, ქვეყანაზე შთაბეჭდილება აეროპორტიდან იწყება. საბჭოთა მილიციის ფორმაში გამოწყობილი პოლიციელები და განუვითარებელი იმფრასტრუქტურა ქალაქის ცენტრალურ უბნებამდე საბჭოეთის განცდას უფრო ამძაფრებდა და სასტუმროები, რომლებიც სტალინის ეპოქაშია აშენებული, მართალია ფასადებში და ინტერიერში ბევრი რამ შეცვლილია, მაგრამ ბევრი მაინც დარჩათ და გადმოყვათ სტუმართმოყვარე მოლდოველებს საბჭოთა კავშირიდან.
ზოგჯერ, ჩვენ, ქართველები ბევრს ვწუწუნებთ, ხშირად ვაკრიტიკებთ ხელისუფლებას, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: უცხოეთიდან ჩამოსულ მტერს, თუ მოყვარეს საქართველოზე თუნდაც გარეგნულად იგივე განცდას და შეგრძნებას არ დავუტოვებთ, როგორც მე მოლდოვეთში ყოფნისას დამეუფლა.
 

bottom of page