top of page

ინ ტირანოს

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

ყველაფერი ჩემია!

09.03.2026

ანა გონგაძე

ინ ტირანოს

ფრიდრიხ შილერის „ყაჩაღები“ იმ დრამატურგიულ ტექსტებს შორისაა, რომელთა თეატრალური ცხოვრება მუდმივად ახალ ინტერპრეტაციას მოითხოვს. ხოლო ქართულ თეატრალურ მეხსიერებაში, ამ პიესის ხსენება თითქმის ავტომატურად უკავშირდება სანდრო ახმეტელის მიერ განხორციელებულ ინტერპრეტაციას, რომელმაც შილერის ყაჩაღებს მკაფიო პოლიტიკური და განმათავისუფლებელი მნიშვნელობა მიანიჭა. ახმეტელის თეატრი, თავისი რადიკალური ფორმითა და ექსპრესიული სცენური ენით, კლასიკურ დრამას გარდაქმნიდა ტირანიის წინააღმდეგ მიმართულ მხატვრულ მანიფესტად. სწორედ ამიტომ, როდესაც „ყაჩაღები“ თანამედროვე ქართულ სცენაზე ბრუნდება, ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რა დატვირთვას იძენს დღეს ეს სპექტაკლი, თითქმის ერთი საუკუნის, სანდრო ახმეტელის ეპოქის შემდეგ.

ამ თვალსაზრისით სიმბოლურადაც შეიძლება აღვიქვათ მოძრაობა რუსთაველის ეროვნული თეატრის ისტორიული მეხსიერებიდან, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენამდე. აქ უკვე სხვა თაობის თეატრი და განსხვავებული ესთეტიკური მიდგომა გვხვდება. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორის, საბა ასლამაზაშვილის ინტერპრეტაცია კონცენტრირებულია ძალაუფლების, ამბოხისა და მორალური პასუხისმგებლობის თემებზე, რომლებიც თანამედროვე სოციალურ რეალობასთან პირდაპირ დიალოგში შედის.

სპექტაკლის სცენური სივრცე თავიდანვე ქმნის მკაფიო ვიზუალურ კონცეფციას. პარტერიდან დანახული სცენა თითქმის მთლიანად შავი და მონოქრომულია. ეს გადაწყვეტა მხოლოდ ესთეტიკური ეფექტი არ არის, იგი ქმნის სიმბოლურ სივრცეს, სადაც პერსონაჟები თითქოს სიბნელიდან იბადებიან და იმავე სიბნელეში ქრებიან. სცენის ცენტრში განთავსებული დიდი რკინის კონსტრუქცია ამ გარემოს განსაკუთრებულ სიმძიმესა და ცივ მექანიკურობას სძენს. კონსტრუქცია არა მხოლოდ დეკორატიული ელემენტია, არამედ მოქმედების მნიშვნელოვანი დრამატურგიული კომპონენტი, ძალაუფლების მკაცრი არქიტექტურა, რომელიც ადამიანურ ურთიერთობებს საკუთარ წესრიგს ახვევს თავს.

რეჟისორული ხედვა მიზანმიმართულად ამცირებს შილერის ტექსტისთვის დამახასიათებელ რომანტიკულ პათოსს და ყურადღება გადააქვს ძალაუფლების მექანიზმების კვლევაზე. ასლამაზაშვილი პერსონაჟებს არ წარმოაჩენს კლასიკური ტრაგედიის ტრადიციულ გმირებად, ისინი უფრო ადამიანებად გვევლინებიან, რომლებიც იდეების სახელით მოქმედებენ, თუმცა ამ პროცესში თანდათან კარგავენ საკუთარ მორალურ საზღვრებს.

სპექტაკლის ცენტრალურ ფიგურად კარლ მოორი გვევლინება. პაატა ინაური ქმნის პერსონაჟს, რომლის სცენური ენერგეტიკა მუდმივ მოძრაობასა და შინაგან დაძაბულობაზეა აგებული. მსახიობი პერსონაჟის ტრაგიზმს არა მხოლოდ გადმოცემის ინტონაციით, არამედ სხეულის დინამიკითაც გამოხატავს. მისი კარლ მოორი აღარ არის მხოლოდ ამბოხის რომანტიკული სიმბოლო, იგი ტრაგიკული ფიგურაა, რომელიც საკუთარი იდეების მძევლად იქცევა. სწორედ ამ წინააღმდეგობაში იკვეთება პერსონაჟის შინაგანი დრამატურგია, ბრძოლა სამართლიანობისთვის თანდათან გარდაიქმნება ბრძოლად - საკუთარი თავის წინააღმდეგ.

კარლის ანტაგონისტი, ფრანც მოორი, შაკო მირიანაშვილის შესრულებით სრულიად განსხვავებულ ენერგეტიკას ატარებს. თუ კარლის მოქმედება ემოციურ იმპულსებსა და სპონტანურ გადაწყვეტილებებს ეფუძნება, ფრანცი გაცილებით უფრო ცივი და რაციონალური ძალაუფლების მატარებელია. სცენაზე მისი გამოჩენა განსაკუთრებულ ვიზუალურ ეფექტს ქმნის. თეთრი პერანგი შავი სივრცის ფონზე მკვეთრ კონტრასტს წარმოქმნის. ეს ვიზუალური კონტრასტი კი ხაზს უსვამს პერსონაჟის ორმაგ ბუნებას - გარეგნულ სისუფთავესა და შინაგან ძალაუფლებრივ სისასტიკეს.

ამალიას როლში, ანუკა გრიგოლია, სპექტაკლის ემოციურ და დრამატურგიულ ბალანსს ქმნის. დასაწყისში მისი თეთრი კაბა სიმბოლურად წარმოადგენს იმ სამყაროს, სადაც სიყვარული, ერთგულება, ჯერ კიდევ შესაძლებელია, თუმცა მოქმედების განვითარებასთან ერთად ეს სისუფთავე თანდათან ირღვევა, მისი შავი კაბა უკვე იმ ტრაგიკული რეალობის ნიშანია, რომელშიც პერსონაჟები აღმოჩნდებიან. ამ ტრანსფორმაციაში მკაფიოდ იკვეთება პერსონაჟის შინაგანი დრამა.

სპექტაკლის ატმოსფეროს მნიშვნელოვანი ნაწილი მოძრაობით ენაზეა აგებული. სცენაზე პერსონაჟები ხშირად ერთიან კოლექტიურ სხეულად იქცევიან, სადაც ქორეოგრაფიული მოძრაობა დრამატულ მოქმედებას ერწყმის. სწორედ აქ, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ სპექტაკლის დანარჩენ გმირებსაც, მათი კოლექტიური არსებობა და ურთიერთქმედება ქმნის მოძრაობით ორგანიზაციას, რომელიც ძალადობისა და წინააღმდეგობის ერთიან რიტმად გარდაიქმნება და მთელ სპექტაკლს გასდევს. პერიოდულად გაჟღერებული მოულოდნელი გასროლები კიდევ უფრო აძლიერებს დაძაბულობის განცდას და მაყურებელს მუდმივი საფრთხის ატმოსფეროში ამყოფებს.

განსაკუთრებულად შთამბეჭდავია სპექტაკლის ფინალური სცენა. კარლ მოორისა და ამალიას შეხვედრა ტრაგიკული დუელის ფორმას იღებს. პერსონაჟები ერთმანეთის მიმართ ისვრიან, ხოლო სცენა თეთრი ქაღალდების ქაოსურ მოძრაობაში იძირება. ეს ვიზუალური ეფექტი ერთდროულად ქმნის ნგრევის, ქაოსისა და სიმბოლური განთავისუფლების განცდას. ამ ეპიზოდში განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს მსახიობთა ქორეოგრაფიული სიზუსტე და დრამატული ინტენსივობა, რაც სპექტაკლს ძლიერ ემოციურ კულმინაციამდე მიჰყავს, რასაც იდეალურად ერწყმის სპექტაკლის კულმინაციური მუსიკალური გაფორმება.

საბა ასლამაზაშვილის „ყაჩაღები“ არ ცდილობს შილერის ტექსტის ისტორიულ რეკონსტრუქციას. პირიქით, იგი კლასიკურ დრამატურგიას თანამედროვე თეატრალური ენის საშუალებით გვაჩვენებს. სპექტაკლი გვახსენებს, რომ იდეალების სახელით დაწყებული ბრძოლა ხშირად თავადვე ქმნის ძალაუფლების ახალ ფორმას, ხოლო თავისუფლებისკენ სწრაფვა ზოგჯერ იმავე მექანიზმებს იმეორებს, რომელთა წინააღმდეგაც არის მიმართული. ამიტომ „ყაჩაღები“ მაყურებელს არა თუ პასუხობს, არამედ მნიშვნელოვან კითხვასთან ტოვებს - სად გადის ზღვარი თავისუფლებასა და ტირანიას შორის.

bottom of page